ამ დღეებში ჩვენს მეგობარს, თანამოაზრეს და თანამებრძოლს, შესანიშნავ ქართველ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, კახა კაციტაძეს 56 წელი შეუსრულდებოდა. ვინც კახას პირადად იცნობდა, ჰქონდა წაკითხული მისი ნაშრომები თუ პუბლიცისტიკა, მოსმენილი ჰქონდა მისი ლექციები, ყველა დაგვეთანხმება, რომ კახა კაციტაძის სახით საქართველომ, და არა მხოლოდ საქართველომ, უდიდესი მოაზროვნე დაკარგა. მკითხველს ვთავაზობთ კახა კაციტაძის დღემდე გამოუქვეყნებელი წერილის, „მოგონებები მომავალზე ანუ პოსტინდუსტრიალიზაცია, გლობალიზაცია და საქართველო“, მეორე ნაწილს.
For.ge-ს რედაქცია და მკითხველები მადლობას ვუხდით ბატონ გურამ სანადირაძეს და ბატონ ნიკოლოზ სანებლიძეს, რომლებმაც კახა კაციტაძის არქივში მოიძიეს და მოამზადეს აღნიშნული პუბლიკაცია.
********
ახალმა სისტემამ ძირეულად შეცვალა ურთიერთობები ადამიანებს შორის. ვერტიკალურ მიმართობებს ჰორიზონტალური ჩაენაცვლა. ამასთან ახალი სისტემა ისე აღმოჩნდა ორგანიზებული, რომ ცენტრალისტური და პარტიკულარული ტენდენციების გონივრულ ბალანსი გააჩნდა. ერთ სიტყვით, პარტიკულარიზმი და ცალკეულ პირთა თვითნებობა (ჩვენი ისტორიის მთავარ უბედურებად რომ მიგვაჩნია), გენეტიკურად კი არ მოჰყვება ქართველთა ფსიქოლოგიას, არამედ უმთავრესად სოციოკულტურული სისტემის ხასიათითაა განპირობებული. გააქრეთ ეს სისტემა და მედიდურობა-თვითნებობას ჩვენს ქვეყანაში თანამშრომლობა შეცვლის. თუმცა ჩვენთან ხომ ფარნავაზიდან სააკაშვილამდე მუდამ ერთი სისტემა იყო, არის და იქნება - ვერტიკალურად ორგანიზებულ-ფეოდალური.
პოსტინდუსტრიული საზოგადოების არსი
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიოს რიგ ქვეყნებში მეორე ტალღის ცხოვრების წესიდან მესამე ტალღაზე დაიწყეს გადასვლა. ყალიბდება პოსტინდუსტრიული საზოგადოება. ეს უკანასკნელი უპირატესად ინფორმაციულ და ტელეკომუნიკაციურ საშუალებებს ემყარება. ამასთან, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე ლაპარაკისას უნდა გვახსოვდეს, რომ მის დასახასიათებლად იმდენად ტექნოლოგიების მაღალი დონის აღნიშვნა კი არაა არსებითი, არამედ უფრო ის ზეგავლენა, რასაც ეს ტექნოლოგიები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ახდენენ.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან სოციალურ და მართვის სისტემებთან დაკავშირებულ მეცნიერებათა იმგვარი განვითარება დაიწყო, რამაც შესაძლებელი გახადა ორგანიზებულ სიმრავლეთა მართვის თეორიის შექმნა; მოხერხდა იმ პროცესთა ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია ცვლადთა დიდი რაოდენობის მქონე სიმრავლეებთან. პოსტინდუსტრიული საზოგადოების ეფექტური მართვისათვის აუცილებელია ისეთი სისტემების ფლობა, რომელთა ფუნქციონირება მილიონობით ადამიანის მოქმედებათა წარმატებულ კოორდინაციას გულისხმობს. შემთხვევითი როდია, რომ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლა ემთხვევა ისეთი მეცნიერებების შექმნასა და სწრაფ განვითარებას, როგორიცაა: კიბერნეტიკა, ინფორმატიკა, გადაწყვეტილებების მიღების თეორია და სხვა მისთანანი. ეს მეცნიერებები იკვლევენ სხვადასხვა სახის ორგანიზებულ სიმრავლეებს, აანალიზებენ მათში მიმდინარე პროცესებს და ცდილობენ უზრუნველყონ სხვადასხვა ალტერნატივებს შორის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა. ისინი თვით უკიდურესი განუსაზღვრელობის პირობებშიც კი ახერხებენ რაციონალურიLმომენტების გამოყოფას.
ორგანიზებულ სიმრავლეთა მართვის ახალი მეთოდები საშუალებას იძლევა განხორციელდეს ის, რასაც ცნობილი ფუტუროლოგი და სოციოლოგი დენიელ ბელი ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს უწოდებს. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ინტუიციურ მსჯელობებს ალგორითმებით ჩავანაცვლებთ. ეს უკანასკნელნი შეიძლება მატერიალიზებულ იქნენ გამომთვლელ მანქანებში, კომპიუტერულ პროგრამებში, ანდა ინსტრუქციათა იმგვარ პაკეტებში, რომელნიც მათემატიკურ, სტატისტიკურ ან სხვა სახის ფორმულებს ემყარებიან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პოსტინდუსტრიული ცხოვრების წესს ახასიათებს საზოგადოების პროგრამირებისა და რესურსების მობილიზების შეუდარებლად უფრო მაღალი ხარისხი, ვიდრე ინდუსტრიულს. პოსტინდუსტრიულ ერაში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ინერგება მართვის დიდი, ცენტრალიზებული სისტემები. ასეთი სისტემები მოიცავენ ინფორმაციებს მოხმარების, ჯანდაცვის, მეცნიერების, განათლების და სხვა სფეროების შესახებ.
დ. ბელი მიიჩნევს, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია სამი არსებითი ნიშანი:
ა) ინდუსტრიულისაზოგადოებიდანსერვისულსაზოგადოებაზეგადასვლა; ამ საზოგადოებაში მომსახურების სფეროს უფრო დიდი როლი აქვს, ვიდრე მრეწველობას. მსგავსად იმისა, როგორც ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლისას თანდათან იზრდებოდა მრეწველობის მნიშვნელობა და მცირდებოდა სოფლის მეურნეობის წილი, პოსტინდუსტრიულ დონეზე თანდათანობით მცირდება საწარმოო პროდუქციის წილი მოხმარების და საინფორმაციო უზრუნველყოფის სასარგებლოდ.
ბ) თეორიულიცოდნისკოდიფიცირებისგადამწყვეტიმნიშვნელობატექნოლოგიურიინოვაციებისთვის; ეს გულისხმობს, რომ ტექნიკურ-ტექნოლოგიური პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნის უმაღლესი განვითარების პირობებში.
გ) ინტელექტუალურიტექნოლოგიებისისტემურიანალიზისდაგადაწყვეტილებებისმიღებისძირითადელემენტადიქცევა. აქ, ცხადია, ლაპარაკია არა მარტო საბუნებისმეტყველო, არამედ პოლიტოლოგიურ, სოციოლოგიურ და სხვა სახის ტექნოლოგიებზე.
გარკვეული აზრით ყოველი საზოგადოება ემყარებოდა თეორიულ ცოდნას, მაგრამ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ამგვარი ცოდნა თვისობრივად ახალ განზომილებას იძენს. ხდება ტექნიკისა და მეცნიერების ძირეული შერწყმა და მათ საფუძველზე ტექნოლოგიის ფენომენი წარმოქმნება. ყოველივე ეს უბრალოდ ტექნიკური განვითარების ახალი დონის მაუწყებელი როდია, არამედ გულისხმობს ინფორმაციული მომსახურების თვისობრივად ახალი ფორმის მოძიებას. კომპიუტერიზებული ინფორმაციული კარტოთეკების შექმნამ შესაძლებელი გახადა ახალი ტიპის მომსახურებანი, როგორიცაა, მაგალითად, სპეციალიზებული ინფორმაციული სიების გაყიდვა საბაზრო მოხმარებისათვის. ამის ყველასათვის ნაცნობი შემთხვევა არის თვითმფრინავის ბილეთების კომპიუტერიზებული განაწილება, რის გარეშეც თანამედროვე ავიაინდუსტრია ფაქტობრივად გაჩერდებოდა. ამ სისტემამ ავიაკომპანიებს საშუალება მისცა შემოსავალი მიეღოთ არა სამუშაო ძალის შემცირების, არამედ შრომის უფრო ეფექტური ორგანიზების და რესურსების უკეთესი მობილიზების ხარჯზე.
ცხადია, პოსტინდუსტრიული საზოგადოება მხოლოდ ეფექტური კარტოთეკების შექმნასა და ექსპლუატაციას არ სჯერდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ღირებულების წყაროდ გვევლინება არა იმდენად ფიზიკური შრომა (რასაც ინდუსტრიულ საზოგადოებაში ჰქონდა ადგილი), არამედ ინფორმაცია. დ.ბელის აზრით: “...როგორც შრომა და კაპიტალი იყო ინდუსტრიული საზოგადოების ძირითადი ცვლადები, ისე ცოდნა და ინფორმაცია იქცევიან პოსტინდუსტრიული საზოგადოების ძირითად ცვლადებად”. აქედან გამომდინარე, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებითად იცვლება დამატებითი ღირებულების ფუნქცია.
ტერმინს “დამატებითი ღირებულება” ჩვეულებრივ მოიხმარენ ხოლმე რომელიმე პროდუქტის მიმართ, რომლის საბოლოო ფასიც აღემატება იმ მასალის საწყის ფასს, რისგანაც ნივთია დამზადებული და ამ ნივთის შექმნაზე დახარჯული შრომის ჯამურ ფასსაც. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ამგვარი ღირებულება შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ (და არა იმდენად) ფიზიკური შრომის, არამედ ინფორმაციის მეშვეობითაც. უდაბნომ, თუ მას სათანადო ინფორმაციას მივუყენებთ, რაც მშრალი ნიადაგის პირობებში მეურნეობის წარმოებას შეეხება, შეიძლება დიდი მოსავალი მოგვცეს; მუშის კვალიფიკაციის ამაღლება ბევრად მომგებიანი შეიძლება იყოს, ვიდრე მისი სამუშაო დროის გახანგრძლივება; თუ თავისუფალ კაპიტალს დროულად მივუყენებთ საჭირო ინფორმაციას, ის ხელსაყრელ ინვესტიციად იქცევა და ა.შ.
პოსტინდუსტრიული საზოგადოების ქვაკუთხედს ინფორმაციაზე ორიენტირებული ეკონომიკა წარმოადგენს, რომელიც ამ უკანასკნელზე საკუთრებას ემყარება. ინფორმაციულ საკუთრებას და მის ექსპლუატაციას თავისი სპეციფიკური ნიშნები გააჩნია (მიწაზე, ნედლეულზე და წარმოების საშუალებებზე საკუთრებასთან შედარებით). ამ სპეციფიკას ინფორმაციული საკუთრების ინტენსიური ხასიათი განაპირობებს. თუ მე გამაჩნია ექსტენსიური საკუთრება, ვთქვათ ჰექტარი მიწა, და მის ნახევარს გავყიდი, საკუთრებაში მხოლოდ ნახევარი ჰექტარი დამრჩება. ხოლო თუ მაქვს გარკვეული ინფორმაცია და მის ნახევარს გავყიდი, საკუთრებაში კვლავაც მთელი ინფორმაცია დამრჩება. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მკვლევარი ასკვნის, რომ ინდუსტრიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ კონკურენციას პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში თანამშრომლობა შეცვლის. ან, ყოველ შემთხვევაში, კონკურენცია თვისობრივად ახალ სახეს მიიღებს. ინდუსტრიულ საზოგადოებას მრეწველობის განახლებისათვის განუწყვეტლივ ესაჭიროებოდა წარმოების საშუალებების წარმოება, პოსტინდუსტრიული საზოგადოება კი გამუდმებით მოითხოვს ახალი ინფორმაციების შეგროვებას და არსებულ ინფორმაციაზე მისი შესაბამისი ფორმით მიყენებას. ეს თვისობრივად ზრდის ინფორმაციის გამოყენების ეფექტს, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ინფორმაციის დაგროვების, შენახვის და გადამუშავების სულ ახალი და ახალი სისტემების შექმნას.
ამერიკელი სოციოლოგი მ.პორატი პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაში ინფორმაციულ სექტორს ორ ქვესექტორად ჰყოფს: 1. ”პირველადი ინფორმაციული სექტორი”, მოიცავს იმ ფორმებს, რომლებიც ბაზრისათვის ინფორმაციულ საქონელს და მომსახურებას აწარმოებენ; 2. ”მეორადი ინფორმაციული სექტორი”, მოიცავს სამთავრობო სისტემების და იმ კერძო ფირმების მომსახურებას, რომელნიც ინფორმატიკულ ტექნიკას და ინფორმაციას შიდა სამთავრობო, ან კერძო კორპორაციული მოხმარებისათვის აწარმოებენ. უკვე 1967 წლისათვის ინფორმაციულ მომსახურებათა წილი მომსახურების საერთო ოდენობის 46%-ს აღწევდა. აქედან 25% პირველ სექტორზე მოდიოდა, ხოლო 21% - მეორეზე.
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით დიდია ინფორმაციული სექტორის იმ თანამშრომლების როლი, რომლებიც კოორდინაციას უწევენ ინფორმაციის სხვა სექტორის თანამშრომელთა საქმიანობას (მენეჯერების, ორგანიზების საკითხთა სპეციალისტების და ა.შ.). ისინი პოსტინდუსტრიული საზოგადოების ყველაზე მაღალშემოსავლიან პირთა რიცხვში შედიან და სიმდიდრეს არსებულ ორგანიზაციულ თუ საწარმოო სისტემებზე ინფორმაციის მიყენებით ქმნიან. მენეჯერს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ სხვადასხვა დარგებში მომუშავე პერსონალის ერთ სისტემაში ჩართვა, არამედ ამ სისტემაში სხვა სფეროს სპეციალისტების ჩართვაც (ფინანსური ოპერაციების, პროფკავშირებთან და საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის, დაგეგმვის და პროგნოზირების, დიზაინის, ენერგიის დაზოგვის და სხვა. მუშაკები). სადღეისოდ წარმოების ინფორმაციულ და მეტაინფორმაციულ სექტორებს შორის ორმხრივი კავშირების ეფექტურობის უზრუნველყოფის საჭიროება განაპირობებს მეტაინფორმაციული სექტორის თანამშრომელთა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. (მეტაინფორმაცია წარმოიშობა ინფორმაციის თვისობრივად ახალ დონეზე, რაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შეკრებისა და ახალი ინფორმაციით ეფექტიან ოპერირებას გულისხმობს). ეს პოსტინდუსტრიული საზოგადოების კიდევ ერთი ძირეული მახასიათებელი ნიშანია.
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ეკონომიკა თანდათან სერვისულ ხასიათს იძენს. ეროვნული შემოსავლის წარმოებისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის პროცესში განუხრელად იზრდება მომსახურების სექტორის წილი. მრეწველობა ეროვნულ შემოსავალში თავისი წილითა და დასაქმებულთა რაოდენობით პირველ ადგილს თანდათანობით სერვისის სფეროს უთმობს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სამიოდე ათწლეულის შემდეგ მრეწველობის სფეროში მუშახელის სულ რაღაც 10-15% იქნება დასაქმებული. როგორც ცნობილია, აშშ-ს აგრარულ სექტორში მომუშავე ერთი ფერმერი ამჟამად საკმარის პროდუქციას აწარმოებს რამდენიმე ათეული ადამიანის გამოსაკვებად. ზუსტად ასევე, სამრეწველო საწარმოს ერთი მუშა მის მიერ შექმნილი პროდუქციით ათობით ადამიანს დააკმაყოფილებს.
ჯერ კიდევ ინდუსტრიული ერის გარიჟრაჟზე დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა წამოაყენა იმგვარი მეცნიერების იდეა, რომლის თეორიული მიღწევები უშუალოდ უნდა მიმართულიყო პრაქტიკული შედეგების მიღებაზე. ამის მიუხედავად, ინდუსტრიულ საზოგადოებაში მეცნიერება უმთავრესად გამოცდილებიდან ამოდიოდა და თეორიული განზოგადებისაკენ ისწრაფოდა. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში სვლა პირუკუ ხდება - ფუნდამენტალური მეცნიერებებიდან უშუალოდ პრაქტიკისაკენ. მაგალითად, თუ XIX საუკუნეში თერმოდინამიკას საფუძვლად ორთქლის მანქანაზე დაყენებული ცდები დაედო, XX საუკუნეში ტრანზისტორის გამოგონება მყარი სხეულების ფიზიკის განვითარების შედეგი იყო. ეს მეცნიერება, ტრანზისტორის გამოგონებამდე ათწლეულებით ადრე შეიქმნა.
პოსტინდუსტრიული საზოგადოების შემდეგი მახასიათებელია მასში მიმდინარე ცვლილებების პერმანენტულად ფორსირებული ხასიათი. ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და დანერგვას თან სდევს ახალ გამოგონებათა უფრო მეტი ფორსირება. ამიტომაც, თუ ინდუსტრიულ საზოგადოებაში ტექნოლოგიურ პროგრესს ბაზარი “მიათრევდა”, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში პირიქით: ტექნოლოგიები “უბიძგებენ” ბაზარს. ცნობილ ფრანგ ფილოსოფოს კლოდ ლევი-სტროსს ეკუთვნის საზოგადოებების კლასიფიკაცია “ცივად” და “ცხელად”. “ცივი” ისეთი საზოგადოებაა, რომელიც არ ესწრაფის არავითარ ინოვაციას, არავითარ ცვლილებას. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენები უარს ამბობდნენ ბუმერანგის აეროდინამიკული ფორმის გაუმჯობესებაზე – ისინი აცხადებდნენ ბუმერანგი წინაპრებმა ასეთადUშეგვიქმნეს და მისი ფორმის შეცვლის ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავთო - ამის საპირისპიროდ, ინდუსტრიული საზოგადოება უკვე “ცხელი” საზოგადოებაა, ხოლო პოსტინდუსტრიულს, ამ გაგებით, ალბათ “მდუღარე” საზოგადოება შეიძლება ვუწოდოთ.
პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ზოგადი დახასიათება
პოსტინდუსტრიული საზოგადოების შემდეგი სპეციფიკა ის არის, რომ მასში ეკონომიკის მალიმიტირებელ როლს ინფორმაცია ასრულებს. მალიმიტირებლად გვევლინება ფაქტორი, რომელიც ზღუდავს მეურნეობის უმთავრესი დარგების განვითარების პერსპექტივებს. მაგალითად, აგრარულ საზოგადოებაში ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობა იყო, ხოლო მალიმიტირებლის როლში, ჩვეულებრივ, ნაყოფიერი მიწების რაოდენობა გამოდიოდა. ინდუსტრიული საზოგადოება ორიენტირებული იყო საქონლის დამზადებაზე, ხოლო ძირითად მალიმიტირებელ ფაქტორად, ჩვეულებრივ, კაპიტალის უქონლობა გვევლინებოდა. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში მეურნეობრიობის საფუძვლად იქცევა იმგვარი ინფორმაციის მიღება, რომელიც ყველა სხვა დარგის (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ენერგეტიკა და ა.შ.) ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. ცხადია, რომ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში, ძირითადად სწორედ
ასეთი ინფორმაციის უქონლობა აფერხებს მეურნეობის უმმნიშვნელოვანესი დარგების განვითარებას
სადღეისოდ ბევრი განვითარებული სახელმწიფოსათვის მალიმიტირებელი ფაქტორის როლში ენერგია გამოდის. ამიტომ ენერგორესურსების (უპირველეს ყოვლისა - ნავთობის), ფლობა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ უპირატესობად იქცევა. თუმცა, ინფორმაციის მალიმიტირებელი ხასიათი ამ მხრივ მაინც მთელი თავით აღემატება ენერგიის წყაროების შესაძლებლობებს. ბოლოსდაბოლოს, სათანადო ინფორმაციის არსებობის პირობებში, შესაძლებელია ტრადიციული რესურსების ახალი ფორმით ათვისება, მათი შემცვლელების სინთეზირება, ანდა სულაც ენერგიის ახალი წყაროების გამოძებნა. ამიტომ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში მიწა, შრომა და კაპიტალი მალიმიტირებელი ფაქტორები აღარ არიან, ენერგორესურსები შეფარდებითი მალიმიტირებელი ფაქტორია. მათ ადგილს პოსტმოდერნულ საზოგადოებაში ცოდნა იკავებს. ამიტომაც ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა თანდათანობით ინფორმაციის მწარმოებელთა ხელში გადადის.
ინფორმაცია ღირებულებას უპირველესად მაშინ ქმნის, როდესაც მას უშუალოდ ყიდიან. ინფორმაციის გაყიდვა ხშირად პატენტის გაყიდვის სახეს იღებს. ზოგჯერ პატენტის ქონა უფრო მომგებიანია, ვიდრე მთელი ქარხნისა (საინტერესოა, რომ პატენტების გაცემის მხრივ მსოფლიოში იაპონია და შვეიცარია ლიდერობენ. ზოგჯერ ერთი წლის განმავლობაში იაპონია უფრო მეტ პატენტს გასცემდა, ვიდრე აშშ-ს, სსრკ-სა და ევროპის თანამეგობრობის ქვეყნები ერთად აღებული).
მრეწველობის ის დარგები, რომელთა ინფორმაციული ბაზა თანამედროვე ცოდნის უმაღლეს დონეზე დგას, მთელი თავით უსწრებენ სხვა დარგებს. მათ შეუძლიათ ისეთი საქონლის წარმოება, რომელიც გასაღების ბაზარს საკუთარ თავს თავადვე უქმნიან (მაგალითად, პარფიუმერულ ან ელექტრონულ მრეწველობაში), ანდა შრომის ნაყოფიერების მკვეთრი ზრდის ხარჯზე კონკურენტებს შესამჩნევად უსწრებენ წინ.
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლას საბანკო-საკრედიტო და, ზოგადად ფინანსურ სფეროში უმნიშვნელოვანესი ძვრები მოსდევს. პოსტინდუსტრიული საზოგადოება კრედიტს ემყარება. საქმიანი გარიგებები იდება არა ერთი ხელიდან მეორეში ნაღდი ფულის ან ოქროს მიღებით, არამედ ერთი ანგარიშიდან მეორეზე საფინანსო ინფორმაციის გადაცემით. პოსტინდუსტრიული ტიპის სახელმწიფოთა უმრავლესობაში ანგარიშსწორების ოპერაციები საკრედიტო/სადებეტო ბარათებით ან საბანკო ორდერებით ხორციელდება. თავად სახელმწიფო თავისი საბიუჯეტო ოპერაციებისთვის ჩვეულებრივ, ისეთ საკრედიტო საშუალებებს მიმართავს, რომელთა ღირებულება (ფასი) სახელმწიფოს ოქროს მარაგებს აღემატება. საკრედიტო ბარათების გამოყენება არნახულ მასშტაბებს იძენს. აშშ-ს ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა საბანკო ოპერაციები განხორციელდეს ორმხრივი სატელევიზიო კავშირის მეშვეობითაც.
ყოველივე ზემოთქმული უფლებას გვაძლევს პოსტინდუსტრიული საზოგადოების მეურნეობრიობის წესი დავახასიათოთ როგორც მოქნილი წარმოება. ინდუსტრიული საზოგადოების განვითარების უკანასკნელ ეტაპზე, ე.წ. “მასობრივი მოხმარების საზოგადოებაში”, ახალ პროდუქციაზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, კონკურენციის საფუძვლად იქცევა არა შეფარდებითი მწარმოებლურობა, არამედ შეფარდებითი ფასი. ინდუსტრიულ საზოგადოებაში წარმატება არა იმდენად ნოვატორს შეიძლება ხვდეს წილად, რამდენადაც მას, ვინც უფრო იაფფასიან პროდუქციას გამოუშვებს. მეურნეობრიობის ამგვარი წესი მოითხოვს მსხვილი მასშტაბის, პროდუქციის მასობრივად მწარმოებელ ფაბრიკა-ქარხნებს, რასაც თან სდევს როგორც ტექნოლოგიის, ისე პროდუქციის სტანდარტიზაცია. წარმოების ტექნოლოგიის საკმარისი სტანდარტიზაციის შემდეგ მასობრივი წარმოება უფრო იაფფასიანი მუშახელისა და ნედლეულის მქონე ქვეყანაში გადააქვთ.
ინფორმაციულ-ინტენსიური ტექნოლოგიები მასობრივი წარმოების ტექნოლოგიურად მკაცრ ჩარჩოებს გაცილებით უფრო მოქნილს ხდიან. თუ ფასის მინიმალიზაციაზე მიმართული სტანდარტული მიდგომა მაღალსპეციალიზებული მანქანების განვითარებას მოითხოვს, იმგვარი მანქანებისა, რომელთაც უზარმაზარი რაოდენობით შეუძლიათ აწარმოონ ერთი და მხოლოდ ერთი სახის პროდუქცია, მანქანათა შემდეგი თაობა კონკურენტუნარიანი იქნება შინაგანი მოქნილობის ხარჯზე. ქარხანა შეიძლება შედგებოდეს უნივერსალური დანიშნულების მქონე ჩარხებისგან, რომელთაც რობოტები ემსახურებიან და კომპიუტერები აკონტროლებენ. ავტომატიზირებული პროცესის ფარგლებში წარმოების ასეთ საშუალებებს ფართო სპექტრის დეტალების დამზადება შეუძლიათ.
(მეორე ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება)