სააკაშვილი თავის სტიქიაშია, მისი მხრიდან გაქსუებულ ოლიგარქებთან და ქარის წისქვილებთან ბრძოლა ამჯერად უკრაინის თავისტკივილია. სავარაუდოდ, სააკაშვილი ახლა პოროშენკოს მოწინააღმდეგეთა ველს ასუფთავებს. რა შიდა დინებებია უკრაინაში და რისთვის იყენებენ სააკაშვილს? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.
გია ხუხაშვილი: აქ არ არის მხოლოდ სააკაშვილის ან ვინმეს დაპირისპირება, არამედ ბევრად უფრო ფუნდამენტურ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, საუბარია ჯგუფურ დაპირისპირებაზე. უკრაინაში ორი სხვადასხვა კონცენფცია შეეჯახა ერთმანეთს. იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს განსაზღვრავს უკრაინის რეფორმებს, არის ასეთი გაგება, რომ ძველი სისტემა უნდა დაინგრეს და ოლიგარქიული წრეები ჩამოშორდნენ ხელისუფლებას.
ძირითადად, საკითხი ეხება კოლომოისკის - სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი იგორ კოლომოისკის ზურგს მეტ-ნაკლებად უმაგრებს ოლიგარქებს. ვფიქრობ, ამ ბრძოლაში სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოსთან ტანდემში უნდა მოვიაზროთ.
რამდენად უღირს სააკაშვილს მოქმედ პრემიერთან - იაცენიუკთან დაპირისპირება, რომელიც თურმე ოლიგარქებს მფარველობს? სააკაშვილს უკრაინაში გადასროლილი ქართული „დესანტიდან“ უკვე საკუთარი გუნდის წევრებიც შემოწყრნენ. უკრაინის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკას ღიად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ არ იცის, რა ამბიციები აქვს სააკაშვილს, მას სურს უკრაინის პრემიერობა თუ პრეზიდენტობა, მაგრამ გაუგებარია ასეთი საქციელი რაიმე პოლიტიკური ქულების დაგროვებაში დაეხმაროს. რას ფიქრობთ, რა ხდება?
-კვიტაშვილი ყოველთვის გაუგებრობაში იყო საქართველოშიც და უკრაინაშიც, მას პოლიტიკის მაინცდამაინც არაფერი გაეგებოდა. მას აქვს პირადი პრობლემები, ის ვერ პატიობს სააკაშვილს იმას, რომ სააკაშვილმა გამოაცხადა, კვიტაშვილმა თანამდებობა წარუმატებლობის გამო უნდა დატოვოსო. როგორც ჩანს, კვიტაშვილი აღმოჩნდა მოპირისპირე ბანაკში და აკეთებს შესაბამის განცხადებებს. ცდილობს, გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ის არის ქართველი და, ასე თუ ისე, მოაზრებოდა სააკაშვილის გუნდის წევრად; ცდილობს, ამაზე ააგოს რაღაც ისტორია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალზე სუსტი არგუმენტი იქნება კვიტაშვილის გამოყენება.
კვიტაშვილი ამბობს, რომ საქართველოში რეფორმები სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ხელისუფლების ერთობის გამო - თუკი საქართველოში რაიმე რეფორმა ტარდებოდა, კვიტაშვილის დარგში ეს არ ხდებოდა. კვიტაშვილი იყო ყველაზე წარუმატებელი, უსუსური მენეჯერი, როგორც ჯანდაცვის მინისტრობისას, ისე - უნივერსიტეტში ყოფნისას.
ის შემთხვევით აღმოჩნდა სახელმწიფო სამსახურში. არ მგონია, კვიტაშვილის განცხადებები პრობლემას წარმოადგენდეს სააკაშვილისთვის, მისთვის პრობლემაა კოლომოისკი და ის ჯგუფი, რომელიც მთავრობასთან დაპირისპირებაშია შესული, მაგრამ სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერებიც. ასე რომ, ის თავის სტილში, თავის სტიქიაშია, ღია და აგრესიულ პოპულიზმზე ამყარებს საკუთარ კარიერას და ეს ადამიანებს მოსწონთ.
მას ახლა უკრაინაში თაფლობის თვე აქვს, დაახლოებით ისეთი, როგორიც საქართველოში 2001-2002 წლებში ჰქონდა, როცა მინისტრების აგარაკების სურათებს აფრიალებდა. მაშინ ის ჩვენ ძალიან კარგი და სამართალიანობისთვის მებრძოლი ადამიანი გვეგონა. დაახლოებით იგივე განცდა აქვს ამჟამად უკრაინის მოსახლეობას მის მიმართ.
მაგრამ კვიტაშვილმა ახსენა სიტყვა „ფრუსტრაცია“, რაც იმ ფსიქიკურ მდგომარეობას ნიშნავს, რომ რასაც ეყრდნობი, ის იდეალები ინგრევა. არის ეს კატასტროფა სააკაშვილისთვის, როცა ყოფილი პრეზიდენტის სურვილები არ ემთხვევა ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს?
- ეს კატასტროფა არაა სააკაშვილისთვის, რადგან კვიტაშვილი სააკაშვილის გუნდის წევრი არასდროს ყოფილა, ის შიდა წრეში არასდროს ტრიალებდა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო მისი დანიშვნა. რატომღაც ვფიქრობ, რომ კვიტაშვილის დანიშვნა საერთო კამპანიის ნაწილი იყო და არა - სააკაშვილის რეკომენდაცია. კვიტაშვილი, როგორც ჩანს, ტალღას შეჰყვა. პირველი წარუმატებელი ქართული პროექტი უკრაინაში სწორედ კვიტაშვილი იყო. ყველას გვახსოვს, როგორ მოხდა მისი გათავისუფლება. კვიტაშვილი სააკაშვილისთვის უფრო ბალასტად დარჩა.
სხვათა შორის, ოდესელები სააკაშვილის გადადგომასაც მოითხოვდნენ, პლაკატებით - „Go home“...
- იქ დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ დღეს სააკაშვილი, გარკვეული მიმართებით, უკრაინისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. სააკაშვილი არყევს ოლიგარქიულ სისტემას, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. ის შავ სამუშაოს ასრულებს, ეს ეტაპი უკრაინას გასავლელი აქვს. ამ სისტემის დამანგრევლის როლი ყველაზე კარგად სააკაშვილს შეუძლია ითამაშოს და აკეთებს კიდეც ამას.
შეიძლება, ვიფიქროთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი-პოროშენკო საქართველოს ექსპრეზიდენტს საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად იყენებს და პოროშენკოს სურს იაცენიუკის უმტკივნეულოდ ჩაჩოჩების საშუალება მიეცეს?
- პოლიტიკაში ასე ხდება. ყოველთვის ვიღაც იყენებს ვიღაცას. რა თქმა უნდა, პოროშენკოსთვის სააკაშვილი საფრთხის შემცველიცაა, გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის ავტორიტეტი, მისი რეიტინგი, ხშირ შემთხვევაში, აჭარბებს კიდეც პოროშენკოს რეიტინგს.
გარკვეულწილად, პოროშენკო სააკაშვილის ჩრდილშიც კი მოექცა. თავისი ქარიზმით სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტზე უფრო პოპულარულია, მაგრამ, მეორე მხრივ, სააკაშვილი პოროშენკოსთვის არის ე.წ. ყინულმჭრელი, რომელმაც მას უნდა გაუსუფთავოს გზა. პოროშენკო ამ შემთხვევაში წაუგებელ თამაშს თამაშობს - თუ ოლიგარქებთან ბრძოლაში სააკაშვილი წარმატებული იქნება და შეძლებს, კოლომოისკის და სხვებს მოერიოს, საბოლოო ჯამში, ეს პოროშენკოს წარმატებად ჩაითვლება და მას ჩაეწერება არქივში.
თუ სააკაშვილი წარუმატებული იქნება, პოროშენკო, პრინციპში, არაფერს დაკარგავს, რადგან თავის პოტენციურ შემდგომ კონკურენტს - სააკაშვილს თავიდან მოიშორებს. ამიტომ გამოჰყავთ სააკაშვილი ფრონტის წინა ხაზზე.
იაცენიუკი მაინც მოქმედი პრემიერია. მასთან დაპირისპირება რას მოუტანს სააკაშვილს?
- ძნელი სათქმელია, ეს ძალიან მძიმე ბრძოლაა. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი დიდ პოლიტიკურ რისკზე წავიდა, ეს მისთვის დამახასიათებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის პიროვნულად ძალზე მხდალია, პოლიტიკურ თამაშებში ძალზე შეუპოვარია. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, ეს არის მისი ფუნქცია, რომ მან ამოცანა შეასრულოს. ის თვლის, რომ ამას მერე დაუფასებენ არა მხოლოდ უკრაინაში; არამედ დაუფასებენ ის საერთაშორისო ძალებიც, ვინც მას მუდმივად ზურგს უმაგრებს, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელები.
თუ მან ამ სასტიკ ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, შემდგომში შეუძლია, უფრო სერიოზული რაღაცები მოითხოვოს. მას სხვა გზა არც აქვს. იძულებულია, წავიდეს სერიოზულ რისკზე და მიდის კიდეც.
თუკი მისი გზა პოროშენკოსთან გადაიკვეთება?
- ამ ეტაპზე პოროშენკოსთან სააკაშვილის გზის გადაკვეთის შანსები ძალიან მცირეა, რადგან ის დღეს აკეთებს იმ საქმეს, რაც დასავლეთიდანაა სანქცირებული და პოროშენკოსგანაც ვიზირებული, ისინი დღეს ბუნებრივი მოკავშირეები არიან, თუმცა შეიძლება, ერთმანეთი ძალიანაც არ უყვარდეთ. გარდა ამისა, სააკაშვილი დასავლეთის საქმეს აკეთებს. შესაბამისად, პოროშენკოს ძალიანაც რომ არ მოსწონდეს ეს ყველაფერი, ხმას ვერ ამოიღებს, რადგან დასავლეთში შეექმნება პრობლემები და დასავლეთი ერთადერთი გარანტია, რომ პოროშენკო დღესაც პრეზიდენტია.
გამორიცხული არ არის, აშშ-ის გავლენით უკრაინის პრემიერად სულ სხვა პირი მოგვევლინოს და სააკაშვილზე საუბარი შეიძლება ზედმეტიც იყოს?
- შეიძლება; ესეც რისკია. სააკაშვილი მაინც უცხო ტომის წარმომადგენელია. უკრაინის პრემიერ-მინისტრობა იმდენად მაღალი თანამდებობაა, რომ ამ თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნა შეიძლება, უხერხული ნაბიჯი იყოს.
გარდა ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ცალი თვალით საქართველოსკენ იყურება . მას არ სურს, ღრმად შეტოპოს უკრაინის პოლიტიკაში. მისი ამოცანაა, პოლიტიკური ტრამპლინი გაიმზადოს იმისთვის, რომ როდესაც საქართველოში, მისი ვარაუდით, შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება, გადმოხტეს ქართულ პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ის ამაზე მუდმივად ფიქრობს. გარდა ამისა, მას კარგად ესმის, რომ სისტემური, რუტინული, ყოველდღიური შრომისთვის მზად არ არის, ეს არც არის მისი მისია, მას აქვს ნგრევის აბსოლუტურად კონკრეტული ამოცანები, შენება მისი ამოცანა არ არის, მან უნდა დაანგრიოს სისტემა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. ღრმად ამ საქმეში არ შეტოპავს. მას შეუძლია რეიტინგი დროებით აკრიფოს, მაგრამ უკრაინას მაინც უყურებს, როგორც ერთჯერადი, მოკლევადიანი ამოცანის შესრულების ასპარეზს.
საქართველოში დაბრუნება რომ არ ასვენებს, ამას მისი პერიოდული განცხადებებიც მიუთითებს - „რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ იდიოტურად დაპაუზებულ წლებში“; ან კიდევ, „მე ხალხის დიდი მხარდაჭერა მქონდა, მაგრამ არ მინდოდა ნებისმიერ ფასად დარჩენა“. თუმცა საქართველოში დაბრუნების თვალსაზრისით, მის შანსებს ცალკეული ექსპერტები ნულის ტოლად აფასებენ...
- ობიექტურად რომ ვთქვათ, მისი და მთლიანად, „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები უნდა იყოს ნულოვანი. 2012 წლის არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევნები. ხალხმა განაჩენი გამოუტანა ნაცმოძრაობას იმ განუკითხაობისთვის, რაც მათ დაატრიალეს. ამ სასჯელს მოხდა სჭირდება. ოთხ წელიწადში სასჯელის მოხდა ვერ მოხდება. ადამიანებში ის ჭრილობები ჯერ კიდევ ცოცხალია და ამ პოლიტიკური ძალის პერსპექტივაც ბუნდოვანია; ყოველ შემთხვევაში, ამ არჩევნებზე მაინც.
კიდევ ოთხი წლის შემდეგ რა იქნება, ეს ცალკე თემაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი გადატენოს თავის მოწინააღმდეგე ბანაკში. სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსი ის არის, რომ არსებულმა ხელისუფლებამ უარესი საშინელებები ჩაიდინოს წინა ხელისუფლებასთან შედარებით.
დღევანდელი გადასახედიდან ასეთი შანსები თითქოს არ არის, მაგრამ დინამიკა ძალზე ცუდი აქვს ამ ხელისუფლებას. სიმართლე გითხრათ, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი წელიწადზე მეტია, არ მინახავს. ყველა ნაბიჯი წინაზე უარესია. მიშას სადისტური ხელისუფლებიდან დღევანდელი მაზოხისტური ხელისუფლება მივიღეთ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, პირველ რიგში, თვითონ დაზარალდეს. ასე თუ გააგრძელეს, მაშინ ყველას აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი, უკანასკნელ ნაძირალასაც კი შეიძლება გაუჩნდეს.
თუკი საქართველოში დაბრუნებას ფიქრობს სააკაშვილი, მაშინ რას ნიშნავს ის პეტიციები, რომლებიც უკრაინაში სააკაშვილის გაპრემიერების მოთხოვნით დღითიდღე მატულობს?
- მიშა ხომ ერთ ადგილას ვერ მოისვენებს. მას აქვს ნაციონალური ლიდერობის მოთხოვნილება. რა არეალშიც არ უნდა გაუშვან, ის არის „სამყაროს ჭიპი“. ამას რეალიზება სჭირდება, თუ პირდაპირი გაგებით არა, ვირტუალურად მაინც. შეიძლება, თანამდებობაზე არც წავიდეს, მაგრამ ის, რომ უკრაინულ საზოგადოებაში არის განცდა და სააკაშვილი მოთხოვნადია, როგორც მომავალი თანამდებობის პირი, ეს მას აძლევს პოლიტიკურ ქულებს დასავლეთის თვალშიც და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების კუთხითაც.
მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ის არცერთ შემთხვევაში არ წავა უკრაინის პრემიერ-მინისტრად, ის შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ, ჩემი გათვლით, ეს იქნება მოკლევადიანი პროექტი. შეიძლება, ორი-სამი სისტემური ნაბიჯი გადადგას და იმის მიხედვით, როგორ განვითარდება საქართველოში სიტუაცია, რაღაც მოძრაობები განახორციელოს.
უკრაინელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქარიზმის გარდა, სააკაშვილი არაფერია და მას სახელმწიფო მმართველის უნარიც არ გააჩნია. შესაბამისად, მათი არგუმენტით, საქართველოს ექსპრეზიდენტის პრემიერად დანიშვნა უკრაინას ეკონომიკურ კრახამდე მიიყვანს. თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინის გარკვეულ წრეებში მას განიხილავენ, როგორც ინტელექტუალს. ამ ფრთის წარმომადგნელები ამბობენ, რომ ქვეყნის შს მინისტრი ხარკოველი ვაჭარი, წერა-კუთხის უცოდინარი ადამიანია, მის ფონზე კი კონტრასტულია სააკაშვილის უკრაინულად საუბარი და წერა-კითხვის უნარი. ალბათ, ესეც დადებით ეფექტს ახდენს მის რეიტინგზე?
-სააკაშვილი, როგორც ენერგეტიკული ვამპირი, ადამიანების „სიყვარულით“ იკვებება. პოლიტიკოსების უმეტესობა სწორედ ასეთები არიან. მათ აქვთ ფუფუნება, სწორედ ის ნაბიჯები გადადგან, რასაც მოითხოვს ბაზარი, ანუ რასაც მოითხოვს ხალხი - ებრძოლონ ოლიგარქებს, წურბელებს.
ამ მხრივ სააკაშვილსაც ოქროს ხანა აქვს. გასაგებია, რომ მეორე მხარე გაიბრძოლებს და ისინიც შეეცდებიან სააკაშვილის დისკირედიტირებას, მაგრამ ეს არ იქნება დამაჯერებელი.
რაც უფრო მეტად ებრძვი ასეთ ადამიანს, უფრო იძირები, რადგან სააკაშვილის დღევანდელი საქციელი აბსოლუტურად პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც მთლიანად უკრაინულ საზოგადოებაშია.
ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ქარიზმის გარდა არაფერია და სახელმწიფოს მმართველობის უნარი არ გააჩნია, რამდენად შეესაბამება პოროშენკოს ინტერესს, რომ სააკაშვილს შემდგომში ჩამოიშორებს, რათა მას აღარ გაუჩნდეს უფრო მეტი ამბიცია?
- პოროშენკო, ალბათ, ასეც ფიქრობს, სააკაშვილის ხელით მოიშოროს ძირითადი პრობლემა, ოლიგარქიული და ექსტრემისტული ძალები, მოახდინოს უტილიტარიზაცია, გაწმინდოს ვერტიკალი და რისკებისგან თავი დაიცვას.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელით ამას გააკეთებს, ბუნებრივია, შეეცდება, სააკაშვილი მოიშოროს, რადგან ადამიანი, ვინც ამაში დაეხმარება, მისთვის უკვე მთავარი საფრთხე გახდება. ნუ ჩავთვლით, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად ნაკლებად გამჭრიახია, ვიდრე პოროშენკო. რასაც ჩვენ ვამბობთ, ეს სააკაშვილმაც კარგად იცის. ვისი კოზირი გაჭრის, საბოლოო ჯამში, ძნელი სათქმელია.
სააკაშვილის მერკანტილური ზრახვების შესახებ რას ფიქრობთ? უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინამდვილეში, უკრაინელ ოლიგარქებთან ბრძოლა სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილის ბრძოლა გარანტირებული შემოსავლებისთვის, რომელიც ოდესის პორტში წელიწადში 2-3 მილიარდს აჭარბებს...
-მათ შიდა სამზარეულოს ისე კარგად არ ვიცნობ, რომ კომპეტენტურად ვიმსჯელო, რა ხდება ოდესში, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებ იმ აზრს, რომ სააკაშვილმა პირადი კორუფციული მიზნების განხორციელება დაიწყოს. ეს მას არაფერში სჭირდება და ძალიან სარისკო იქნება. ის ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ექნება შესაბამისი თანხმობა პოროშენკოსგან ან დასავლეთისგან.
პოლიტიკური გარანტიების გარეშე ამ თამაშს ვერ დაიწყებს. ახლა ტყუილ-მართლის გარჩევა ძალიან ძნელია. კოლომოისკის აქვს მთელი მედიაჰოლდინგი-ტელევიზიები, ბეჭდური მედია და სხვა. ის ცდილობს, სააკაშვილის დისკრედიტირება მოახდინოს და ეს ბუნებრივიცაა.
მაგრამ ასეთი დისკრედიტაციის მცდელობა დამკვეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს. იმავე სააკაშვილის ისტორიაც ამას გვიჩვენებს. 2000-2001 წლებში კახა თარგამაძისა და ასლან აბაშიძის მხრიდან სხვადასხვა მეთოდით სააკაშვილის დისკრედიტაციის მუდმივი მცდელობიდან არაფერი გამოვიდა.