„არ შეიძლება, კვრივში შევარდე და ინტიმური სცენები ტრასაზე დადგა“

„არ შეიძლება, კვრივში შევარდე და ინტიმური სცენები ტრასაზე დადგა“

ხრიდოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსით“ გაღიზიანებულია.

For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსმა“ და მისმა წამყვანმა გია ჯაჯანიძემ ყოველგვარ ზღვარს გაადააბიჯეს. ის რაც ეკრანზე გამოჩნდა, ძალზე დამთრგუნველი იყო და, რაც გადაცემაში არ მოხვდა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან.

ნუკრი მჭედლიშვილი ხევსურების ნათქვამს ეყრდნობა, რომლებიც ამბობენ, რომ ჯგუფის წევრები ისეთ უმსგავსობებს სჩადიოდნენ, რომ მთიელები ბავშვებს არიდებდნენ, რათა ეს სიბინძურე არ დაენახათ. ესეც არ იკმარეს და ამის შემდეგ გადათელეს წმინდა ადგილები: მუცოში, ლებაისკარსა და ანატორში. ამ ადამიანებმა შოუ-ასპარეზობები მოაწყვეს ისეთ ადგილებში, სადაც ხევსურები ხატის სამანს იქით არათუ ფეხს არ დგამენ, გახედვაც ერიდებათ.

მისი თქმით, რაც მოხდა, ამას ხევსურები ვერ წარმოიდგენდნენ, თორემ გადაცემის გადაღების პროცესს შეიძლება ტრაგედია მოჰყოლოდა, რადგან მთიელი კაცი ვერავის აპატიებს წმინდა ადგილების წაბილწვას.

მომხდარმა, ასევე, დამთრგუნველად იმოქმედა ნუკრი მჭედლიშვილის ხევსურ ძმადნაფიცზე - ალუდა დაიაურზე, რომელმაც ძმადნაფიცს ღამის ორ საათზე ტკივილით სავსე წერილი მისწერა: „ჩვენი წინაპრების ძველები ამტკივდა, ძმაო!.. საბრძოლო ხელოვნება და სიბინძურე ერთმანეთში იყო არეული! ან „შავფაროსნებმა“ როგორ მიიღეს ამაში მონაწილეობა? სულში არ უდევთ, ეტყობა, ვაჟკაცობა, თორემ მაგას არ გააკეთებდნენ! სამასხარაოდ გამიხადეს წინაპრის სალოცავი! მაგ ადგილას კაცები ვერ შევდივართ და ამათ, გარყვნილ ხალხთან ერთად, შოუ-მასკარადი მოაწყვეს ჩვენს ჯვარში?!“

ნუკრი მჭედლიშვილის თქმით, ეს არის მთა, რომელსაც თავისი ტრადიციები აქვს. ნაწილობრივ, ბარში დაიკარგა ადათი და ჩვენთვის აღარ არის მნიშვნელოვანი, მთაში კი ეს მნიშვნელოვანია.

„მთაში არის ღია ეკლესია, სადაც ვერ გადავაბიჯებთ. ბარში ამას ვეძახით ნიშს, ნიში სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ჯვარს. მთაში კი სპარსულად არ ამბობენ და ამ წმინდა ადგილებს ქართულად ეძახიან ჯვარს, იქ არის ხატი, არის სასანთლე, ეს ადგილი არის კვრივი (ფეხდაუდგმელი ადგილი, სადაც, ადგილობრივთა რწმენით, ესა თუ ის სალოცავი თავის საყმოსთან დაახლოებისთვის მიწაზე ეშვებოდა და კვლავ ზეცაში ადიოდა). კვრივ ადგილებში მხოლოდ წმინდობის შემდეგ შედის ხუცესი, მღვდელმსახური. არ შეიძლება, კაცი ისე შევიდეს. გია ჯაჯანიძის შოუს მონაწილენი კი ისედაც არ ცხოვრობენ პატიოსანი ცხოვრებით, წინა წუთებშიც აღვირახსნილ წარმოდგენებს აკეთებდნენ, შემდეგ კი კვრივში შევიდნენ, ხატის ტერიტორიაზე და ჩაიდინეს უმსგავსო საქციელი. ლამის ინტიმურ სცენებს აწყობდნენ პირდაპირ გზაზე, ლებაისკარში, ძველი ციხე-კოშკების წინ. შატილელები ამბობენ, რომ გადაცემის მონაწილეებს რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა, მაგრამ იმავეს აკეთებდნენ. ეს მათი ცხოვრების არჩევანია. რასაც ისინი აკეთებენ, ამაში არავინ ერევა, მაგრამ ის ადგილები, რომელიც ჩვენთვის წმინდაა, არ შეიძლება, სამასხარაოდ გაიხადონ. არ შეიძლება, წინაპრის ძვლები და აკლდამები შოუებისთვის გამოიყენონ. ის, რაც მათთვის არის სასაცილო და სამასხარაო ადგილი, ჩვენთვის სალოცავია. როგორ წარმოგიდგენიათ, ქართველი, ბარში იქნება თუ მთაში, როცა დაინახავს, მამა-პაპის საფლავებზე ვიღაც შოუებს აწყობს, რა რეაცია ექნება?! იქაურები ამით შეურაცხყოფილნი დარჩნენ“, - აღნიშნა ნუკრი მჭედლიშვილმა.

თუ რატომ მიიღეს ამ ყველაფერში მონაწილეობა „შავფაროსნებმა“, ხრიდოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს თავისებური ახსნა აქვს. ის ამბობს, რომ, როგორც მას „შავფაროსნებმა“ განუმარტეს, მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა და ფაქტის წინაშე აღმოჩდნენ. მართალია, მათ შეეძლოთ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიეღოთ, მაგრამ ეს ახალგაზრდა თაობაა, რომელსაც ხევსურეთთან, მთასთან კავშირი არ ჰქონია, მათ არ იციან, სად არის წმინდა ადგილები, არც ის იციან, რას ნიშნავს კვრივი და ასე აღმოჩნდნენ ჩათრეულნი ამ საქმეში. თუმცა მათაც არ მოეწონათ გადაცემის ავტორების ქცევა და მათთვის უთხოვიათ, ეგებ, ეს კადრები არ გაუშვათო, მაგრამ მაინც გაუშვეს კადრები.

რაც შეეხება აკლდამებს, ნუკრი მჭედლიშვილი ამბობს, რომ აკლდამებში გადაღება ღამე ხდეობდა და, ცხადია, აკლდამებთან მისვლას ვერავინ დაუშლიდა გადამღებ ჯგუფს. ზოგადად, აკლდამებთან მისვლა პრობლემა არ არის, ოღონდ იქ მიდიან მოწიწებით, რადგან წინაპრების ძვლები მარხია.

„ამას ხევსურები ვერ დაინახავდნენ. მუცოსა და ლებაისკარში არავინ ცხოვრობს. ლებაისკარის მაცხოვრებლები კომუნისტებმა 50-იან წლებში ჩამოასახლეს, ადგილზე მოსახლეობა არ არის, ისინი მარტო ხატობაზე ადიან. ასე რომ, ადვილად შეღწევადია. იმ სახლებს, ციხე-კოშკებს კონკრეტული პატრონები ჰყავთ, მაგრამ ისინი ბარში ცხოვრობენ. ძმადნაფიცს რომ ვახსენებ, ალუდა დაიაურს, ის 11-შვილიანი ოჯახის ვაჟია, მუცოში დაიბადა და გაიზარდა, მამამისი ხატის კარზე წესს ასრულებს, ახლა ისინიც ბარში არიან ჩამოსულები და ზუსტად მაგ დროს მოხდა ეს ყველაფერი. მათი დამოკიდებულება ბევრად უფრო მძაფრია, მაგრამ ისინი თავს არიდებენ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკს. თორემ, როგორ წარმოგიდგენიათ, ხევსური კაცი ეტყოდა ჯაჯანიძეს და ვაშალომიძეს, ჩემი კოშკის წინ დასხედით და ინტიმური სცენები ითამაშეთო?! ან ზურაბ ხაჩიძეს ფეხებგაშლილი რომ ახტება ის გოგო და ერთ ამბავს სჩადის, რომელი ხევსური დართავდა თავისი სახლის წინ ასეთი ქმედების უფლებას? მე თვითონ ლაშარის ყმა ვარ, ჩემი გამზრდელი ბებო დედით ხევსური ფშავლის ქალი იყო და ხევსურეთი და ფშავი ჩემთვის მშობლიური მხარეა, ხშირად ვარ იქ, იქ ჩემი სოფელია, ჩემი წინაპრების საძვალეებია. მე ვარ დასტური და ისევე ვეხმარები ხევისბერს ხატში, როგორც ბარში სტიქაროსანს აკისრია იგივე ფუნქცია“, -აცხადებს ნუკი მჭედლიშვილი და ეხმაურება გია ჯაჯანიძის პასუხს, რომელმაც ბოდიში მოიხადა, თუკი ვინმეს აწყენინა და განმარტა, რომ ხევსურეთში დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით მხოლოდ იმ მიზნით ჩავიდა, რომ მთელ საქართველოს და მსოფლიოს ენახა ხევსურეთი, ხოლო, თუ ახალგაზრდებმა მუსიკა ჩართეს და იცეკვეს, გია ჯაჯანიძეს არა ჰგონია, რომ ეს დანაშაული და აღვირახსნილობა იყო.

ამის საპასუხოდ, ნუკრი მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ გია ჯაჯანიძის განცხადება უფრო კანიბალის სიტყვებს ჰგავს, რომელიც ამბობს, მე თუ მშიერი ვიყავი და ადამიანის ხორცი შევჭამე, ჭამა დანაშაულიაო?!

„ცეკვა არ არის დანაშაული. უბრალოდ, არ შეიძლება, კვრივში შევარდე და ინტიმური სცენები ტრასაზე დადგა, არ შეიძლება, სხვისი წინაპრის ძვლები შეურაცხყო“.