for.ge-ს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სარჩელი უგულავას წინასწარი პატიმრობის 9 თვეზე მეტი ვადით გაგრძელების საკითხის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირად საუბარში აცხადებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადება დღეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნაციონალების ვარაუდით ხვალ, თბილისის სააპელაციო სასამართლო რიყის ტერიტორიის და„ტელეიმედის“გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილს პატიმრობას მიუსჯის.
მერაბ ტურავამ თბილისის ყოფილი მერის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს ხელი არ მოაწერა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და წევრების მხრიდან, მასზე ზეწოლა ხორციელდება. ტურავას თქმით,მას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად გონივრული დრო არ მიეცა.
მოსამართლე აცხადებს, დღეს საავადმყოფოში გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა მას შესთავაზეს განაჩენზე ხელისმოწერა, რაზეც მან უარი თქვა.
„უნდოდათ ხელიმომეწერა,მაგრამ არ მოვაწერე.მიზეზი,რის გამოც ამ გადაწყვეტილებას ხელს არ ვაწერ, არის არა ავადმყოფობა, არამედ ის, რომ მე არ მომეცა საშუალება საქმის სარეზოლუციო ნაწილს გავცნობოდი.
როგორც მოსამართლე ტურავა აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლომ ყველანაირი წესი დააღვია. „აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასამართლოს აღსრულების ვადები ჰქონდეს განსაზღვრული. მე საკონსტიტუციო სასამართლომ დროში შემზღუდა. გარკვევით ავუხსენი პაპუაშვილს, რომ არც ერთი მოსამართლე არ აწერს ხელს გადაწყვეტილებას,სანამ მას კარგად არ წაიკითხავს.არც ვიცი, დანარჩენმა მოსამართლეებმა წაიკითხეს თუ არა.
ერთი წესი არსებობს სამართალში, რომ ჯერ ყველა მოსამართლე აწერს ხელს და მხოლოდ ამის შემდეგ ნიშნავენ დროს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად. ვფიქრობ, რომ ზეწოლაა, როდესაც მოსამართლე არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ. აქამდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისულიყო მოსამართლესთან და ხელმოწერა მოეთხოვა. ჯერ არ მახსოვს, საკონსტიტუციო სასამართლო ასე ჩქარობდეს გადაწყვეტილების მიღებას“, - აცხადებს მერაბ ტურავა.
მერაბ ტურავას გადაწყვეტილების კარგად გასაცნობად რამდენიმე დღე, მაქსიმუმ ერთი კვირა სჭირდება. უგულავას ადვოკატი კი თვლის, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლო განაჩენამდე გახდეს ცნობილი.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა ცდილობს გააჭიანუროს გადაწყვეტილების გამოცხადება. ახლა უმნიშვნელოვანესია ვადები, რადგან შესაძლებელია სასამართლოზე პროკურატურა ახდენდეს ზეწოლას და განაჩენი, რომელიც მან უნდა გამოიტანოს უგულავას მიმართ,შესაძლოა იყოს გამამტყუნებელი. ჩვენთან თუ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, აქტიურობით, შესაბამისი განცხადებებით, მინიმუმ, დისკომფორტი მაინც უნდა შევქმნათ“, -აცხადებს ბექა ბასილაია.
როგორც ცნობილია, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ შეძლო.სასამართლოს ამისთვის მერაბ ტურავას ხელმოწერა ესაჭიროებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მერაბ ტურავას გამოუცხადებლობა მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა.
მერაბ ტურავა ამ დროიმდე კლინიკა„მედინაში“რჩება. ის კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.
უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით მოგვიანებით განმარტება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის.
ცნობილი გახდა, რომ მერაბ ტურავას საკითხი შესასწავლად საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გადაეცა. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. უმრავლესობის წევრს, დეპუტატ ეკა ბესელიას მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოსა და მისი მოსამართლის ღირსებას დაიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ მერაბ ტურავა არ იყო მომხსენებელი მოსამართლე, კონსტიტუციონალისტი ავთო დემეტრაშვილი აცხადებს, რომ ყველა ის მოსამართლე, ვინც მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში, ვალდებულია ხელი მოაწეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მათ შორის მერაბ ტურავა.
„საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გამოაცხდებდა გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ხელმოწერა არ იყო, მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდა თუ არა მიღებულ გადაწყვეტილებას, ვალდებული იყო მერაბ ტურავა ხელი მოეწერა. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებოდა მაშინ ცალკე უნდა დაეწერა თავისი მოტივაცია. როგორც ჩანს, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რასაც არ ეთანხმება მერაბ ტურავა. თუმცა, უნდა ითქვას, მერაბის უარყოფითი ხმა ვერ შეაყოვნებს ამ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ავთო დემეტრაშვილი.
აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუკი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ტექნიკურად და შინაარსობლივად გამოსაქვეყნებლად მზად არ არის, მაშინ მისი დაანონსება სწორი არ იყო.
„უკიდურესად არასასურველი მოვლენაა ყველაფრისათვის -პირველ რიგში სასამართლოსთვის და მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის, ჯერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდგომ მოგვიანებით ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ტექნიკურად არ არის მზად, რადგან ერთ-ერთი მოსამართლე ჯანმრთელობის გამო გადაწყვეტილებაზე ხელიმოწერას ვერ ახერხებს და გადაწყვეტილება ვერ გამოცხადდა.
საუბარი მქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს საკითხში სიცხადე. ჩვენ არ გვისაუბრია არაფერზე, რაც გადაწყვეტილების შინაარს შეეხება, მაგრამ ის, რომ გაჩნდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა-მოთქმის -ერთი მხრივ იმისა, რომ ჯერ დაუსრულებელი თუ ტენიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხდება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე, მეორე მხრივ, როდესაც სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯერებელი მიზეზის გამო, გადაწყვეტილებაზე მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხდა - ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა. არც - პირველი და არც - მეორე ვერსია ცალ-ცალკე, თუ ერთობლიობაში არ ემსახურება ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებას“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.