საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ამ დროისთვის პარალიზებულია - ქუთაისში მდებარე პარლამენტის გამჭირვალე შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პლენარული სხდომა კი, კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერის მიზნით, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც ისინი უმრავლესობის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და დეპუტატებს „ვირთხასა“ და „ღორებს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეების თავდასხმის ობიექტები დეპუტატები - გოგლა ჟვანია, ლუკა კურტანიძე, ვალერი გელაშვილი და დავით ლორთქიფანიძე გახდნენ. თუმცა, განსაკუთრებული აგრესია ლორთქიფანიძემ დაიმსახურა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა რუპორი ესროლეს და პიჯაკი შემოახიეს.
აღსანიშნავია, რომ შენობის გარეთ დაწყებული დაპირისპირება სხდომათა დარბაზშიც გაგრძელდა. მიზეზი აქაც - „რუსთავი 2“ იყო. უმრავლესობის წევრები უმცირესობას მოუწოდებენ აქციის ორგანიზატორები გააფრთხილონ, დეპუტატებს შეუარცხყოფას ნუ მიაყენებენ. ცხარე კამათის შემდეგ, დეპუტატებმა რეგისტრაცია ორჯერ გაიარეს, თუმცა, ვინაიდან, კვორუმი არ იყო, სხდომა 16:00 საათამდე გადადებულია.
„ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას პლენარული სხდომის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა განუცხადა, უმრავლესობას დღევანდელი სხდომის ჩატარება არ სურს, რადგან სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
მისი თქმით, უმცირესობა უმრავლესობას მედიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადების მიღებასაც სთხოვს, რაც მმართველ გუნდს არ სურს.
„განცხადების მიღებას ვითხოვთ, რომელიც მედიაზე განხორციელებულ ზეწოლას ეხება. მათ შორის, „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. უმრავლესობა საკითხზე მსჯელობას თავს არიდებს. „ქართული ოქნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სხდომა ჩააგდოს და კიწმარიშვილის საქმეზე არ იმსჯელოს. სამარცხვინოა, როცა უმრავლესობა საკითხის განხილვას ამ მეთოდით გაურბის“, - აცხადებს რატიანი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი გიორგი ვაშაძე.
for.ge-სთან საუბარში ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ყველა შტომ „რუსთავის 2“-ის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა და მათი მიზანი ტელევიზიისთვის მაუწყებლობის შეწყვეტაა.
ვაშაძის თქმით, თუკი პარლამენტს არ სურს, რომ „რუსთავი 2“-ის დახურვის ნაწილი გახდეს, მაშინ უწყებამ სპეციალური განცხადება უნდა მიიღოს, რითაც აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ტელევიზიის მითვისებას თავი დაანებოს.
„უმრავლესობა ბოიკოტს რომ აცხადებს, ეს უკვე სასაცილოა და არადეკვატური პროცესია“, - დასძენს ვაშაძე, რომლის გუნდიც პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტს ხშირად მიმართავს და სხდომაზე რეგისტრაციას არ გადის.
უმცირესობის წარმომადგენლების ბრალდებების საპასუხოდ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ისინი სხდომის ჩაშლას არ ცდილობენ, რადგან „რუსთავი 2“-ის საკითხზე მსჯელობა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
დავით ლორთქიფანიძე for.ge-ს განუმარტავს, რომ კვორუმის არარსებობის მიზეზი პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე გამართული აქციაა, სადაც ნაციონალების აქტივისტები დეპუტატებს სხდომაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
კანონმდებელის თქმით, აქციის მონაწილეები ძალიან თავხედურად იქცევიან.
„აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატებს ხელს უშლიან, რომ დარბაზში შევიდნენ. კვორუმიც სწორედ ამიტომ არ იყო. მათთან ნაციონალების ე.წ. ლიდერები ურთიერთობენ. მზად ვართ, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ, რადგან ამ თემაზე მსჯელობა არანაირ უხერხულობას არ გვიქმნის“, - აცხადებს ლორთქიფანიძე, რომელიც ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მავნებლურ პოლიტიკას აგრძელებს.
რაც შეეხება განცხადების შინაარს, ნაციონალების მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლოს კოორდინირებული მუშაობა საფრთხეს უქმნის მედია პლურალიზმს, აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.