რუსეთის პრობლემა და ქართული დიპლომატია

რუსეთის პრობლემა და ქართული დიპლომატია

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს, თანამედროვე რუსეთი მისი წინამორბედების დარად აგრძელებს საქართველოს მიმართ თანმიმდევრულად მტრული და უაღრესად ხისტი პოლიტიკის გატარებას. დიდია ალბათობა იმისა, რომ რუსეთის აგრესიულობა კიდევ უფრო გაიზრდება. მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის კარგი ცოდნა, თუნდაც ზემოთ აღნიშნული აგრესიის პრევენციის თვალსაზრისით.

შეცდომას უშვებს ის, ვინც ცდილობს რუსეთისა და რუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენის ანალიზის პრიმიტიულ კლიშეებამდე დაყვანას. ზემოთ აღნიშნულის მკაფიო მაგალითია თუნდაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დემონიზაცია, რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო სააკაშვილისეული პროპაგანდისათვის.

პრაქტიკულად, ანალოგიურ კონტექსტში უნდა იყოს განხილული რუსეთის იდეალიზაციაც და ამ უკანასკნელთან დაკავშირებული მითი, რუსული სახელმწიფოს ფარგლებში „ორი რუსეთის“ – „კეთილი რუსეთისა“ და „ბოროტი რუსეთის“ არსებობის შესახებ.

ერთი სიტყვით, ცდებიან ქართველი რუსოფობებიცა და რუსოფილებიც.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ პირველი, რაც ადამიანს აზრად მოდის რუსეთზე საუბრისას, ამ ქვეყნის სიღრმისეული შეცნობის მძაფრი მოთხოვნილებაა, ზემოთ აღნიშნული მცდელობის ამაოების განცდასთან ერთად. ზუსტად ისე დიპლომატსა და პეტს ფიოდორ ტიუტჩევს რომ აქვს გადმოცემული თავის ცნობილ ლექსში:

„Умом Россию не понять,

Аршином общим не измерить.

У ней – совсем другая стать,

В Россию можно только верить“.

„გონებით რუსეთს ვერ განსჯი,

საერთო არშინსაც ვერ მიუსადაგებ.

ის ყველასგან გამორჩული ბუნებისაა,

რუსეთის მხოლოდ გწამდეს უნდა“.

რატომღაც მგონია, რომ ამ უდავოდ ნიჭიერ და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ლექსში უფრო ტიუტჩევი-დიპლომატი საუბრობს ვიდრე ტიუტჩევი-პოეტი.

„ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო“ ისეა, ვინაიდან ვინც იწამა უანგაროდ რუსეთის სახელმწიფოსი, რა მიიღო სანაცვლოდ - კარგად ვიცით. საქართველოს უახლეს ისტორიას რომ დავანებოთ თავი, ერეკლე მეორის დროინდელი ქართული დიპლომატიისა და ბაგრატოვანთა უძველესი მონარქიის კრახიც გვეყოფა ქართველებს ამის გასახსენებლად.

გაცილებით უფრო სიღრმისეულია და ნაკლებად „დერჟავული“ რუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენის, ვლადიმირ სოლოვიევისეული გაგება:

„О, Русь! В предвиденье высоком

Ты мыслью гордой занята;

Каким же хочешь быть Востоком:

Востоком Ксеркса иль Христа?“

„ო, რუსეთო! მაღალი განჭვრეტისას

შენ ამაყი აზრით ხარ შეპყრობილი;

მაშ, როგორი აღმოსავლეთი გინდა იყო:

ქსერქსეს თუ ქრისტეს აღმოსავლეთი?“

(თარგმანი ნუგზარ ზაზანაშვილისა).

შინაგანი პატიოსნებისა და რაფინირებული ინტელექტუალისათვის ჩვეული რეფლექსიიდან გამომდინარე, ვლადიმერ სოლოვიოვი ჰამლეტისეულ სტილში სვამს ამ უმნიშვნელოვანეს კითხვას, რომელზე პასუხიც მისთვის უცნობია.

მაინც რა არის მიზეზი რუსული სახელმწიფოს პერმანენტული აგრესიულობისა?

ჩემი აზრით ეს არის „მოსკოვის რუსეთის“ მიერ მონღოლური სამხედრო-სახელმწიფო სტრუქტურების ბრმა კალკირება, ბიზანტიური მესიანიზმი და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი. თუმცა, მთავარი მიზეზი უფრო პროზაულია, რასაც მიხაილ ლერმონტოვზე უკეთ ალბათ ვერავინ იტყოდა:

„Прощай, немытая Россия, страна рабов, страна господ,

и вы, мундиры голубые, и ты, им преданный народ.

Быть может, за стеной Кавказа сокроюсь от твоих царей,

От их всевидящего глаза, от их все слышащих ушей“.

„მშვიდობით პირდაუბანელო რუსეთო, მონებისა და მათი პატრონების ქვეყანავ,

და თქვენ ცისფერმუნდირიანნო და შენ „ერთგულო ხალხო“. იქნებ კავკასიის მთებს მაინც შევაფარო თავი თქვენ მეფეთა დევნისაგან,

რათა დავაღწიო თავი მათ ყოვლიმხედველ თვალებსა და ყოვლისმსმენ ყურებს“.

იქიდან გამომდინარე, რომ არც სამხედრო ძლიერებით გამოვირჩევით და არც არავის დახმარების იმედი უნდა გვქონდეს, საქართველოს ყოფნა-არყოფნა რუსეთთან მიმართებაში რელევანტური პოლიტიკის გატარების უნარსა და მაღალპროფესიული დიპლომატიური სამსახურის დახვეწილ მუშაობასთანაა დაკავშირეული. ყველაფერი ზემოთ აღნიშნული კი ქართველი დიპლომატებისაგან არამარტო რუსული პოლიტიკის, რუსული ეროვნული მენტალობისა და კულტურის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს.

ძალიან ძნელია მოვთხოვოთ ახალგაზრდა ქართველ დიპლომატებს ზემოთ აღნიშნული უნარ-ჩვევები, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში დაშვებული შეცდომებითაც არის განპირობებული. თუნდაც ისეთით, როგორიც იყო სააკაშვილის მიერ რამოდენიმე წლის წინ მიღებული სასაცილო გადაწყვეტილება საზოგადოებრივ ადგილებში რუსულენოვანი სიმღერების აკრძალვის შესახებ.

ამ ყოვლად პრიმიტიული ლოგიკით რომ ეხელმძღვანელათ, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა თუ სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, პირველი და მეორე მსოფლიო ომის წლებში უნდა აეკრძალათ ბეთჰოვენის, შუბერტის, ვერდის მუსიკა. საკანონმდებლო წესით შეეზღუდათ გერმანული რომანსების, იტალიური ლირიკული სიმღერების შესრულება ან თუნდაც გერმანული (ორივე მსოფლიო ომის დროს) იტალიური და იაპონური (მეორე მსოფლიო ომის დროს) ლიტერატურის გამოცემა.

არაფერი მსგავსი არ მომხდარა. უფრო მეტიც - ისეთ ტოტალიტარულ, ერთმანეთთან დაუნდობელ ომში ჩაბმულ ქვეყნებშიც კი, როგორიც იყო ფაშისტური გერმანია და სტალინური საბჭოთა კავშირი, მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა სიამოვნებით უსმენდნენ, გერმანიაში - რუსულ რომანსებსა და, საბჭოთა კავშირში - გერმანულ საესტრადო სიმღერებს („როზამუნდა“ საერთო სახალხო „ჰიტადაც“ კი იქცა იმ დროინდელ რუსეთსა და საქართველოში).

რად ღირს თუნდაც ის ყოვლად სამარცხვინო ფაქტი, რომ დღევანდელმა საქართველომ მისი პოლიტიკური ელიტის სიბრიყვის გამო „მაზოხისტური სიამოვნებით“ დათმო ყველა ქვეყნისათვის ესოდენ სასურველი ისეთი კულტურულ-შემეცნებითი მონაპოვარი, როგორიცაა მსოფლიო მნიშვნელობის ენის (მხედველობაში მაქვს რუსული ენა) ე.წ. „მატარებლის“ - „Native Speaker“-ის სტატუსი.

შედეგად კი რა მივიღეთ?

„მტრის“ ენაზე ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი - „Моя твоя не панимай... куши куши мала мала“- ს, ხოლო „მეგობრების“ ენაზე - „How do you do - სევაიდუს“ დონეზე მეტყველებს.

ყოჩაღ მიშა და ბარაქალა პეტრო პოროშენკო!

ისე ილია ილფის, ევგენი პეტროვისა და ისააკ ბაბელის მშობლიურ ოდესაშიც თუ დაავიწყებს სააკაშვილი ასევე მალე ხალხს რუსულ ენას, პირდაპირ ეთერს მოვითხოვ „რუსთავი-2“-ში და ალალად შევძახებ: „მიშა მაგარია!“

იქიდან გამომდინარე, რომ გონებრივად ჩამორჩენელებისა და სხვა მძიმე ფსიქიკური დაავადებით შეპყრობილ ადამიანთა გარდა ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთს სამხედრო ძალით ვერ დავამარცხებთ, თავის გადარჩენა მხოლოდ დიპლომატიური გზით შეგვიძლია. მაგრამ, აქაც არის აზრთა სხვაობა.

მაგალითად, არის მოსაზრება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არა აქვს და ეს დიალოგი საზიანოა საქართველოსათვის.

ამაზე, როგორც ძველი დიპლომატი, ერთს დავსძენდი: მეზობელ სახელმწიფოსთან დიალოგი ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო მხოლოდ მთავრობის მცდარი პოლიტიკური კურსისა და დიპლომატების არაპროფესიონალიზმის შემთხვევაში შეიძლება გახდეს.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეწყდა რუსეთთან დღეს არსებული ყველა დიპლომატიური კომუნიკაცია, ხომ ყველასთვის ნათელია, რომ ჩრდილოელ მეზობელთან სერიოზულ დიალოგის დაწყებას მომავალში ალტერნატივა არ გააჩნია?

და ამისთვის მზად არ უნდა ვიყოთ? ვფიქრობ, რომ პასუხი ამ კითხვაზე ყველასთვის ნათელია!

საბედნიეროდ, დღეს გვყავს თუნდაც ზურაბ აბაშიძე და არც თუ ისე ბევრი სხვა ქართველი დიპლომატები, რომლებიც რუსულ ენაზე უზადოდ მეტყველებენ და გამართულად წერა-კითხვაც ხელეწიფებათ.

მაგრამ რა იქნება 5-10 წლის შემდეგ, როდესაც უფროსი თაობა აქტიური დიპლომატიიდან წავა? ნეტა, რა ჰგონიათ ჩვენ რუსულის არმცოდნე ახალგაზრდა დიპლომატებს, რუსები მათ ინგლისურად დაელაპარაკებიან? და რომც დაელაპარაკონ, როგორ გგონიათ, ასეთი დიალოგი კეთილგანწყობილი და პროდუქტიული იქნება?

ძალიან მეეჭვება...

დიპლომატიის ანბანია ის, რომ ყველაზე რთული ამ დარგში სწორედ მოლაპარაკებების წარმოებაა. ამ ამოცანის ჯეროვანი შესრულება კი ოპონენტთან სრულყოფილი კომუნიკაციის მიღწევის უნართანაა დაკავშირებული, რაც მოლაპარაკებების პროცესში ჩართული უცხო ქვეყნის ენის, კულტურის, მენტალური თავისებურებებისა და მრავალი სხვა ნიუანსის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. ხომ ვახსენე უკვე, რომ დიდი ომების დროსაც კი პირველ რიგში მტრის ენის შესწავლა იყო ხოლმე ყველაზე საშური.

ასე იყო და არის მთელ მსოფლიოში. გამონაკლისი, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო ხომ არ არის, ნეტავ?

და რისი იმედი გვაქვს ჩვენ? იმისი, რომ რუსეთში მაცხოვრებელ ქართველებს გამოვიყენებთ ამისათვის? ერთობ საშიში ილუზიაა!

არ მინდა ამ საკმაოდ დელიკატურ სფეროში უფრო ღრმად შესვლა, ეს ქართული სპეცსამსახურების პრეროგატივაა, მაგრამ ლაპარაკის დაწყება ამაზეც ხომ საჭიროა.

ასეა თუ ისე, ყველაფერი ზემოთ აღნიშნული, მომავლის საქმეა, მაგრამ რუსეთი დღესაც რომ ჩვენი მეზობელია?

საბედნიეროდ, ზურაბ აბაშიძისა და მისი კოლეგების გარდა, ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ არიან სხვებიც, მათ შორის ყოფილი დიპლომატებიც (თუკი შესაძლებელია გამოვიყენოთ ამ რთული და მრავალწახნაგოვანი პროფესიის წარმომადგენლების დასახასიათებლად ყოვლად უადგილო ეპითეტი - „ყოფილი“), რომლებიც, რუსული ენაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ერის მენტალობას, კულტურას „Дорогие друзия, приезжайте в Грузия“- ს დონეზე ბევრად უკეთესად იცნობენ და ახალგაზრდა თაობისაგან განსხვავებით, რუს კოლეგებთან ურთიერთობების (დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩათვლით) წარმატებული გამოცდილებაც გააჩნიათ.

ცუდი ის არის, რომ ქართულ სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ უწყებას ზემოთ დასახელებული, გამოცდილი დიპლომატების ნაწილი საფუძვლიანად ჰყავს მივიწყებული.

ცოტა ზედმეტი ფუფუნება ხომ არ არ არის ჩვენსავით მწირი საკადრო რესურსების მქონე ქვეყანაში ასეთი „გულმავიწყობა“?

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ როგორც ეს ჩვენში ხშირად მომხდარა და ჩვევადაც გვექცა, „თითზე საკბენად“ არ გაგვიხდება ამის გამო საქმე?

არ მინდა ვიყო კატეგორიული, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ:

ჩვენი სამშობლოს მომავალი დიდ საფრთხეშია და ეს საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობისათვის უდიდესი გამოწვევაა;

მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, მცირეოდენი გამონაკლისების გარდა, ჩვენი ქვეყანა და მისი დიპლომატია, ჯეროვნად ვერ ართმევდა თავს ზემოთ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის რთულ ამოცანას, რისი დასტურიცაა სააკაშვილის „რუსული“ დიპლომატიის სრული კრახი და „ვარდების ხელისუფლების“ მიერ ძირძველი ქართული ტერიტორიების: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარაციის ფაქტობრივი დაკანონება (დიპლომატიური ძალისხმევით თავიდან ვერაცილებული და სამარცხვინოდ წაგებული „ხუთდღიანი“ ომის შედეგად);

„ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში მიღწეული რუსულ-ქართული ურთიერთობების „დათბობა“ მისასალმებელია, მაგრამ ერთობ მყიფე;

„ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“: ზურაბ აბაშიძის მაღალპროფესიული, ეფექტური, მაგრამ ეული ძალისხმევა საკმარისი არ არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის რუსეთის მიმართულების გასაძლიერებლად (ანალიტიკური საქმიანობის გაღრმავების, მოლაპაკებების პროცესისათვის ჯეროვანი მზადების, მისი ინიცირებისა და წარმატებულად წარმოების მიზნით);

აუცილებელია ქართული დიპლომატიის ზემოთ აღნიშნული მიმართულების ძირეული გარდაქმნა, პირველ რიგში - საკადრო რესურსებით მისი საფუძლიანი გაძლიერების მეშვეობით;

„პური მეპურემ უნდა აცხოს“! „ დედის წინ მორბენალი კვიცებისა“ და „ეიჯისტური გენოციდის“ (ამ ტერმინს აწ განსვენებულ კახა კაციტაძეს დავესესხები) სამარცხვინო პერიოდი წარსულს უნდა ჩაბარდეს! ქართული დიპლომატიის ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების მხოლოდ „პოტომაკდალეული“ ახალგაზრდობის ამარა დატოვება და დიპლომატების უფროსი თაობის „ჩარეცხვის“ დანაშაულებრივი „ვარდისფერი“ პოლიტიკის გაგრძელება დაუშვებელია.