ქართველი ემიგრანტები კანონის იმ ნორმის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში ავტომატურად უუქმდებათ საქართველოს მოქალაქეობა. ქართველი ემიგრანტების მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი ნორმის გადახედვა არ იგეგმება. საქართველოში მოქმედი კანონდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ კი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების შემთხვევაში ანიჭებს მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა შეწყდეს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი, რომელიც მისივე თქმით, ძალიან აზარალებს ერთის მხრივ უცხოეთში მყოფ ქართველებს, მეორეს მხრივ სახელმწიფოს.
„დიასპორა საზღვარგარეთ საკუთარი ქვეყნის ელჩს წარმოადგენს და ამიტომ მას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, პირს საქართველოს მოქალაქეობა უნდა უნარჩუნდებოდეს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც 250 ემიგნატი აწერდა ხელს ჯერ კიდევ შარშან წარმოადგინა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, 250 ხელმომწერიდან მხოლოდ 33-მა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე, რომლებმაც, დუმბაძის განცხადებით, უპრობლემოდ აღიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა.
„ბოლო წლების განმავლობაში 16 800 ადამიანმა მომართა სახელმწიფოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე, 92%-ს უპრობლემოდ აღუდგა და დაუბრუნდა საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენის საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ადამიანი მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მას უფლება აქვს განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე.
ვინც ასე გააკეთა, სამიდან ერთი თვის ვადაში აღიდგინა მოქალაქეობა. პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და შევიმუშავეთ მოდელი, უფრო გამარტივებული და მოკლე ვადებში ნაკლები თანხის გადახდით დარეგულირდეს ეს საკითხი“, - აცხადებს დუმბაძე.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ უნდა შეწყდეს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი და ავტომატურად ყველას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა, მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანამ, რომელსაც თავისი კანონდმებლობა აქვს, გარკვეული დამცავი მექანიზმები უნდა შეიმუშაოს.
„სახელმწიფოს აქვს გარკვეული დამცავი მექანიზმები. პირი, რომელმაც მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და უცხო ქვეყნის სპეციალურ ორგანოში მუშაობს, ცოტა დელიკატური თემაა, ასეთ ადამიანს უნდა აღუდგეს თუ არა საქართველოს მოქალაქეობა. ქალბატონი სალომე აყენებს საკითხს, რომ ყველას შევუნარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობა.
ქვეყანამ, რომელსაც თავისი კანონდმებლობა აქვს, გარკვეული დამცავი მექანიზმები უნდა შეიმუშაოს. დღესდღეობით საქართველო საკუთარ თავს ვერ მისცემს იმ ფუფუნების საშუალებას, რომ ასე ავტომატურად მოვაგვაროთ ეს საკითხი, თუმცა, შეიძლება განხილვის საგანი იყოს. სამუშაო პროცესში ვართ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა დუმბაძე.
იმისათვის, რომ საკითხი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ განიხილოს, კონსტიტუციონალისტ ავთო დემეტრაშვილის განცხადებით, ამისათვის საჭიროა 200 ათასი ხელმოწერა, რაც საკმაოდ რთული იქნება.
„ძალიან ძნელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. არის შემთხვევა, როდესაც მოქალაქე იძულებულია მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხევაში იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტა უნდა იმსჯელოს და წინადადება მიაწოდოს პრეზიდენტს, რომ პირს შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. ყოველ ასეთ შემთხვევაზე უნდა იყოს მსჯელობა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ავტომატურად მოქალაქეობის მოხსნა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ავთო დემეტრაშვილი.
„არ მგონია, რომ ეს საკითხი პოლიტიკურად გამართლებული იყოს“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე, რომლის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ძალიან სწორად და კარგად არის ჩამოყალიბებული კონსტიტუციაში.
„მესმის ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ არ მგონია, რომ როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და გნებავთ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სწორი იყოს კანონის იმ ნორმის გაუქმება, რომლის მიხედვით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში ავტომატურად უუქმდებათ საქართველოს მოქალაქეობა. თუ ორმაგ მოქალაქეობას დავუშვებთ, მაშინ ეს უნდა დავუშვათ როგორც წესი.
თუ შენ უშვებ იმას, რომ შენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება, ასევე რჩება შენი ქვეყნის მოქალაქე, მაშინ რა არგუმენტით უნდა უთხრა უარი სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობაზე? ამაზე იფიქრა ვინმემ? პრობლემური საკითხია და თუ საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე, არ მგონია საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, რომ პირი, რომელიც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, პარალელურად შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები და ეს უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.