მადონა ხარებავა: „ადამიანი იღებს წამალს და შედეგს აბსოლუტურად ვერ გრძნობს“

მადონა ხარებავა: „ადამიანი იღებს წამალს და შედეგს აბსოლუტურად ვერ გრძნობს“

საქართველოში წამლის ხარისხის სისტემური კონტროლი იწყება. ეს ევროკავშირის წევრობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 2014 წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესასრულებლად ქვეყანამ გარკვეული რეგულაციები უნდა მიიღოს, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ წამლის ხარისხის ერთიანი სისტემა აქამდე არ არსებობდა და მედიკამენტებზე კონტროლი მხოლოდ ეპიზიდურად ხორციელდებოდა.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით For.ge-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეას“ ხელმძღვანელი მადონა ხარებავა ესაუბრა.

რამდენად დროულია საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მექანიზმის არსებობა?

- აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, როგორც სურსათის, ასევე, მედიკამენტების თვალსაზრისით. არის შემთხვევა, როცა ადამიანი იღებს წამალს და აბსოლუტურად ვერ გრძნობს, რომ წამალი მიიღო. ეს არ ხდება მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც არსებობს ფალსიფიცირებული წამლები, თუ გნებავთ, გამაყუჩებელი საშუალებები, ანალგინის ტიპის საშუალებები. თავისთავად ცხადია, ეს უკვე მიუთითებს, რომ ეს უხარისხო წამლებია და, როცა უხარისხო წამალი ოფიციალურ ლიცენზირებულ აფთიაქებში იყიდება, ეს იმის ნიშანია, რომ კონტროლი ძალიან სუსტია ან კონტროლი საერთოდ არ არსებობს.

ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფო არ ნიშნავს, რომ უკონტროლოდ ხდებოდეს ყველაფერი. მით უმეტეს, მედიკამენტები ძალზე მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, პაციენტებისთვის. მეორე მოსაზრებაცაა, თუ ყველაფერი გავაკონტროლეთ, ეს კორუფციისკენ მიმავალი გზაა, რადგან იქმნება ქრთამის აღება-მიცემის ალბათობა. სახელმწიფოს ვალდებულება სწორედ ისაა, რომ სიტუაცია გააკონტროლოს და კორუფციის წყაროდ კი არ იქცეს მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, არამედ საკუთარი ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალებად.

ანალგინი ახსენეთ და რომელი მედიკამენტებია ისეთი, რომლებიც არ კურნავენ პაციენტზე და კითხვებს აჩენენ?

- შემიძლია ვთქვა იმ წამლების შესახებ, რომლებსაც პირადად ვიღებ. ყოფილა შემთხვევა, როცა ნოშპას არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია სპაზმის მოხსნის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ყოფილა შემთხვევა, როცა ინექციაც გამიკეთებია და ეს არ მიგრძვნია. ეს ნიშნავს, რომ წამალი ფალსიფიცირებულია. ამის შესახებ კვლევა არ ჩამიტარებია, უბრალოდ, ჩვეულებრივი მეგობრული საუბრისას ხშირად მომისმენია მსგავსი ჩივილის შესახებ. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა გამოვიყენო ზოგიერთი წამალი და აშკარად ვხედავ განსხვავებას საზღვარგარეთ და აქ შეძენილ მედიკამენტებს შორის. მაქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ შევიძინო წამლები და სრულიად სხვა ეფექტი აქვს, როცა ვსვამ უცხოეთში შეძენილ ფრანგულ, გერმანულ, შვეიცარულ წამლებს. აქ როცა ჩამოვდივარ, სულ სხვა მდგომარეობაა. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ქართული წამალი, წნევის დამწევი, მარეგულირებელი, ძალიან კარგია. ცოტა ალმაცერად ვუყურებთ ქართულ წამლებს, მაგრამ შეგვიძლია, არაჩვეულებრივად დავამზადოთ მედიკამენტები. ახლა კონკრეტულად ვერ ჩამოვთვლი იმ წამლებს, რომლებმაც დადებითად იმოქმედა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ვერცერთმა უცხოურმა წამალმა ვერ დაურეგულირა წნევა ადამიანს და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ქართული წამალი ყველაზე საუკეთესო ყოფილა. მოგეხსენებათ, ეს ინდივიდზეცაა დამოკიდებული.

გასულ წელს ფარმაცევტულ ბაზარზე უხარისხო ინდური მედიკამენტების შემოსვლის საფრთხეზე საუბრობდნენ ფარმაცევტები. საქართველოში საიდან შემოდის მდარე ხარისხის მედიკამენტები?

- ძალიან ბევრ წამალს აწერია გერმანული, ფრანგული წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ფალსიფიცირება არ არის მარტო ქართული შემთხვევა. ფალსიფიცირება სწორედ იქ არის გავრცელებული, სადაც ყველაზე კარგად არის განვითარებული ფარმაკოლოგია და ფარმაცევტული ტექნიკა, ამიტომ ფრანგული წამალიც შეიძლება აღმოჩნდეს ფალსიფიცირებული, ინგლისურიც და ამერიკულიც. იაპონიაში შემთხვევებიც არის, როცა ცალკეული მედიკამენტი ადამიანების სიკვდილსაც იწვევს. საბედნიეროდ, საქართველოში მსგავსი რამ არ მომხდარა. ამიტომ გააჩნია, რომელი ფირმა ამზადებს მედიკამენტს და რამდენად არის იქაც ხარისხზე კონტროლი. ხელისუფლება ვალდებულია, გააკეთოს არჩევანი საუკეთესო მედიკამენტების სასარგებლოდ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფასები მაღალია. თუმცა, თუ ჩვენ განვსაზღვარვთ უცხოელი მომხმარებლის ხელფასის ოდენობას ევროებსა და დოლარებში, არა მგონია, იქ უფრო ძვირი ღირდეს წამლები.

საქართველოს ერთი აფთიაქიდან მეორეში თუ გადავინაცვლებთ, კონკრეტულ მედიკამენტზე ფასების ცვლილება არ შეინიშნება. თქვენ მედიკამენტებზე მონოპოლიას ახსენებთ, წამლების მაღალ ფასებზეც ბევრი ჩივის... შეიძლება კი საქართველოში უფრო დაბალ ფასად შემოიტანონ მედიკამენტები ან საქართველოშივე დამზადდეს წამლები?

- საქართველოში ფარმაკოლოგია უნდა განვითარდეს, ამაზე სპეციალისტებმა უნდა იზრუნონ, მათ უნდა იცოდნენ, რა ესაჭიროებათ მომხმარებლებს. შევხედოთ ამას ბიზნესის კუთხით, ეს ბიზნესი საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სამკურნალო მცენარეა, რომელზეც შეიძლება წამლების დამზადება. ეს იქნება დასაქმებაც, ბიზნესის განვითარებაც. გარდა ამისა, ჩვენი მიკროკლიმატი დიდ გავლენას ახდენს ჩვენსავე ორგანიზმზე, ამიტომ ჩვენს მცენარეებზე დამზადებული მედიკამენტები მორგებული და ადაპტირებული იქნება საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე. კონკურენცია მსოფლიოში ძალიან დიდია და ახლა კონკურენცია გავუწიოთ საფრანგეთის, გერმანიის, თუ გნებავთ, ბოლო პერიოდის ინდოეთის უზარმაზარ ფარმაკოლოგიურ ცენტრებს, არ არის ადვილი. ეს არ ნიშნავს, სხვა ქვეყნის მედიკამენტები არ შემოვიტანოთ. აუცილებლად უნდა შემოვიტანოთ, მაგრამ კონტროლირებადი უნდა იყოს და არა ისე, რომ საქართველო მაინც განვითრებადი ქვეყანაა და მათთან ყველაფრის შეტანა შეიძლება.

ბევრი პაციენტი იტარებს გამოკვლევას, მაგრამ ვერ ყიდულობს ექიმის მიერ გამოწერილ ძვირადღირებულ მედიკამენტებს. თქვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაციადეასხელმძღვანელობთ. ამ კატეგორიის პაციენტებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია ხარისხიანი წამლები?

- რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. განსაკუთრებით, ისეთი დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, ყოველდღიურად საჭიროებს პრეპარატის მიღებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები დიდი სირთულის წინაშე დგანან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარკვეულ ნაწილს შეიძლება ფიზიკური შეზღუდვა ჰქონდეთ, მაგრამ თავიანთი შეზღუდვიდან გამომდინარე, აქვთ სხვადასხვა მეორადი დაავადებებიც. ამიტომ სამი-ოთხი სახის წამალს იყენებენ. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ მე და მილიარდელ მოქალაქეს სახელმწიფოს ერთნაირ სერვისზე არ უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი. მაგალითად, დაზღვევა ერთნაირად აქვს მილიარდერსაც და სოციალურად დაუცველსაც, ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფსაც. ეს არასწორი მგონია. არადა, ამ პროგრამას უნივერსალური დაზღვევა ჰქვია. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ვიწონებ და სასარგებლოს ვუწოდებ. ეს არ არის მარტო ჩემი მოსაზრება, ეს იმ ადამიანების მოსაზრებებია, და არაერთი კვლევაც წაგვიკითხავს ამის შესახებ, რომ ბევრი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის გამო. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. მე ვთვლი, რომ ამ პროგრამას გაცილებით მეტი დადებითი აქვს. თუმცა ყველაფერს სიტუაციის ანალიზი უნდა უძღოდეს.