„პანორამა თბილისი“ შექმნის ქალაქს ქალაქში, ის გადაემეტება ძველ ქალაქს და საბაგიროს გზებით გადაფარავს თბილისის ისტორიულ ნაწილს“, - ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაში პროექტ „პანორამა თბილისის“ თაობაზე.
ორგანიზაციები, რომლებიც „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამოდიან, საკმაოდ ავტორიტეტულნი არიან. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წამყვანმა ბრიტანულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტსა და მინისტრებს უკვე გაუგზავნეს წერილი, რათა შეაჩერონ „პანორამა თბილისის“ პროექტის მშენებლობა.
„Save Europes Heritage“-ის („გადავარჩინოთ ევროპის კულტურული მემკვიდეობა“) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „პანორამა თბილისი“ ხორციელდება მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში, თბილისის ისტორიულ ნაწილში, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ ლამაზ ქალაქს დაამახინჯებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისი აგებულია მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, ხოლო მთებს, რომლებიც ქალაქის კონტურის შემადგენელი ნაწილია, 1975 წლიდან კანონი იცავს და ისინი თბილისის ხასიათისა და მნიშვნელობის განუყოფელი ნაწილია.
განცხადების თანახმად, 2015 წლის ივლისში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მიეცა ნებართვა, ააშენოს ფართომასშტაბიანი მრავალფუნქციური კომპლექსი ამ მთაზე, საკუთარი სასახლის წინ. ასევე, მშენებლობა შეეხება ყოფილ საჯარო და დაცულ მიწას.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად წერილის ასლი „იუნესკოს“ გადაუგზავნეს, რადგან შიშობენ, რომ ახალი პროექტი ქალაქის ბუნებრივ ჰარმონიას დაანგრევს.
„საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებიც აპროტესტებენ პროექტს, თუმცა მათი ხმა არ ისმის. ახლა საჭიროა, საერთაშორისო საზოგადოება შეუერთდეს მათ პროტესტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Save Europes Heritage -ის დირექტორი კლემ სესილი კი განმარტავს, რომ თბილისი შესაძლებელია გახდეს ყველაზე საინტერესო ქალაქი მსოფლიოში და ის იმსახურებს ამას. მისი უნიკალური ხასიათი მდგომარეობს მდინარესა და მთებს შორის ინტერაქციაში, ეს ქმნის ფონს მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის. ამიტომ „პანორამა“ არ უნდა განხორციელდეს - ის იქნება კატასტროფა თბილისისთვის.
გარდა ამისა, Save Europes Heritage მუშაობს ანგარიშზე, რომელიც შეეხება თბილისის ისტორიული შენობების მდგომარეობას.
საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებას არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი პოლიტიკური მიზნით ატეხილ ხმაურს უკავშირებს. For.ge-სთან საუბარში არქიტექტორი აცხადებს, რომ ამ პროექტის მოწინააღმდეგეებმა საქართველოდან უცხოეთში „თავიანთი ჭკუის ხალხი მონახეს“, ზღაპრები მოუყვნენ და ამ დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი.
სინამდვილეში, გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ სამი ობიექტისგან შემდგარი „პანორამა თბილისის“ ორი ობიექტი საუკეთესოა და დადებითად წაადგება ჩვენს ქალაქს, ჩვენს კულტურას. კერძოდ, მისთვის ერეკლე მეორის მოედანთან არსებული ყოფილი ქარვასლის მშვენიერი შენობის ადაპტირება და რეკონსტრუქცია მისაღებია. წავკისის ქედთან დაკავშირებითაც მიღებული გადაწყვეტილება, მისი აზრით, გამართლებულია, რადგან იარუსების რაოდენობით მიმართულია ლეღვთახევისკენ, საუკეთესო ხედებია ამ ბუნებაში და ქალაქისკენ იყურება იარუსებიანი, საფეხურებად განლაგებული მწვანეში ჩასმული ტერასები. რაც შეეხება მოედანს, სადაც ცეკავშირის შენობა იყო, ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, ის გიგა ბათიაშვილისთვის მისაღებია, მაგრამ არქიტექტურა ყოვლად მიუღებელი, სრულიად უცხო და საშინელი დისონანსის შემომტანია, რაც გადასაპროექტებელია.
„აჟიოტაჟი სუფთა პოლიტიკური ნიშნით არის ატეხილი, რაც ჩემთვის მიუღებელია. ერეკლეს მოედანზე საუბარი სირცხვილია, რადგან შენობა როგორი არქიტექტურითაც იყო აშენებული, ისევ ხელუხლებელი რჩება. მხოლოდ შიგნით ხდება ორგანიზმის გაჯანსაღება. ეს შენობა არცერთი სანტიმეტრით წინ არ გამოდის და არც უკან, ან გვერდზე არ იწევს, ერთი ფანჯარაც არ იმატებს, ყველა კარი, ყველა ორნამენტი იგივე რჩება. რატომ ჰგონიათ ვიღაცებს, რომ წავკისის ქედზე გაკეთებული ობიექტი შუა ქალაქშია გაკეთებული?! წავკისისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე შენობა „თბილისის პანორამაში“ საერთოდ არ იღებს მონაწილეობას, ლეღვთახევისკენ არის მიმართული ხუთი იარუსი, ანუ თბილისის საწინააღმდეგო მიმართულებითაა. დიდი პლუსი ამ შენობის ისაა, რომ ის გზის მშენებლობის პროვოცირებას მოახდენს, რადგან დღეს წავკისიდან, მანგლისიდან, კოჯრიდან წამოსული გზა ვეღარ გამოდის თბილისში, ძალიან უჭირს დავითაშვილის ქუჩას, საერთოდ, წარმოუდგენელია ასათიანის ქუჩაზე მოძრაობა“.
არქიტექტორი ვახტანგ დავითაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს უფლება, კატეგორიულად ილაპარაკოს ასეთ თემებზე, რადგან ქართველებს ისეთი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს, ჩვენ თვითონვე მოვუვლით ჩვენს საქმეს. „თბილისის პანორამის“ მოწინააღმდეგე საერთაშორისო ორგანიზაციების ვრცელი ჩამონათვალი კი ვახტანგ დავითაიასთვის, უბრალოდ, „არის რახუნი და მეტი არაფერი“.
„მერე რა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციაა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იქ ჩვენზე უფრო ჭკვიანები სხედან. „პანორამა თბილისს“ დეტალებში არ ვიცნობ, მხოლოდ და მხოლოდ ამ იდეის პრეზენტაციას დავესწარი, იმის მერე რა ხდება, არ ვიცი, არც დადებითი, არც უარცყოფითი პოზიცია არ მაქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ შეუძლებლი არაფერია, „პანორამა თბილისის“ ძირითადი ტერასული განაშენიანება მიტრიალებულია მეორე მხარეს და დიდი დოზით შემოდის ხელოვნური გამწვანება. თუკი ფერების სწორი შეხამება მოხდება და არ გამოიყენებენ მყვირალა ფერებს, ან სითეთრეს, ეს შეიძლება, ბუნებრივად გადავიდეს საერთო ფერდობისა და გორაკის სიტუაციაში. საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ვეთანხმები იმაში, თითქოს ეს პროექტი ქალაქის ბუნებრივ ჰარმონიას დაანგრევს. ასეთი კატეგორიულობა დაუშვებელია. ასეთ დასკვნამდე შეიძლება მიხვიდე დიდი განსჯის შედეგად. კატეგორიულობა ხელოვნებაში დაუშვებელია, მით უმეტეს, უცხოეთიდან ვიღაცას რომ აკარნახებინებ რაღაცას“, - აცხადებს ვახტანგ დავითაია და მიიჩნევს, რომ რატომღაც „პანორამა თბილისს“ გამოვკიდებივართ, მაშინ, როცა მამა დავითის მთამ დაკარგა თავისი მასშტაბი, მომხიბვლელობა, ზღაპრული შინაარსი. ის მთა აღარ არის, რაც 15 წლის წინ იყო. ეს იყო სრულიად გამოკვეთილი მთა, რომლზეც მიდგმული იყო თეთრი ტაძარი. ეს იყო თავისებურად წმინდა ადგილი, ახლა კი ბარათაშვილის აღმართიდან მამა დავითს რომ შევხედავთ, აშკარაა, განაშენიანება როგორ მიაწვა ეკლესიას, ეს იყო მცოცავი განაშენიანება, როცა ნელ-ნელა აიწიეს სართულებმა და მოსპეს თბილისის ყველაზე საინტერესო სავიზიტო ხედი. ასეთივე საშინელება ხდება სპორტის სასახლესთან და, ზოგადად, საბურთალოს ტერიტორიაზე.
„ეს არ არის კატასტროფის ზონა?“, - აინტერესებს არქიტექტორს.
„პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ სერიოზული წერილი დაწერეს, რაზეც ნებისმიერი ადეკვატური ხელისუფლება რეაგირებას მოახდენდა, თუმცა ჩვენი ხელისუფლების კომენტარები სრულიად არაადეკვატური იყო. ისინი არ აპირებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას ყურადღება მიაქციონ.
„ასე მარტივად არ გამოუვათ, რადგან ეს დოკუმენტი დაწერილია ყველაზე სერიოზული გარემოს დამცველი ორგანიზაციების მიერ. ჩვენ ვამბობდით, რომ „პანორამა თბილისი“ დედაქალაქს დაანგრევდა, მაშინ, როცა სამთავრობო და ინვესტორის მხარე ამტკიცებდა, რომ ეს არაჩვეულებრივი პროექტი იყო და თითქოს უცხოელები ამას მხარს უჭერდნენ. ახლა ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტი, რომ უცხოელები რეალურად აფასებენ სიტუაციას. იუნესკო ითვალისწინებს ამ ორგანიზაციების შთაბეჭდილებას და არა - ლექვინაძის აზრს. ეს დოკუმენტი ბრძოლის ბოლომდე მიყვანაში დაგვეხმარება. სარჩელი თავისთავად შევა სასამართლოში, „ჰამქარი“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუშაობს ამ თემაზე, თუმცა სარჩელის შეტანა მარტო არ კმარა, ჩვენ ვაპირებთ სამოქალაქო აქტიურობის „დაქოქვას“, მოქალაქეებმა საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატონ. მე, როგორც ლანდშაფტური დიზაინერი, რომელსაც ძალიან კარგად მესმის ე.წ. „გრინრუფი“-მწვანე სახურავი, მიმაჩნია, რომ ის პროექტი, რაც მათ დადეს და, რომლის მიხედვითაც, სახურავებზე აქვთ დარგული ხეები, სრულიად წარმოუდგენელია. ის ხეები არ გაიხარებს, ეს არის შენიღბვა. შეიძლება, რაღაცები დარგონ, მაგრამ მერე გახმება და მოაშორებენ. თვითონ თაბორის მთა არის თბილისისთვის მნიშვნელოვანი სილუეტი და მასზე ამხელა ჯოჯოს აღმართვით საბურთალოს სასაფლაოების ფასადს მივიღებთ, ოღონდ გროტესკულ ვარიანტში. ეს იქნება პაროდია თბილისზე. გიგა ბათიაშვილს პროფესიონალად მივიჩნევდი, მაგრამ გული მტკივა და ვთვლი, რომ მან უბრალოდ სული გაყიდა გარკვეული მოსაზრებების გამო“, - აცხადებს ნატა ფერაძე.
ამასთან, განმარტავს, რომ „პანორამა თბილისისკენ“ მიმავალ გზას აკეთებს არა ინვესტორი, არამედ, იდეაში, ეს უნდა გაკეთდეს ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბეებიდან. რაც შეეხება ერეკლეს მოედანზე არსებულ შენობას, იქ ახალი სტილის შენობის დადგმა და საბაგიროების გაჭიმვა, თბილისის ძველი უბნის იერსახეზე გავლენას იქონიებს.
მისივე ინფორმაციით, ძალიან დიდი ქედი, კლდე უკვე მოჭრილია. სავარაუდოდ, კიდევ აპირებენ დიდი კლდის მოჭრას, თუმცა პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის და „პანორამა თბილისის“ ავტორები იმ საპროექტო ფირმების ძიებაში არიან, რომლებიც დაასრულებენ ამ პროექტს.
„თვითონაც არ იციან, ბოლომდე რა უნდა დაანგრიონ და რა უნდა გააკეთონ. თბილისის სილუეტი არის თბილისის დამახასიათებელი თვისება. თავად ბიძინა ივანიშვილის სახლი ერთ-ერთი სერიოზული ვანდალიზმია, რაც მოხდა სილუეტის აღრევის თვალსაზრისით. ამას რომ დაემატება ეს უზარმაზარი ჯოჯო, ვკარგავთ თბილისს და ვკარგავთ ქალაქს. ცხოვრება შედგება დეტალებისგან. პატარ-პატარა დეტალების დამატებით და გაუპატიურებით ვკარგავთ ქალაქს. შეიძლება, არ დავიხოცოთ „პანორამის“ გამო, თუმცა ჩვენ ვკარგავთ ტურისტებს, ძველი ქალაქის იერს. მეტროს აშენების მერე ეს არის სიდიდით მეორე ინვესტიცია ქალაქში და ამ ინვესტიციის გაუაზრებლად გაკეთება შეიძლება იყოს სიკეთის და ბოროტების მომტანიც. ეს მეორე შემთხვევაა, განახორციელონ ინვესტიცია, მაგრამ სწორი პროექტით, სწორ ადგილას, საზოგადოებასთან შეთანხმებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თბილისის ზღვის მიდამოებში შეიძლება ამის განხორციელება. მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ ახალი უბნების დამატება ახალ ადგილებში ხდება. ძალიან იშვიათია, ამხელა ინვესტირება მოხდეს ძველი ქალაქის ხარჯზე უხეში ჩარევით, მაშინ, როცა აუთვისებელია შემოგარენი- გლდანი, ლილო და სხვა“.
ცნობისთვის, „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ „Save Europes Heritage“-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ:
მარკუს ბინეი, „ევროპის მემკვიდრეობის დაცვის“ თავმჯდომარე;
კლემენტინ სესილი, „ევროპის მემკვიდრეობის დაცვის“ დირექტორი;
ჯონ დარლინგტონი, „მსოფლიოს ძეგლთა ფონდის“ დირექტორი;
ირინა სუბოტიჩი, „ევროპა ნოსტრას“ ვიცე-პრეზიდენტი
ჰარიეტ ვენბერგი „ტრადიციული მშენებელობლობის, არქიტექტურისა და ურბანიზმის საერთაშორისო ქსელის“ უფროსი მმართველი;
გილიან დარლეი „მეოცე საუკუნის საზოგადოების“ პრეზიდენტი;
ადამ უილკინსონი, „ედინბურგის მსოფლიო მემკვიდრეობის დირექტორი;
ქეითი განგრანდე, „მემკვიდრეობის საერთაშორისო ფონდის“ დირექტორი;
მეთიუ საუნდერს, „ანტიკური ძეგლების საზოგადოების“
თბილისის მემკვიდრეობის ჯგუფი, ლონდონი, ბრიტანეთი;
ჯონ სელი, „ეროვნული კეთილდღეობის საზოგადოებების ერთიანი კომიტეტის“ თავმჯდომარე;
ჰარიეტ დევლინი „ისტორიული გარემოს დაცვის“ დირექტორი
რობერტ ბარგერი, „ქართული ჯგუფის“ დირექტორი;
ისაბელ კრუს ალმეიდა, „ხერონიმოსა და ბელემის კოშკის მონასტრის“ დირექტორი;
პაბლ ლონგორია, „მსოფლიოს ძეგლთა ფონდი- ესპანეთი“.