მსოფლიოს გადანაწილების მცდელობა და ევრო-კავკასიური პრობლემა (წერილი მეორე)

მსოფლიოს გადანაწილების მცდელობა და ევრო-კავკასიური პრობლემა (წერილი მეორე)

დასავლეთის მოქმედების ძირითადი პარამეტრები

 

დასავლეთის საპასუხო რეაქცია რუსეთ-საქართველოს ომზე პრინციპში, კანონზომიერი და განჭვრეტადი იყო. მან იმთავითვე უარი თქვა რუსული აგრესიის შედეგების სამართლებრივ ცნობაზე. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რათა განდგომილი რეგიონების de jure აღიარება არ მომხდარიყო (საეჭვოა, რომ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების აქტიური მარდაჭერის გარეშე საქართველოს ხელისუფლებას წარმატება ჰქონოდა ამ მიმართულებით) და, ასე ვთქვათ, პარტია შემდგომისათვის გადადო. ამასთან, კავკასიაში სამხედრო დაპირისპირების განახლების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთმა იმავდროულად უარი თქვა საქართველოს გადაიარაღებაზე და ფაქტიური ემბარგო დააწესა ჩვენი ქვეყნისათვის შეტევითი იარაღის მოწოდებაზე.

ასე იქცევა ის მხარე, ვისაც შექმნილი მსოფლიო წესრიგი ძვირად უღირს და არ იქნება სწორი ამგვარ ქმედებაში, უბრალოდ, საქართველოს ინტერესების ჯეროვანი გაუთვალისწინებლობა დავინახოთ. რუსეთ-საქართველოს ომს რაიმე ფორმით გლობალური დაპირისპირების გამოწვევა არ შეეძლო (თუმცა, შესაძლოა, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ამის იმედი ჰქონდა). მოქმედი მსოფლიო სისტემის რევიზია კუბის კრიზისსაც კი არ გამოუწვევია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირეულად დაემუქრა ამერიკის უსაფრთხოებას, თანაც ცივი ომიდან „ცხელ“ ომზე გადასვლა მაშინ შეუდარებლად უფრო იოლი იყო ვიდრე 2008 წელს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დასავლეთი თვლიდა (და დღესაც ასე მიიჩნევს), რომ არსებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება და მისი ლოგიკური (კანონზომიერი) განვითარება საბოლოო ანგარიშში, მოხსნის (ან მნიშვნელოვნად გააიოლებს), საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ტიპის კონფლიქტების მოგვარებას. ამიტომ საჭიროდ ჩაითვალა დაპირისპირების მინიმიზაცია და გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის ხელახლა ჩაყოლიება საერთაშორისო ურთიერთობათა არსებულ სისტემაში. სწორედ ამიტომ, დასავლეთის სახელმწიფოები (და უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატები), პრინციპულად მიუთითებდნენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება უნიკალურია და რაიმე არსებითი პარალელი სხვა კონფლიქტებთან, განსაკუთრებით ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე განვითარებულ დაპირისპირებასთან (კოსოვოს პრეცედენტი), არ გვაქვს. რაც ნიშნავდა შემდეგს - იუგოსლავიის დაშლა და მისი თანმხლები მოვლენები პოსტცივიომისშემდგომი სისტემის მოქმედების კანონზომიერი შედეგია, რის შემდეგაც სერბეთი და ბალკანეთის სხვა ქვეყნები დასავლური სამყაროს ორგანული ნაწილი გახდნენ, კოსოვოში კი უზრუნველყოფილია მშვიდობა და მისი დასავლური ინტეგრაცია წარმატებით მიმდინარეობს. აქ თვალნათლივ განხორციელდა პრინციპი - ტერიტორია დასავლურ სივრცეში უსაფრთხო გაწევრიანების სანაცვლოდ. ანუ ვითარება ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ამ ახალი სისტემის სტრუქტურირების ორგანული ნაწილია, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა კი - ამ წესრიგის საწინააღმდეგო მოვლენა.

საქართველო-NATO-ს ურთიერთობასაც დასავლეთი უყურებდა როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს პოსტცივიომისეული სისტემის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. ამ მიდგომაში არც მოულოდნელია რაიმე და, მით უფრო, არც დასაძრახი. ჰო, არავინ იცის როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი, გვეუბნებიან ჩვენ, მაგრამ თუ მოვახერხებთ უკვე შექმნილი და წარმატებით ამუშავებული მსოფლიო წესრიგის განვითარების მიმართულების შენარჩუნებას, მისი მოქმედებისა და სრულყოფის რომელიღაც ეტაპზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა სათანადოდ მოგვარდება. ამისათვის საჭიროა თბილისმა ამთავითვე, ტერიტორიული მთლიანობის ფაქტიურ აღდგენამდე დაადასტუროს გლობალური სისტემის აქტიური მხარდაჭერა და ამ უკანასკნელის ორგანულ ნაწილად იქცეს. მაშინ კი, როცა სისტემის ფუნქციონირება შეუქცევად და, ასე ვთქვათ, ავტომატურ ხასიათს შეიძენს, ორივე ქვეყანა - საქართველო და რუსეთი მოძებნიან საკუთარ ადგილს მასში (მაგალითად, ევროკავშირში). ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, მაგრამ უცილობელი. ამ პროცესის წარმატებული დასრულების გარანტორი კი არის დასავლეთი და მისი ლიდერი - ამერიკის შეერთებული შტატები.

უეჭველია, რომ ამგვარ „გლობალურ თამაშს“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოკლე ვადებში აღდგენისათვის არავინ „გააფუჭებდა“, სამაგიეროდ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა ძირთადი პრობლემის მოგვარება ძალზე რეალური ჩანდა. უნდა ითქვას, რომ ეს სრულიად გამართული, თუმცა განსახორციელებლად ძნელი მიდგომაა. მართლაც, მოვლენათა ამგვარი კანონზომიერებით განვითარება (პოსტცივიომისეული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება და მისი ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა ამ სისტემაში რუსეთისათვის საკუთარი ადგილის მიჩენით), საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარების ინტეგრაციული სცენარით დასრულებას ძალზე რეალურს გახდის. მითუმეტეს, რომ წარმატებული დასავლური ინტეგრაცია საქართველოსათვის გლობალური პროცესების სწორედ ამნაირად განვითარების შემთხვევაში ჩანს შესაძლებელი.

ეს საკმაოდ ლოგიკური და მიმზიდველი პოლიტიკური კონცეფცია, სამწუხაროდ, უაღრესად მოწყვლადი და ძნელად აღსრულებადი აღმოჩნდა. მოვლენები არ განვითარდა ისე, როგორც მოსალოდნელი ჩანდა. ვფიქრობთ, ამას ჰქონდა თავისი სერიოზული მიზეზები, რაზედაც ქვემოთ შევჩერდებით.

არც ის იყო შემთხვევითი, რომ 2008 წლის პროცესებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საფრანგეთმა, როგორც ევროკავშირის წამყვანმა ქვეყანამ და ამ გაერთიანების მაშინდელმა თავმჯდომარემ. ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ მომენტში მომრიგებლის მისიის შესრულება გაუჭირდებოდა. საამისოდ რამდენიმე ანგარიშგასაწევი გარემოება არსებობდა.

ჯერ ერთი, თავად ამერიკა მოერიდა შუამავლის როლს იმ ხელშეკრულების გაფორმებისას, რომელიც მისი სტრატეგიული მოკავშირისათვის (ე.ი. საქართველოსთვის) უეჭველად წამგებიანი იყო. თანაც ამერიკას სურდა ეჩვენებინა, რომ იგი რუსეთზე მაღლა დგას იმისთვის, რათა ამ მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩაებას. ამერიკის ადმინისტრაციას სურდა ეჩვენებინა, რომ ლოკალურ პოლიტიკურ სცენაზე და მის მიღმაც შტატების გავლენა შეუდარებლად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთისა.

სხვათა შორის, ზუსტად ასევეა უკრაინაში განვითარებული კონფლიქტის შემთხვევაშიც. რუსეთი უკრაინასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, აგრეთვე ამბოხებული მხარის წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე. ამერიკელები კი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ სხედან. ეს მხოლოდ პრესტიჟის მოტივებით არ არის განპირობებული. საქმე ის არის, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ამ შემთხვევაში ნიშნავს მისი გეოპოლიტიკური მიდგომების საასპარეზოდ და საცილობლად გახდომას, ანუ ამ მიდგომებზე ოფიციალური დისკუსიის დაწყებას. ამგვარ დებატებში მონაწილეობა კი ამერიკას, როგორც შექმნილი მსოფლიო წესრიგის ლიდერს, ცხადია, არ სურს. მას სწორად ესმის, რომ ამგვარი პოლემიკისათვის ოფიციალური სახის მიცემა უდიდეს საფრთხეს შეუქმნის თავად სისტემას და მის მეთაურს.

შტატებს, ცხადია, კარგად ახსოვს მისი სტრატეგიული მოკავშირისა და წინამორბედის - დიდი ბრიტანეთის სამეფოს - სერიოზული შეცდომა, როდესაც ეს უკანასკნელი საჯარო დისკუსიებში ჩაება ნაცისტურ გერმანიასთან ტერიტორიული და პოლიტიკური გადანაწილების თაობაზე, რასაც საბოლოო ანგარიშში (და საკმაოდ სწრაფად) ვერსალის სისტემის კრახი და მსოფლიო ომი მოჰყვა. თანაც პოლემიკის დროს აქტიურად განიხილებოდა ვერსალის ხელშეკრულების მთლიანად შეცვლის, ევროპასა და მთელს მსოფლიოში ტერიტორიული გადანაწილებისა და გავლენის სფეროების ხელახალი გაყოფის საკითხები.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ამას ესწრაფვის. ვინაიდან ამგვარი თემატიზაცია და განხილვები თუნდაც ნეგატიური შედეგების შემთხვევაში (განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან უშუალო პაექრობისას), მაინც არის რუსეთის პრეტენზიების ლეგიტიმაცია, მოლაპარაკებებში მისი სრულფასოვან (თუმცა არა ტოლძალოვან) პარტნიორად აღიარება. ასეთ შემთხვევაში ეს მოთხოვნები ახლა თუ არა სამომავლოდ მაინც (სხვა ეტაპზე), დაკმაყოფილებული იქნება. ამგვარ მიდგომაში მოულოდნელი არაფერია. უცნაური ის არის მხოლოდ, რომ ვლადიმერ პუტინს ახალი „ევროპული იალტის“ მიღწევა ისე სურს, რომ უკრაინის კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთ მხარედაც არ დაფიქსირდეს. ასე რომ, 2008 წლის ქართულ-რუსულ კონფლიქტს მრავალი სამომავლო იმპლიკაცია აღმოაჩნდა. სხვა საგულისხმო ანალოგიებს ქვემოთ შევხვდებით.

ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობა ტაქტიკური მოსაზრებებით მიუღებელი იყო რუსეთისთვისაც. რუსები შეერთებულ შტატებს ამ კონფლიქტის მონაწილე მხარედ მიიჩნევდნენ (ამერიკის სამხედრო კრეისერი ტყუილად ხომ არ შემოვიდა ბათუმის პორტში და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით ხომ არ ამოიწურებოდა მისი მისია). ამიტომაც, რუსული თვალთახედვით, კონფლიქტის მონაწილე ქვეყანა მედიატორად არ გამოდგებოდა. ევროკავშირი და მისი თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტი კი სულ სხვა საქმეა. ჯერ ერთი, ევროკავშირს არანაირი ფორმით არ მიუღია მონაწილეობა ამ კონფლიქტის ცხელ ეტაპზე. მეორეც, სწორედ ევროკავშირი და მისი მოწინავე ქვეყნები (გერმანია და საფრანგეთი), თამაშობდნენ მთავარ როლს რუსეთის დასავლური ორიენტაციის განმტკიცების, მისი არსებულ მსოფლიო წესრიგში ეფექტური, რიგიანი და უხიფათო ჩართვის საქმეში. მათ სერიოზული ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ რუსეთში და პირუკუ. სწორედ ამიტომ, დასავლური ხედვის რეალიზაციისათვის ამ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისად საფრანგეთის პრეზიდენტი გამოიყურებოდა. შესაბამისად, სწორედ ნიკოლა სარკოზი მოგვევლინა.

ეს პარადოქსული ვითარება იქნებ იმით არის გამოწვეული, რომ რუსეთს სურს მსოფლიო თანამეგობრობას აგრძნობინოს, საკუთარი პრეტენზიების სერიოზულობა და მასშტაბები. საფიქრალია, რომ მოსკოვის მოთხოვნები უკრაინას სცილდება. ყოველ შემთხვევაში ყირიმის ნახევარკუნძულის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე შორს ნამდვილად მიდის -მშვიდობისმყოფელად რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში და წარმატებითაც გაართვა თავი ამ რთულ საქმეს.