„თუ გინდა, რომ ყურადღება მოგაქციონ შენი ფუნქცია უნდა მიაწოდო პოლიტიკურ საზოგადოებას და არ უნდა იწუწუნო“

„თუ გინდა, რომ ყურადღება მოგაქციონ შენი ფუნქცია უნდა მიაწოდო პოლიტიკურ საზოგადოებას და არ უნდა იწუწუნო“

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს საკითხი აშშ-ს რადარებიდან გაქრა. პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ საქართველოს წინსვლა მნიშვნელოვნად არის განპირობებული ამერიკელი ხალხის, აშშ-ის ხელმძღვანელობისა და ბიზნეს საზოგადოების მხარდაჭერით. ორივე ეს განცხადება ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა აშშ-ში გააკეთს. ამერიკაში ვიზიტად მყოფ გიორგი მარგველაშვილს ტონი საქართველოში დაუწუნეს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სასურველი არ არის ფრაზების სროლა ისე, რომ ანგარიში არ გავუწიოთ დეტალებს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ხელისუფლების მიმართ ხშირად გამოითქმევა საყვედური, რომ დასავლეთის მხარდაჭერა არ არის ისეთი აქტიური, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს საკითხი აშშ-ს რადარებიდან გაქრა. ბატონო რამაზ, თუკი ასეა, მაშინ რა არის ამის მიზეზი?

რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტის ამ ტექტს არ შევაფასებდი, თუმცა შევაფასებდი იმ ქვეტექსტს, რომლითაც ეს ფრაზა ითქმევა - თურმე, ცუდია ის, რომ ამერიკული რადარებში საქართველო არ არის. დღეს ამერიკის რადარების ცენტრში მოქცეულია სირია და უკრაინა. ჩვენ გვინდა, რომ ისეთივე მდომარეობა იყოს საქართველოში, როგორც სირიაში და უკრაინაშია? რა ლოგიკით ველოდებით, რომ ამერიკული რადარების ყურადღების ცენტრში ვიქნებით? პატარა ბავშვი, რომ მშობლებისგან მოითხოვს ყოველთვის ყურადღებას, დაახლოებით ასეთი ინტონაციით ნათქვამი ფრაზაა და არა პოლიტიკური ლოგიკით. მაშინ, ამერიკის ყურადღების ცენტრში ყოფნა უნდა მოითხოვოს ყველა ქვეყანამ, რომელსაც მეტ-ნაკლებად რაღაცა აკავშირებს ამერიკასთან.

გასაგებია, რომ სირია და უკრაინა არის ამერიკული რადარების ყურადღების ცენტრში, მაგრამ საქართველო, როგორც ძალიან პატარა ქვეყანა და ამავე დროს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყანა, პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ ამერიკული რადარების ქვეშ?

- სირიაში მიმდინარე პროცესთან საქართველოს ერთი მხრივ იმით აქვს კავშირი, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ეცდება გააკონტროლოს კავკასია, რადგან კავკასიაზე გადის სხვადასხვა ტიპის არაოფიციალური სატრანზიტო ხაზი და ამ სტრანზიტო ხაზის წყალობით შესდით შემოსავლები ტერორისტებს. აი, ამიტომ არის მსოფლიოსთვის კავკასიის მიმართ მეტი ყურადღება საჭირო.

საქართველოს ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს ამ პროცესების მნიშვნელობა რომ წარმოეჩინათ, პოლიტიკურად ალბათ, უფრო გამართლებული იქნებოდა. თუ გინდა, რომ ყურადღება მოგაქციონ და საჭირო გახდე, შენი სამრეკლოდან დანახული შენი ფუნქცია უნდა მიაწოდო პოლიტიკურ საზოგადოებას და არ უნდა იწუწუნო რატომ არ მახსენეთო. მას მერე, რაც ასეთ შეთავაზებას გააკეთებ, შეიძლება აღმოჩნდე კიდევაც იმ რადარებში, რომელიც, თურმე, ასეთი სასურველია.

როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან გვესმის, რომ ამერიკის ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს, ეს არის ერთგვარი დასტური, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტისთვის საქართველოს თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია?

- გეთანხმებით, მაგრამ ასეთ ნაბიჯებს რადარებად არ აღიქვამენ პოლიტიკოსები. რადარებად აღიქვამენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის და ამ შემთხვევაში, ობამას ჩამოთვლილ პრიორიტეტებში არ იყო საქართველო და მე ვთვლი, რომ არც უნდა იყოს საქართველო. დღეს მსოფლიოს არ სცალია გულის მოსაფხანი სიტყვებისთვის, როდესაც რამდენიმე მიმართულებით არის კონფლიქტები მოსაგვარებელი. ამ ფონზე დაყვედრება, რომ შენი სამუშაო რეჟიმით დახმარება მნიშვნელოვანი იმდენად არ არის, რამდენად პოლიტიკური განაცხადების რადარში მოხვედრა, ეს არ მიუთითებს ქართული მხარის პოლიტიკურ სიმტკიცეზე.

მარგველაშვილის განცხადების პარალელურად, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება - საქართველოს წინსვლა მნიშვნელოვნად განაპირობა აშშ-ს მხარდაჭერამ?

- ეს ორი განცხადება ერთმანეთს არ ედავება. რადარი, ისევე როგორ „პროჟექტორი“ მიმართული არის აქტუალურ წერტილებზე. რადარი არ გიჩვენებს რუკას, არამედ - ამ რუკის იმ წერტილებზე არის მიმართული, სადაც მისთვის მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება. ამერიკის სამოქმედო რუკაში საქართველო არსებობს, რაც აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამ რუკას მიყვება როგორც ქართული, ისე ამერიკული ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკა, უსაფრთხოება და ა.შ.

რაც შეეხება რადარს, რომელიც მიმართულია მწვავე წერტილებისკენ, პირიქით, დადებითად შევაფასებდი იმას, რომ ამ კონტექსტში საქართველო არ არის მოხსენიებული, როგორც არასტაბილურობის ერთ-ერთი კერა. ჩვენ არ ვართ არასტაბილური ქვეყანა და ღარიბაშვილმაც სწორად აღნიშნა, რომ ამ არასტაბილურობის კლიმატს ქმნის ეკონომიკური ურთიერთობები. სასურველი არ არის ფრაზების სროლა ისე, რომ ანგარიში არ გავუწიოთ დეტალებს.

სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკული კაპიტალის მოზიდვა ქვეყანაში, რაზეც ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა?

- სტრატეგიული მნიშვნელობა ნებისმიერ კაპიტალს აქვს და განსაკუთრებით ამერიკულ კაპიტალს. ქვეყანაში შემოსული ძლიერი ეკონომიკური სტრუქტურა ქვეყანას იცავს. გავიხსენოთ 2008 წლის ომი, არც ერთი რუსული ნაღმი ნავთობსადენს არ მოხვედრია. რუსეთმა კარგად იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა ექნებოდა დასავლეთთან. რაც მეტი იქნება ასეთი ობიექტი, სადაც დასავლური კაპიტალია ჩადებული, მით უფრო გაიზრდება ჩვენი უსაფრთხოება, მეტი იქნება გრძელვადიანი განვითარების პრესპექტივები. კაპიტალიდან იწყება ყველაფერი.