„იგივე ხერხით, 2003 წლის შედეგს ვერ მიაღწევენ „რუსთავი 2“ და ნაციონალები“

„იგივე ხერხით, 2003 წლის შედეგს ვერ მიაღწევენ „რუსთავი 2“ და ნაციონალები“

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად მრავალათასიანი  აქციები გაიმართება“, - განცხადება ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. გვარამია მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, რომ ამ ბრძოლაში გვერდში დაუდგნენ „რუსთავი 2“ -ს და მათ შორის, სასამართლო პროცესებზეც იარონ.

„არ დაგტოვებთ მარტო პირისპირ მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელსაც ქართული დემოკრატიისთვის დღეს განაჩენი გამოაქვს. ჩვენ ამ მთავრობას არ ვგავართ, როდესაც მოსამართლეებს სახლებში უვარდებიან და მათ ბავშვებს შეურაცხყოფენ. არავის მივცემთ უფლებას ეს გააკეთოს, მაგრამ კანონით დაცული სიკეთეების რეალიზაციას ვაპირებთ ნამდვილად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ვიდრე „რუსთავი 2“ დაიხურება, დაიხურებით თქვენ“, - ხელისუფლების მიმართ ნაციონალების მთავარი მესიჯიც გაშვებულია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ გვარამიას ეს განცხადება პირდაპირ კავშირში იყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან. მისივე განცხადებით, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სტილიდან ამოვალთ, გასაკვირი არ უნდა იყოს მათი მიზანი, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია.

„რაც შეეხება რეალური დესტაბილიზაციის საფრთხეს, ამის მცდელობა არის გვარამიას ეს ინიციატივა. თუმცა, ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „რუსთავი 2“ არ წარმოადგენს თავისუფალ მედიას, მას კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან და სწორედ, რომ პოლიტიკური პროპაგანდის მანქანაა, ისეთი პოლიტიკური პარტიის ხელში, რომელიც მიუღებელია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.

შეიძლება მათი მიზანია ერთობლივი ძალებით 2016 წლის არჩევნებისთვის დესტაბილიზაციის შექმნა ქვეყანაში, მაგრამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის თვალში ბოროტების სიმბოლო გახდა, ამიტომ იგივე ხერხით, როგორც ეს მოხდა 2003 წელს, იგივე შედეგს ვერ მიაღწევენ ნაციონალები და „რუსთავი 2“.  

ნაციონალები მათივე მმართველობიდან გამომდინარე მიუღებელი გახდნენ საზოგადოებისთვის და ამდენად, მცდელობის მიუხედავად, ვერ მიაღწევენ დესტაბილიზაციის შექმნას ქვეყანაში. სამაგიეროდ, მიაღწევენ იმას, რომ სალაპარაკო თემას გაუჩენენ დასავლეთის იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც „გული შესტკივათ“ ქართულ დემოკრატიაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.