30 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაციას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
როგორც „ცხოველთა დაცვის“ ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ლაჭყეპიანმა For.ge-სთან საუბარში განაცხადა, დელფინარიუმის ადმინისტრაციამ მათ დააბრალა, თითქოს დელფინების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს დეზინფორმაცია, ქართულთან ერთად, უცხოურმა პრესამაც აიტაცა და მათ ხულიგნებიც კი უწოდეს.
თემურ ლაჭყეპიანი ირწმუნება, რომ, სინამდვილეში, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ცხოველთა დამცველები არა დელფინების გათავისუფლებას, არამედ მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასა და ცხოველების ამ ცენტრში განთავსებას ითხოვდნენ. უფრო მეტიც, ცხოველთა დამცველებს და აქციის მონაწილეებს საჯარო დაწესებულებაში შესვლით კანონი არ დაურღვევიათ და მათი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სამაგიეროდ, ბათუმის დელფინარიუმის დაცვის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეო მასალა არსებობს.
„დელფინებს სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა ესაჭიროებათ, სადაც ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებში მათი რეაბილიტაცია მოხდება. ახლა პირდაპირ ვერ გავუშვებთ თავიანთ ბუნებრივ არეალში, რადგან დატყვევებულ ცხოველებს უკვე დაკარგული აქვთ ეს უნარი. დელფინარიუმში დელფინების ექსპლუატაციას ეწევიან, ფინანსური სარგებლის მიღებას მათი წამების ხარჯზე ცდილობენ. გაწვრთვნის მეთოდები უსასტიკესია, ცემით და შიმშილით წვრთვნიან ცხოველებს. ასეთივე ვითარებაა მოხეტიალე ცირკებში, ჩვეულებრივ ცირკებში, ზოოპარკებში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვდით და მოვითხოვთ ცხოველების ექსპლუატაციის შეჩერებას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცხოველების გამოყენებას გასართობ დაწესებულებებში. ბევრ ქვეყანაში ცირკების თუ მოხეტიალე ცირკების არსებობა აიკრძალა. დელფინარიუმების გამოყენება ბრიტანეთშიც აიკრძალა, კოსტა-რიკაშიც, კანადაშიც, ამერიკის ზოგიერთ შტატშიც. დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ დაწესებულებაში ცხოველების გამოყენება გართობის მიზნით აკრძალულია. ბუნებრივ გარემოში დელფინები დაახლოებით 30 წელიწადს ცხოვრობენ, ტყვეობაში კი დაახლოებით -5 წელიწადს. მათი დატყვევება, ანუ ბუნებიდან ამოღება კანონის დარღვევით ხდება, მათ შავ ბაზარზეც ყიდულობენ, ბრაკონიერები იჭერენ ამ ცხოველებს, მათი ფასი გარიგებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჰოლანდიაში ნახევრად ტყის ტიპის ზოოპარკია, სადაც ცხოველები მათთვის ჩვეულ, მისადაგებულ გარემოში ბინადრობენ. ჩვენთან კი იზოლირებული, არაბუნებრივი სივრცეა და ყველგან ირღვევა ცხოველის უფლება“, - აღნიშნა თემურ ლაჭყებიანმა.
მანვე განმარტა, ცხოველთა დამცველებს 30 აგვისტოს კანონი რომ დაერღვიათ, მაშინ ბათუმის სამმართველოს მეორე განყოფილება სწორედ მათ წინააღმდეგ აღძრავდა საქმეს. რეალურად კი, საქმე აღიძრა ბათუმის დელფინარიუმის თანამშრომელთა მიმართ და ცხოველთა დამცველებმა პოლიციაში ის ოთხი პირი ამოიცნეს, რომლებმაც დელფინარიუმში სცემეს მათ აქტივისტებს.
რაც შეეხება სარგებელს, თემურ ლაჭყებიანი აცხადებს, რომ დელფინარიუმში ნახევარი საათით ერთი ადამიანის შეყვანა დაახლოებით 100-150 ლარი ჯდება. სწორედ ასეთ დიდ მოგებას იღებს ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ეს ორგანიზაცია. არადა, ადამიანისა და ცხოველის კონტაქტი ბუნებრივ გარემოში ისედაც შესაძლებელია. მაგალითად, სხვა ქვეყნების სანაპიროებზე შესაძლებელია, ადამიანი დელფინს ხელითაც შეეხოს. გაუწვრთვნელი დელფინი არაფერს ერჩის ადამიანს, გაწვრთნა კი მხოლოდ ტრიუკებისა და სანახაობისთვის სჭირდებათ.
დელფინარიუმის პარალელურად, უფლებადამცველი ქართულ ზოოპარკში შექმნილ რთულ ვითარებაზეც საუბრობს. ის აცხადებს, რომ ზოოპარკში მტაცებელი ცხოველების (ლომის, ვეფხვის) კვება ცოცხალი ცხოველებით - კურდღლებით, ვირთაგვებითა და მღრღნელებით ხდება. უფრო მეტიც, ზოოპარკში ახლა მიღებული ჰყავთ შხამიანი გველის სახეობები, რომლებიც აფრიკაში დაიჭირეს და მათაც ცოცხალი საკვებით კვებავენ. ეს მაშინ, როცა ბევრ უცხოურ ზოოპარკში საერთოდ არ ჰყავთ შხამიანი გველები და მათ ცოცხალ ცხოველებს არავინ სთავაზობს. რამდენიმე თვის წინ ვრცელდებოდა კიდეც ინფორმაცია, რომ თბილისის მგლების ვოლიერში ცოცხალი კურდღლების შეგდების შემდეგ მგლებმა არა მარტო კურდღლები დაგლიჯეს, არამედ ერთმანეთშიც იჩხუბეს და მამრმა მგლებმა მოკლეს ერთი მდედრი მგელი.
„თბილისის ზოოპარკში მტაცებლებთან ცოცხალი ცხოველების შეგდების პრაქტიკა არსებობს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და აუცილებლობას არ წარმოადგენს. ზოოპარკის დირექციას ამ სასტიკი პრაქტიკის გამართლების მიზნით შემდეგი არგუმენტი მოაქვს, ვითომდა, ეს პრაქტიკა მტაცებლებს „ინსტინქტს უნარჩუნებს“ და ეს აუცილებელია მტაცებელი ცხოველის ჯანმრთელობისათვის. თითქოს ამით ხორციელდება ტყვეობაში მყოფი ცხოველის პირობების მიახლოება ბუნებრივ პირობებთან. სინამდვილეში, ტყვეობაში მყოფ ცხოველებს ინსტინქტის შენარჩუნება არ ესაჭიროებათ, რადგან ვერ გავლენ თავისუფლებაზე, ეს არც ცხოველის ფსიქიკისა და ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი. აბსოლუტურად ჯანმრთელ სამსხვერპლო ცხოველს კი, ბუნებრივი პირობებისგან განსხვავებით, გაქცევის საშუალება არ აქვს და შეიძლება, საათობით იმყოფებოდეს მტაცებელთან, საათების მანძილზე ელოდეს, როდის შეჭამენ. მსგავსი რამ ხშირად ხდება გველების კვების დროს. ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის აკრძალული, მაგრამ ამას ვეწინააღმდეგებით“.
გარდა ამისა, ცხოველთა დამცველები მოუწოდებენ საზოგადოებას, ნუ დაუკვეთავენ ცხოველების ექსპლუატაციას, ასევე, საკვებად მათ გამოყენებას, პარფიუმერიის მიღების მიზნით მათ დახოცვას. ამის გამო წელიწადში მილიონი ცხოველი ნადგურდება. ალტერნატიული მიზნით, ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ისეთი პარფიუმერია და ტანისამოსი, რაც ჯანსაღია და არ მოიპოვება ცხოველების ექსპლუატაციის ხარჯზე. ამით ცხოველების დიდი რაოდენობა სიკვდილს გადაურჩება.