სტალინისთვის „გალახული“ ჯაპანა

სტალინისთვის „გალახული“ ჯაპანა

დღეს მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები ქართველი მსახიობები იქნებიან, რომლებიც რამდენიმე „საინტერესო შემთხვევას“ გაიხსენებენ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ დავით ხურცილავას გადავცემ. თავის დროზე ცნობილი გურული აბრაგის მოგვარეს ჩვენი თანამემამულეები უფრო „ჯაპანას“ მეტსახელით იცნობენ. ჯაპანა მხიარული ადამიანია და სხვადასხვა არაორდინარულ მდგომარეობაში ხშირად ვარდება. დღეს მსახიობი რამდენიმე ისტორიას გაიხსენებს.

ულვაშა

ბევრის მომსწრე და მნახველ პატარა გორში დამპატიჟეს ქორწილში. რა თქმა უნდა, არ გავაუქმე მოსაწვევი და წავედი. სტალინის გამო შარი და უბედურება ამიგორეს და წიხლით დამაგორეს... უფალმა თამადამ დიდი „ულვაშას“ სადღეგრძელო დალია – დიდება სტალინსო. მე, ხომ იცით, მიყვარს ხუმრობა  „ვისესხე“ ხევსურის ანეკდოტი და ხმის ტემბრი და ვუთხარი: „ხმას რად არ გაიწყვეტთ, საიდან იცით, დიდ ება თუ პატარა ება-მეთქი“. აბა, თუ პატარა ება და, ბელადს გვილანძღავსო?! დაივიწყეს სტუმარმასპინძლობა და სასიკვდილოდ მცემეს. ერთმა შეზარხოშებულმა ისიც კი იკადრა, ხიზილალას რო ერეკები, სტალინმა მოგვიპოვა და შემოგვინახაო. ველური ტომებივით მომექცნენ საყვარელი ბელადის დასაცავად. იმ დღიდან სტალინის ხსენებაზეც და გორული ვაშლის დანახვაზეც „მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს“.

ცხვარივით ჭკვიანი

თელავში ვიყავი სტუმრად დუტა სხირტლაძესთან. დუტას ძმა, გიორგი, ახალფეხადგმული დაბანცალებდა. არ ვიცოდი, ლაპარაკიც თუ შეეძლო. შვილო, არ წაიქცე, ფრთხილად-მეთქი, მოვეფერე ბავშვს. პირიდან „სოსკა“ გამოიღო და მკვეთრი თელავური კილოთი ჩამომარცვლა: „მ-სა-ხი-ობი ხარ შენაა“?! ცხვრის საყიდლად ვაპირებდი წასვლას და წავიყვანე – გზაზე მეტიტინება და გამართობს-მეთქი, ერთი წლისაც არ იყო ჯერ... გადავედი ბაზარში. ბავშვი მკლავზე მიზის, „სოსკასა“ და ღუნღულა ქუდში სახე არ უჩანს. დავაფასებინე გამყიდველს ცხვარი. მითხრა ფასი. გიორგიმ გამოიღო პირიდან „სოსკა“ და ეკითხება გამყიდველს: „არ დაა-კლებ-თ?“ გაგიჟდა მეცხვარე. ცოცხალი თავით ფული არ გამომართვა და მითხრა, ამ კაი კაცის ხათრით, თუ გინდა, მთელ ფარას გაგატანთო.

იღბლიანი მონადირე

ჩემს მრავალრიცხოვან ძმაკაცთა შორის მე ყველაზე იღბლიანი მონადირე ვარ-მეთქი, ხშირად ვტრაბახობ. ერთხელ ერთ კურდღელს დავედევნეთ ექვსი კაცი და მე მხვდა წილად მისი მონადირება. თავმომწონედ ავყურებდი ყველას. ძმაკაცის მამამ დაამუშავა ჩემი ნანადირევი და იკითხა, ვინ მოკლაო. ვინ მოკლავდა-მეთქი – ამაყად ვუპასუხე. საფანტი არა აქვს მოხვედრილი, შიშისგან აქვს გული გახეთქილი საცოდავსო – ღიმილი პირზე შემაყინა მასპინძელმა.

დათო ხურცილავას შემდეგ „სახალისო ამბების“ ესტაფეტას თეატრისა და კინოს მსახიობი ანზორ ნებიერიძე მიიღებს. წინა საუკუნის ავბედიან 90-იან წლებში ბატონ ანზორს თავს ერთი შემთხვევა გადახდა.

„აფხაზეთში გაქანებული ომია, დედა შვილს რომ არ აიყვანს – ისეთი.

დილის რეპეტიცია დამთავრდა და... მშია. მაგრამ, სადაა მერე!

ჩავჯექი ჩემს ჯაბახანა „ჟიგული 01-ში“ და ჯანჯღარ-ჯიკავით მივხლაფორთობ გლდანისკენ – იქნებ სახლში მაინც იყოს რამე კუჭის დამამშვიდებელი.

„დინამოს“ სტადიონს გავცდი თუ არა, ამ ჩემი ცოდვით სავსე მანქანამ ჯერ ძაგძაგი დაიწყო, მერე დაისრუტუნა, მერე დაახველა და გაჩერდა. ვაწვები გაზს – არ მიდის, გაჯიუტდა სამანიშვილის ცხენივით.

– მომაწექით ცოტა! – დავუძახე ფანჯრიდან 20-25 წლის ბიჭს, ჩაფიქრებული რომ იდგა.

ბიჭმა უხერხულად მიმოიხედა:

– მე წამოგაწვეთ თქვენ, ბატონო ბიძია? როგორ გეკადრებათ!

– მე კი არა, მანქანას წამოაწექი ცოტა, იქნება გაიშვას.

– ასე გეთქვა, შე კაცო, გამისკდა გული. ეს მანქანაა?

მანქანამ ორი მეტრი იგორა და გაიშვა, ამუშავდა.

– სტოპ! აღარ მოაწვე, გაიშვა! დიდი მადლობა.

– თქვენ პირდაპირ მიდიხართ?

– კი, პირდაპირ და მერე მარჯვნივ. ჩაჯექი, თუ იქით მოდიხარ.

– მე პირდაპირ და მერე მარცხნივ მივდივარ, მაგრამ, წამოგყვები.

გავცდით პანთეონს, ისევ დაიხროტინა მანქანამ და ჩაქრა.

– გადავიდე და მოვაწვე? – ყეყეჩივით გადმომხედა ამ იდიოტმა.

– არა, იჯექი და ისე მოაწექი, – ვიხუმრე უკბილოდ. ბიჭი ჩავიდა და მოაწვა. მანქანა დაიქოქა.

– ჩაჯექი ჩქარა, არ ჩაქრეს! – დავუცაცხანე ბიჭს.

– იყოს, ფეხით გამოგყვები. ისევ რომ ჩაქრეს, გადმოსვლა აღარ დამჭირდება, ჩამექცა ტყლიპი ამდენი ჩადი-ამოდით. ეს მანქანა იყიდე თუ გაჩუქა ვინმემ და უარი ვერ უთხარი?

– ნუ იკრიჭები, თუ ძმა ხარ, ჩემი გაჭირვება მეყოფა!.. ამ მანქანას რომ უყურებ, ოთხი გოგო ჰყავს მოტაცებული.

– დიდი მადლობა, მოვსულვართ უკვე, დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე...

მივჯახირდი, როგორც იქნა, სახლში, უგემურად ვჭამე გუშინდელი შემწვარი კარტოფილი და საათს დავხედე – სპექტაკლის დროც წამომპარვია.

გამოვედი გარეთ და გავემართე ჩემი „ჟიგულისკენ“.

საოცრება! – გადავწიე თუ არა გასაღები, არ დაიქოქა?!  მანქანა მონდომებულად ეკვეთა გზას. მანქანამ ავტობუსის გაჩერება „იცნო“, დაიხროტინა და გაიყინა. აბა იქით, აბა აქეთ... არა, აღარ იქოქება. გავსავათდი.

ამ ამბავში ვარ და, „კოლხოზნიკი“ დამუხრუჭდა ჩემ გვერდით.

რა ვართ ქართველები – გამიხარდა, ახლა მომაწვებიან და...

„კოლხოზნიკიდან“ ოთხი წვერმოშვებული, ბენდენიანი, სხვადასხვა ასაკის ავტომატიანი კაცი გადმოხტა ერთდროულად და ოპერატიულად:

– გადმოდი ჩქარა მანქანიდან! – დამიღრიალა ერთმა ავტომატიანმა, – ჩქარა!

– რა ხდება? – დავასლოკინე მოულოდნელობისგან გაკვირვებულმა.

– აფხაზეთში მივდივართ და მაშინები გვჭირდება, სამშობლო განსაცდელშია! – ამიხსნა მეორემ, გულზე ლიმონკა რომ ჰქონდა ჩამოკონწიალებული, – ე ბიჭო, დაქოქე დროზე! – მიაძახა ჩემი მანქანის საჭესთან მოკალათებულ წვეროსანს.

– არ იქოქება, ე დედააფეთქებული, ტო!

– აუ, ბიჭო! – ანერვიულდა მესამე, – ე ბიჭო, წეიღეს აფხაზეთი! დაქოქე დროზე!

– ბენზინი არაა, მე მგონი. როგორ დადის უბენზინოდ ე შობელძაღლი? – დამიბღვირა.

სასწრაფოდ მოაყენეს თანმხლები „ბენზოვოზი“ და ჩათხარეს შლანგი ჩემი მანქანის ავზში. გააპიპინეს – დო ატკაზა.

– ე, მიდი ახლა!

ჩხინკ, ჩხინკ, არ იქოქება ჩემი „ჟიგული“.

– არ შობა, ტო!

„უი, შენ გენაცვალე, ჩემო „ჟიგულიკონიკო“, არ დეიქოქო, არ გამომჭრა ყელი და მე ვიცი მერე შენი პატივისცემა“, – ვზეიმობ გულში.

მეოთხე წვეროსანი დროს არ კარგავს, დარწმუნებული იმაში, რომ მანქანა დაიქოქება, საგზაოდ სამ კანისტრა ბენზინს ათავსებს ჩემი ბენზინის საბარგულში.

ჩხინკ, ჩხინკ... – არაა საშველი.

ამასობაში მომავალი კოლონა გამოჩნდა: რვა „კოლხოზნიკი“, ოთხი „ნივა“.

– ე ბიჭო, მოვიდა ვლადიმეროვიჩი, დაქოქე ჩქარა!

– არ იქოქება, მე ამის დ...

 ვლადიმეროვიჩი კოლონის უფროსი აღმოჩნდა.

– რას ხლაფორთობთ, თამაშის დროა ახლა?! ჩქარა, პო მაშინამ! – დაუძახა ამათ. ესენიც, ჩახტნენ თავიანთ მანქანებში და უსაშველო ბდღვირი აადინეს იქაურებს. წავიდნენ.

აკანკალებული მივუჯექი საჭეს და გასაღები გადავწიე და – ჩემი „ჟიკულიკოკონიკო“ საამურად აღუღუნდა. თეატრში გაუჩერებლად მივედი თავის დროზე...“