“ამ პროცესებმა შესაძლებელია უეფა-ს რეპუტაცია შელახოს “- ლევან კობიაშვილის წერილი უეფა-ს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, UEFA-თვის გაგზავნილ წერილს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ასაჯაროებს.
წერილს, რომელსაც ლევან კობიაშვილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ასაჯაროებს, უცვლელად გთავაზობთ:
„უეფას პრეზიდენტს ბატონ მიშელ პლატინის, უეფას გენერალურ მდივანს ბატონ ჯანი ინფანტინოს
პატივცემულო ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა დაგიდასტუროთ ღრმა პიროვნული პატივისცემა და გამოვთქვა გულწრფელი აღფრთოვანება თქვენი საქმიანობის მიმართ. ცალსახაა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველობის თქვენი პერიოდი განსაკუთრებული პროდუქტიულობით გამოირჩევა და, შესაბამისად, ფეხბურთი წლების მანძილზე პოპულარობის ზენიტშია. თქვენი მმართველობის პერიოდში გადადგმულმა ქმედითმა ნაბიჯებმა ფეხბურთი გახადა უფრო მეტი, ვიდრე სპორტი და ეს ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა, ძალიან დიდი ბედნიერებაა. დიდი მადლობა ამისთვის. მინდა, წარმატება გისურვოთ თქვენს მომავალ გეგმებსა და საქმიანობაში, დარწმუნებული ვარ, თქვენი გუნდის მიერ წამოწყებული ნებისმიერი საქმიანობა ფეხბურთს კიდევ უფრო მეტად წაადგება და შეუქცევად სახეს მიიღებს არამარტო ევროპაში.
გაცნობებთ, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის დინამომ წარმადგინა, ხოლო მე მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო საფეხბურთო საქმიანობაში და მონაწილეობა მივიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 2015 წლის 3 ოქტომბერს არის დანიშნული. ზუსტად ვიცი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ფეხბურთი და დარწმუნებული ვარ, საქმისადმი სწორი მიდგომით, გუნდური მუშაობით და უეფას თანადგომით, შევძლებ გავუმკლავდე ყველა პრობლემას. ჩემთვის მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო და რჩება "ფეარ პლეი" როგორც სპორტულ კარიერაში, ასევე კარიერის მიღმა - სადაც ეხლა ვიმყოფები.
სწორედ სამართლიანი თამაშის წესების პრინციპების დაცვის იმედი მქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მხრიდან ფედერაციის პრეზიდენტის წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა, გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მმართველი ორგანო (აღმასკომი) სრული უპასუხისმგებლობით ეკიდება უეფას, ფიფას და სფფ-ს მთელ რიგ წესდებებსა და რეგულაციებს, თავადვე არღვევს მის მიერ დამტკიცებულ წესდებას, საფეხბურთო ეთიკის კოდექსს, საფეხბურთო საქმიანობის დამოუკიდებლობის პრინციპებს. სრული პასუხისმგებლობით გაცნობებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი არის მიკერძოებული წინასაარჩევნო პროცესში, ხელს უშლის კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებას და პრეზიდენტობის კანდიდატებს არათანაბარ საარჩევნო გარემოს უქმნის. მით უფრო, საგანგაშო და საგულისხმოა ის გარემოება, რომ ხშირ შემთხვევაში სფფ-ს აღმასკომის არასწორ გადაწყვტილებების გამართლება მათ მიერ ხდება უეფას რეპუტაციით მანიპულირებით, რაც საზოგადოებისთვის არაერთგვაროვნად არის აღქმული და უეფას ინტერესებს ცალსახად არ ემსახურება.
მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო რამდენიმე ფაქტსა და გადაწყვეტილებაზე, რომელიც სფფს აღმასკომმა თავისივე წესდების იგნორირებით მიიღო, რომ თქვენთვის ნათელი გახდეს, თუ რამდენად არაობიექტურ პროცესებთან გვაქვს საქმე.
დარწმუნებული ვარ, თქვენი მხრიდან რეაგირების გარეშე არ იქნება დატოვებული არც ერთ საკითხი, ვინაიდან ამ პროცესებმა შესაძლებელია, ფეხბურთის და, შესაბამისად, უეფას რეპუტაცია შელახოს. მით უფრო, როცა საქმე გვაქვს თქვენს მიერ დეკლარირებული საფეხბურთო დამოუკიდებლობის პრინციპების დარღვევასთან:
სფფ-ს წესდების მუხლი 21, პუნქტი 2 თანახმად "დელეგატები უნდა ეკუთვნოდეს წევრს, რომელსაც წარმოადგენენ და დაინიშნონ ან აირჩნენ წევრის სათანადო ორგანოს მიერ. მათ უნდა შეეძლოთ სფფ-ს მოთხოვნისთანავე წარმოადგინონ ამის დადასტურება."
სფფ-ს ერთერთმა წევრმა - გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ერთპიროვნულად, მმართველი ორგანოს იგნორირებით მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში დელეგატის წარდგენის შესახებ, ისე, რომ ეს საკითხი გამგეობის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა, როგორც ამას წესდება ავალდებულებს. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, განმარტება გამოთხოვნილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, სადაც აღნიშნულია, რომ გურიის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება ფედერაციის უმაღლესი ან/და ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.მიუხედავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული განმარტებისა, სფფ-ს აღმასკომმა წესდებისა და ქვეყნის კანონმდებლობის სრული იგნორირებით თავისი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
უფრო მეტიც, აღმასკომის გადაწყვეტილება სფფ-ს წესდების თანახმად გასაჩივრებული იქნა საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში, ტრიბუნალმა დააკმაყოფილა სარჩელი და აღმასკომს დაავალა გადაწყვეტილების გაუქმება და შესთავაზა მოქმედების გეგმა, რათა პროცესი არ გასულიყო საფეხბურთო დამოუკიდებლობის სამართლებრივი სივრციდან. ხოლო აღმასკომმა მიიღო სრულიად არაადექვატური გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა სპორტული ტრიბუნალის მედიატორის გადაწყვეტილება და იმავე სხდომაზე ტრიბუნალის მედიატორი უსაფუძვლოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
ამ შემთხვევაში სფფ-ს აღმასკომმა დაარღვია სფფ-ს წესდების 21-ე, 59-ე და 60-ემუხლები. ასევე აღმასკომისვე დამტკიცებული სპორტული ტრიბუნალის დებულება და მედიატორის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სფფ-ს აღმასკომის მიერ არაერთგზის იქნა დარღვეული მის მიერ მიღებული სფფ-ს ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლი - ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, როდესაც დელეგატებად სფფ-ს რვა წევრმა ყრილობის დელეგატად წარადგინა სფფ-ს თანამშრომლები და მათ შორის ნაკრების მწვრთნელი, რომლებიც წარდგენის დღისთვის მოქმედი გენერალური მდივანის, ახლა კი პრეზიდენტობის კანდიდატის უშუალო სამსახურეობრივ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.
მიუხედავად არაერთი მიმართვისა, აღმასკომის მიერ ეს საკითხი სრულიად იქნა იგნორირებული და განხილვის გარეშე იქნა დამტკიცებული. ეთიკის კოდექსი დარღვეული იქნა თავად პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდანაც, როცა მან დროულად არ მოიხსნა თავისი უფლებამოსილება.
ამასთან გაურკვეველია, გაცნობათ თუ არა ამის შესახებ უეფას, ვინაიდან კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ამის პირდაპირი ვალდებულება არსებობს.
სფფ-ს წესდების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სფფ-ს აღმასკომი ვალდებულია მოიწვიოს რიგგარეშე ყრილობა სფფ-ს წევრების არანაკლებ ერთი მეხუთედის (შვიდი წევრი) მოთხოვნის საფუძველზე ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტს ოფიციალური თხოვნით მიმართა შვიდმა წევრმა რიგგარეშე ყრილობის მოთხოვნით, თუმცა, მათ მიერ ამ შემთხვევაშიც იგნორირებული იქნა მოქმედი წესდება (მუხლი 28.2) და საკითხი პრაქტიკულად განუხილველად იქნა დატოვებული.
სფფ-ს გენერალურ სამდივნოს გაწევრიანების თხოვნით მიმართა უმაღლესი და პირველი ლიგის 21-მა საფეხბურთო კლუბმა (წესდების მუხლი 10.3 და 10.4), აღსანიშნავია, რომ მათი სოლიდარული იყვნენ ის კლუბებიც, რომლებიც უკვე არიან სფფ-ს წევრები. თუმცა ამ შემთხვევაშიც, სფფ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა წესდების ზემოთ აღნიშნული მუხლების გვერდის ავლით და წესდების 11.2მუხლისიგნორირებით, არ მიმართა სფფ-ს ყრილობას აღნიშნულის შესახებ. ცხადია, რომ სფფ-ს აღმასკომი აჭარბებს მის უფლებამოსილებას, ვინაიდან წევრად მიღების პროცედურა განმარტებულია სფფ-ს წესდების მე-11 მუხლით და სფფ-ს ყრილობის კომპეტენციას წარმოადგენს, რაც ამ შემთხვევაში აღმასკომმა იტვირთა.
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 23 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება: სფფ-ს გენერალურ მდივნად საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელი იქნა დამტკიცებული.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ამ დრომდე სფფ-ში ვერც ერთი დოკუმენტი, ან ოქმი აღმასკომის გადაწყვეტილებების შესახებ ვერ იქნა მოძიებული და ისინი მხოლოდ პრესასთან განცხადებებით შემოიფარგლებიან.
ბატონებო, ვაცნობიერებ, რომ სფფ სრულად არის უფლებამოსილი გამოიყენოს თავისი მარეგულირებელი ჩარჩო სამუშაო პროცესში, თუმცა, ცხადია, რომ ეს მარეგულირებელი ჩარჩოები არ უნდა ირღვეოდეს თავად სფფ-ს აღმასკომის მიერ, თან არაერთგზის და, მით უფრო, არ უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ შეიქმნას არათანაბარი საარჩევნო გარემო და პირობები.
ამ წერილში მოყვანილი ფაქტებით დასტურდება, რომ საქმე გვაქვს სფფ-ს აღმასკომისა და პრეზიდენტობის კანდიდატის შეთანხმებულ ქმედებებთან, რითაც ჩრდილი ადგება და ხდება დარღვევა უეფას იმ ძირითადი პრინციპებისა როგორიცაა სამართლებრივი დამოუკიდებლობა, RESPECT, FAIR PLAY. მიმაჩნია, რომ ეს პრინციპები უეფას მსგავსად სფფ-ში არამარტო სათამაშო მოედანზე, არამედ ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა იქნას დანერგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ წლების მანძილზე თქვენი სწორი მიდგომებით ნაშენები ფეხბურთის ავტორიტეტი ჩვენს საზოგადოებაში ნეგატიურ ჭრილში იქნას გადაყვანილი.
ჩემს მიერ სრულად იქნა გამოყენებული და დაცული სფფ-ს ყველა მარეგულირებელი ჩარჩო და ფეხბურთის დამოუკიდებელი სამართლებრივი სივრცე სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, თუმცა როგორც არაერთხელ ავღნიშნე სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტი პერმანენტულად არღვევს სამართლიანი თამაშის წესებს და იგნორირებას უკეთებს საფეხბურთო კანონმდებლობას, რაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, მომემართა თქვენთვის და მეთხოვა დახმარება, რათა სრულად და ობიექტურად იყოთ ინფორმირებული მიმდინარე პროცესების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, უეფას შესაბამისი კომპეტენტური წარმომადგენლები ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდებიან წერილში აღნიშნულ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან დარღვევებს და გაატარებენ შესაბამის პრევენციულ ზომებს.
ჩემი მხრივ, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ პატივისცემა და მომავალი თანამშრომლობის განუხრელი სურვილი, ვინაიდან კარგად ვაცნობიერებ იმ გარემოებას, რომ მხოლოდ უეფას, სფფ-ს და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობით, პარტნიორობით არის შესაძლებელი ქართული ფეხბურთის განვითარება და გამოვთქვა მზადყოფნა, თქვენი სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შევხვდე უეფას წარმომადგენლებს ჩემი ხედვების პრეზენტაციით. საუკეთესო სურვილებით, ლევან კობიაშვილი“,- აღნიშნულია წერილში, რომელიც კობიაშვილმა უეფა-ს 25 სექტემბერს გაუგზავნა.
კობიაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ხვალ, 13 საათზე "დინამო-არენას" მედია-ცენტრში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე კითხვებს უპასუხებს.