უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის საქმე ცუდადაა. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი პროკურატურის ინტერესთა სფეროში მოხვდა და თუ საქმეში რეალური მტკიცებულებები გამოჩნდა, შესაძლოა, ვირის აბანოში უკრან თავი.
პლატინის საკითხი ფიფას ცნობილ სკანდალში ამოტივტივდა. შეგახსენებთ: რამდენიმე თვის წინ, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე პროკურატურამ რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა და ბრალად კორუფციაში მონაწილეობა წაუყენა. საქმე დიდძალ თანხებს უკავშირდება, რასაც მალე ალბათ თავად ბლატერიც შეეწირება, რომელიც ჯერაც ხელმძღვანელობს მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახს.
საინტერესოა, რომ პლატინი სწორედ ბლატერის სკამს უმიზნებს და მომავალ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, რაზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამოგზავნილი წერილიც ადასტურებს - უეფას თავკაცი სფფ-ის ხელმძღვანელობას სურვილს უმხელდა და თანადგომას სთხოვდა. ახლა კი...
„მაშინ, როცა ბლატერი და პლატინი კონკურენტები გვეგონა, ისინი თურმე თანამოაზრეები ყოფილან“ - წერენ ინგლისური ტაბლოიდები და დასტურად პროკურატურის ახალი საქმე მოჰყავთ. როგორც ირკვევა, 2011 წელს პლატინის 2 მილიონი ფრანკი მიუღია ბლატერისგან.
„თანხა ძველ საქმეს უკავშირდება. 1999-2002 წლებში ბლატერს კონსულტაციებით ვეხმარებოდი“ - თავი იმართლა მიშელ პლატინიმ, მაგრამ ასე იოლად რომ იყოს საქმე, პროკურატურა პირდაპირ აღმასკომის სხდომაზე ნამდვილად არ შეუვარდებოდა დასაკითხად. დიახ, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პარასკევს ციურიხში, ფიფას შტაბბინაში შეკრებილ საზოგადოებას უეცრად პროკურატურის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ახალი სკანდალიც ასე აგორდა.
სამართალდამცავების მთავარი კითხვა ის კი არ არის, თუ რა ღირდა პლატინის მიერ გაწეული სამუშაო, არამედ ის, რომ თანხა 9 წლის შემდეგ მიიღო. მაშინ, როცა ბლატერი არჩევნებისთვის იბრძოდა და ძალიან სჭირდებოდა ევროპელთა დახმარება.
და კიდევ: ცოტა ხნის წინ გადადგა ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალცკე, ვისი გვარიც ბილეთების სკანდალს დაუკავშირდა და პლატინი არც ამ საქმეში ჩანს უბრალო - ჟურნალისტების ვარაუდით, ისინი კარგი მეგობრები იყვნენ და გამორიცხული არ არის, ბილეთების ამბავში თანამოაზრეებიც ყოფილიყვნენ.
მოკლედ, ახლა, როცა ჩვენ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ვართ და წერილს წერილზე ვაგზავნით ფიფა-უეფაში, ეჭვი გვაქვს, იქ წამკითხავი აღარავინ იქნება - საფეხბურთო მსოფლიო ახალი ბომბის აფეთქებას ელოდება...