„სახელისუფლო პარტია როდესაც ხალხს იწვევს, პირველ რიგში, მამაძაღლები მივარდებიან“

„სახელისუფლო პარტია როდესაც ხალხს იწვევს, პირველ რიგში, მამაძაღლები მივარდებიან“

„რისკი იმისა, რომ მომავალი პარლამენტი კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე დღევანდელია, საკმაოდ მაღალია“,- აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას და განმარტავს, რომ ამ დეპუტატთა უმრავლესობას ხელისუფლება მძევლად ჰყავს აყვანილი.

მართალია, დღევანდელი ხელისუფლება პარტიულ გადახალისებას და საკადრო წმენდა აანონსებს, მაგრამ არ ვიცით, ეს წმენდა საჯარო მოხელეებს შეეხება თუ მოქმედ პარლამენტარებ, რომელთა შესახებაც ბიძინა ივანიშვილმაც დაიჩივლა, რომ უმრავლესობას საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა და პარლამენტში უფრო მეტი იურისტი უნდა ყოფილიყო.

- ხელისუფლება დღეს იმ დეპუტატების მძევალია, რომლებიც თვლიან, რომ ისინი პირნათლად ემსახურნენ ამ ხელისუფლებას და, შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული უფლებები, ხელისუფლებას კი მათ მიმართ გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. აქედან გამომდინარე, მიუხედავად გაცხადებული კეთილი მიზნებისა, რომ გუნდს გადაახალისებენ, ხელისუფლებას მანევრის საშუალება თითქმის არ აქვს. კოსმეტიკური ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ, საწუხაროდ, ამ დეპუტაციის ძალიან დიდი ნაწილი ისევ სიაში დარჩება. ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ როდესაც საუბარი იყო საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე, არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან ის იყო, რომ მაჟორიტარებთან რაღაც ვალდებულებები გვაქვს და ამას ვერ გავაკეთებთო. შე, კაი ადამიანო, თუ მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ გაქვს ამხელა ვალდებულებები, რომლებიც საერთოდ „ქართულ ოცნებაში“ არც იყვნენ, ნაცმოძრაობიდან გადმოხტნენ „ქართულ ოცნებაში“ და, თუ მათ გამო დემოკრატიზაცია ვერ დაგიწყია ქვეყანაში, საკუთარ დეპუტატებთან ხომ უფრო მეტი ვალდებულებები გექნება?! ასე რომ, ეს კეთილი გაცხადებული მიზნები უფრო ოცნებებია ზოგიერთი პარტიული, უმწიფარი, ახლადგამოჩენილი მოღვაწის მხრიდან, რომლებსაც ბავშვური ინფანტილური მისწრაფებები აქვთ. რეალურად საქმე საქმეზე რომ მიდგება, იქ გამოჩნდება, რომ არც ისე ადვილია ბევრი დეპუტატის მოშორება ახალი სიიდან.

ჯერ ხომ სიების დადგენაზე საუბარი ნაადრევია?

- ეს ხალხი ჯერ კიდევ პარლამენტში ზის. მათ ბევრი რამის გაკეთება არა, მაგრამ გაფუჭება შეუძლიათ. არადა, სიები მანამდეა დასადგენი, სანამ, ისინი პარლამენტში ისხდებიან, თორემ წყვეტა მოხდება. როგორ მოახერხებენ ამას, ძალიან მაინტერესებს. ეს ადამიანები ძალიან აგრესიულად ივაჭრებენ. მათი მოშორება ადვილი არ იქნება. არ ჩანს იმ პარტიის გზა, რომელიც Jobs.ge-ზე დებს განცხადებებს დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაძებნად. რომელ გადახალისებასა და ახალ თუ ნათელ სახეებზეა საუბარი?! ეს ძალზე არასერიოზულად გამოიყურება.

შიდა პარტიულ დონეზე საკადრო წმენდაზე საუბარი რომ მიმდინარეობს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ცოტა ხნის წინრა? სად? როდის?“ ინტელექტკლუბის წევრების მიზიდვაც კი დააპირა პარტიაქართულმა ოცნებამ“. ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ჩვენს საზოგადოებაში საკადრო პრობლემაა, მაგრამ საკადრო პრობლემაზე უფრო რთულია ის ფაქტი, რომ ნაციონალური ერთგულების პრინციპიქართულ ოცნებაშიცმოქმედებს.

- ნორმალური ადამიანები, პროფესიონალი კადრი საქართველოში არის და ამის ნაკლებობას არ განვიცდით. იმისთვის, რომ ეს კადრები გაააქტიურო და სახელმწიფო მშენებლობაში მიაღებინო მონაწილეობა, ქვეყანაში პოზიტიური ტენდენციები უნდა გქონდეს. როგორც წესი, ასეთი ადამიანები არ არიან ძალიან აქტიურები, მათი ჩრდილიდან გამოყვანა რთული პროცესია, ისინი არ არიან კარიერაზე ორიენტირებულნი და ისინი თავად უნდა ეძებო, რადგან არასოდეს მოგძებნიან. ეს ე.წ. ეიჩარი „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა და მუშაობს ძალიან ცუდად. სახელისუფლო პარტია როდესაც ხალხს იწევევს, პირველ რიგში, მამაძაღლები მივარდებიან და დადგებიან რიგში. ყველა ხელისუფლების დროს ასე ხდება, შემდგომ უკვე გაცხრილვის მექანიზმი არ მუშაობს ჯანსაღად და არასახარბიელო სურათს ვიღებთ.

კომპეტენტურ პროფესიონალებს დღეს უკვე დაეწყოთ „ქართული ოცნებით“ იმედგაცრუება. ისინი შორიდან უყურებენ „ოცნებას“ და აღარ მოსწონთ. მათი მიზიდვა „ქართულ ოცნებაში“ დაგვიანებულია. ერთი პერიოდი, თუ კიდევ შეიძლებოდა მათი მიწვევა, დღეს უკვე „ქართულ ოცნებაში“ აღარ მივლენ, რადგან სკეპტიკურად უყურებენ ამ პოლიტიკური ძალის მომავალს. ადამიანები, რომელთაც სურთ, რაღაც გააკეთონ, ერთი მხრივ, ვერ უძლებენ კონკურენციას მამაძაღლებთან, მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, აღარ მოსწონთ.

საქართველოში პარტიული ერთგულება ძალიან ფასობს. ნაციონალები მაღალი თანამდებობით აჯილდოებდნენ ერთგულებს. ამ ტენდენციას ნაწილობრივ მიჰყვაქართული ოცნებაც“, მაგრამოცნებისკადრი პოლიტიკურად უფრო სუსტი აღმოჩნდა. ამას რით ახსნით?

- საერთოდ, პარტია იქმნება ოპოზიციაში. ხელისუფლებაში პარტიის შექმნა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთგულების ნიშნით მოახდინა ეს ყველაფერი, მაგრამ მათ ჰქონდათ გარკვეული იდეოლოგიური პლატფორმა, გარკვეული ამოცანები. გარდა ამისა, მათ ე.წ. საკადრო პოლიტიკა ჯერ კიდევ ოპოზიციაში განახორციელეს, ანუ ბრძოლაში გამოიცადნენ და ხელისუფლებაში უკვე შევიდნენ მობილიზებულნი, ერთიანი იდეოლოგიური პლატფორმით. დღევანდელი ხელისუფლება კი თავიდანვე ეკლექტური იყო. კოალიცია რომ შეიქმნა, თანამოაზრეობის პრინციპი არ იყო მთავარი. ამ ვითარების ფონზე პარტია „ქართული ოცნება“ ნომინალურად არსებობდა. ანუ, ეს პარტია რეალურად არც არსებობდა და იყო ახლად დაფუძნებული ფორმალური გაერთიანება, რომელშიც რეალური პოლიტიკური ლიდერები არც იყვნენ. ხელისუფლებაში მოსული ასეთი პარტია ძალზე რთულად ვითარდება, რადგან, როგორც აღვნიშნე, ხელისუფლებაში პარტიის ფორმირება ძალზე რთულია. შესაბამისად, ნორმალური ხალხის მოყვანა, თუკი კარგად არ მუშაობს შენი „ეიჩარი“, შეუძლებელია. ამ ობიექტურ პრობლემებს დაემატა სუბიექტურიც. მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ იყო ჩადებული ამ პარტიის ორგანიზაციულ ნაწილში. ცოტა ხნის წინ ჰქონდათ ამის მცდელობა, მაგრამ ისევ შეცდომებით დაიწყეს. პარტიულ ორგანიზატორებად მოიყვანეს ადამიანები, რომელთაც ამის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ. არ ვიცი, სიმპათიურობის გამო, თუ რის გამო შეარჩიეს ისინი, მაგრამ ამ გამოუცდელმა და მოუმწიფებელმა ადამიანებმა გამოაცხადეს დიადი მიზნები, შედეგად კი ვერაფერი მიიღეს და ვერც მიიღებენ. უნდა იცოდე ეს საქმე. ასე არ არის, რომ შენ რადგან ორი კანონი წაგიკითხავს, ან კონსტიტუციონალისტი ხარ, უცბად პარტია ააშენო.

დეპუტატებს მივუბრუნდეთ. სხვა ქვეყნებშიც დეპუტატთა შორის გვხვდებიან მსახიობები, რეჟისორები, სპორტსმენები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მაგრამ საქართველოში დეპუტატთა პროფესიული სიჭრელე მტკივნეული აღმოჩნდა. თუ შეგიძლიათ მიუთითოთ, ვინ იმსახურებს თქვენს განსაკუთრებულ კრიტიკას, თუნდაც პროფესიებიდან გამომდინარე?

- არ მინდა პროფესიებზე ლაპარაკი. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს პოლიტიკაში, მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანს მყარი პრინციპები უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, პროფესიონალი პოლიტიკოსები შეადგენენ ამა თუ იმ პარტიის ძირითად ხერხემალს, მაგრამ მათ გარდა შეიძლება იყვნენ სხვა პროფესიიდან მოსულებიც. დღეს ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომლის ყველა გადაწყვეტილებაც, ყველა ქმედება და არგუმენტი აგებულია იმაზე, თუ ვისი კაცია, არა იმაზე, თუ რომელ ფასეულობებს ემსახურება, რისთვის მოვიდა პოლიტიკაში, ვისი კაციც არის, იმის დირექტივას ელოდებიან. ეს არის პრობლემა, მსახიობში კი არ არის პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ ვიღაც მსახიობი ან სხვა პროფესიის დეპუტატი არ ფიქრობს, ჩემს ქვეყანას რა გავუკეთო, როგორ განვითარდეს პოლიტიკურად, კანონშემოქმედება როგორ ისწავლოს.

როცა პრეზიდენტს გამწარებულები ლანძღავენ, მათი არგუმენტები ისაა, შენ ხომ ამის კაცი ხარ და მის წინააღმდეგ რატომ მიდიხარო?! ასე წარმოუდგენიათ საპარლამენტო ცხოვრება. შენი აზრი არ უნდა გქონდეს და ვისი კაციც ხარ, იმას კოჭი უნდა უგორო?

თქვენ ერთგან აღნიშნეთ, უსუფაშვილის სახით ხელთ შევარდნაძე შეგვრჩა, ძველი უსუფაშვილი დავკარგეთ და ძალაუფლებამ მძევლად აიყვანაო. დღესაც ასე ფიქრობთ, რომ შევარდნაძის სტილს დაემსგავსა უსუფაშვილის ნათქვამი და ის არც მწვადს წვავს, არც შამფურს?

- მიუხედავადა ჩემი კრიტიკისა, მის განათლებას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მაინც პატივს ვცემ. არც იმას ვამბობ, რომ მან შიგნით დაკარგა ეს ფასეულობები. უბრალოდ, პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ის სახელისუფლო თამაშებში ჩაითრია, რამაც ფუნდამენტი შეურყია მის პიროვნებას, მის მთავარ ფასეულობებს. ისიც იძულებული გახდა, სახელმწიფოებრიობასთან, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან შესულიყო კონფლიქტში და კონკრეული მერკანტილური პოლიტიკური ინტერესების გამო კომპრომისზე წასულიყო, ეს ჩემთვის არ არის მისაღები.

კარგი იყო თუ ცუდი შევარდნაძე, მე ამაზე არ ვდაობ. შევარდნაძესაც ჰქონდა გარკვეული კითხვები, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელსაც ძალაუფლებისთვის, პოლიტიკური ინტერესებისთვის შეეძლო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმისთვის, რაც დემოკრატიზაციის გზაზე იყო, გადაეხვია ან რაღაც გაუგებარი მანევრები ჩაეტარებინა. რაც შეეხება უსუფაშვილს, ამ ბოლო დროს ნაცვლად იმისა, რომ რაღაცას პირდაპირ დაარქვას სახელი, ის არ არქმევს სახელს, რადგან რაღაც კონიუნქტურაში ზის. ადამიანი, რომელიც კონიუნქტურაში აღმოჩნდება, ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, თუ დაკარგული არა, ძალიან შელახულია.

რა შემთხვევაში წავიდა უსუფაშვილი კომპრომისზე?

- თუნდაც ახლა, იმავე მერაბ ტურავას საქციელთან დაკავშირებით, როცა არც მწვადი დაწვა, არც შამფური, თუნდაც, იმავე ღარიბაშვილის ნათქვამთან დაკავშირებით, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუთითა, პროვოკატორები, იქნებ, მოაშოროთო, ამაზე უსუფაშვილმა თქვა, მე გავეცნობიო. ეს ყველაფერი უსუფაშვილს არ უხდება. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, ეს იქნება საკუთარი თავის პატივისცემაც და სახელმწიფოს პატივისცემაც. როცა ადამიანი ასეთ აზროვნებას იწყებს, ის ძალაუფლების მძევალი ხდება.

მაგრამ ნაკლებად მახსენდება პოლიტიკოსი, რომელიც მწვადსა და შამფურს არ წვავდეს.

- ეს არის სამწუხარო. ოპოზიციაში ყოფნისას ვიბრძვით იდეალებისთვის. მაშინ ვიქნებით დიდი პატრიოტები, როდესაც ეს იდეალები გადაგყვება ხელისუფლებაშიც და ისეთივე დავრჩებით, როგორებიც ვიყავით ოპოზიციაში. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ამ წრეზე ვიტრიალებთ.

სამი წლის განმავლობაში არცერთმა დეპუტატმა არ დაგამახსოვრათ თავი პრინციპულობითა და სახელმწიფოებრივი ხედვით?

- ასეთი არ მახსენდება. ძალაუფლებით გამოცდა რომ უმძიმესია, მე ამაში პირადად დავრწმუნდი. საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი მეგულება, ვინც ეს გამოცდა ჩააბარა ან აქვს ამ გამოცდის ჩაბარების მიზანი. კონკრეტული გვარების დასახელებისგან მაინც თავს შევიკავებ, როგორც პოზიტიური, ისე უარყოფითი კუთხით.

ზოგიერთები ამბობენ, რომ ამ დეპუტატების კისერზეა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული კანონებისა და ინიციატივების მიღება, რომლებიც შავ ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას. მათ შორის, საუბარია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე. თქვენ რას ფიქრობთ?

- ასე არ ვფიქრობ. ეს ხელისუფლება რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ჰუმანურობით, ადამიანურობით ბევრად წინ არის, აშკარაა. წინა ხელისუფლებას არც ვადარებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ აქვთ. კი ბატონო, მიიღონ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, მაგრამ ის ვალდებულებები, რაც წინასაარჩევნოდ ავიღეთ, არცერთი არ შესრულებულა, ან შესრულდა ფასადურად. მოსმენების კანონს გაგახსენებთ. საარჩევნო კანონთან დაკავშირებითაც უმრავლესობაში გვყავს დეპუტატები, რომლებიც შიმშილობდნენ, რომ მაჟორიტარული არჩევნები გაუქმებულიყო. დღეს კი ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით თურმე ამას ვერ გააკეთებენ. ეს მათი მხრიდან განვლილ ცხოვრებაზე უარის თქმას ნიშნავს. პიროვნულად ვეკითხები, ღირს ძალაუფლების შენარჩუნება ამად? რისთვისაც იცხოვრეს დღემდე, ეს ყველაფერი უნდა გადაშალონ? მე მგონი, არ ღირს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, ივანიშვილი მარსიდან და მთვარიდან ხომ ვერ ჩამოიყვანს ახალ რაფინირებულ პოლიტიკოსებს, ანუ რაც არის, ეს არისო. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით რეგიონებში ისევ ყოფილი ნაციონალები წინაურდებიან და ეს იწვევს უკმაყოფილებას.

- თავისთავად ასე ხდება. როდესაც ფორსმაჟორში უცბად აცხადებ კასტინგს, ბუნებრივია, პირველი ნაციონალი მოირბენს, რომელსაც პრინციპები არ აქვს და მარტო ძალაუფლება უნდა. მოკლედ, მამაძაღლების დოღია. იმის რისკი, რომ მომავალი პარლამენტი კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე დღევანდელია, საკმაოდ მაღალია. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და, ვინც დღეს კიდევ ნორმალურია დარჩენილი, ისინი აღმოჩნდნენ სიის გარეთ. იმიტომ, რომ იდაყვებით კარგად ვერ იმუშავებენ ამ სიის ფორმირების პროცესში. აქეთკენ მიდის ყველაფერი და არა იქითკენ, რასაც გვიცხადებს ზოგიერთი პარტიული ორგანიზატორი, რომ თურმე ახალი სახეები უნდათ. ის ახალი სახეები ისეთი დამჟავებული შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სააკაშვილის წინანდელიც იყოს, ანუ ჭაობიდან ამოყვანილი ადამიანები.

ამ ყველაფერს, ალბათ, ბიძინა ივანიშვილიც ხედავს.

- ივანიშვილს ნუ დავაკისრებთ იმაზე მეტ ვალდებულებას, რაც ერთმა ადამიანმა შეიძლება ზიდოს. ნაციონალური რეჟიმის პირობებში ცხოვრებიდან რომ ამოვსულიყავით, ეს მთავარი ამოცანა საკუთარი სიცოცხლის ფასად შეასრულა. დამერწმუნეთ, ახლანდელ კი არა, მაშინდელ სიასთანაც ივანიშვილს პრაქტიკულად შეხება არ ჰქონია. ერთადერთი, ივანიშვილი რასაც აკეთებდა, ის იყო, რომ პარტიები სიის გამო ერთმანეთს ყელში რომ წვდებოდნენ, რაღაცნაირად ცდილობდა, მათ ერთმანეთი არ დაეჭამათ, ცდილობდა, ჩაეცხრო ამათი ემოციები, პატარა ბავშვებივით რომ იქცეოდნენ. მეც იქ ვიჯექი და ვიცი, რაც ხდებოდა. სიების დაკომპლექტებისას ივანიშვილი მაშინ არ ჩარეულა და დარწმუნებული ვარ, არც ახლა ჩაერევა. მაშინდელი სიები პოლიტსაბჭოს მიერ იყო დაკომპლექტებული და ყველა ითხოვდა საკუთარ კადრებს. წარმოიდგინეთ, ახლა რა მოხდება. მაშინ კიდევ ოპოზიციაში იყვნენ, დათვი ჯერ მოკლული არ იყო და გასაყოფიც ბევრი არ ჰქონდათ. ახლა რა საშინელება დაიწყება, წარმოდგენილი მაქვს.