„უგულავას განთავისუფლება და შემდეგ, მტკიცებულების საფუძველზე მისი დაკავება, პოლიტიკურ ქულებს მოუტანს ხელისუფლებას“

„უგულავას განთავისუფლება და შემდეგ, მტკიცებულების საფუძველზე მისი დაკავება, პოლიტიკურ ქულებს მოუტანს ხელისუფლებას“

„უგულავა არ არის დღეს პრობლემა - თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, პირიქით უგულავას განთავისუფლება და შემდეგ, ამ მტკიცებულების საფუძველზე მისი დაკავება, პოლიტიკურ ქულებს მოუტანს ხელისუფლებას, ვიდრე მისი 2 თუ 3 დღით ციხეში ყოფნა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, სად იქნება უგულავა.

 

მერაბ ტურავა ამბობს, რომ არ ეცა საშუალება გაცნობოდა საქმის სარეზოლუციო ნაწილს და სწორედ ამიტომ არ მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას. ამის მიუხედავად, ტურავას საკითხი შესასწავლად საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გადაეცა. მიიღო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება?

-საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობს თავისი დებულებით, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან. რამდენადაც ვიცი, ტურავა ვალდებული იყო, ხელი მოეწერა იმ გადაწყვეტიელაზე, რაც იქნა მიღებული, ვალდებულება არის შესასრულებელი. თუ არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, შეეძლო გაეკეთებინა განცხადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელი არ უნდა მოეწერა.

მაგრამ, ის აცხადებს, რომ მიზეზი რის გამოც ამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა არის ის, რომ არ მიეცა საშულება საქმის სარეზოლუციო ნაწილს გაცნობოდა. ალბათ დამეთანხმებით, მოსამართლე ვალდებულია გაეცნოს სარეზოლუციო ნაწილს. როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი საათით ადრე აძლევენ მოსამართლეს ხელოსაწერად სარეზოლუციო ნაწილს, ტურავას არგუმენტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მას ხელი არ მოეწერა ამ გადაწყვეტილებისთვის?

-სამართლებლიბად ტურავა ვალდებული იყო ხელი მოეწერა, მაგრამ თუ პრინციპულად არ მოაწერა ხელი, მაშინ ბუნებრივია, რომ მას მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დატოვება.

ტურავას საკითხი შესასწავლად საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გადაეცა, როგორ ფიქრობთ, დაიწყება ტურავას მიმართ დისციპლინური დევნა?

-ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო კომისაია. იმ შემთვევაში, თუ მერაბ ტურავას ქმედებები სამართლებლივად გამაგრებული არ არის, რა თქმა უნდა, სადისციპლინო კომისიამ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სწორი. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც საკონსტიტუციო, ისე სასამართლო სისტემის იმიჯის ჩამოყალიბება.

თუ საკითხს პოლიტიკური კუთხით შევხედავთ, „ქართული ოცნებისთვის“ გაცილებით წამგებიანია ის პროცესი, რაც ამ საკითხმა გამოიწვია. თუ ტურავასთვის მიღებელია სასამართლოს ქმედება, რომელიც მის მიმართ განხორციელდა, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება ის, რომ არ დაელოდოს სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებას და პროტესტის ნიშნად თავად დატოვოს მოსამართლის თანამდებობა. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ამ შემთხვევაში როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ტურავასთვის და ასევე სასამართლოს იმიჯის შესაქმენელად.

გასაგებია, რომ სასამართლოს იმიჯის შესაქმნელად ტურავას მხრიდან კარგი გადაწყვეტილება იქნება დატოვოს თანამდებობა, მაგრამ ზეწოლა არ არის, როდესაც მოსამართლე არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და ამის მიუხედავად თავმჯდომარე ითხოვს მოაწეროს ხელი? მით უფრო, იურისტები განმარტავენ, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისულიყო მოსამართლესთან და ეთხოვა, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებისთვის, რომლის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლისთვის ცნობილიარ არის...

-საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ნაციონალების გუნდის წევრი, საქმე ეხება უგულავას და ამ საქმის პოლიტიკური ფონიც გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს სასამართლოს თავმჯდომარე ნაციონალია თუ არა, თუ რეგლამენტით ეტევა თავის უფლებამოსილებაში. ტურავას მოსთხოვეს კანონით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება და რა ზეწოლაზეა საუბარი? თუ კანონდარღვევით მოსთხოვა ხელის მოწერა, მაშინ ეს უნდა გაასაჩივროს. მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესია, მაგრამ პოლიტიკური ფონი მთავრდება იქ, სადაც იწყება სამართალი.

თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ ჩაქარობს ასე საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარე, რატომ იყო მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ 16 სექტემბერს სასწრაფო წესით გამოცხადებულიყო გადაწყვეტილება?როგორ ფიქრობთ, რა კავშირშია პაპუაშვილის სიჩქარე რიყის ტერიტორიის და„ტელეიმედის“გასხვისების საქმის განხილვასთან, სადაც გიგი უგულავას დანაშაული უმტკიცდება?

-გასაგებია რატომაც ჩქარობენ და ალბათ რეალურად ასეც არის. კი ბატონო ჩქარობენ, მაგრამ კანონის ფარგლებში მოქმედებენ? გასაგებია პოლიტიკური ფონი, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვენივრად იციან კანონი და სწორედ ამ კანონის გამოყენებით იღებენ მათვის სასურველ გადაწყვეტილებას. ღიად ამბობენ, რომ ასე გვინდა და ამიტომ ვაკეთებთო. მაგრამ ამას აკეთებენ იმ კანონის შესაბამისად, რაც ქვეყანაში მოქმედებს. თუ ვინმეს არ მოწონს ეს კანონი და თვლის, რომ კანონში არის ხარვეზები, არსებობს უმრავლესობა და შეუძლიათ შეცვალონ კანონი.

რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ნაწილს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ უგულავას პატიმრობაში ყოფნით  დაინტერესებულია  ბიძინა ივანიშვილი. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილისთვის სად იქნება უგულავა?

-ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ ყველაფერი დაბრალდეს ერთ კაცს, ეს არის ჩვეულებრივი პიარი. ეს არის პოლიტიკური პიარი და სხვა არაფერი. უგულავა ციხეში იქნება, თუ ციხის გარეთ, ამით ივანიშვილისთვის რა შეიცვლება. არ ვთვლი, რომ ნაციონალების განცხადება რეალობასთან ახლოს იყოს. ივანიშვილისთვის სულ ერთია სად იქნება უგულავა.

მაგრამ რამდენად არის სულ ერთი უგულავას ადგილსამყოფელი იმ პოლიტიკური გუნდისთვის, ვინც ხელისუფებაშია?

-სიმართლე გითხრათ ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, სად იქნება უგულავა. მერწმუნეთ, რომ უგულავა არ არის დღეს პრობლემა. თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, პირიქით უგულავას განთავისუფლება და შემდეგ, ამ მტკიცებულების საფუძველზე მისი დაკავება, პოლიტიკურ ქულებს მოუტანს ხელისუფლებას, ვიდრე მისი 2 თუ 3 დღით ციხეში ყოფნა.