რუსები გალში ატომურ სადგურს აშენებენ?!

რუსები გალში ატომურ სადგურს აშენებენ?!

რუსები დაინტერესებულნი არიან გალში ატომური სადგურის მშენებლობით. უკვე არსებობს საპროექტო სამუშაოებისთვის დაწუნებული, მაგრამ საწყისი ეტაპი. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი ვახტანგ ყოლბაია ავრცელებს.

მისივე თქმით, ატომური ელექტოსადგურის მშენებლობაზე საქართველოში ადრეც იყო საუბრები, კერძოდ, 80-იან წლებში, თუმცა ამის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მაშინდელი ხელმძღვანელობა წავიდა. აზერბაიჯანელებს არ სურდათ, მათ სიახლოვეს ყოფილიყო მეორე ატომური სადგური. ამ ტერიტორიაზე ხომ რაზდანის ატომური სადგური უკვე ფუნქციონირებდა. 
ვახტანგ ყოლბაია იმასაც იხსენებს, რომ 90-იან წლებში, პრაქტიკულად, გადაწყდა ატომური სადგურის მშენებლობა საქართველოში და შეირჩა გალის რაიონის რამდენიმე სოფელი: სიდა, რეფი, ნაბაკევი, სადაც ჩაის ყველაზე კარგი პლანტაციები იყო განთავსებული. საქართველოს კომპარტიის დადგენილებით, ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს დიმიტრი ქართველიშვილს დაევალა. ატომური ენერგეტიკის საკავშირო სამინისტრომ გამოყო თანხა საძიებო სამუშაოებისთვის, ჩამოვიდა სპეციალისტთა შესაბამისი ჯგუფი, საკითხის განხილვა მიმდინარეობდა თბილისში, პარტიის ცენტრალურ კომიტეტში და მის განხილვაში მთელი სამეცნიერო ელიტა მონაწილეობდა.

მოსკოვიდან ჩამოსულმა სპეციალისტთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა სადგურის დაპროექტების მოსამზადებლად, სამუშაოებისათვის გამოიყო და დაიხარჯა 1 მილიონი რუბლი. თუმცა წარმოიშვა პრობლემები შერჩეული ადგილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ამ ტერიორიაზე აღმოჩნდა ნაპრალი, რომელიც 1947 წელს ზემო სამეგრელოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად განვითარდა.

იმ პერიოდში აღნიშნულ პროექტს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა. იგი მიიჩნევდა, რომ ატომური სადგურის მშენებლობა სუბტროპიკული კულტურებით მდიდარ საკურორტო ზონაში არ შეიძლებოდა. უფრო მეტიც, ამ საკითხთან დაკავშირებით მას სერიოზული კამათი ჰქონდა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან. საბოლოო ჯამში, ქართველმა მეცნიერებმა ამ საკითხს ვეტო დაადეს.

დღეს კი რუსები ფიქრობენ, რომ მომავალში საქართველო არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ენგურჰესზე, რომლის მეშვეობითაც რუსები ინარჩუნებენ გავლენას საქართველოზე და ამიტომ ისევ გააცოცხლეს ატომური სადგურის მშენებლობის იდეა. თუმცა რუსები ნაკლებად ფიქრობენ სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ბედზე, რასაც ატომური სადგურის მშენებლობა მოიტანს. 

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს გალის რაიონში, კერძოდ, სიდაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი წამოიჭრა. მაშინ ამ საქმეში მთელი მეცნიერული საზოგადოება ჩაერთო. სავარაუდოდ, საბჭოთა კავშირის ზედა ეშელონებთან კარგად იმუშავა საქართველოს მაშინდელმა კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ და ამ საკითხმა განვითარება აღარ ჰპოვა.

„თორემ მე მომსწრე ვარ იმისა, აფხაზეთში როგორ ჩამოდიოდნენ სპეციალისტები და სწავლობდნენ საკითხს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, უკვე ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობით არავინ ინტერესდებოდა. ამჟამად არ ვფლობ ინფორმაციას, ეს საკითხი ისევ დღის წესრგშია თუ არა, მაგრამ მის მიმართ ყველა ადამიანის დამოკიდებულება უარყოფითია. მათ შორის, თვითონ აფხაზეთის მაცხოვრებლებისაც, არა მარტო გალის რაიონის, არამედ მთელი აფხაზეთის მოსახლეობის. ეს საშიშია, რადგან იმ პერიოდშიც კი ძალიან ბევრი საკითხი იყო წამოწეული, რაც ამ სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ მიუთითებდა. ახლა მე ამას დეტალურად ვერ გეტყვით, მაგრამ დასაბუთებულად იყო წარმოდგენილი, რომ აფხაზეთში ატომური სადგურის მშენებლობა არ შეიძლებოდა“, - აღნიშნა ლევან კიკნაძემ.

რაც შეეხება ბორის ადლეიბას უარყოფით დამოკიდებულებას გალში ატომური სადგურის მშენებლობასათან დაკავშირებით, ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ ადლეიბა მაშინ აფხაზეთის პირველი პირი იყო და, სხვათა შორის, იგი ძალზე პრაგმატულად მოაზროვნე გახლდათ. თუმცა, ზედა ეშელონებში ატომური სადგურის მშენებლობის საკითხი უარყოფითად რომ არ გადაწყვეტილიყო, ადლეიბას არგუმენტს არავინ მიაქცევდა ყურადღებას, რომ სუბტროპიკული კულტურების ზონაში ასეთი მშენებლობის წამოწყება არ შეიძლებოდა. ახლა კი რა პოზიციას დაიკავებს აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება, ლევან კიკნაძისთვის უცნობია. თუმცა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას იმდენად შეერყა ავტორიტეტი შეუსრულებელი დანაპირების გამო, რომ ატომური სადგურის მშენებლობის შემთხვევაში, აფხაზეთში რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყება.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს თავიდანვე ჰქონდა მსგავსი გეგმა, რაზეც მუშაობდა რუსეთის გენერალური შტაბის მე-12 მთავარი სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბირთვული სტრატეგიის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს სპეციალიზირებული სტრუქტურაა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, როგორც მეორე მთავარი სამმართველო გენერალური შტაბისა, ანუ სამხედრო დაზვერვა - გრუ. ისინი გეგმავდნენ, აფხაზეთში დაემონტაჟებინათ ბირთვული რეაქტორი, რომელიც იქნებოდა სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტალური სამუშაოების საწარმოებლად. სწორედ ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ აფხაზეთში ექსპერიმენტებისთვის შემოიყვანეს მაიმუნების ჯიში.

„აფხაზეთში საამისოდ რამდენიმე ტერიტორია შეარჩიეს. ეშერის ლაბორატორიაზეც იყო საუბარი, რომ იქ გაკეთდა დიდი მიწისქვეშა ქალაქი. 2008 წელს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა რიწის ტბის მაღლა დიდი ტერიტორია ჩაიგდო ხელში და დღესაც მის გარე პერიმეტრს მკაცრად აკონტროლებს, იქ არავის უშვებენ და დაისაკუთრეს ეს ადგილი. იქ იყო შექმნილი ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც იყო წმინდა შირმა და, ბუნებრივია, მის იქით ბირთვული ექსპერიმენტების ჩატარება მიმდინარეობდა. ეს იდეა ლავრენტი ბერიას ეკუთვნოდა, 50 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე გერმანელი ფიზიკოსები და მათემატიკოსები შეიყვანეს, რომლებიც მესამე რაიხის ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამაზე მუშაობდნენ. მოგეხსენებათ, მაშინ ბერია ბირთვული პროგრამების განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ, მას დავალებული ჰქონდა საბჭოთა ბირთვული ბომბის შექმნა. ბერიამ გამოიყენა ის ფაქტორი, რომ თავად აფხაზეთიდან იყო, მაგრამ ბერიას დახვრეტის შემდეგ ეს პროგრამა უცვლელი დარჩა. როგორც ჩანს, ისევ აპირებენ ამის აღდგენას. მით უმეტეს, აქვე იყო წყალქვეშა ნავების გარკვეული ტიპაჟი, რომელთაც ბირთვული იარაღის გადატანის საშუალება ჰქონდათ და, მოცულობის მიხედვით, საშუალო ზომის წყალქვეშა ნავების კატეგორიას მიეკუთვნებოდა. დღესაც მათ შეუძლიათ საკუთარ ბორტზე განათავსონ 4-დან 8 ერთეულამდე ბირთვული ქობინები, რომელთაც რუსეთის ფედერაცია შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში სპეციალური ოპერაციის შესარულებლად გამოიყენებს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

რაც შეეხება უშუალოდ გალის ტერიტორიას, ექსპერტისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ რუსები გალშიც აპირებდნენ ატომური სადგურის შექმნას. ის ეჭვობს, რუსებმა შექმნან რაიმე ტიპის ბირთვული რეაქტორი გალის რაიონში, რადგან მათ გალის რაიონი სჭირდებათ სულ სხვა ამოცანებისთვის, უფრო მაღალი დონის გეოსტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ბირთვული რეაქტორის მშენებლობა. თუმცა ექსპერტი ადასტურებს, რომ რუსები გალში იწყებენ განსაკუთრებული ტიპის სამხედრო ქალაქის მშენებლობას, სადაც განთავსებულ იქნება ფედერალური უშიშროების სამსახური, აფხაზეთში დისლოცირებული მეშვიდე სამხედრო ბაზის ძირითადი კონტინგენტი და ეს იქნება დახურული ზონა. გარდა ამისა, ვახტანგ მაისაიას ცნობით, რუსები აპირებენ, აღადგინონ ოჩამჩირის სამხედრო საზღვაო ბაზა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დახურულ და საიდუმლო ობიექტს მიეკუთვნებოდა. იქ საშუალო კლასის წყალქვეშა ნავები იყო განთავსებული, რომლებიც ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ფრთოსანი რაკეტების გადასატანად გამოიყენებოდა.

„ოჩამჩირიდან გალში დახურული სამხედრო ტიპის ახალი ცენტრის მშენებლობას გეგმავს რუსეთის მხარე. უკვე დეკემბრიდან დაიწყო ინტენსიური სამუშაოების განხორციელება სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ბაზის შექმნისთვის და რკინიგზის პროექტიც ამას უკავშირდება. ამისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. არადა, ამ ამოცანის შესრულება თავისუფლად შეეძლო რუსეთის რკინიგზის სახელმწიფო კორპორაციას, თუმცა იქ შეიყვანეს სამხედრო რკინიგზელები და ისინი იმ სტანდარტით აპირებენ ლიანდაგის დაგებას, რომელიც შეესაბამება სამხედრო მძიმეტონიანი ტვირთებისა და ამუნიციის გადაზიდვას. რუსები ამას გამოიყენებენ სამხედრო ძალების გადასასროლად სირიის მიმართულებით“, - აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა, რომ საეჭვოა, აზერბაიჯანი დღეს გალში ატომური ელექტოსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ წავიდეს, რადგან აზერბაიჯანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა უფრო ღრმავდება.

ჩვენ ვახტანგ ყოლბაიასაც დავუკავშირდით, თუმცა იგი მიუწვდომელი აღმოჩნდა.