„რეგიონში სიტუაცია ჩახლათულია და სინამდვილეში ვინ ვის უჭერს მხარს - ძნელად გასაგები“

„რეგიონში სიტუაცია ჩახლათულია და სინამდვილეში ვინ ვის უჭერს მხარს - ძნელად გასაგები“

თეთრმა სახლმა ბაშარ ასადის ინტერვიუს საპასუხოდ სასწრაფოდ გააკეთა განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართულ  სატელეფონო საუბრის  შესახებ.

„თეთრმა სახლმა მიანიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა ტერორიზმთან ბრძოლის საერთო მიზნებს უშლის ხელს“,-ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

საინტერესოა, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ინტერვიუს, სადაც მან ევროპა და დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა, დასაველთიდან, ამერიკის გარდა, ჯერჯერობით ღიად არავინ გამოხმაურებია.

სირიის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთი „დევნილებს გლოვობს და ამავდროულად, კრიზისის  დაწყებიდან  ტერორისტებს უჭერს მხარს“.

„საქმე იმაშია, რომ დევნილებმა სირია ფაქტობრივად, ტერორისტების და სიკვდილის შიშის გამო დატოვეს. აგრეთვე ტერორიზმის შედეგების გამო...ადამიანები გაურბიან ტერორიზმს და ლუკმა-პურის ფულის გამომუშავების საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეძებენ. დასავლეთი დევნილებს გლოვობს და ამავე დროს ტერორისტებს უჭერს მხარს.

თავიდან დასავლეთი სირიაში მიმდინარე მოვლენებს მშვიდობიან პროტესტს უწოდებდა, შემდეგ ზომიერი ოპოზიციის გამოსვლებს, ახლა კი „ისლამური სახელმწიფოს“ და „ჯაბხატ ან-ნუსრის“ ტერორიზმზე საუბრობს, მაგრამ ამაში სირიის რეჟიმს, სახელმწიფოსა და სირიის პრეზიდენტს ადანაშაულებს...თუ ევროპელებს დევნილების ბედი აღელვებს, მაშინ შეწყვიტონ ტერორისტთა დახმარება“,-აცხადებს ბაშარ ასადი რუს ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნავს, რომ თუ ევროპა ამავე კურსით გააგრძელებს მოქმედებას, ის კიდევ უფრო მეტ დევნილს მიიღებს.

სირიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა დამნაშავეა, რომელსაც ისე სურს მოვლენების წარმოჩენა, თითქოს მისი დანაშაული მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მან აქამდე არ მისცა თავშესაფარი დევნილებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადმოკვეთას ცდილობდნენ. „როგორ შეიძლება იგლოვო ზღვის მიერ გამორიყული ბავშვი და არ შეამჩნიო ტერორისტების მსხვერპლი  ათასობით ბავშვი, მოხუცი, ქალი და მამაკაცი? ევროპელების ეს ორმაგი სამარცხვინო სტანდარტები მიუღებელია და ყველასთვის გასაგები.“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბაშარ ასადის განცხადებით, ტერორიზმი მორიელივითაა, თუ ჯიბეში ჩაისვამ-გიკბენს. რაც შეეხება თურქეთს, ყატარს, საუდის არაბეთს, საფრანგეთს, ამერიკას და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც მფარველობენ ტერორისტებს, არ შეუძლიათ ტერორისტებთან ბრძოლა, „ილსამური სახელწმიფო“ კი ამავე დროს ექსპანსიას ახორიცილებს.

ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რეგიონში სიტუაცია მხარდამჭერობის თვალსაზრისით ძალიან ჩახლათულია და სინამდვილეში ვინ ვის უჭერს მხარს, ძნელად გასაგებია და პარადოქსული სიტუაციები იქმნება.

„ცნობილია, რომ ბაშარ ასადის მხარმაჭერები დასავლეთში თითქმის არ იყვნენ. ეს თითქოს ძალას მატებს „ისლამურ სახელმწიფოს“ და ამ დროს, ბაშარ ასადი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის. პარადოქსული სიტუაციები იქმნება. ერთი მხრივ, დასავლეთი ტერორიზმს ებრძვის, თითქოს ბაშარ ასადიც ტერორიზმს ებრძვის, მაგრამ დაპირისპირებულები არიან. ამ პარადოქსის  მოხსნისკენ გაკეთებული განცხადებაა - თუ იმათ უჭერ მხარს, ჩემთან ბრძოლა მათი მხარდაჭერაა.

თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადებაც ამის დასტურია - პარადოქსები იკრიბება. ამ დაპირისპირებაში თურქეთს გააჩნია საკუთარი პარადოქსი - ბაშარ ასადმა ქურთების შესახებაც გააკეთა განცხადება. აქ კონკრეტულ პირთა განცხადებების კომენტარი რთული იქნება, რადგან პარადოქსული სიტუაციაა“,-აცხადებს საყვარელიძეFor.ge-სთან საუბარში.

ექსპერტს საზოგადოებრივ ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძეს მიაჩნია, რომ ბაშარ ასადის განცხადება, როცა ის დასავლეთს ტერორიზმის  მხარდაჭერაში ადანაშაულებს, სერიოზულად არ შეიძლება მივიღოთ.

„რატომ უნდა ეხმარებოდეს დასავლეთი ტერორისტებს? ასადს ამის ახსნა არ შეუძლია. ასადი იღებს დახმარებას მხოლოდ და მხოლოდ პუტინისგან და აკეთებს მის მაამებლურ განცხადებას“,-აცხადებს შარაშენიძე.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ინტერვიუმ, სადაც მან დასავლეთი ღიად დაადანაშაულა ორმაგ თამაშსა და ტერორისტების მხარდაჭერაში,  მსოფლიო აალაპარაკა, თუმცა დასავლეთს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, არც ორმაგ სტანდარტებსა და არც დევნილების მხარდაჭერაზე. თეთრი სახლი კი, როგორც ჩანს სასწრაფოდ ესაუბრა რუსეთს და ღიად მიანიშნა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გაგრძელება ტეორირიზმთან ერთობლივ ბრძოლას უშლის ხელს.

შეგახსენებთ, უკრაინამ და ბულგარეთმა საჰაერო სივრცე გადაუკეტეს რუსეთს, რომელსაც სირიაში საჰაერო გზით იარაღი გადააქვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის არ აპირებს საჰაერო სივრცე დაუთმოს რუსეთს ორმაგი დანიშნულებსი ტვირთების გადაზიდვასთთან დაკავშირებით.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მოუმართავს. ამგვარი მომართვის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავების ფრენებთან ან სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთის საჰაერო გადაზიდვასთან დაკავშირებით, იქნება უარყოფითი”, -ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.