„შესაძლოა გვარამია თავს დაესხას მოსამართლეს, სიტყვიერად უკვე, დაესხა თავს და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა“

„შესაძლოა გვარამია თავს დაესხას მოსამართლეს, სიტყვიერად უკვე, დაესხა თავს და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გერენალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილს უწოდებს და მას ქრთამის აღებაში ადამანშაულებს.

„სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ მოსამართლეზე და სასამართლოზე ზეწოლა არ იქნება. არავინ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დამარხოთ დემოკრატია თქვენი უთავმოყვარეო გადაწყვეტილებით. იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში. რომელიღაც მოსამართლის, გაყიდული მოსამართლის პატივი და ღირსება აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია ჩემთვის და მიმაჩნია, რომ მას არავითარი პატივი და ღირსება არ აქვს. ყველა გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მოსამართლე ჩამოვაშოროთ საქმის განხილვას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას ბრალდებას განცხადებით უპასუხა ბიზნესმენ ქიბარ ხალავშის პრეს-სამსახურმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარამიას ისტერიულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოთხოვნები „რუსთავი 2“ - ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით იყო დროული და აუცილებელი ღონისძიება შელახული უფლებების აღდგენის პროცესში.

„პოლიტიკურ დემაგოგიაში გაწაფული გვარამია, სასამართლო დავის დაწყების პირველი დღიდან, ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერაფერი აღუდგება წინ. მან დღესაც ჩვეულ სტილში განახორციელა არნახული ზეწოლა სასამართლოზე. იმედი გვაქვს, ახალი სასამართლო არ დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას, არც ხელისუფლება დაყვება შანტაჟს, ჩვენ კი საკმაოდ მიზანსწრაფულები ვართ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყოფილ იურისტ გვარამიას, შეწყვიტოს ყოვლად გაუმართლებელი ზეწოლა სასამართლოზე და ხელს ნუ შეუშლის ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით, სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გვარმიას განხცხადებას სასამართლო კორპუსზე ზეწოლად აფასებს იურისტი ირმა ჭკადუა, რომლის განცხადებით, გვარამიას მხრიდან სასამართლოზე თავდასხმა არახალია, ეს არის გაგრძელება მისი მთავარი პროკურორის მოადგილეობიდან, როდესაც პირდაპირ ახორციელებდა ტერორს სრულიად საქართველოზე. რაც შეეხება მოსამართლის ქრთამის აღებაში დადანაშაულებას, იურისტი განმარტავს, რომ გვრამიამ საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.

„ეს არის არა მარტო კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლა, არამედ ეს არის დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა, ეს მისი სტილია. ასე ცხოვრობდა და ასე მართავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოს. მოსამართლეების 95% არიან ძველი მოსამართლეები. ეს ის მოსამართლეებია, რომლებსაც გვარამია და მისი ხელისუფლება ადიდებდა და ამბობდა, რომ პროფესიონალები და თავისუფლები არიანო. ასე რომ, მოვუწოდებ გვარამიას, თავი დაანებოს სასამართლოზე ზეწოლას, სასმართლოს აქვს სრული თავისუფლება. იმედს ვიტოვებ, რომ არც ერთი მოსამართლე არ მოექცევა გვარმიას განცხადების გავლენის ქვეშ“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

იურისტი ასევე მოუწოდებს საქართველოში მოქმედ არასმთავრობო ორგანიზაციებს დრული და ადეკვატური რეაგირება მისცენ გვარამიას კონკრეტულ განცხადებას. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნეიტრალურები იქნებიან და მწვავე შეფასებას არ მისცემენ მოსამართლის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას, ასეთი თავდასხვა სასამართლოზე გაგრძელდება და შეიძლება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს.

„კერძოდ იმაში, რომ შესაძლებელია გვარამია თავს დაესხას მოსამართლეს. სიტყვიერად უკვე დაესხა თავს მოსამართლეს და დაადანაშაულა ქრთამის აღებაში. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ მოსამართლე ურთმელიძეს. დიახ, ფიზიკურად უსწორდებოდა ბატონი გვარამია ყველა იმ ადამიანს, რომელიც „იმედთთან“ დაკავშირებით ხმამაღალ სიტყვას იტყოდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოდელირებული ქრონიკა აჩვენა საზოგადოებას, რომელსაც ფატალური შედეგი მოჰყვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.