სრული ისტერია ფეხბურთის ფედერაციაში

სრული ისტერია ფეხბურთის ფედერაციაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ნამწვის სუნი გამოდის. 112-ზე არ დარეკოთ, ხანძარი არ არის. უფრო სინდისის დამწვრობას ჰგავს... თუმცა ბოლო ერთ თვეში ფედერაციაში იმდენი სისულელე მოხდა, სახანძრო კი არა, ამ ორგანიზაციას სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინოსამსახურის დახმარება და ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი მედიკამენტები, რათა აღგზნებული პაციენტები მალე მოიყვანოს გონს...

ვერ გეტყვით, რამდენად ექვემდებარება მკურნალობას ის ისტერიული ფონი, რაც ახლა ფედერაციას და განსაკუთრებით მის აღმასკომს უტევს, მაგრამ იქაც ხომ ადამიანები არიან და, მოდით, ვცადოთ... არა?..

რეგიონული ისტერია

ჯერ კიდევ აგვისტოს შუიდან დაიწყო აყალმაყალი რეგიონებში. ლამის ერთხმად წამოსულმა წერილების წვიმამ დაბომბა სფფ-ის გენერალური სამდივნო - გვიყვარდა, გვიყვარს, გვეყვარებაო და, რევაზ არველაძეს მხარდაჭერა არჩევნების თარიღის დანიშვნიდან ერთ სამუშაო დღეში გამოუცხადეს. ისე, რომ არველაძეს საკუთარი კანდიდატურაც კი არ ჰქონდა დარეგისტრირებული, შეხვედრა-პროგრამის გაცნობა-გასაუბრებაზე არაფერს ვამბობთ. რა თქმა უნდა, დარღვევები რეგიონული ფედერაციების აბსოლუტურ უმრავლესობაში იყო, თუმცა განსაკუთრებით გურიამ „იყოჩაღა“. უფრო სწორად, გრფფ-ის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ, რომელსაც გამგეობის წევრები უცაბედად გადაავიწყდა და თავად ჩაუწერა დელეგატად არველაძეს უახლოესი მეგობარი გოჩა ტყებუჩავა, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია.

იქით შვილიშვილების თვალებს ვერაფრით აუარა გვერდი იმერეთის რეგიონული ფედერაციის თავკაცმა ვალერი მანაგაძემ - არველაძისგან იმდენი სიკეთე მახსოვს, ხელი როგორ ვკრაო და მანაც ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ოთარ კორღალიძე „გაუგზავნა“ დელეგატად.

ყველაზე გვიან რაჭველებმა გაიღვიძეს - დათვალეს, დათვალეს და აღმოაჩინეს, რომ დელეგატის არჩევას შვიდიდან ოთხი წევრი არ დასწრებია. ფედერაციის პრეზიდენტი გია შარაბიძე ირწმუნება, ყველაფერი კანონის დაცვით გავაკეთეო, მაგრამ აბა, როგორ გინდა აუხსნა, რომ 4 წევრის არყოფნა ქვორუმის არყოფნას ნიშნავს?!

შიდა ისტერია

ფედერაციაში შიდა დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. ჯერ იყო და, დელეგატების შეცვლას მიჰყო ხელი რევაზ არველაძემ, როცა მისი ერთგული თანამოაზრე შოთა ბაქრაძე უცაბედად ირაკლი ნაკაიძით ჩაანაცვლა, ახლა კი ფედერაციის იურისტ კესო ჩხიკვაძესაც შეუტია.

ჩხიკვაძე ერთ-ერთი მათგანი იყო, დღენიადაგ ფედერაციის ინტერესებს რომ იცავდა - ზოგჯერ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებების „გაპრავებითაც“ გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის ფედერაციას იშვიათად სტუმრობს. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ იგრძნობა, რაც ჩხიკვაძემ აღმასკომს ზემოთნახსენები გურიის დელეგატის დამტკიცება არ მოუწონა და საჯაროდ გააკრიტიკა. ჯერ გარშემომყოფთა კრიტიკაზე როგორ ღმუიან ფედერაციის თანამშრომლები და, ამას საკუთარი გუნდის წევრისგან მოისმენდნენ? ნუ, მოსმენით მოისმინეს, თუმცა გამოსავალიც მალევე ნახეს - ჭავჭავაძის გამზირი გადაკვეთეს და კალათბურთის ფედერაციის იურისტი გიორგი ანთაძე გადმოიპატიჟეს!

არ ვიცი, სამედიცინო ენაზე ამას ზუსტად რა ჰქვია, თუმცა უცხო სიტყვათა ლექსიკონი ასე წერს: „აგონია - სიკვდილისწინა მდგომარეობა ორგანიზმისა; სულთმობრძავის მდგომარეობა (ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი. 1989)“.

უსიმართლო ისტერია

კესო ჩხიკვაძე, აბა, ვის უკვირს, როცა აღმასკომი ტრიბუნალის მედიატორ ზურაბ ბიწაძესაც გადასწვდა. იურისტის დარად, ტრიბუნალის გადაწყვეტილებაც კი გამამტყუნებელი გამოდგა ფედერაციისთვის და გურიის დელეგატი გააუქმა, მაგრამ... ნურას უკაცრავად! დელეგატი აღდგენილია, ბიწაძე გათავისუფლებული. ესეც თქვენ!

თან მტავარი არ დავივიწყოთ: ფედერაციისვე წესდებით, ტრიბუნალის გადაწყვეტილება არ საჩივრდება!

პ.ს. არც ამ დაავადების სახელწოდება ვიცით, თუმცა აღწერას ნამდვილად ვერ დაგამადლით: „ორგანიზმის რეაქციული და შეგუებითი ფუნქციების უკანასკნელი გამოვლენა. ნიშნებია: გონების დაკარგვა, გრძნობის ორგანოთა მოქმედების შეწყვეტა, გაძნელებული სუნთქვა... შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთს ან საათს. დროულად მიღებულმა ზომებმა შეიძლება ავადმყოფი გადაარჩინოს“.

მთავარი ისტერია

ჯერ გირჩევთ, მეორედაც გადავიკითხოთ პოსტ-სკრიპტუმი, განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი: „დროულად მიღებულმა ზომებმა შეიძლება ავადმყოფი გადაარჩინოს“.

ანუ იმედი არის! მაგრამ ვაი ამ იმედს...

დღევანდელი აღმასკომის შემხედვარე იმედზე ლაპარაკი ძალიან ძნელია, მით უმეტეს, რომ პატივცემულმა აღმასკომელებმა (ან მამუკა კვარაცხელიას ვერსიით - დაღმასკომელებმა) სიამოვნება გაიხანგრძლივეს და 3 ოქტომბერს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეს. ჰმ, ავადმყოფიო, გავიძახით და, ასეთ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ჯანმრთელი ორგანო მიიღებდა? თუ საშუალებაა, რატომ არ უნდა იჯდე თბილ სკამზე წლობით? ერთადერთი, ვინც ამაში ხელს შეგიშლის, საკუთარი თავია, ჰოდა, რატომ?  მერე რა, რომ წესდებაში სხვანაირად წერია... ვის არ დაურღვევია წესდება? მერე რა, რომ საშეჯიბრო კომიტეტის უფროსი დიმიტრი ბოკერია დაუფარავად აცხადებს, წლებია, ასე ვაკეთებდით და რაღა ახლა გაგიკვირდათო?

საკონტროლო ისტერია

დელეგატი - რა მარტივი სიტყვაა და რა რთული მისია აკისრია. მისია ქართული ფეხბურთის გადარჩენისა. დიახ, სწორედ ასე აფასებს ქართველი გულშემატკივარი და ძალიან საინტერესოა, როგორ განწყობაზე იქნებიან ისინი 3 ოქტომბრის საღამოს, როცა არჩევნების შედეგები გაცხადდება. იქამდე კი, დელეგატების ნაწილს კანდიდატთა პროგრამებში რომ აქვთ „თავი ჩარგული“ და პლუს-მინუსებს ზომავენ, ფედერაციის თანამშრომელი-დელეგატები დაუღალავად შრომობენ - ხან აღმასკომს ესწრებიან, ხან ტრიბუნალს, ხან იურისტობენ, ხან ადვოკატობენ, ხან... აი, ასე დღე და ღამე უნდა გაათენო, როცა დელეგატი ხარ, აბა როგორ? იქნებ და, შენ რომ სახლში წახვიდე, აღმასკომი ჭკუაზე შეიშალოს და „არასწორი გადაწყვეტილება“ მიიღოს, ან ტრიბუნალს წამოსცდეს სიმართლე, ხომ უნდა აკონტროლო? ჰოდა, აკონტროლებენ...

საიდუმლო ისტერია

ჯერ აღმასკომი რა არის და მერე მის გადაწყვეტილებებს რომ დამალავ, მაგრამ ნამეტანი ინფორმაციული ვაკუუმის შექმნას კი ცდილობენ ფედერაციაში. შეიკრიბება აღმასკომი, მიიღებს 10 სულელურ გადაწყვეტილებას და იქიდან ერთს გამოგიცხადებენ. ცხრაზე კი ყველა დუმს... ასე ჩუმად მოხსნეს ტრიბუნალის მედიატორი, ასე ჩუმად მოიშორეს იურისტი, ასე ჩუმად შეცვალეს დელეგატები, ასე ჩუმად დანიშნეს ახალ გენერალურ მდივნად დიმიტრი ბოკერია... აჰ, არ იცოდით?

მაგრამ... გასაგებია მათი პოზიცია... ხომ გაგიგიათ, მომაკვდავს აღსარების სურვილი უჩნდება და ემანდ, იქნებ აღმასკომის წევრებს თავიანთი „საქმენი საგმირონის“ მართლა რცხვენიათ და მალავენ?!

დავიჯეროთ?..