სიტყვა-სიტყვით „ჰაჯი“ „ადგილისკენ დაძვრას“ ნიშნავს. ჰაჯის მიხედვით, ფიზიკურად ჯანმრთელ და შეძლებულ ყველა მუსლიმანს მექას მონახულება სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოეთხოვება. მომლოცველები თეთრ სამოსს იცვამენ და ამით, თითქოს, მათ შორის არსებულ განსხვავებულ ნიშნებს შლიან. თუმცა, ხშირად, ჰაჯი ტრაგედიით მთავრდება და მილიონობით მორწმუნით გადაჭედილ ისლამურ ქალაქში ჭყლეტას უამავი ადამიანი ეწირება.
ბოლო მონაცემებით, ქალაქ მექადან 5 კილომეტრში მდებარე მინას ხეობაში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 900-მდე დაშავდა, რის გამოც საუდის არაბეთის მეფე მუსლიმანური პილიგრიმობის წესების შეცვლას აპირებს. მეფე სალმანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღო, რომლის გამოსაძიებლადაც სპეციალური კომისია შეიქმნება.
ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზალიშვილი For.ge-სთან საუბარში საუდის არაბეთის მეფის გადაწყვეტილებას უფრო პოლიტიკური ნიშნით აფასებს, რადგან, ისლამის თანახმად, ჰაჯის აღსრულების დროს სიკვდილი დადებით მოვლენად, პირდაპირ სამოთხეში მოხვედრად ითვლება. ჰაჯის დროს დაღუპვა ნიშნავს, რომ მუსლიმანი ეშმაკთან ბრძოლას შეეწირა. ასე რომ, ამ წესის შეცვლა, მუსლიმანთა გაგებით, სისულელეა.
ექსპერტის თქმით, ქრისტიანული ცივილიზაციის წარმომადგენლები სხვანაირად უყურებენ გარდაცვალებას, რადგან ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის ტრაგედიაა, მუსლიმანებისთვის კი ეს არ არის ტრაგედია. მაგალითად, შაჰიდები თავს იფეთქებენ იმისთვის, რომ სამოთხეში მოხვდნენ.
„საუდის არაბეთის მეფე ამ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. თორემ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მექაში მიმავალი ხალხი იღუპება. მოგეხსენებათ, ჰაჯის ასრულებენ შიიტებიც, სუნიტებიც და ისლამის სხვა მიმდევრებიც. საუდის არაბეთს პრობლემა აქვს ირანთან, რომელიც შიიტურია, საუდის არაბეთი და ყატარი აფინანსებდა სირიაში მებრძოლ ტერორისტებს, რომლებიც შემდეგში „ალ ქაიდას“ შეუერთდნენ. ისლამში სხვადასხვა მიმდინარეობებია. არის შიიზმი, სუნიზმი, შიიტებთან დახლოებული ალავიზმი, ვაჰაბიზმი, ტრადიციული კავკასიური ისლამი და, როგორც ჩანს, საუდის არაბეთი აპირებს ერთგვარ მონოპოლიზაციას ჰაჯის შესრულებაზე, მაგრამ ეს არ გამოუვა.
ჯერ ერთი, ისლამისტები მაინც ჩავლენ მექაში და, მეორეც, თუ საუდის არაბეთი მოახდენს მექის თემის მონოპოლიზაციას, ეს ნიშნავს, რომ ისლამის მიმდინარეობებს შორის პირდაპირი ომი დაიწყება. ახლა, შიიტებს აუკრძალონ ჰაჯის შესრულება, არა მგონია, საუდის არაბეთს ეს გამოუვიდეს. როგორც კი ეს ამბავი მოხდება, საუდის არაბეთში მეფეს გადააგდებენ. საუდის არაბეთში დაიწყება იგივე პროცესები, რაც მიმდინარეობს სირიაში, ტუნისში, ლიბიაში.
არ არსებობს, ამ მეფემ ტახტი შეინარჩუნოს, თუნდაც ამერიკელების მხარდაჭერით. მით უმეტეს, ისედაც პრობლემები აქვს ისლამის რამდენიმე მიმართულებასთან - შიიტებთან, ალავიტებთან, სალაფიტებთან, ე.წ. რადიკალური ჯიჰადის მიმართულებებთან. მე არ ვთვლი, რომ ესენი რადიკალური მიმდინარეობებია, მე ვფიქრობ, ისინი არიან ნამდვილი მუსლიმანები, უბრალოდ, ისლამი ძალიან აგრესიული რელიგიაა და არ არის განსხვავება, ისლამის რომელ მიმდინარეობას მისდევ. ისლამის მომხრეებს საუდის არაბეთის მეფის გაგდება ისედაც უნდათ, მას ბრალს სდებენ კაფირების - მწვალებლების მხარდაჭერაში. მწვალებლებში აშშ, ევროპა იგულისხმება, ამიტომ ამ პრობლემის გამო, ეტყობა, საზღვრების დახურვა უნდა საუდის არაბეთის მეფეს“,-აცხადებს სოსო ზაალიშვილი.
გარდა ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ირანთან ამერიკელების ურთიერთობის დათბობა საუდის არაბეთისთვის პრობლემას შექმნის, რადგან ირანი ინდოეთისა და, ზოგადად, აზიისთვის ძირითადი მიმწოდებელი იქნება. საუდის არაბეთსაც ჰყავს იქ თავისი კლიენტები, მაგრამ ირანული ნავთობი რომ შევა, რომლის ფასიც 8-9 დოლარია, საუდის არაბეთი აღმოსავლეთ აზიაში ისეთ მყიდველებს დაკარგავს, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა.
ამიტომაც, საუდის არაბეთი, რომელიც აქამდე ზეგავლენას ახდენდა მსოფლიოს პოლიტიკაზე და ნავთობის ფასს აწესებდა, წავიდა ვაჭრობაზე ირანთან, მაშინ მე მექაში არ შემოგიშვებთო.
ორგანიზაცია „საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარე რომან კვიციანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საუდის არაბეთის მეფის გადაწყვეტილება მისთვის გასაგებია, რადგან მექაში ჩასვლაზე შეზღუდვა ისედაც არსებობდა ყველა მუსლიმანური სახელმწიფოსთვის. მისი თქმით, საქართველოსთვისაც იყო დაწესებული კვოტა და წინასწარ ვიცოდით, ყოველწლიურად, ჰაჯიზე პილიგრიმობისთვის რამდენ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
„დოკუმენეტები წინასწარ ივსება, იგზავნება საუდის არაბეთში და იქიდან მოდის თანხმობის ვიზა, რომ ამდენ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პილიგრიმობაში. ყოველწლიური კვოტა არსებობს ქართველოსთვის, თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და ნებისმიერი ქვეყნისთვის. ყველამ რომ მოინდომოს მექაში ჩასვლა, საუდის არაბეთი არ მიიღებს. შეზღუდვაა ისიც, რომ პილიგრიმობაზე ერთხელ წასულს მეორეჯერ არ შეუძლია მაშინვე წასვლა და გარკვეული პერიოდის შემდეგ რთავენ ამ უფლებას. ჩემი აზრით, დამატებითი კონტროლის დაწესებაში სიახლე არაფერია. აღარ უნდა განმეორდეს მსგავსი ტრაგედია, რადგან თავისთავად ცხადია, მექაში ჩასვლის მსურველთა ძალიან დიდი რაოდენობაა“, - აღნიშნა რომან კვიციანმა.