მოსკოვი სირიაში ანტიტერორისტულ კოალიციას ქმნის

მოსკოვი სირიაში ანტიტერორისტულ კოალიციას ქმნის

აშშ-სა და რუსეთს სირიაში კოორდინირებული ქმედებებისკენ მოუწოდა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კოორდინირებული ქმედებები ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის ინციდენტებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისთვისა არის საჭირო. ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ სირიაში რუსი სამხედროები იმყოფებიან და რუსული სამხედრო თვითმრინავები, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებია განლაგებული, შესაბამისად, სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სირიაში საბრძოლო მოქმედებებს არ აპირებს. თუმცა, აქვე დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის, სირიის მთავრობისთვის დახმარება გაზარდოს და აღნიშნა, რომ სამთავრობო არმია ერთადერთი ლეგიტიმური არმიაა სირიის ტერიტორიაზე. პუტინის შეფასებით, სირიის ოპოზიცია, რომელსაც ვაშინგტონი უჭერს მხარს, ტერორისტული ორგანიზაციაა და სინამდვილეში, ასადის არმია ტერორისტულ ორგანიზაციებს ებრძვის.

„სირიაში რუსული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა სრულიად კანონიერია და გაეროს წესდებას არ ეწინააღმდეგება. სირიის მთავრობამ მათთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების თხოვნით მოგვმართა, რასაც ვაკეთებთ კიდეც, სრულიად კანონიერი საერთაშორისო კონტრაქტების ფარგლებში. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საფრთხეს არა მხოლოდ სირიას, არამედ რუსეთს უქმნის. რუსეთის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა გამოჩენა მთავარი ფაქტორია, რომლის გამოც მოსკოვი ასადს დახმარებას უწევს“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის პირველი პირი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებიდან სირიის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი მებრძოლი იმყოფება, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან.

„სანამ მათ დაველოდებით ჯობია, ასადს მათთან ბრძოლაში სირიის ტერიტორიაზე დავეხმაროთ. რუსეთი მოხარული იქნება, თუ ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებებისთვის საერთო პლატფორმა გამოინახაება“, - ამბობს ვლადიმერ პუტინი.

პარალელურად, არაბული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთის სამხედრო კონტიგენტი გზაშია და ლატაკიაში მალე იქნება. ჩინური ტრანსპორტი სამხედრო ტვირთით სამშაბათს დილით შეამჩნიეს, როდესაც ის სუეცის არხში გადიოდა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინელი სამხედრობი უახლოეს კვირაში ტარტუში იქნებიან, სირიის არმიის ხელმძვღვანელი ადასტურებს. არაბული გამოცემა „სამხედრო საკითხები“ აკეთებს დასკვნას, რომ მოსკოვი სირიაში ანტიტერორისტულ კოალიციას ქმნის, რომელიც აშშ-ს მიერ შექმნილი სამხედრო კავშირის ალტერნატივა იქნება.

რუსეთის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორის, ალექსეი არბატოვ განცხადებით, ჯერ გაურკვეველია რამდენად დიდი იქნება ამ პროცესში ჩინეთის მონაწილოება, რადგან, მისივე თქმით, ჩინეთი ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილი ქვეყანაა და მას თავის რეგიონში პრობლემები საკმარისზე მეტი აქვს.

„ვფიქრობ, რომ ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში ფრთხილად იმოქმედებს. შესაძლოა, ჩინეთსაც სურს იმის დემონსტრირება, რომ იგი ასევე გახლავთ ზესახელმწიფო. პეკინმა რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, ეტყობა ეს მისი პრესტიჟისთვისაც მნიშვნელოვანია. ის, რომ რუსეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ ირანს, სირიას და ჰეზბოლას, ამაში ახალი არაფერია. მაგრამ, ეს არ გახლავთ სამხედრო კავშირი. ჩემი აზრით, ეს ამ კონკრეტულ საკითხებში უბრალოდ ამ ორივე ზესახელმწიფოს ინტერესთა თანხვედრაა“, - ამბობს ალექსეი არბატოვი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ინტერესები აღმოსავლეთში საკმაოდ დიდია, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი, ვიქტორ დოლიძე გამორიცხავს ჩინეთმა ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.

„ამ საკითხზე ბევრი სპეკულაციები მიმდინარებს, მაგრამ არ მგონია, რომ ჩინეთმა ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. იმიტომ, რომ ჩინეთს მარტო რუსეთთან არ აქვს ურთიერთობა, პოლიტიკური თუ სამხედრო პოლიტიკური კუთხით ჩინეთი აშშ-ის და დასავლეთის პარტნიორი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად მისი სამხედრო პოლიტიკური ხედვისა, ეჭვი მეპარება, რომ ჩინეთმა ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური ძალაა და მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მეტი აქტიურობით შემოვა, ვიდრე აქამდე ყოფილა, როდესაც თითქოსდა მხლოდ თავისი საზღვრის პერიმეტრის პრობლემა აინტერესებდა.

„ამიტომ, ცხადია, რომ ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. მითუმეტეს, რომ ჩინეთის ახალი ხელმძღვანელი გამოირჩევა თავისი ამბიციური განცხადებებით და აქტივობით. ასე რომ, გამორიცხული არ არის ჩინეთი ჩაერთოს სირიის კონფლიქტში. შეიძლება ახლო აღმოსავლეთის პრობლემას და კერძოდ, სირიას შევხედოთ როგორც გლობალურ თავსატკივარს, რომლის გადაწყვეტაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

ასევე, შეიძლება შევხედოთ შანს ვიღაცეებისთვის, რომ კონფლიქტი გამოყენებული იქნას თავისი ბნელი საქმეებისთვის, ასეთი კი პირველ რიგში არის რუსეთი, რომელსაც უპირველეს ყოვლისა ადარდებს საბჭოთა კავშირის აღდგენა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მე მგონია, რომ რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩართულობაც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაცნაირად გაიიოლოს თავისი მდგომარეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთმა სახმელეთო ოპერაციების ჩატარება გადაწყვიტა იმ ტერიტორიაზე რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“, ან სხვა სუიტური ფორმირებები აკონტროლებენ, ასეთ შემთხვევაში ოპერაციაში ჩაერთვება ჩინეთის სამხედრო ძალებიც, რადგან, მისივე განცხადებით, ჩინეთის, ისევე როგორც რუსეთის ინტერესია ნებისმიერი ფასად შენარჩუნდეს ასადის რეჟიმი.

„ჩინეთი რომ სამხედრო ტექნიკით და ინსტრუქტორებით ეხმარებოდა ბაშარ ასადის რეჟიმს, ეს ახალი ინფორმაცია არ არის. ორივეს რუსეთსა და ჩინეთს სირია სჭირებათ, როგორც ბუფერული ზონა არაბეთის ყურის სახელმწიფოებს, ევროპასა და თურქეთს შორის. ისინი შეეცდებიან ბოლომდე დაუჭირონ მხარი ასადის რეჟიმს. რადგან, რეჟიმის ცვლილების შეთხვევაში ევროპას, თურქეთის გავლით და არაბეთის ყურის ქვეყნებს შორის მოხდება პირდაპირ სახმელეთო დერეფნით დაკავშირება და ევროპაში პირდაპირ საზღვაო გზების გავლით შესაძლებელი გახდება ნავთობის მილების გაყვანა“, - აცხადებს ალეკო კვახაძე.