სასიკვდილო განაჩენს გადარჩენილები მალაიზიის საპატიმროს ტოვებენ და სამშობლოში ბრუნდებიან

სასიკვდილო განაჩენს გადარჩენილები მალაიზიის საპატიმროს ტოვებენ და სამშობლოში ბრუნდებიან

ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი სამშობლოში რამდენიმე თვეში დაბრუნდებიან. ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ქალბატონებმა შეწყალების უფლებით ისარგებლეს და სასჯელის გარკვეულ ნაწილში ისინი მონარქმა შეიწყალა. კოხტაშვილი, რომელის სასჯელს მალაიზიის ქალაქ კაჯანგის ციხეში იხდის, საპატიმროს ერთ წელიწადში დატოვებს, კოტა-კინა-ბალუს ქალთა ციხეში იხდის სასჯელს გორდაძე, რომელსაც პატიმრობის ვადა თებერვალში ეწურება.

გორდაძე და კოხტაშვილი 2010 წლის 24 ოქტომბერს მალაიზიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მალაიზიის კანონმდებლობა, რომელიც 1975 წელს არის მიღებული, ასეთ შემთხვევაში ერთადერთ სასჯელს, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. სიკვდილით დასჯა ამ ქვეყანაში მხოლოდ ნარკოდანაშაულის შემთხვევაში ვრცელდება.

ქართველ ქალბატონებს მალაიზიის კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა გამოუტანეს, თუმცა სიკვდილით დასჯას მას შემდეგ გადაურჩნენ, რაც ქართველ სამართალდამცავებს ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი ნებით ჩაბარდა და ნარკოტრაფიკის ბრალდება თავის თავზე აიღო.

გორდაძე და კოხტაშვილი თბილისიდან თურქეთში სწორედ ელდარ დავითიანის სატელეფონო ზარის შემდეგ წავიდნენ, რადგან დავითიანი მათ ჯინსების მწარმოებელ ფაბრიკაში დასაქმებას შეპირდა. თუმცა, როგორ და ვისი დახმარებით მოხვდა ორი ქართველი მალაიზიაში და საიდან აღმოჩნდა მათ ბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ეს ფაქტი ამ დრომდე უცნობია, რადგან დავითიანის ჩვენება ამ დრომდე არ ხმაურდება. თუმცა, მისი აღიარებითი ჩვენება გადეგზავნა მალაიზიის პოლიციას, რის საფუძველზეც ქართველ ქალბატონებს სიკვდილით დასჯა პატიმრობით შეეცვალათ. მოგვიანებით კი, მალაიზურმა მხარემ მათთან მიმართებაში შეწყალების პროცედურა გამოიყენა, რის საფუძველზეც სასჯელის გარკვული ნაწილი შეუმცირდათ.

მალაიზიის საპატიმროში მყოფი დარეჯან კოხტაშვილი გასულ კვირას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მოინახულა. როგორც მანანა კობახიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, კოხტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია, მეტიც, ის საპატიმროში დასაქმებულია. კობახიძე ადასტურებს, რომ დაკავებულები სასჯელის გარკვეულ ნაწილში მონარქმა შეიწყალა.

„დარეჯან კოხტაშვილი სასჯელს მალაიზიის ქალაქ კაჯანგის ქალთა ციხეში იხდის. 40 წუთის განმავლობაში ვესაუბრე მას. როცა ადამიანი ციხეშია, თანაც უცხო ქვეყანაში, კარგად ყოფნაზე საუბარი რთულია, თუმცა თავად დარეჯანს რაიმე საჩივარი არ გამოუთქვამს. იგი ციხეში დასაქმებულიც არის და შედარებით უკეთესი პირობები აქვს. სამწუხაროდ, მეორე ქალბატონს ვერ შევხდი, რადგან ის კუნძულზეა, თუმცა, ჩვენი წარმომადგენლისგან ვიცი, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კუნძულზე წასვლა ცოტა რთულია, მაგრამ ორჯერ მოინახულა საელჩოს წარმომადგენელმა ლევან მაჭავარიანმა. თუკი მათ რაიმე საჭიროება აქვთ, მათთან მუდმივ კონტაქტშია ჩვენი წარმომადგენელი. ციხის ადმინისტრაცია გრძნობს, რომ საკუთარი სახელმწიფო ამ ადამიანებს არ ტოვებს და ყურადღებას აქცევს“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, დავით კერესელიძე აცხადებს, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, საკონსულო მუდმივ რეჟიმშია მალაიზიის ციხის ადმინისტრაციასთან.

„ჩვენ მათ კანონმდებლობაში ვერ ჩავერევით. მალაიზიაში ჩვენ გვაქვს წარმომადგენლობა, საელჩო მუდმივ კონტაქტშია ადმინისტრაციასთან და შესაბამისად, ინფორმირებული ვართ რა ხდება და როგორ ვითარებაში არიან ჩვენი ქალბატონები. ძალიან კარგია, რომ დეპუტატებიც დაინტერსდნენ ამ საკითხით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კერესელიძე.