ნოდარ ხადური: საჯარო სამსახურებში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ“

ნოდარ ხადური: საჯარო სამსახურებში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ“

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მაღალი რანგის პირებისთვის პრემიების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. საუბარია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე. როგორც პარლამენტის წევრმა განაცხადა, მისი პროექტი მთავრობის „ქამრების შემოჭერის“ ინიციატივას უჭერს მხარს. პროექტის მიხედვით, პრემიები მიმდინარე წელს შეიძლება შეეზღუდოთ მინისტრებს, მოსამართლეებს , დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ჯამში სულ 746 თანამდებობის პირს.

„ერთი მხრივ, ეს უკავშირდება მთავრობის პოლიტიკას ქამრების შემოჭერის თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ის გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს პრემიებთან დაკავშირებით. ჩემი ინიციატივის მიხედვით, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს პრემიების აღების უფლება დროებით შეეზღუდებათ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაინცდამაინც დადებითად არ მიუღიათ საკანონმდებლო წევრის ინიციატივა. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საჯარო სექტორში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ. ეს ყველაფერი კი ღია კარის მტვრევას ემსგავსება.

„ მგონია, რომ ღია კარებს ვამტრევთ, პრემირების სისტემა მოწესრიგებულია მინისტრების დონეზე. რაც შეეხება ზოგადად შრომის ანაზღაურებას, არაერთხელ მითქვამს და კიდევ უნდა ვთქვა, რომ საჯარო სამსახურებში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ“, - განაცხადა ხადურმა.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ ქუცნაშვილის განცხადებას მხარი არ დაუჭირა.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრემიები უნდა გაიცემოდეს ისე, როგორც გარკვეული წლების წინ გაიცემოდა და ქმნიდა სერიოზულ პრობლემებს. თუმცა, არ შეიძლება ყველაფერი კანონით ვარეგულიროთ“, - აღნიშნა ებანოიძემ.

სამაგიეროდ, უმრავლესობის დეპუტატის ინიციატივას მხარს უჭერენ საპარლამენტო უმცირესობაში.

საზოგადოება ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, როდესაც მედიის სშუალებით ახალი ხელისუფლების ამა თუ იმ თანამდებობის პირზე გაცემული პრემიების რაოდენობა ფიქსირდებოდა ხოლმე, რომელიც ხშირად რამდენიმე ათეულ ათასს აღწევდა. მოქალაქეები, არასამათავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები პროტესტს გამოთქვამდნენ იმ ფონზე, როდესაც უმუშევრობა და სიღარიბე დიდი სისწრაფით იზრდება ქვეყანაში, მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე ათასიან პრემიებს წელიწადში რამდენჯერმე იწერენ. დაფიქსირდა ფაქტებიც, როცა მინისტრმა ან მაღალი თანამდებობის პირმა პრემია თავის თავს თვითონ გამოუწერა.

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოშია, უფლება არავის აქვს რომ პრემიები აიღოს.

„პარლამენტის წევრები მარტო ხელფასს ვიღებთ და არც პრემიები გვაქვს. რაც შეეხება საჯარო სამსახურის წევრებს, ისინიც ჩვენი გუნდის წევრები არიან და ასე უნდა მოიქცნენ. იმ ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოშია, უფლება არავის აქვს რომ პრემიები აიღოს“,-აცხადებს გელაშვილი.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრს გუგული მაღრაძეს მიაჩნია, რომ ვინც კარგად მუშაობს, მას ხელფასიც და პრემიაც უნდა ჰქონდეს, ვინც არ მუშაობს, ის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლო.

„მე არ მესმის წინასწარ როგორ უნდა განისაზღვროს ვინ იმსახურებს და ვინ არ იმსახურებს პრემიას. პრემიას იღებენ რაში? მე არ ვიცი, თუ საპრემიერო თანხა წინასწარ დევს ბიუჯეტში. ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ როგორ იმუშვებს? წავიკითხე ებანოიძის და ხადურის კომენტარები და ბევრი ამბობს იმას, რომ ვინც კარგად მუშაობს, იმას უნდა ჰქონდეს ნორმალური ხელფასი, მაგრამ ვისაც აქვს თანამდებობა და არ მუშაობს კარგად, იმას ხელფასი კი არ უნდა ჰქონდეს, უნდა გაათავისუფლო თანამდებობიდან“, - აცხადებს დეპუტატი For.ge-სთან საუბარში.

უმრავლესობის დეპუტატს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირში არ ვცხოვრობთ და წახალისების ფორმები უნდა იყოს, თუმცა თუ იქნება ღია მმართველობა და გამჭვირვალობა, არავის ექნება იმის განცდა, პეტრემ აიღო პრემია თუ პავლემ.

„მედიამ რაღაც საკითხები თუ არ აწია, ვერ იარსებებებს. როდესაც ადამიანი მუშაობს კარგად, რაღაც წახალისების ფორმა უნდა იყოს, საბჭოთა კავშირი ხომ არ არის, რომ ყველასთვის ყველაფერი ერთნაირი უნდა იყოს?! დასავლეთში არის წახალისების ფორმები, მაგრამ ძალიან ზუსტად შეუძლიათ გათვალონ, რომ ამ რაღაცისთვის კონკრეტული ადამიანი მიიღებს პრემიას ან არ მიიღებს. მოლოდინები ისეთ ადამიანს, რომელიც არ აკეთებს იმაზე მეტს რაც ევალება, ილუზიებიც არ აქვს. იქ რაღაც კონკურსებია, დაასახელებენ წლის სუკეთესო მენეჯერად, წლის საუკეთესო თანამშრომლად და ა.შ იმას ფულადი პრემიებიც აქვს ხოლმე. ამ საკითხებს კარგად მოწესრიგება უნდა და ღია შეფასება, კრიტერიუმები ჭირდება, თუ იქნება ღია მმართველობა და გამჭვირვალობა, მაშინ არავის ექნება იმის განცდა, რატომ მიიღო პეტრემ პრემია და არა პავლემ“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა არის უფრო პოლიტიკური ხასიათის ინიციატივა, იოლი გადაწყვეტილება და ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის.

„ასე მარტივად რომ შველოდეს დღევანდელ სიტუაციას საქმე, ეს ყველაზე იოლი გადაწყვეტილებაა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სახით იქნება მიღებული. ეს არ არის გზა, რომელიც სიტუაციას ცვლის. მართალია, ბიუჯეტში ბევრ რამეზე უარის თქმა შეიძლება, ხარჯებზე - განსაკუთრებით ბოლო სამ თვეში. პრემიების შეკვეცა უფრო პოლიტიკური ხასიათის ინიციატივაა და რეალურად შექმნილ სიტუაციაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს“, - განუცხადა ექსპერტმა For.ge-ს.

დემურ გიორხელიძის აზრით, როდესაც ქვეყანაში სიღატაკე ლამის დომინირებული გახდა, შედეგი კი არ არის და ისინი პრემიებს იღებენ, ეს არის მიუღებელი, რადგან პრემიები შედეგზე არ არის მიბმული.

„ეს პრემიები შედეგზე არ არის მიბმული და არ არის სიცხადე, თუ რაში მიიღო, რა გააკეთა სახელმწიფო თანამდებობის პირმა, რომელმაც პრემია დაიმახურა. ამაზე ვაკეთებდი მე კომენტარებს, თორემ ის ხელფასები, რაც საქართველოში მინისტრებს აქვთ, დიდი სულაც არ არის საერთაშორიო ფონზე. ქვეყანაში კატასტროფული სიტუაციაა ეკონომიკის ფონზე და სიღარიბე ლამის დომინირებული გახდა. ამ ფონზე შედარებით შეიძლება გავაკრიტიკო ეს სიტუაცია. ყველაფერი ცნობილი უნდა იყოს. შედეგი არ არის, სიტუაცია უარესდება, ისინი პრემიებს იღებენ და ეს არის სწორედ მიუღებელი“,- აცხადებს ექსპერტი.