„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს და თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
დედაქალაქის ყოფილ მერთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა და გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რასაც პოლიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა.
უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე უგულავას უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ყურადღებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამახვილებს.
კანონმდებელის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ პროგრესული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოში პროკურატურა პირს ვერ დააპატიმრებს და მას წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვეზე მეტი ვეღარ გააჩერებს.
„მიღებული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია. ამ გადაწყვეტილებამ ცალსახად დაადასტურა, რომ უგულავა ანტიკონსტიტუციურ პატიმრობაში იმყოფება, რის გამოც, ის უკანონო პატიმარია.
გადაწყვეტილებამ ასევე დაადასტურა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ტურავას სამარცხვინო საქციელმა საზოგადოებას დაანახა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წუთიდან გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და პატიმრობაში მისი თუნდაც ერთი წუთით გაჩერება სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა ბაქრაძემ.
დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს გონიერება გამოიჩინოს, კანონსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი სცეს და უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
ბაქრაძემ საკითხზე საუბრისას აქცენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას გადაწყვეტილებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ტურავას საქციელი სამარცხვინო იყო, რომელმაც თავისი საქციელით დღევანდელ ხელისუფლებას დათვური სამსახური გაუწია.
„უცხოელი პარტნიორებისთვის უკეთესი მტკიცებულება ვერ იქნებოდა, ვიდრე ის სპექტაკლები, რომელიც ტურავას მხრიდან ვიხილეთ. გაირკვა, რომ ის ავად არ იყო და თურმე, მან დოკუმენტების წაკითხვა ვერ მოასწრო. ხელისუფლებას მოვუწოდებ, სპექტაკლებს თავი დაანებოს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს“, - დასძინა ბაქრაძემ, რომლის მსგავსად, ტურავას მკაცრად აკრიტიკებს ხათუნა გოგორშვილი.
როგორც for.ge-ს გოგორიშვილმა განუცხადა, გიგი უგულავა უკანონო პატიმარია და ის პატიმრობიდან გათავისუფლებული უნდა იქნეს.
მისი თქმით, ტურავა არის ადამიანი, რომელმაც ქრთამი „გადაუდებელ აუცილებლობად“ აღიარა. შესაბამისად, მისი საქციელი არის უტიფრობა, რაც საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს.
„ივანიშვილმა ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ასეთი საქმეებისთვის დანიშნა“, - აცხადებს გოგორიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს გივი თარგამაძე.
for.ge-სთან საუბარში თარგამაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ტურავა იმ მიზეზით არის დანიშნული, რომ ის არამზადაა.
დეპუტატი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ტურავა „მაიმუნობისთვის“ აირჩიეს.
„თუკი ტურავასთვის 40 გვერდის წაკითხვა რთულია, მაშინ ის უწიგნურია და მეტი არაფერი. მას შეუძლია, რომ განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს და მას ამის უფლება კანონით აქვს. თუკი ის ცუდად არ იყო, საავადმყოფოში რას გარბოდა? - მისი მეუღლე ამბობდა, რომ ის შეუძლოდ იყო და ლაპარაკი არ შეეძლო. ის ამ პოსტზე ასეთი მაიმუნობებისთვის წარადგინეს“, - აცხადებს თარგამაძე.
ოპოზიციის მსგავსად, ტურავას გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ დარჩა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი ტურავას დაცვას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვს.
for.ge-სთან საუბარში კორძაია აღნიშნავს, რომ როდესაც 21-ე საუკუნეში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ხელს ვერ აწერს, ეს საპატიო მიზეზად ჩათვლილი არ უნდა იყოს.
მისი თქმით, მიზეზი არ არის არც ის, რომ ის სარეზოლუციო ნაწილს ვერ გაეცნო.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოების მსგავსად, გადაწყვეტილებას ერთ დღეში არ იღებს და ის კონკრეტულ საკითხზე თვეობით მუშაობს. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება არც მთავრობას აქვს და არც პარლამენტს, მაგრამ ეს ყველაფერი გარედან ისე ფასდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მოწოდების სიმაღლეზე არ არის და ის იმ პასუხისმგებლობას სრულად არ ითავისებს, რაც მისი რანგის პირს აქვს“, - აღნიშნავს კორძაია, for.ge-სთან საუბარში კი ბესელია ტურავას იცავს.
ბესელიას განცხადებით, მოსამართლე ტურავას ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იყო, ამას ის ვერ შეაფასებს.
კანონმდებელის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც მას ხელი უნდა მოეწერა, ტურავასთვის ცნობილი არ იყო.
„შიდა პროცედურული საკითხები თავად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს და იმის განცდა არ უნდა დატოვოს, რომ სასამართლო მხარეა. ეჭვი არც სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ უნდა ჩნდებოდეს და არც მოსამართლის მიმართ. სწორად არ მიმაჩნია, რომ პარლამენტის მიერ არჩეულ მოსამართლეს ოპოზიციამ ზონდერი ეძახოს და უშვერი სიტყვებით ლანძღოს. ვინც ასე იქცევა, სირცხვილი, ასეთ დეპუტატებს. მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეს დაიცავს“, - დასძენს ბესელია.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაპატიმრება თანაბრად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით. შესაბამისად, თითოეული სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის 9-თვიანი ზღვრული ვადის გამოთვლისას ამ ვადაში უნდა ჩაითვალოს ის პერიოდი, რომელიც პირმა ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გაატარა მის მიმართ წარმოებული სხვა საქმის ფარგლებში.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებაში.