ოფიციალური თბილისი არ ადასტურებს, საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, ქართული მხრიდან ცეცხლის გახსნის თაობაზე. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევის ინფორმაციით, სროლისას ზნაურის რაიონის მშვიდობიანი მოსახლე დაიჭრა. ჯიოევი ამბობს, რომ ინციდენტის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები არკვევენ, თუმცა ამბობს, რომ ამ ინციდენტის მიუხედავად საზღვრისპირა ტერიტორიაზე სიმშვიდეა და სიტუაცია სტაბილურია.
ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ქართული პოზიცებიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს არ ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც უწყების პრეს-სამსახურში for.ge-ს განუცხადეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ჯიოევის მიერ გავრცელებულ განცხადებას for.ge-სთან საუბრისას არ ადასტურებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, რომლის განცხადებით, ამ ინციდენტის შესახებ გაცხადებული იყო ერგნეთში გუშინ გამართულ შეხვედრაზე და შესაბამისად, ეს ინფორმაცია მოისმინეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც.ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საჭიროა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, რა მოხდა რეალურად.
ოკუპირებული ცხინვალიდან წამოსულ ბრალდებას წინ უსწრებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის გადაადგილება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. კერძოდ, ათეულობით ტანკით, თვითმავალი ქვემეხით და ათეულობით ჯავშანტრანსპორტიორით დატვირთულმა ეშელონმა სოჭის რკინიგზის სადგური გაიარა და ადლერისკენ, საქართველოს საზღვრის მიმართულებით განაგრძნო გზა.
რუსული ეშელონის სოჭის ვაგზლის ტერიტორიაზე გავლის ამსახველი ვიდეო რუსული მედიით გავრცელდა. რუსული ოფიციალური წყაროები ამ დრომდე არ ავრცელებენ დიდი რაოდენობით ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის კოლონა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში შემოვიდა.
ამასთანავე, დღესვე ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება. რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, რუსლან ცალიკოვის განცხადებით 2016 წელს, გაგრაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო და აქტიური დასვენების ცენტრი გაიხსნება.
მისივე განცხადებით, ცენტრში, რომელიც მუშაობას 2016 წლის ივნისში დაიწყებს, რუსეთის გაერთიანებული მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ რუსული მე-7 სამხედრო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს გუდაუთაში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე სანატორიუმი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონოა და ოკუპაციის პროცესის ნაწილია.
„სამწუხაროდ, 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაციის შემდეგ რუსეთი განუკითხავად მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასეთი რამ პირველად არ ხდება. თუმცა, ამ გადაწყვეტილებებს რეალობასთან და სამართლებრივ სივრცესთან საერთო არაფერი აქვს და დეოკუპაციის შემდეგ ყველა უკანონო გადაწყვეტილება გადაიხედება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კოლონის შემოსვლას და სანატორიუმების რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას შემაშფოთებელს უწოდებს პოლიტოლიგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება, რომ არ აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როგორშიც ქვეყანა აღმოჩნდა 2008 წელს.
„საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ საერთაშორისო ორგანზაციები, მიღებული უნდა იქნას შესაბამისი რეზოლუციები, რომელიც გავრცელდება მთელს მსოფლიოში. რუსეთი მოტივირებულია, რომ თავისი არაერთი მუქარა საქართველოს მიმართ იყოს განხორციელებული. რუსეთს სხვადსხვა მხრიდან უწევს თავდაცვის რეჟიმში გადასვლა, რასაკვირველია, მისთვის სირთულეს არ წარმოაგდენს არა მხოლოდ სირიაში და უკრაინაში დაწყებული პროვოკაციების რიგში საქართველოს შეყვანა.
არსებობს სერიოზული საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება ერთიანი იყოს იმ ვითარების აღწერაში, რომლის გამომწვევიც არის რუსეთი. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია ყოველივე ის, რასაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორაზე სჩადის. შესაბამისად, არ ვაპირებთ გულხელდაკრეფნი მოვლენებისთვის თვალ-ყურის დევნებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.