იურისტი,ლევან ალაფიშვილი პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურას კითხვები 2001 წლის საქმეზე აქვს, რომელზეც ალაფიშვილი კლიენტის ინტერესებს იცავდა და არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაც. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ საქმის მთავარი მოქმედი პირი გარდაცვლილია. ალაფიშვილი ამბობს, რომ დაბარების მიუხედავად დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს. იურისტი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურის ქმედებას, სახალხო დამცველის აპარატი, ადვოკატთა ასოციაცია და სასამართლო შესაბამის შეფასებას მისცემენ.
რა საქმეზე იბარებენ დაკითხვაზე და რა გზით აპირებს პროკურატურა საქმის მთავარი მოქმედი პირის დაკითხვას, რომელიც გარდაცვლილია? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
გეგმავთ თუ არა პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებას?
-ადვოკატთა შესახებ კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, კანონი შეზღუდვას აწესებს, მოწმედ ვერ ვიქნები არც ვალდებულება მაკისრია (სსსკ50მუხლი) და ვერც კანონით დაკისრებულ პროფესიულ ვალდებულებას (ადვოკატთა შესახებ კანონის მე-7 მუხლი) დავარღვევ,მითუმეტეს საქმეზე, რომელიც დასრულებულია, არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და გასულია გადასინჯვის/განახლების 5-წლიანი ვადაც.
კოლეგებს ანალოგის სახით მივუთითე, რომ გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლის მოწმედ დაკითხვის დარია ადვოკატის მოწმედ გამოძახება-თქო, ამაზე კი საგამოძიებოს უფროსმა, რომელიც დავითის სახელით გამეცნო მომიგო,რომ მოსამართლის მოწმედ დაკითხვის შეზღუდვა სულაც არ აქვს გამოძიებასო. მივხვდი, რომ კამათს აზრი არ აქვს მაშინ როცა კონსტიტუციის ორი მუხლით გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობას შეზღუდვად არ მიიჩნევენ და აპირებენ არა თუ ჩემი, ადვოკატის მოწმედ დაკითხვას, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიას 14 წლისშემდეგ.
რა საქმეზე აქვს პროკურატურას კითხვები თქვენთან მიმართებაში?
-ეს არ იყო დავა. ეს იყო გარდაცვლილი წინაპრის სამკვირდო ქონების საქმე. ამ ისტორიაში ყველაზე სახალისო ის არის, რომ ჩემი მარწმუნებელი, რომლის ინტერესებსაც წარმოვადგენდი როგორც ადვოკატი, გარდაცვლილია. იმედია მასაც არ გამოიძახებენ დაკითხვაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ადვოკატს არ აქვს მოწმედ ყოფნის ვალდებულება, ამის მიუხედავად, ვიღაცას პროკურატურაში სურვილი გაუჩნდა, რომ ადვოკატი დაიბაროს დაკითხვაზე. საბჭოთა კავშირის დრო მახსენდება, როდესაც პროკურატურას ჰქონდა უფლება, სამოქალაქო საქმეებზე რევიზირების ინიცირება დაეწყო.
თქვენ ამბობთ, რომ დღეს საქართველოს პროკურატურა საბჭოთა კავშირის მეთოდით მოქმედებს?
-დემოკრატულ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს თავისი კონსტიტუცია, რომელსაც სასამართლო დამოუკედებლობასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათლად აქვს გაწერილი, მათ შორის, დაცვის უფლებასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად ინსტიტუციურად პროკურატურა და თვითონ ეს ახალგაზრდა გამომძიებელი - ლევან ზაალიშვილი საბჭოთა კავშირის მიდგომებით აზროვნებს, მისაღებად მიიჩნევს იმას, რომ ადვოკატი შეიძლება მოწმედ დაიბაროს, მისთვის არაფერს წარმოადგენს მოსამართლის გადაწყვეტილება, კონსტიტუცია, რომელიც ამ ყველაფრის გარანტიას იძლევა - აი ეს არის შემაშფოთებელი.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა პროკურატურს მხრიდან ადვოკატების დაბარების ფაქტი.
თქვენ ამბობთ, რომ ვის ინტერესებსაც იცავდით გარდაცვლილია, მაშინ თუ გაქვთ ინფორმაცია ვინ მიმართა პროკურატურას, ანუ ვინ არის მოსარჩელე?
-არ ვიცი, გამომძიებელს და საგამოძიებოს უფროს ამის შესახებ ჩემთვის არაფერი არ უთქვამთ. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაძლოა სკანდალური საკითხი, საიდან, კანონით ნებადართული რა წყაროდან აქვს გამომძიებელს ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი, მაშინ როცა მისთვის არ მითქვამს, არც სხვა ვინმესთვის მიმიცია თანხმობა ნომრის გადაცემაზე? მობილური ტელეფონის იმ ნომრის, რომელზეც გამომძიებელმა დარეკა, აბონენტი არ გახლავთ ლევან ალაფიშვილი, აბონენტად საადვოკატო კომპანიაა რეგისტრირებული. ლევან ალაფიშვილის სახელზე რამდენიმე ნომერია რეგისტრირებული სხვადასხვა ოპერატორთან, არც ერთ მათგანზე არ დაურეკავს გამომძიებელს, მან დარეკა იმ ნომერზე რომელიც აქტიურია.
ნომერი, რომელზეც გამომძიებელი დაგიკავშირდათ და რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ლევან ალაფიშვილის სახელზე არ არის რეგისტრირებული?
-დიახ, აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. მათ რომ მიემართათ მობილიური ოპერატორისთვის და მოეთხოვათ ლევან ალაფიშვილის ნომერი, ბუნებრივია ისინი მიიღებდნენ სხვა ნომერს. გამომძიებელემა დარეკა ნომერზე, რომელიც ჩემს სახელზე არ არის რეგისტრირებული, მაგრამ არის აქტიური. თუკი პირდაპირი წვდომა არ გაქვს, თუ მიერთებული არ ხარ, სხვანაირად ვერ გაიგებ ეს ნომერი აქტიურია თუ არა. ეს კი სახიფათოა.
ანუ გისმენდნენ?
-კომუნიკაციის საკითხებში გარკვეული ადამიანები მეუბნებიან, რომ ე.წ. პირდაპირი მიერთების ან მოსმენის გარეშე შეუძლებელია პირდაპირ გაიგო აქტიური მობილურის ნომერი. კიდევ გავიმეორებ, მითუმეტეს თუკი იგი არ არის იმ აბონენტის სახელზე რეგისტრირებული, რომლითაც შეიძლება მოძებნო ბაზაში. ცოტა ხნის წინ იყო მოსმენების თემა აქტუალური და დემოკრატიულად გადავწყვიტეთო გვესმოდა, ორი გასაღებიც და დემოკრატიული კონტროლიც გვაქვსო იყო ჟრიამული - ესაა?
გამომძიებელსაც კი მიუწვდება ხელი საადვოკატო კომპანიისა თუ ადვოკატის პირად მონაცემებზე? იმედი მაქვს ამ საკითხით დაინტერესდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, სახალხო დამცველი და ყველა ჩინოსანი ვისთვისაც მოსმენების თემა და დემოკრატია სულერთი არ არის.გულწრფელად გამიხარდება, თუკი ამ ჩემს ლეგიტიმურ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები იარსებებს.
თუ ჰკითხეთ გამომძიებელს რის საფუძველზე დაგიბარეს, ან როდის ხართ დაბარებული დაკითხვაზე?
-ძალიან კარგი კითხვა დამისვით - იმისთვის, რომ მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარება სრულყოფილად, კანონის დაცვით მოხდეს, მოწმეს უწყებას უგზავნიან, რაც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. ჩემს შემთხვევაში ეს იყო დაკითხვაზე დაბარების მცდელობა. როდის, სად და რომელ საათზე, ეს ინფორმაცია ჩემთვის არავის უთქვამს.
თქვენ არ იცით როდის ხართ დაკითხვაზე დაბარებული?
-არა, არ ვიცი. ორჯერ დარეკა ამ გამომძიებელმა და ორივე შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა ადვოკატის, როგორც მოწმის ვალდებულებას.
საქმეზე, რომელზეც გამომძიებელი გთხოვთ დაკითხვაზე გამოცხადებას, რა უნდა გაარკვიოს პროკურატურამ?
-თქვენი კითხვის ადრესატი არის გამოძიება. როგორც ჩანს, სწორედ იმის გამო, რომ გარდაცვლილია ჩემი მარწმუნებელი, ჩათვალეს საქმის ფიგურანტი, რომელის საშუალებითაც შეიძლება ისინი მათთვის სასურველ რაღაცაზე გასულიყვნენ, ვიყავი მხოლოდ მე. იმიტომ, რომ მე ვიცავდი ამ ადამიანის უფლებას. როგორც ჩანს, არც საქმის დეტალებში ერკვევიან კარგად. იმიტომ, რომ ჯერ გამომძიებელმა მითხრა, რომ მოსარჩელე თქვენ იყავითო, სარჩელი თქვენ შეიტანეთო, რაზეც ვუთხარი, რომ მე მოსარჩელე კი არა რწმუნებული ვიყავი-თქო, ამაზე პასუხი არ ჰქონდა.
ამ საქმეში მონაწილეთაგან ცოცხალია ორი ადამიანია - მე და მოსამართლე. სამწუხაროდ, პროკურატურას დაავიწყდა, კანონიც და ვადებიც, რაც ძალიან ცუდია.
თავისთავად საინტერესოა რატომ დაინტერესდა პროკურატურა 2001 წლის საქმით, რომელზეც მოდავე არავინ არის... მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ვიცით ბიზნესმენები, რომლებიც ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ პროკურატურისგან რეაგირებას...
-ამავე დროს არის საქმეები, რომელიც ძალიან მარტივად გადასაწყვეტია, ვგულისხმობ ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლებულ ადამიანებს, რომლებიც ისევ დამნაშავის სტატუსით დადიან გარეთ. არ ვიცი, ვის რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს იმ ქონებისადმი, რომელიც ჩემმა მარწმუნებელმა მიიღო მაშინ.
შეიძლება თქვენს აქტიურობასთან იყოს კავშირში პროკურატურიდან განხორციელებული სატელეფონი ზარი?
-არ მინდა ეს დავიჯერო.