„თითქოს ლაპარაკია არა თბილისზე, არამედ - ტრიალ მინდორზე“

„თითქოს ლაპარაკია არა თბილისზე, არამედ - ტრიალ მინდორზე“

„თბილისს ძალიან მაღალი ხარისხის გენერალური გეგმა ექნება“,-ამ სიტყვებით მიულოცა დამსწრეებს დედაქალაქის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის დასრულება. კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული კომპანია დასახელდა. უკვე ცნობილია, რომ გამარჯვებული კონსორციუმი  ადგილობრივი, გერმანელი და ფრანგი წამყვანი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული.

უფრო კონკრეტულად, დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებაზე ხელშეკრულებას შპს „თბილისი ჯგუფის“, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, „Albert Speer & Partner GmbH“-ის (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილსა და მამუკა სალუქვაძესთან გააფორმებს. ხელშეკრულების საფუძველზე არაუგვიანეს 18 თვეში კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარადგინოს.

„თბილისი ჯგუფის“, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, „Albert Speer & Partner GmbH“-ის (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილისა და მამუკა სალუქვაძის პროექტში საუბარია იმაზე, რომ თბილისში არ უნდა იყოს ტრანზიტული მოძრაობა. ავტორები მიიჩნევენ, რომ თბილისის განაშენიანება უნდა შებრუნდეს მდინარისკენ და მოსახლეობამ ქალაქის ეს ნაწილი აითვისოს საფეხმავლო ბილიკებისა და რეკრეაციული ზონების სახით.

ავტორების მოლოდინით, თბილისი უნდა იყოს კომპაქტური, რესურსდამზოგავი და ჭკვიანი ქალაქი; ასევე,- მრავალკულტურული, ფეხმავალთა, ველოსპედისტთა ქალაქი. გარდა ამისა, თბილისი უნდა გახდეს პოლიცენტრული დასახლება, რის შედეგადაც განიტვირთება ცენტრში ავტომობილების მოძრაობისგან. პოლიცენტრულობა თბილისში გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრებს, რაც ქალაქის განვითარებას ხელს შეუწყობს.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ დედაქალაქში დაცული უნდა იყოს თბილისის კულტურული მემკვიდრეობა. შემოვლითი რკინიგზა უნდა განხორციელდეს და ნავთლუღსა და დიდუბეში გაჩნდეს ჩიხური სადგურები. პროექტის მიხედვით, სანაპიროზე, გმირთა მოედნიდან ბარათაშვილის ხიდამდე უნდა მოეწყოს გამწვანებული სარეკრეაციო ტერიტორია, სადაც სანაპიროზე, გალაქტიონის ხიდიდან ბროსეს ქუჩის მიმდებარე მოედნამდე ავტოტრანსპორტი გვირაბში იმოძრავებს. ვახუშტის ქუჩის გაგრძელებით კი დამყარდება განივი კავშირი ქალაქის ორივე ნაწილს შორის.

პირველ ადგილას გასული კომპანიის გარდა, მერიის საკონკურსო კომისიამ კიდევ ორი გამარჯვებული გამოავლინა. მეორე ადგილი - შპს„არტსტუდიო პროექტის“, „Metrogramma Mobility in Chain“-ის, „Aecom“-ისა და გიორგი სულაბერიძის ერთობლივმა ნამუშევარმა დაიკავა.

მესამე ადგილზე შპს„გეოგრაფიკის“, „KCAP“-ის, „Burohappold Engineering“-ის, „Studio 21“-ის და გიორგი გოცირიძის ერთობლივი პროექტი გავიდა.

მერიის ცნობით, წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით,  I ადგილისათვის - 50 000 ლარს, II ადგილისათვის - 30 000 ლარს, ხოლო III ადგილისათვის - 20 000 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება პირველ აგვისტოს დასრულდა. მერიაში 11 განაცხადი შევიდა, რომელთაგან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის განხილვის შედეგად 3 გამარჯვებული გამოავლინა.

გენგეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, (მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის) გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს. მერიის ცნობით, აღნიშნული მომსახურების საფასური  400 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ქალაქის გენგეგმა არ არის, ეს არის მხოლოდ ამ გენგეგმის მცირედი ნაწილი, ანუ მიწათსარგებლობის გენგეგმა. დედაქალაქის რეალური გენერალური გეგმის განხორციელება კი ურთულესი პროცესია, რომელიც უამრავ საკითხს უნდა მოიცავდეს. უპირველეს ყოვლისა, გენგეგმა უნდა ნიშნავდეს ქალაქის ჯანმრთელობას, აქ თავმოყრილი უნდა იყოს ტრანსპორტი, ეკოლოგია, სპორტი და ყველა საკითხი, რაც ქალაქსა და ადამიანს სჭირდება.

„ეს უფრო სურვილების ჩამონათვალია. თითქოს ლაპარაკია არა თბილისზე, არამედ ტრიალ მინდორზე. ნაკლებად არის ამ იდეებში გათვალისწინებული არსებული სიტუაცია. არადა, ჩვენი დედაქალაქი უკვე არსებობს; არსებობს, ასევე, ქალაქის ორგანიზმი, უკვე ჩამოყალიბებულია ინფრასტრუქტურა და იმის მიღწევა, რაც ჩამოთვალეთ, აბსოლუტურად შეუძლებელია უკვე არსებულ ქალაქში. ეს არის იდეალური ქალაქის ვარიანტი, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი რეალობა. ამიტომ ამ პროექტის განხორციელება ძალზე საეჭვოა. არ ვიცი პროექტის ავტორების გვარები და არც მინდა ვიცოდე. არ იქნება სწორი, რომელიმე ერთი ავტორის კონცეფციაზე ვისაუბროთ, როდესაც ჩვენ დანარჩენ ავტორებს არ ვიცნობთ. ხომ შეიძლება, იქ უფრო საიტერესო და რეალური პროექტები იყო?! წესით, გენერალური გეგმა წლების სისტემატური მუშაობის, სპეციალური ინსტიტუტის მიერ შექმნილი პროდუქტია, სადაც ჩართულები არიან არქიტექტორები, ეკოლოგები, ურბანისტები, ტრანსპორტის თემაზე მომუშავე ჯგუფები. კონკურსები, დაკვეთები, უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა გენერალურ გეგმას ვერ დაძლევს, თუ არ ჩამოყალიბდა ქალაქგეგმარების სპეციალიზირებული ინსტიტუტი. ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და სისტემატურად, კომბინირებულად მუშაობენ ამ საკითხებზე. მხოლოდ ასე შეიქმნება ქალაქის განვითარების სწორი დოკუმენტი. ეს კი მაინც თვალში ნაცრის შეყრაა, რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ვფაფხურობთო,“-აცხადებს ვახტანგ დავითაია.

ამასთან, განმარტავს, რომ, რაოდენ კეთილშობილურიც არ უნდა იყოს ავტომობილების მოძრაობისგან დედაქალაქის განტვირთვის იდეა, მანქანებისგან აბსოლუტურად ვერ განიტვირთება ჩვენი ქალაქი, ვინაიდან ამ ადგილებს უკვე აქვთ თავიანთი მიზიდულობის კოლოსალური მუხტი. შესაბამისად, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში მისასვლელად კილომეტრებზე ფეხით არავინ ივლის.

არქიტექტრის აზრით, ქალაქის განტვირთვის ერთადერთი რეალური ეფექტური საშუალება არის ფუნქციების მთლიანად გატანა და ქალაქის სატელიტების განლაგება თბილისის გარშემო, სადაც იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ისე საცხოვრებლები. ეს სტრუქტურა კი დაკავშირებული იქნება ქალაქის ცენტრთან მეტროს საშუალებით. სწორედ ასე დააპროექტეს პარიზი და სხვა ევროპული ქალაქები.

„ტრანსპორტის პრობლემის გადაწყვეტა საინჟინრო-ტექნოლოგიური გზით (ესტაკადებით და სხვა) წარმოუდგენელია. ეს დროებითი ღონისძიება იქნება. სხვათა შორის, ქალაქის განტვირთვის დიდი პოტენციალია, ასევე, ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული წესის დანერგვა. მაგალითად, სამუშაო დღის დაწყება ორი საათით ადრე და ორი საათით გვიან დამთავრება, ანუ გადანაწილება ოთხ პერიოდზე. რა თქმა უნდა, სამომსახურებო ტრანსპორტის მოძრაობა დღის საათებში დაუშვებელია. ყოვლად დაუშვებელია, დილიდან საღამომდე ნაგვის მანქანები კეტავდეს გზებს და უამრავ მაღაზიას უზარმაზარი მანქანები ემსახურებოდეს. ეს კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. რაც შეეხება თბილისის განაშენიანების მდინარისკენ შებრუნებას,

ჯარში რომ ვიყოთ და ვუბრძანოთ ადამიანებს - „მარჯვნისაკენ, შეტრიალდით!“-ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ „შეტრიალდით მდინარისკენ“- ასე არ გამოვა. როგორ უნდა შეტრიალდეს ქალაქის განაშენიანება მდინარისკენ?! ეს წარმოუდგენელია. რაც არის, ის არის. ნაკლებად არის ამ იდეებში გათვალისწინებული არსებული სიტუაცია, სხვათა შორის, თბილისი მტკვრისკენ საკმაო დოზით არის შეტრიალებული და აქ არ არის ზურგითი განაშენიანება“,-მიიჩნევს არქიტექტორი.

საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისის გენმგეგმაზე მუშაობა ნაციონალოების დროს იყო დაწყებული, ქალაქის სტრატეგია მათ თითქმის ბოლომდე ჰქონდათ მიყვანილი და თბილისს უნდა მომსახურებოდა შემოვლითი რკინიგზა. გარდა ამისა, მდინარესთან მისასვლელები უნდა გათავისუფლებულიყო.

„ეს მოთხოვნები თუ ჩაიდო ახალ გენგეგმაში, ძალიან კარგი იქნება. აბა, იმას ხომ არ დაწერდნენ, რომ თბილისი საცობების ქალაქი უნდა იყოს და ცემენტისა და ნავთობმზიდების ტრანზიტად უნდა გადაიქცესო? ჩვენს პირობებში ეს უფრო სწრაფად გაკეთდებოდა, ხელი რომ არ შეეშალათ. მათი მოსვლის შემდეგ ჯერ კიდევ ორი წელიწადი ვიყავით ხელისუფლებაში. უფრო ადრე ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტდით, ხისტად არ შეიძლებოდა ამის მოგვარება, რადგან ჩვენ დაგვხვდა 90-იანი წლების დროს დამახინჯებული ქალაქი; აღარაფერს ვამბობ კომუნისტების დროს ხრუშჩოვკებით დაშავებულ არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე. ამ დანგრეულ ქალაქში უცბად გენგეგმის დადება უაზრობა იქნებოდა. ეს თანდათან, ხარისხიანად უნდა განხორციელებულიყო. ახალ გენგეგმაში თუ არ იქნება ჩადებული მილიარდელების ბიზნესინტერესები ან ვინმეს კორუფციული ინტერესი, ეს კარგი იქნება. იმდენად უუნაროები და უნიათოები არიან, ვშიშობთ, ეს გეგმა განხორციელდება თუ არა. სულ ამ გენგეგმას გვაძახებენ, თითქოს დანაშაული ჩავიდინეთ, რომ ტყუილი გენგეგმა არ დავდეთ. შემოვლით რკინიგზაზეც მოსმენილი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამი, რომ ეს არასწორი და არასასარგებლო პროექტია. 5 მილიონი დახარჯეს მის დაკონსერვებაზე, მაშინ როდესაც შეეძლოთ, სამ წელიწადში დაესრულებინათ. დღეს უკვე ამის სარგებლიანობა ფაქტია, ახლა სურთ, ხალხს დაავიწყონ, რომ ეს ჩვენი პროექტი იყო და 2016 წლის არჩევნებისთვის მიაწოდონ ხალხს ამ გენგეგმის ახალი პრინციპები. სულ ახლახანს ისეთი სისულელე განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილით გადაადგილება ფასიანი უნდა გახდესო. რა, ამით შეიზღუდება საცობი“? -აცხადებს სევდია უგრეხელიძე და ქალაქის განტვირთვის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს. ამისთვის ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, საჭიროა ხიდის გაკეთება ვეფხვისა და მოყმის ძეგლთან, რკინიგზის დასრულება აუცილებელია და არ არის საჭირო ბრძოლა „სითი-პარკთან“, რომელიც აწესრიგებს სადგომებს, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია საცობებთან.

სევდია უგრეხელიძის თქმით, არაფერს ნიშნავს ის არგუმენტი, რომ მანქანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რადგან ყველა ქალაქში ანალოგიური სიტუაციაა. უბრალოდ, საჭიროა, ამ პრობლემას ფეხდაფეხ მიჰყვე და ყოველთვიურად რაღაც ახალს აკეთებდე.

„ბრძანდებოდა დუბლინში ბატონი მერი, თითქოს იქიდან რაღაც პრაქტიკა უნდა ჩამოეტანა. ჩამოიტანა? ამ პრაქტიკის შესახებ რამე გსმენიათ? თუ მხოლოდ დუბლინში უნდოდა გასეირნება მერს. ესენი ებრძვიან ქარის წისქვილებს, გვებრძვიან ჩვენ“.