„აპოკალიფსი ქვეყანაში ისეთი ეროვნული ბანკის არსებობაა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“

„აპოკალიფსი ქვეყანაში ისეთი ეროვნული ბანკის არსებობაა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“

იმისათვის, რომ ლარს შელახული ავტორიტეტი აღუდგეს, ექსპერთა ნაწილი მოითხოვს, ეროვნულმა ბანკმა წლის ბოლომდე, ეტაპობრივად 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელოს. ინტერვენცია აქტუალურია იმ ფონზეც, როცა ეროვნულ ბანკს მაისის თვიდან არ განუხორციელებია მსგავსი ჩარევა სავალუტო ბაზარზე და ახლა სწორედ ინტერვენციის დროა.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის შიდა ფაქტორიდან გამომდინარე, გაუგებარია, რა იწვევს ლარის „გაქცევას“?! მაკროეკონომიკური ფაქტორი, რომელსაც შეეძლო ზიანი მიეყენებინა ლარის კურსისთვის, გამოსწორებულია. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, სავაჭრო დეფიციტი 107 მილიონი დოლარით არის გაუმჯობესებული, მაჩვენებლები საკმაოდ დამაიმედებელია, ეკონომიკა შედარებით გაჯანსაღებულია, ინვესტიციები მზარდია, ქვეყანა არც ტურისტების ნაკადს უჩივის, საგადამხდელო ბალანსიც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. ერთადერთი, რაც ლარის დევალვაციის მიზეზად რჩება, საბოტაჟი და სპეკულაციური ფასებია.

ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყოველთვის თავს არიდებდა ისეთი სიტყვის გამოყენებას, როგორიცაა საბოტაჟი. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე იძულებულია, ეს სიტყვა გამოიყენოს.

უფრო მეტიც, ათი თვისწინ, როდესაც ლარის პრობლემები დაიწყო, ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს იყო კაპიტალის გადინება და ეს იყო სპეკულაცია, რადგან რამდენი უცხოური ვალუტაც არ უნდა შემოსულიყო საქართველოში, ის მომენტალურად გავიდოდა ქვეყნიდან. ამის მიზეზი მარტივი იყო, როგორც წესი, ჩვენი ქვეყნიდან კაპიტალი გარბოდა და ამას ემატებოდა საფინანსო წრეების სპეკულაციები და მათი სურვილი, მღვრიე წყალში თევზი დაეჭირათ.

„დღესაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკს. ხშირად გვსმენია საყვედურები მთავრობის მიმართ, რომ მთავრობა ვერ იზიდავს ინვესტიციებს და ამიტომაც ვარდება ლარის კურსი. ასე არ არის. ქვეყანაში, სადაც ათი თვეა მძვინვარებს სავალუტო კრიზისი, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი თანხებს ვერ ჩადებს ინვესტიციების სახით. ამას მარტივი ეკონომიკური დასაბუთება გააჩნია: პირდაპირმა ინვესტიციამ რომ მოგცეს არსებითი ამონაგები, ამას 2-დან 5 წლამდე პერიოდი ესაჭიროება. როდესაც ინვესტორი ვერ ანგარიშობს თავის მომავალ შემოსავლებს იმის გამო, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სისტემატურად იზრდება, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა კლებულობს და ბიზნესი კარგავს შემოსავალს, ასეთ პირობებში არცერთი ნორმალური ინვესტორი ფულს არ შემოიტანს. ვინ არის ამაში დამნაშავე? რა თქმა უნდა, მთავრობას ხელთ არ გააჩნია ის ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელია ლარის კურსის ვარდნის შერბილება. ეს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია ეროვნულ ბანკს, რომელიც დღესდღეობით ბუჩქებში ზის და დუმს, რადგან სათქმელი არაფერი აქვს. ერთი თვის წინ გამოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და განაცხადა, რომ სხვა თანაბარ პირობებში ის ლარზე ზეწოლას არ ვარაუდობდა და კურსი მყარი იქნებოდა, ასე ამბობდა ორი თვის წინაც, ანუ ათი თვის განმავლობაში ეროვნული ბანკისი სტემატურად გვკვებავდა ტყუილებით. ეს რეჟიმი უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ გამოსაძიებია ეროვნული ბანკის საქმიანობის აბსოლუტურად ყველა ასპექტი, რატომ არაფერს აკეთებს ლარის კურსის ვარდნის შესარბილებლად, მაშინ როცა სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი ვალუტების ვარდნა შეარბილონ. უფრო მეტიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბევრ ქვეყანას სთავაზობს ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში გამოიყენოს კაპიტალის გადინების დროებით შეზღუდვის მეთოდები, სანამ სიტუაცია არ დასტაბილიზდება. სამწუხაროდ, ასეთ რეკომენდაციას სავალუტო ფონდი არ აძლევს ეროვნულ ბანკს, ან შეიძლება აძლევს და ჩვენ ამის საქმის კურსში არ ვართ. მანამ, სანამ ეროვნული ბანკი არ ამუშავდება, ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდება. ლარის აპოკალიფსს მაინც ვერ ვიტყოდი, არავითარი აპოკალიფსი, ძალზე მარტივად ამ სიტუაციის შეწყვეტა შეიძლება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის სასწრაფო გამოცვლის გზით. აპოკალიფსი ქვეყანაში ისეთი ეროვნული ბანკის არსებობაა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ეროვნულ ბანკში კვალიფიციური კადრების მოსვლის შემთხვევაში კი ლარის კურსსაც ეშველება, მთელ საფინანსო სექტორსაც და ქვეყნის ეკონომიკასაც“,-მიიჩნევს ლია ელიავა და განმარტავს, რომ უკვე რამდენი ხანია, მოითხოვს, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელოს, შეამციროს დოლარიზაციის მაჩვენებელი, შეწყვიტოს კომერციული ბანკების მიერ სესხების გაცემა დოლარში და სხვა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორში სრული ქაოსია, აბსოლუტურად დარღვეულია საქართველოს ეკონომიკის ყველა ფინანსური ლოგიკა. ეროვნული ბანკის უსაქმურობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომ ლარის კურსის ვარდნა არის ქვეყნის ეკონომიკის ნგრევა, ანუ სავალუტო კრიზისი ანგრევს ქვეყნის ეკონიმიკას, ზრდის ინფლაციას, რომელიც რამდენიმე თვეში ორნიშნა გახდება. ამის შედეგად კი როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესის რეალური შემოსავლები მკვეთრად შემცირდება, დაიკლებს გადახდისუნარიანობის მოთხოვნა, რადგან ხალხს აღარც ფული აქვს და აღარც სურვილი, რაღაც იყიდოს. საბოლოოდ, ამ ჯაჭვური რეაქციით ზარალდება ბიზნესი.

ექსპერტი საბანკო საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი სტატისტიკის სამსახურს დავეყრდნობით დავნახავთ, რა მდგომარეობაა მთლიანად ეკონომიკაში, რომ ინვესტიციები მეორე კვარტალში გაზრდილია და თვითონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც განაცხადა, არანაირი საგარეო ფაქტორები ხელისშემშლელი უკვე აღარ არისო, მაშინ გაურკვეველია, რას უნდა დავუკავშიროთ ლარის ინფლაცია.

„ძალიან დიდი ეკონომიკური აღმავლობა ქვეყანაში არ არის, მაგრამ წინა პერიოდთან შედარებით, საგრძნობია ეკონომიკური აღმავლობა. ამ შემთხვევაში, ეს არის პირდაპირი სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემა. ჯერ ერთი, ეკონომიკური და ფინანსური უსაფრთხოების კუთხით დარღვეულია უსაფრთხოება, მეორე მხრივ, უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, ვის ინტერესშია ასეთი აჟიოტაჟი.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ლარის კურსი იყო 2. 47, 2. 48, შემდგომში ჩამოვიდა 2.40-ზე, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესები ხელოვნურად ვითარდება. ამასთან, პარალელები შეიძლება გავავლოთ კახეთში არსებულ სიტუაციასთან, რაც ინსპირირებულია ნაცმოძრაობის მიერ. ამის გაგრძელებაა ე.წ. თავისუფალი ჟურნალისტების გამოსვლა და დემარშით ტელევიზიების დატოვება. ეს უკვე სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ და ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული ღონისძიებებია. ამიტომ აქ უკვე, წმინდა ეკონომიკური შეფასებები აღარ გამოდგება“,- აცხადებს პაატა აროშიძე და კონკრეტულ ფაქტებზეც საუბრობს, როცა ცოტა ხნის წინ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ნაცმოძრაობის აქტივისტებს აქტიურად იბარებდნენ ოდესაში, კიევში და იქ გარკვეულ ღონისძიებებს სახავდნენ. მისი თქმით, ეს არის ადეიშვილის მიერ ჩამოყალიბებული გეგმა, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი ჩვენს სახელმწიფოს. ეს პროცესი კი დაწყებულია ლარის კურსის დევალვაციით.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მხრიდან 100 მილიონი დოლარის ეტაპობრივ ინტერვენციას, პაატა აროშიძე ამგვარ ჩარევას დროულად მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რეზერვების წყალში გადაყრა იქნება.