ხანძრის გარეშე - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

ხანძრის გარეშე - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

[მურმან ეკალაძე]
იმის გამო, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საზაფხულო შვებულება აიღო და ივნისის მზეს ეფიცხება, წინა კვირას ქართულ ინტერნეტფორმებზე ძირითადად ძველ ამბებს იხსენებდნენ. თუმცა, გააჩნია ვისთვის რა არის ძველი და ვისთვის რა... მაგალითად, ძველი ამბავია, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს, მაგრამ ახალი ამბავი ისაა, რომ ამას ყველა აღიარებს, მაგრამ ბუნებრივად მიაჩნიათ. მალე ხელისუფლებაც დაისვენებს.

აქტუალურია რუსეთში გაჩაღებული და ვერაფრითჩამქრალი ხანძარი. თუმცა ამ ხანძრის შესახებ ძირითადად ან რუსების გინებას წაიკითხავთ, ანდა იმას, რომ “ჩვენი ერთმორწმუნე ძმები” ცოდონი არიან, ამიტომ, სჯობს ამ ხანძარზე საერთოდ არ ვისაუბროთ.

DD&DD: “რატომ ვაფასებ ოპოზიციას? თუნდაც იმიტომ, რომ შარშან დეკემბერ-იანვარში 200,000 ათასიანი ხალხის მასა შეაჩერა და სააკაშვილი არ გადაათელინა! ეს სისუსტე არ არის! ეს შორსმჭვრეტელობაა! შეუიარაღებელი თვალითაც სჩანს რომ ოპოზიციის თითოეული ლიდერი, გაცილებით უფრო ტოლერანტული და შორსმჭვრეტელია, უფრო ორიგინალური და გაქნილიც, კარგი გაგებით, კომპრომისისა და პოლიტიკის შემძლე!”

დააფასეთ, ბატონო, ვინც გნებავთ, მთავარია ძალიან ძვირი არ დააფასოთ. ვერ შევწვდებით.

ფორუმელ THRaKaTTaK–ს მიაჩნია, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ზეპარტიული მოძრაობის ჩამოყალიბება, რომელიც ახალ რევოლუციებს არ დაუშვებს.

“საჭიროა გაერთიანდეს ხალხი, რომელსაც ეხლა პარლამენტში შევარდნა და ახალი რევოლუცია არ უნდა. ჯერ ერთი, ბევრი არ უჭერს მხარს მიშას, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს უნდათ ხელისუფლებაში ახალი მემარჯვენეების მოსვლა. მეორეც, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მიშა, ბევრს არ უნდა ეს რევოლუცია თუნდაც იმიტომ, რომ 4 წელიწადში ერთხელ არ იყოს რევოლუციები. 13 წელი ვუძლებდით შევარდნაძეს, როდესაც მართლა პრაქტიკულად არ იყო სასიკეთო ძვრა და ქვეყანა იყო ჩაძირული კრიმინალსა და კორუფციაში. უნდა შეიქმნას დიდი ზეპარტიული გაერთიანება ადამიანებისა, რომლებიც უბრალოდ დააფიქსირებენ, რომ ჩვენ ვართ ბევრ რამეში მიშათი უკმაყოფილო, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ მზად ვართ ქვეყანა ჩავაბაროთ გრეჩიხასა და გამყრელიძეს, მითუმეტეს ახალი რევოლუციის გზით. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისინი უკვე ღიად აფიქრსირებენ თავის ანტიდასავლურ კურსს”.

ბევრი თავგადაკლულ ნაციონალი ან ოპოზიციონერი თქვენ გგონიათ იდეების გამოა იქ სადაც არის? ჰოდა, უიდეობას იდეებით როგორ უნდა ებრძოლო, ეგ ვერ გავიგე...

პოლიტიკური კრიზისის არსებობაზე სწუხს ფორუმელი მოდუსი. ისე, კაცი რომ დაფიქრდეს, სადღაც ყველანი მოდუსები ვართ.

“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კრიზისი კვლავ გრძელდება... რეალურად, ვერ მოინახა საშუალებები და სუბიექტები, რომლებიც ერთად დასხდებიან და ისაუბრებენ. საერთოდ, ქვეყნები, რომლებსაც კონსენსუსის მიღწევის შედარებით მდიდარი ტრადიციები აქვთ, მსგავს კრიზისებს ადვილად უმკლავდებიან. ჩვენ კი ამ მხრივ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. ეს არ არის ერთჯერადი კრიზისი, რადგან კონსენსუსის ვერმიღწევის შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრის რესტრუქტურიზაცია გახდება საჭირო... ამ შესაძლო რესტრუქტურიზაციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რადიკალებს რომ ვკითხოთ, ბრძოლა მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე გაგრძელდება”.

ფორუმელი justdoit ქართველ პოლიტიკოს ქალებს ამრეზით უყურებს.

“ნინელი ჭანკვეტაძე, ეკა ბესელია, ეკა ხერხეულიძე, თეო ტლაშაძე, ნინო კალანდაძე (ვინც გამომრჩა, თქვენ დაწერეთ) - ეს ქალები ბარიკადის სხვადასხვა მხარეს გაუგებრობის გამო აღმოჩნდნენ. ეს მართლაც ერთი გუნდია თუ საჭირო გახდა ცხენიან კაცს ძირს დასცემენ (ოღონდ სამშობლოსთვის არა). აჩვენეთ ეს ქალები მსოფლიოს და “პიდარასტები” გამრავლდებიან!”

რას ერჩიან ამ პოლიტიკოს ქალებს, ვერ გავიგე. პოლიტიკოს კაცებზე მეტად მართლა არაფერს აშავებენ და სხვა თუ არაფერი, თავიანთი არსებობით იმას მაინც უსვამენ ხაზს, რომ ქალებსაც შეუძლიათ რაღაც-რაღაცეები.

ამ ქვეყანაში მოჩვენებების არსებობის დაჯერება არც ისე ძნელია. მაშ, რატომღა უნდა გაგვიკვირდეს, ეს უხილავი არსებები ფორუმელებსაც თუ ესტუმრებიან?

Грешник: “ეს შემთხვევა სოფელში მოხდა. სახლის მეორე სართული ხისაა და მეორე სართულზე რომ ამოხვალ ისე ვერ გადადგავ ნაბიჯს რომ ხმა არ იყოს.

ერთ ღამეს, უფრო სწორედ გამთენიისას ნაბიჯის ხმამ გამაღვიძა. თითქოს დაბლიდან ვიღაცა ამოვიდა, სახლში შემოვიდა, მთელი დერეფანი გამოიარა და ჩემი ოთახის კართან გაჩერდა. ვწევარ და ველოდები, რომ ჩემს ოთახში უნდა შემოვიდეს ვიღაცა, მაგრამ კარები არ იღება და არავინ შემოდის. ავდექი, რომ გამეგო, ვინ იდგა კარებთან. გამოვაღე კარები და შუქი ავანთე, მაგრამ ოთახში არავინ იყო და სახლის კარებიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი. არადა, შეუძლებელია იმ სახლში ისე გავლა, რომ ვერ გაიგო და თან, სანამ მე კარს გამოვაღებდი, ის რომ დამალულიყო, ცოტა ჩქარი ნაბიჯით უნდა გაერბინა მთელი ოთახი. ესეთ შემთხვევაში კი, მთელი მეორე სართული ზანზარებს ხოლმე. არც მე მჯერა მოჩვენებების, მაგრამ ფაქტი – ფაქტია!”

აი, ხომ ხედავთ რა დღეში ვართ?! იცოდეთ, რომ შუაღამეს ერთხელ ჩვენთანაც აჭრიალდება კარი...

ქართულ ღვინოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი მართლაც რომ უსასრულოდ შეიძლება. თუნდაც, ერთ-ერთი ფორუმელის მიერ ინტერნეტში ნანახი, ქართული ღვინის ფსევდორეკლამა რად ღირს...

druncha: “ამ დილაუთენია შევედი “იუთუბზე”, მეთქი რამე საინტერესოს ვნახავ-თქო და წავაწყდი ქართული ღვინის რეკლამას. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგადაა და უცებ, ფინალში ფონზე ისმის: KALINKA! ამ რეკლამის დამდგმელს და უფრო სწორედ, დამკვეთს პატრონი არ ჰყავს? ამდენი ხანია ნაციონალური იდენტურობისთვის ვიბრძვით და ძლივს მივაღწიეთ, რომ უკვე 100%-ს არ ვგონივართ რუსები და ესენი ქართულ ღვინოს კალინკას ფონზე უშვებენ? ვინმემ მოთხოვეთ პასუხი სანამ არ მიგინებია ღვინის ქარხნისთვის!”

აბა, მოდი და ნერვები ნუ მოგეშლება. აი მესმის ქართული ღვინის პოპულარიზაცია...

ბევრი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთი იმ აზრს შეეგუება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებაო, ოღონდ ეს მოხდება მაშინ, როცა დიმა და ბარაკა ომების საშიშროებებიდან გათავისუფლებას საშუალებას მოძებნიან.

natasha21: “შევარდნაძემ ამასწინათ შეგვახსენა, რომ ის იყო თავის დროზე ინიციატორი საქართველოს ნატოში შესვლისა და ის ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მოკოვისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებებლია ასეთი აგრესიული ბლოკი მის საზღვრებთან მიახლოება, მაგრამ, ედო ვარაუდობს, რომ თავითონ რუსთიც შევა ნატოში (ალბათ ოდესმე).

მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდ შეცდომად მიჩნევს მეგობრული ურთიერთობების მოშლას რუსეთთან. ედიკამ - მეო პუტინთან მეგობრული ურთიერობები მქონდა, პუტინი მის პრეზიდენტად არჩევამდე გავიცანიო და აღნიშნა, რომ ეხლანდელმა ხელისუფლებამ, ვერ შეძლო, თუნდაც ძველ მეგობრულ დონეზე მაინც შეენარჩუნებინა მეგობრობაო, ვერ გამონახა საერთო ენა და დაიწყო ანტირუსული კამპანია და ამ კამპანიის კულმინაცია კი გახდა აგვისტოს კონფლიქტი, რომლემაც დააცარიელა, მთელი საქართველო”.

საქართველოში მხოლოდ 3 ადამიანია ბოლომდე თავისუფალი. პირველ ორს გეტყვით: შევარდნაძე და ნათელაშავილი, მესამე თავად გამოიცანით.

როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს მთავრობაც და მთელი ოპოზიციაც სრულიად დისკრედიტირებულია. ისინი უნდა წავიდნენ! აუცილებლად!

Witcher: “როგორ ფიქრობთ, გამოვა ასეთი რამ, რომ როგორმე ავირჩიოთ რამოდენიმე პატიოსანი, პატრიოტი, სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი, რომლებიც საზოგადოებას წარმოუდგენენ მთავრობის მთავარ კანდიდატურებს საარჩევნოდ?

ნუთუ რამოდენიმე ნორმალური ადამიანი არ მოიძებნება საქართველოში, რომელსაც ძალაუფლება ვერ გააფუჭებს და თავის ინტერესებს სამშობლოს ინტერესებზე მაღლა არასოდეს დააყენებს? ეს ფაქტიურად ახალი სახელმწიფოს შექმნაა. გამოვა ასე რამე? როგორ ფიქრობთ?”

იმედია, ამაზე ოცნებას მაინც არ დაგვიშლიან. არადა, პატიოსანი ადამიანები მხოლოდ დავით კლდიაშვილის მოთხრობების გმირნი როდი არიან...

რა ბედი ელით გარემოვაჭრეებს?! დედაქალაქში გარევაჭრობა იკრძალება.

Kessso: “ყოველ დილით მიწევს მიწისქვეშაში ჩასვლა. კი, საშინელი სუნია, სიბინძურეა, უამრავი დახლია. ზოგი ძველმანი წიგნებით სავსე, ზოგიც კასეტებით თუ დისკებით გამოტენილი... ყოველ დილას სამსახურის კართან ვესალმებოდი თვითნაკეთ მინი–დახლთან მოფუსფუსე თინა ბებოს, რომელიც ყოველ დილით მეუბნებოდა: აი ეს ავიღე დღეს, ახალია და აბა ვნახოთ, თუ მოგეწონებათო.

შესვენებაზე ერთჯერადი ყავის საყიდლად გამოსულს ხურდას უზარმაზარი რკინის ყუთიდან მიბრუნებდა, თუმცა რატომ ხმარობდა ასეთ დიიდ და უშველებელ ყუთს, რომელსაც ხურდა ძირს ძლივს უფარავდა ხოლმე, ვერ გამიგია.. დღესაც დგას თინა ბებო, ოღონდ არა დახლთან არამედ კართანაა ატუზული, ხელში დიდი შავი პარკი უჭირავს, კარგად მომუშტული და თვალებს გამალებით აცეცებს. მერიის ხალხს დაუიმედებია: თქვენ იმხელა “სტაჟი” გაქვთ, ყველა გიცნობთ და სადაც არ უნდა დადგეთ მაინც აგაგდებენო”.

გარე ვაჭრობა ლონდონშიცაა, პარიზშიც და ნიუ-იორკშიც, უბრალოდ ამას სათანადო მიხედვა და წესრიგი სჭირდება...