ამ დღეებში ჩვენს მეგობარს, თანამოაზრეს და თანამებრძოლს, შესანიშნავ ქართველ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, კახა კაციტაძეს 56 წელი შეუსრულდებოდა. ვინც კახას პირადად იცნობდა, ჰქონდა წაკითხული მისი ნაშრომები თუ პუბლიცისტიკა, მოსმენილი ჰქონდა მისი ლექციები, ყველა დაგვეთანხმება, რომ კახა კაციტაძის სახით საქართველომ, და არა მხოლოდ საქართველომ, უდიდესი მოაზროვნე დაკარგა. გთავაზობთ კახა კაციტაძის დღემდე გამოუქვეყნებელ წერილის - „მოგონებები მომავალზე ანუ პოსტინდუსტრიალიზაცია, გლობალიზაცია და საქართველო“ - მესამე ნაწილს.
*******
მასობრივი წარმოების ტექნოლოგიიდან მოქნილი წარმოების ტექნოლოგიაზე გადასვლას მოსდევს მასობრივი მოხმარების საზოგადოებიდან თვისობრივი ცხოვრების საზოგადოებაზე გადასვლა. სოციოლოგი ე.ეთციონი საზოგადოებას, რომელიც საკუთარი წევრების მოთხოვნილებებს არა იმდენად მოხმარების პროდუქტების რაოდენობრივი მატების ხარჯზე აკმაყოფილებს, რამდენადაც ადამიანს საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრებით უზრუნველყოფს, ცხოვრების თვისობრივ საზოგადოებას უწოდებს. თვისობრივი საზოგადოება ერთ სულზე შემოსავალში თვისობრივ ცვლილებებს ამკვიდრებს. ასეთ შემთხვევაში არსებობს შემოსავლების გარკვეული ზღვარი თვისობრივი პარამეტრების მქონე პროდუქციის შესაძენად. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოციოლოგები და ფუტუროლოგები შეთანხმებულნი როდი არიან თვისობრივი ცხოვრებისა და მასობრივი მოხმარების საზოგადოებათა შორის მსგავსება-განსხვავების ხასიათზე. თუმცა ყველა თანახმაა, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოების შემდგომ განვითარებასთან ერთად განუხრელად გაიზრდება სერვისში (ამ სიტყვის უფართოესი გაგებით) დასაქმებულ ადამიანთა ხვედრითი წილი. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოების სერვისი პრინციპულად განსხვავდება ინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებული სერვისისაგან. ამ უკანასკნელის ძირითად ნაწილს შეადგენენ სხვადასხვა სახის მოსამსახურენი, აგრეთვე წვრილი ვაჭრების და ხელოსნების ცალკეული ჯგუფები. ყველა ესენი თავიანთი საქმიანობისათვის არ საჭიროებდნენ რაიმე განსაკუთრებულ კვალიფიკაციას, თუ რასაკვირველია, განსაკუთრებულ კვალიფიკაციად არ მივიჩნევთ იმას, რომ მეწაღეს ფეხსაცმლის შესაკერად საჭირო ჩვევები უნდა ჰქონდეს, ხოლო მესაათეს – საათის შესაკეთებლად საჭირონი. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში სერვისის სფეროში დაკავებული მუშაკისათვის აუცილებელია მაღალი კვალიფიკაცია, ხოლო ზოგჯერ მეტაკვალიფიკაციაც კი.
ინფრასტრუქტურა და ურბანისტიკა
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ადეკვატურ ცვლილებებს განიცდის ინფრასტრუქტურაც. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების სისტემა, რომელიც საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს გაცვალონ მატერიალური და სულიერი ფასეულობები. ამ არხების ორგანიზება, ფინანსირება, ექსპლუატაცია და მართვა, როგორც წესი, მთავრობის კომპეტენციაში შედის. ინფრასტრუქტურის ისტორიულად პირველი სისტემა სატრანსპორტო იყო. გზები და გადაადგილების საშუალებები ერთიანობაში კრავდა საზოგადოების ლოკალურ მონაკვეთებს და უზრუნველყოფდა ადამიანების და საქონლის გადანაცვლებას. მეორე ინფრასტრუქტურული სისტემა ენერგეტიკის სფეროს მოიცავდა: წყალს, ორთქლს, ნახშირს, ნავთობს. მესამე ინფრასტრუქტურას კომუნიკაციის საშუალებები შეადგენს: ფოსტა, გაზეთი, ტელეფონი, ტელეგრაფი, რადიო, ტელევიზია, კომპიუტერიზებული სისტემები და ა.შ.
უახლოეს ათწლეულში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სწორედ მესამე ინფრასტრუქტურაშია მოსალოდნელი. ეს ცვლილებები, ალბათ, ტელეფონის, კომპიუტერის, ფაქსის, საკაბელო ტელევიზიის და ვიდეო-დისკური ტექნოლოგიების შემდგომი შერწყმის პარალელურად განხორციელდება.
ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმა სათანადო ზეგავლენა უნდა მოახდინონ მოსახლეობის განლაგებაზე. მოსალოდნელია, რომ ეს გავლენა პირველ რიგში, ქალაქთგანლაგებას შეეხება. აგრარულ საზოგადოებაში ქალაქები ყალიბდებოდნენ ხელსაყრელ ადგილებზე: სახმელეთო სავაჭრო გზების გაყოლებით, მდინარეთა შესართავებთან, საზღვაო სანაპიროებზე. ინდუსტრიულ ეპოქაში ქალაქები იქმნებოდა რესურსების ბაზების სიახლოვეს (ვთქვათ, რურის ქალაქების ზონა გერმანიაში). ინდუსტრიული განვითარების მაღალ დონეზე გადასვლის პარალელურად დედაქალაქები, როგორც წესი, ფინანსურ ცენტრებად და მართვის კომპლექსების ადგილსამყოფელად გვევლინებიან.
ბოლო 70-80 წლის განმავლობაში რესურსულ ბაზას, ეკონომ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქალაქების განლაგებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, დროის ამ მონაკვეთის დასასრულს ვითარება შესამჩნევად შეიცვალა. მაგალითად, ომის შემდეგ აშშ-ის ეკონომ-გეოგრაფიული რუკა ძირითადად შიდაპოლიტიკური ფაქტორების გავლენით იცვლებოდა და არა რესურსულისა. ამას განაპირობებდა ის, რომ ახალი საავიაციო, სარაკეტო და კოსმოსური კომპლექსები ძირითადად სამთავრობო კონტრაქტების საფუძველზე იგებოდნენ. ამიტომ ტეხასში, კალიფორნიასა თუ აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში ქალაქთა განლაგების შესახებ გადაწყვეტილებები ძირითადად პოლიტიკური მოსაზრებებით მიიღებოდა. ავიასატრანსპორტო გადაზიდვების განვითარებასთან ერთად შეიქმნა გიგანტური საკვანძო “ავიაქალაქები”: ჰიუსტონი, დენვერი, ატლანტა და დალასი. ისინი სწრაფად იქცნენ რეგიონალურ ცენტრებად და თავის გარშემო სამრეწველო და კომერციული საქმიანობა შემოიკრიბეს. მოსალოდნელია, რომ ტელეკომუნიკაციების ახალი საშუალებების განვითარებას, მოჰყვეს რესურსულ ბაზებთან ქალაქის სიახლოვის მნიშვნელობის მკვეთრი შემცირება (მაგრამ არა გაქრობა). ამჟამად კორპორაციებს შტაბ-ბინები ხშირად უკვე გარეუბნებში გადააქვთ. კვლევითი ლაბორატორიების, ახალი უნივერსიტეტებისა და დიდი სამეცნიერო ცენტრების განლაგება ახლა ნაკლებად არის დამოკიდებული რესურსების ბაზების სიახლოვეზე. ისინი უფრო განათლების ან დიდი პოლიტიკური ცენტრებისა და იმ ქალაქების სიახლოვეს კონცენტრირდებიან, სადაც ცხოვრების უფრო თავისუფალი წესია დამკვიდრებული.
პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ქალაქის განვითარებაზე ფუტუროლოგები სხვადასხვა შეხედულებას გამოთქვამენ. ბ. ფ. სკინერი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოუქნელი და ძნელად სამართი ქალაქები განვითარებული კომუნიკაციების ეპოქაში ადგილს დაუთმობენ პატარ-პატარა ქალაქთა ქსელს. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ შეიქმნება ე.წ. ხაზოვანი ქალაქები, რომელთაც არ ექნებათ ტრადიციული მთავარი მოედნები და სავაჭრო ცენტრები. ფ. ჯორჯი უფრო შორსაც მიდის და ფიქრობს, რომ ერთის მხრივ, ევროპიდან ციმბირისაკენ, ხოლო მეორეს მხრივ, ევროპიდან მცირე აზიის გავლით ინდოეთსა და შორეული აღმოსავლეთისაკენ, განლაგდება ხაზოვან ქალაქთა გლობალური ქსელი (როგორც ვხედავთ, პოსტინდუსტრიულ ქალაქთა წყება შესაძლებელია საქართველოს უშუალო მეზობლად გაჩნდეს).
იგივე ფ. ჯორჯი არ გამორიცხავს, აგრეთვე, ცხოვრების მცირე “გვაროვნული” ფორმებისაკენ შემობრუნებას: “აუცილებელია “მთელი სამყაროსადმი” ადამიანის მოთხოვნილება შეერწყას ოჯახური ტიპის კამერულ თანამეგობრობას. ცალკე განსახილველი საკითხია დიდი ბიზნეს-კორპორაციების ბედი. აქტუალური იქნება მათი სიდიდის პრობლემა. დიდი ეკონომიკური ერთეულები უნდა თანაფუნქციონირებდნენ მცირეებთან. პირველნი იმუშავებენ მარკეტინგის მოთხოვნებზე, ხოლო მეორენი დააკმაყოფილებენ შრომის სასიცოცხლო მოთხოვნილებას”, - წერს იგი.
რასაკვირველია, ფუტუროლოგები შორეული მომავლის პერსპექტივის პროგნოზირებას ცდილობენ. საჭიროა მათ მიერ გამოყოფილ ტენდენციებზე დაკვირვება და კრიტიკული განხილვა.
ბუნებრივია, რომ ტექნოლოგიური განვითარება შეეხება სოფელსაც. მომავლის სოფელი ეკოლოგიურად უფრო დაბალანსებული ჩანს. სახლების გასათბობად ენერგიის არატრადიციული საშუალებანი მოიხმარება. გაიზრდება სამუშაოს საკუთარ სახლში შემსრულებელთა რიცხვი. ამასთან, სოფლები ბევრად უფრო თვითუზრუნველყოფილნი იქნებიან, ვიდრე ოდესმე.
დაგეგმვა პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში დაგეგმვის როლი და ფუნქციები მნიშვნელოვნად იცვლება. კერძო სექტორი კვლავაც წამყვანი იქნება, თუმცა იარსებებენ ეროვნული დაგეგმვის სხვადასხვა ფორმებიც.
ეროვნული დაგეგმვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაირსახეობად ინფორმაციის სფეროში მაკოორდინირებელ მოქმედებები უნდა მივიჩნიოთ. თითქმის ყველა დიდი კორპორაცია ამუშავებს ხუთწლიან, ზოგჯერ - ათწლიან გეგმებსაც კი. მათი მთავარი მიმართულებებია პროდუქცია, კაპიტალდაბანდებები, სამუშაო ძალის ოდენობა, ახალი ნაგებობის საჭიროება და სხვა. სახელმწიფო საინფორმაციო კომპიუტერიზებული სისტემების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ყველა ამ სახის ინფორმაციის თავმოყრა, რაც სახელმწიფო და კორპორაციული პოლიტიკის შესაბამის კორექტირებას უზრუნველყოფს.
ფრანგმა სოციალისტებმა ხელისუფლებაში მოსვლის Dშემდეგ ეროვნული დაგეგმვის სხვა სახეობა გამოიყენეს. ამ მოდელს ინდუქტიურ დაგეგმვას უწოდებენ. მისი ამოქმედების შემთხვევაში რამდენიმე ათასი დარგობრივი კომიტეტი დაგეგმვის კომისარიატის მეშვეობით საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის გეგმების კოორდინაციას ახდენს. ამგვარი კოორდინაცია სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების საფუძველზე ხდება. ისინი საკრედიტო პოლიტიკის მეშვეობით ამა თუ იმ დარგის სტიმულირებაზე არიან მიმართულნი.
დაგეგმვის სხვა ნაირსახეობა არის ეროვნული მიზნების დაგეგმვა. რისი მაგალითიცაა სტრატეგიული გეგმების შედგენა საბინაო მშენებლობის ან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით და მათი განხორციელების ტემპებისათვის თვალყურის დაწესება. საჭიროების შემთხვევაში ეს ტემპები ჩქარდება გადასახადების შემცირების გზით, კრედიტის გაფართოებით ან სხვა ღონისძიებით. განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავენ ე.წ. დირექტიულ დაგეგმვას. განისაზღვრება პრიორიტეტული მიზნები და მათ საფუძველზე მთავრობა შესაბამის საწარმოებს შორის მასალებსა და სამუშაო ძალას ანაწილებს. ამ დროს მთელი ეკონომიკა კი არ იგეგმება, არამედ გადამწყვეტ სექტორებს უწესდება მკაცრი კონტროლი.
დასაშვებია დასახელებული ვარიანტების სხვადასხვაგვარი კომბინაციები. ეროვნული ფორმის არჩევა პოლიტიკური სუბიექტების კომპეტენციაში შედის. ამასთან, როგორც დ.ბელი წერს: “ასეთი დაგეგმვა ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ერთობ რთულ საკითხად რჩება ინდივიდუალურ თავისუფლებასთან მისი შესაბამისობა”.
ცოდნა და განათლება პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში
პოსტინდუსტრიული საზოგადოება განათლების სისტემის განსაკუთრებულ ორგანიზაციას მოითხოვს. სწავლების როგორც კვალიფიკაციის მიცემის თანამედროვე ცნება შეიცვლება განათლების, როგორც მეტაკვალიფიკაციის ჩამოყალიბების ცნებით. თუკი კვალიფიკაცია გულისხმობს გარკვეულ დარგში მიღებული ცოდნისა და შეძენილი ჩვევების მეტ-ნაკლები წარმატებულ გამოყენებას, მეტაკვალიფიკაცია მოითხოვს იმგვარ ცოდნას, რომელიც ახალი ინფორმაციის მოძიების, სელექციისა და ათვისების საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ერთ დარგში, არამედ მომიჯნავე დარგებშიც. იგი გულისხმობს აგრეთვე სხვადასხვა დარგებში მოძიებული ინფორმაციების სინთეზირებას და მის წარმატებულ გამოყენებას.
მეტაკვალიფიკაცია აღარ ამოიწურება მხოლოდ იმ ჯგუფით, რომელსაც ჩვეულებისამებრ ინტელიგენციას უწოდებენ. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მუშაკს უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ტრადიციული ჩვევები (ე.ი. კვალიფიკაცია), არამედ – მეტაკვალიფიკაციაც. თუკი ფერმერს აქვს მეტაკვალიფიკაცია, იგი ფლობს ინფორმაციას სასუქებზე და ჰიბრიდულ თესლებზე, ვეტერინარულ საშუალებებსა და პესტიციდებზე, კომბაინსა და ტრაქტორზე. მან უნდა შეძლოს აღრიცხვა და კონტროლი, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიოტექნოლოგიებისათვის თვალყურის დევნება, ამ სფეროში მისთვის საინტერესო ინფორმაციის სელექცია და კომპიუტერის კვალიფიციური მოხმარება, დროულად და კომპეტენტურად მიმართოს: იურისტს, ვეტერინარს, მომარაგების აგენტს და სხვას. ერთი სიტყვით, სოფლის მეურნეობა მოითხოვს საჭირო ინფორმაციის მიღების, შეგროვებისა და დამუშავების უნარს.
ამიტომ გასაკვირი როდია, რომ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში დიდ მნიშვნელობას იძენენ მეცნიერების არატრადიციული დარგები, რომლებიც უპირატესად მეტაკვალიფიკაციისათვის არიან გამიზნულნი. ლაპარაკია ისეთ მეცნიერებებზე, როგორიცაა: მართვის სისტემების ორგანიზაცია, მართვის სოციალური ფსიქოლოგია, გადაწყვეტილებების მიღებისა და თამაშის თეორია და ა.შ.
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაობებს. ცნობილ ექსპერტ თ. სთოუნერის აზრით: „ინდუსტრიული საზოგადოების პოსტინდუსტრიულზე მწყობრი გადასვლის საუკეთესო სტრატეგიაა განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი აგრეთვე საცდელ-საკონსტრუქტორო გამოკვლევების ფართომასშტაბიანი დანერგვა... სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სისტემა მიმართული უნდა იყოს იმ სიმდიდრის შექმნაზე, რომელიც ეკონომიკის საზოგადოებრივი სექტორის განვითარებას ემსახურება“.
(მესამე ნაწილის დასასრული)