გუშინ, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და მედიაპლურალიზმი იყო. საქართველოს მეგობარი ქვეყნებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მთავარი გზავნილი იყო: „ხელისუფლებას მედიასთან მიმართებაში გადაკვეთილი აქვს ყველა წითელი ხაზი“, - სწორედ ასე შეაფასა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქართველოში არსებული ვითარება და რა თქმა უნდა, მას კვერი დაუკრეს ქართველმა „ენჯეოშნიკებმა“. სხვათა შორის, ეს ის ხალხია, რომელიც 9 წლის განმავლობაში ვერაფერს ხედავდა, არაფერი ესმოდა და შესაბამისად, არც საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მედიაში არსებულ ვითარებაზე.
„ნამდვილად მოვიდა დრო, საერთაშორისო თანამეგობრობამ, დიპლომატიურმა კორპუსმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიაგარემოსთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფარგლებში საკუთარი სიტყვა თქვან. ხელისუფლებას პრეტენზია უჩნდება ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრების გამოვლინების შემთხვევაში და არა მხოლოდ მედიასაშუალებების, არამედ მასში შემავალი ცალკეული გადაცემის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ტემპებით და დიდი ნაბიჯებით მიმდინარეობს მუშაობა მედიის შეზღუდვისკენ, რაც გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში პლურალისტული გარემო მოისპობა და 2016 წლის არჩევნები, როგორც არ უნდა ჩატარდეს პროცედურულად, არალეგიტიმურად იქნება ცნობილი. თუ ჩვენ ეს არ გვინდა და ყველანი ვთანხმდებით, რომ არ გვინდა, მე მგონი ეს თავად ხელისუფლებასაც არ უნდა უნდოდეს. უნდა გამოვაფხიზლოთ ის, შევაჯანჯღაროთ და ვუთხრათ, რომ მედიასთან ასე ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება“, - ესეც გვარამიას სიტყვებია, რომელიც შემდეგი ფრაზით დაასრულა: „რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო გამბედავი ხდება ხელისუფლება მედიასთან მიმართებაში“.
საინტერეო შეფასებაა, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ გამბედაობას რაც შეეხება, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოსაც ვერ მივა და ამის დასტურად ქვემთ მოყვანილი ფაქტები გამოდგება, თუმცა მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ.
მაშინ, როდესაც ტელეკომპანია „იმედმა“ წლის ბოლომდე პოლიტიკურ თოქ-შოუებზე თქვა უარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ ეთერში აღარ გავიდოდა, ხოლო საზოგადოებრივმა არხმა თავისი ერთადერთი თოქ-შოუს წამყვანს ინტერესთა კონფლიქტის გამო (საზოგადოებრივი მაუწყებლის წესებიდან გამომდინარე) წამყვანობა ჩამოართვა, საფრანგეთის FT1-მა ტელეკომპანიის სახე – კლერ შაზალი არხიდან გაათავისუფლა. განსხვავება ის არის, რომ საქართველოში კერძო ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილება „რეაქციის“ წამყვანმა და მისმა მეგობრებმა, კოლეგების ნაწილმაც და ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა (განსაკუთრებით, აქტიურობდნენ ყოფილი ხელისფლების წარმომადგენლები), თავისუფალი სიტყვის დევნად შეაფასეს, ისევე, როგორც მეორე შემთხვევა, საფრანგეთში ეს საკადრო ჟურნალისტური ცვლილება – არხის ლეგიტიმურ გადაწყვეტილებად შეფასდა.
მაშინ, როდესაც ტელეკომპანია „მაესტრო“ დღემდე დაყადაღებულია (ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ) და ამას არავინ ახსენებს „ნაციონალებს“, სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაყადაღება სრულიად კონკრეტული და კერძო პირის სარჩელის საფუძველზე, პირველ აბზაცში მოხსენიებულმა საზოგადოების ნაწილმა თავისუფალი სიტყვის დაყადაღებად შერაცხა. განსაკუთრებით აქტიურობდა არხის გენერალური დირექტორი, ყოფილი ძალოვანი (გენპროკურორის მოადგილე) და თავის დროზე ტელეკომპანია „იმედის“ დახურვის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნიკა გვარამია. სავარაუდო „ნაციონალური“ ლოგიკით: აპრიორი მართალია ის მხარე, რომელ მხარესაც „ნაციონალები“ ან მათი თანამგრძნობები დგანან, მიუხედავად იმისა, რას ამბობს კანონი, ეთიკური თუ პროფესიული ნორმები.
შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ქართულმა სატელევიზიო სივრცემ 2007 წლიდან მოყოლებული უკან ჩამოიტოვა საბჭოთა ტელევიზია და პროპაგანდის მასშტაბებში თვით რუსულ სატელევიზიო სივრცესაც გაეჯიბრა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ფაქტებს მივყვეთ: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ვიდრე 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე საქართველოში 11 ტელეკომპანიას შეეცვალა მფლობელი, ხოლო იმ ტელეკომპანიებმა, რომელთა ძველმა მფლობელებმა უარი თქვეს საკუთარი ტელევიზიების დათმობაზე, უბრალოდ ლიცენზია დაკარგეს.
იმხანად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა: „ყველაზე მეტი თავისუფალი ტელევიზია პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩემი პრეზიდენტობის დროს გაიხსნა“, რეალურად კი, მისი პრეზიდენტობის აისზე საქართველოში არსებული 12 ტელეკომპანიიდან ცვლილებები შეეხო 11-ს.
მივყვეთ ქრონოლოგიას: „პირველი მერცხალი“ ტელეკომპანია „მზის“ იმ პერიოდის ყველაზე პოპულარული გადაცემა „არჩევანის ზღვარზე“ იყო. ირაკლი იმნაიშვილის პოლიტიკური თოქ-შოუ 2005 წლის ივნისში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიხურა (ჟურნალისტ იმნაიშვილისა და „ნაციონალური “ იდეოლოგიის მამა ბოკერიას დაპირისპირების გამო – ამ უკანასკნელის თქმით, ირაკლი იმნაიშვილის მსგავსი ჟურნალისტების ადგილი საქართველოში არ იყო, მაგრამ, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, იყო BBC-ზე). ამას პანტა-პუნტით მიჰყვა ანალიტიკური გადაცემების: „ღამის კურიერი“, „ღამის მზერა, „60 წუთი“, „რა ხდება“, „ტაიმაუტი“, „ცაიტნოტი“, „ღია ეთერი“, „რე აქცია“ – გაუჩინარება სატელევიზიო სივრციდან. ტელეკომპანიები კი ახალი მფლობელების ხელში გადავიდა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდნენ და ხელისუფლებისადმი სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ. რთული სათქმელია, რატომ აღმოაჩნდათ ტელევიზიების მართვის უნარი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, თუმცა ფაქტია, რომ ასეა.
„ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს“
2002 წელს დაფუძნებული ტელეკომპანია „მზის“ მეპატრონე 2004 წელს პარლამენტარი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი (დღემდე) დავით ბეჟუაშვილი გახდა. უფრო მეტიც, 2005 წლიდან ტელეკომპანიები „მზე“ და „რუსთავი 2“ გაერთიანდნენ და საკონტროლო პაკეტის ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა. საინტერესოა, რომ სატელევიზიო ბიზნესის ლოგიკა პოსტრევოლუციურ საქართველოში მწვანილის ყიდვა-გაყიდვის სქემას წააგავდა: 2005 წელს ქიბარ ხალვაშმა და დავით ბეჟუაშვილმა ტელეკომპანიის წილები გაცვალეს. ხალვაშმა „მზის“ 78 პროცენტი შეისყიდა და „რუსთავი 2-ს“ 22 პროცენტი დათმო(?!). ტელევიზიების გაერთიანებას კი მარტივი მიზანი ჰქონდა – სამართავად უფრო იოლი იყო. 2008 წლიდან ტელეკომპანია „მზემ“ საერთოდაც შეწყვიტა საინფორმაციო მაუწყებლობა და შემეცნებით-გასართობ გადაცემებზე გადაერთო. 2009-ში ლიცენზიაც შეეცვალა და შემეცნებით-გასართობ არხად სპეციალიზდა. ბოლოს კი საერთოდაც გაუჩინარდა სატელევიზიო რადარებიდან.
2004 წელსვე, პირველ აპრილს, დაიხურა ტელეკომპანია „მე-9 არხიც“, რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო. ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა 2005 წელს „რუსთავი 2“-ში გადაიტანეს.
გაცილებით დრამატულად განვითარდა მოვლენები სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, რაც სავსებით ბუნებრივი იყო, ვინაიდან „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“, ჯერ ერთი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა პრერევოლუციურ პროცესებში და, რაც მთავარია, მაღალი რეიტინგიც ჰქონდა. ტელეკომპანიის მფლობელები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი – ტელევიზიას საკუთარი ნებით არ თმობდნენ (შესაძლოა, გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ რევოლუცია სიტყვით გასათავისუფლებლად მოხდა), მაგრამ, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა 2004 წლის ივნისში არხი გაკოტრებულად გამოაცხადა (მიუხედავად აქიმიძისა და დვალის მტკიცებისა, რომ ეს რეალობას არ შეესაბამებოდა) და ეჭვქვეშ დადგა დვალისა და აქიმიძის არა მხოლოდ ბიზნესის, პიროვნული გაკოტრებაც, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებს დაჰყაბულდნენ. ასე აღმოჩნდა ვინმე პაატა კარსანიძის მიერ აქიმიძისგან და დვალისგან შესყიდული ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ მფლობელი (90-პროცენტიანი წილის) ქიბარ ხალვაში. ეს უკანასკნელი, როგორც ითქვა, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ოქრუაშვილთან, მეგობრობის ნიშნით შეირჩა. შესაბამისად, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მზე ჩაესვენა (როდესაც 2006 წელს მან უარი თქვა ეკონომიკის მინისტრად ჩამოქვეითებაზე), ქიბარ ხალვაშსაც ჩამოერთვა „რუსთავი 2-ს“ წილი, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მზისა“ და ახალ მეპატრონედ ზემოხსენებული დავით ბეჟუაშვილი მოგვევლინა და კიდევ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია, რომლის მფლობელთა ვინაობის გარკვევა შეუძლებელია. ტელეკომპანიამ კიდევ არა ერთი მფლობელი გამოიცვალა (მათი მეტი წილი უცნობია) და ამჟამად ოფიციალურად ის ძმებ გიორგი და ლევან ყარამანაშვილების საკუთრებაა.
დავით ბეჟუაშვილის გვარი ფიგურირებსკიდევ ერთ ტელეკომპანიასთან კერძოდ, „პირველ სტერეოსთან“ მიმართებაშიც, რომელსაც დღიდან არსებობისა არ გამოუყენებია საეთერო ლიცენზია, მაგრამ 2006 წელს მფლობელები მაინც შეეცვალა და ტელეკომპანიის 65-პროცენტის მფლობელი დავით ბეჟუაშვილი გახდა. საერთო ლიცენზიის სპეციალიზებულ ლიცენზიად გადაკეთების სქემა ნაყოფიერად მუშაობდა შედარებით ნაკლებად პოპულარული ტელევიზიების შემთხვევაში.
ტელეკომპანია „202-მა“, რომლს ერთ-ერთი მფლობელიც (დავით კოხრეიძესთან ერთად) პრერევოლუციურ პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული შალვა რამიშვილი იყო, შეწყვიტა მაუწყებლობა იმ მიზეზით, რომ მისი ორივე მფლობელი დააკავეს. სიხშირის მფლობელმა („ტვ 33-მა“) წილი გაყიდა და ასე „დაიბადა“ ტელეკომპანია „საქართველო“, რომლის ოფიციალური მფლობელიც გიორგი გეგეშიძე, კომპანია „მაგი სტილის“ დამფუძნებელი იყო, რეალურად კი ტელეკომპანიას თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა.
გიორგი გეგეშიძის გვარი ფიგურირებს, აგრეთვე, ტელეკომპანია „ევრიკის“ მფლობელადაც და ამ მაუწყებელსაც საერთო ლიცენზია სპეციალიზებულ ლიცენზიად შეეცვალა. საბოლოოდ, ეთერიდან „ევრიკაც“ გაქრა. იგივე ბედი გაიზიარა ტელეკომპანია „საქართველოს ხმამაც“, რომელსაც ლიცენზია უბრალოდ გაუუქმეს.
2004 წელს შეწყვიტა მაუწყებლობა ტელეკომპანია „იბერიამაც“, რომლის მფლობელ ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „იბერიას“ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზია ჩამოართვა და ტელეკომპანიაც გაქრა.
2001 წელს დაფუძნებული ტელეკომპანია „ობიექტივის“ მფლობელმა წილის 51 მფლობელი ვინმე სტომატოლოგ დავით კაკაურიძეს დაუთმო, მოგვინაებით კი, „ობიექტივმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა მის სიხშირეშე მაუწყებლობდა ტელეკომპანია „ალანია“, რომელსაც საბიუჯეტო მხარდაჭერაც მსუყე ჰქონდა და პრეზიდენტი სააკაშვილიც ხშირად უწევდა რეკლამირებას.
თუმცა ყველაზე დრამატულად მოვლენები მაინც ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით განვითარდა და სულ ბოლოს ისიც დაეცა, ხატოვნად თუ ვიტყვით, - როგორც მეტნაკლებად თავისუფალი სიტყვის ბასტიონი პოსტრევოლუციურ საქართველოში. 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ ტელეკომპანიაზე პირდაპირი მნიშვნელობით, იერიში მიიტანა: ძალოვანებმა ტელევიზია დაარბიეს, მაუწყებლობა გათიშეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მფლობელთა ცვლილების პროცესი, თუმცა, საბოლოოდ, ტელეკომპანიას „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებდა.
მედია-ლაგამიდან – ციფრულ მაუწყებლობამდე
საერთო ჯამში, „ნაციონალური“ მმართველობისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის შესაძლებლობა მხოლოდ სამ ტელეკომპანიას ჰქონდა: საზოგადოებრივ არხს, „რუსთავი 2-სა“ და „იმედს“, რომელთა საინფორმაციაო ბადე გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს, საინფორმაციაო გამოშვებებში თვით გაშუქებული თემების თანმიმდევრობის ჩათვლით. რესპონდენტთა შერჩევის წესითა და პროპაგანადისტული ილეთებით.
მეტიც, იმხანად ზემოხსენებული ტელევიზიების ჟურნალისტები პირად საუბრებში არ მალავდნენ, თუ როგორ ამზადებდნენ ამა თუ იმ სიუჟეტს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად და როგორ იყენებდნენ მოქალაქის მიერ ერთ საკითხზე გაკეთებულ კომენტარს მეორე საკითხისთვის, რის შედეგადაც, მაგალითად, ვიღებდით კურიოზულ სურათს, რომ გლეხი იწონებდა მთავრობის მიერ მიწის გადასახადის გაზრდას, ხოლო მსოფლიოს უსაშინელეს ათ ციხეს შორის მოხვედრილ გლდანის ციხეში კი პატიმრები ნამდვილ სამოთხეში ცხოვრობდნენ.
საინტერესო ფაქტია, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ჩაუტარებია მედია-სივრცის კვლევა (მხოლოდ წინასაარჩევნო მონიტრინგი ტარდებოდა), თუმცა სატელევიზიო სივრცისთვის თვალის შევლებაც კი საკმარისი იყო იმის ამოსაცნობად, რომ „ნაციონალურ“ ხელისუფლებას მყარად ეჭირა ხელში მედიის სადავეები და „თავისუფალ სიტყვას“ ეფექტიანად იყენებდა, ჯერ ერთი, სასურველი რეალობის შესაქმნელად და, მეორეც, მასებზე ზემოქმედების მოსახადენად. იმდენადაც, რომ 2012 წლის არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე და ერთი თვის განმავლობაში დაუშვა „მაესტროსა“ და აღდგენილი „მეცხრე არხის“ ტრანსლირება მთელი საქართველოს მასშტაბით (მანამდე საკაბელო ტელევიზიებს ამის უფლება, უბრალოდ, არ ჰქონდათ). ყველა სატელევიზიო სიხშირე კონტროლდებოდა, რაც გამორიცხავდა ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაციის ეთერში მოხვედრას.
და თუმცა ზემოხსენებული რეალობის შემქმნელები „თავისუფალი მედიის არნახულ ზეწოლაზე“ საუბრობენ (იმ იმედით, რომ საქართველოს მოსახლეობას ამნეზია აქვს), ამ ბრალდებას სრულად გამორიცხავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, როდესაც ერთი მომცრო ოთახიდანაა შესაძლებელი ნებისმიერი მსურელისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება.