საქართველოსთვის, ისევე, როგორც აშშ-სა და დასავლეთისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თურქეთში პირველ ნომებერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. თუმცა, ვითარება მეზობელ სახელმწიფოში უკიდურესად დაძაბულია. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ისლამური სახელმწიფოს და ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება, უკვე შეფასდა პრეზიდენტ ერდოღანის პროვოკაციად.
რატომ არ იწყება სახმელეთო ოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და შესაძლებელია თუ არა, რომ ლტოლვილების ნაკადი საქართველოს საზღვრებს მოადგეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
თქვენი შეფასებით, რატომ არ იწყებენ „ისლამური სახელმწიფოს“და ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას? ფაქტია, რომ საჰაერო ოპერაციას შედეგი არ მოაქვს...
-საჰაერო იერიში ეს არის სიმბოლური, მაგრამ რატომ არ იწყებენ სახმელეთო ოპერაციებს, ესეც გასაგებია. ყველას ეშინია სახმელეთო ოპრეციის ჩატარების ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ისლამურ ხალიფატს გაუმკლავდეს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სულ მცირე, 300-400-ათასიანი სამხედრო დაჯგუფების გაგზავნა დასჭირდება.
ალიანსი გადაეჩვია ასეთი სამხედრო-კოალიციური ომების დაგეგმვის პროცესს, რადგან ცივი ომის პერიოდში რეალური საფრთხე გაქრა. ისლამური ხალიფატი საკმაოდ განვითარებული პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც გარკვეულ ტერორისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს, შექმნა ძლიერი შეიარაღებული ძალები.
დაახლოებით თუ არის ცნობილი „ისლამური ხალიფატის“ შეიარაღებული ძალების მოცულობა?
-ეს არის დაახლოებით 20-დან 50-ათასამდე აქტიური კადრი; რაც შეეხება სამობილიზაციო რესურსს, ეს არის 200-250 ათასი რეზერვისტი; იმ შემთხვევაში თუ ხალიფატის წინააღმდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, სამობილიზაციო რესურსი შესაძლოა, გაიზარდოს. სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად საკმარისი არ არის ის ძალები, რომელიც გააჩნია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რუსეთს და აშშ-ს.
სანამ კოალიცია გადაწყვეტილების მიიღებს, ფაქტია, რომ ისლამური სახელმწიფოს 4 ათასმა მებრძოლმა ევროკავშირის საზღვრები ლტოლვილის სახით გადაკვეთა. მათ უკვე შეაღწიეს გერმანიასა და შვედეთში, რაც მეორე პრობლემაა. შესაძლებელია ბრძოლის გადატანა მოხდეს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე?
-იმდენად მოქნილია ისლამური ხალიფატი, რომ მას შეუძლია ბრძოლის გადატანა მოწინააღმდგის ტერიტორიაზე და ე.წ. ბირთვული გრავიტაცული ცენტრების შექმნის შედეგად სამხედრო დარტყმის მიყენება. სამწუხაროდ, ამის პრობლემა არსებობს. ისლამურ ხალიფატთან ომის სტრატეგია ჯერ არავის არ აქვს შემუშავებული. ეს არის გრძელვადიანი საფრეთხე, რომელიც როდის აფეთქდება, არავინ იცის.
მეორე და არანაკლები პრობლემაა მიგრანტების საკითხი. ეს არის ე.წ. რბილი ძალა. ევროკავშირი უკვე ვერ ერევა მიგრანტების მიღების პროცესს. რაც დაპირისპირების სერიოზულ ხაზს ქმნის და მიზანია - ბზარი გაუჩნდეს ევროკავშირს. ვხედავთ, რომ ევროკავშირის ძველი წევრები დაუპირისპირდნენ ახალ წევრებს. შედეგად, შვედეთმა უარი განაცხადა მიგრანტების მიღებაზე. იგივე ნაბიჯი გადადგა უნგრეთმა. არ გამოვრიცხავ, რომ მიგრანტების მიღებაზე უარი თქვან ბალტიის სახელმწიფოებმაც.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ლტოლვილების ნაკადი საქართველოს საზღვრებს მოადგეს?
-საქართველოს შესაძლოა მოადგნენ იმ იმედით, რომ მოხვდნენ ევროპაში. თუმცა, გამოვრიცხავ, რომ ლტოლვილების ნაკადი მოადგეს ჩვენს საზღვრებს, რადგან, არსებული კონფლიქტური კერებიდან გამომადინარე, საქართველოს მიმართულებით გადაადგილება საკმაოდ რთულია. ანუ, ფიზიკურად არ შეუძლიათ მოადგნენ საქართველოს.
საკმაოდ რთული ვითარებაა, როგორც ჩანს, თვითონ ისლამური ხალიფატიც ჯერჯერობით თავის ნახტომს ელოდება. თავისი არსით ისლამური ხალიფატი პასიურ რეჟიმში გადავიდა. აშკარაა, რომ რუსეთის სამხედრო დესანტის გადასროლა მიმართულია არა იმდენად ისლამური ხალიფატის, არამედ ამერიკელების და მათი მომხრე ძალების წინააღმდეგ; ისევე, როგორც თურქეთის სამხედრო ძალა მიმართულია ქურთებისა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
თავისთავად ჩნდება კითხვა, რუსეთი, რატომ ჩაერთო სირიის კონფლიქტში, როგორც მხარე?
-ვიდრე რუსეთი ჩაერთვებოდა სირიის კონფლიქტში, პრევენციული ღონისძიება გაატარა ჩრდილოკავკასიაში. მოაწყო ისლამური ხალიფატის და „კავკასიის ემირატის“ სამხედრო შენაერთების წმენდა; ამით, გარკვულწილად, „კავკასიის ემირატის“ წინააღმდეგ წარმატებას მიაღწია. ასე რომ, გასაგებია, რა მიზანს ემსახურებოდა ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ე.წ.ოპერატიული სამხედრო სწავლება.
სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა შეიარაღების გადასროლა სირიაში. როდესაც რუსეთი სამხედრო წვრთნებს საბრძოლო განგაშის ეგიდით ატარებს, ეს უკვე ადასტურებს, რომ ომისთვის ემზადება, რაც სახეზეა სირიის შემთხვევაში.
ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესაბამისად, ოლქის ჯარები, სამხედრო ოლქების საჰაერო ძალების ნაწილი, საჰაერო-სადესანტო ჯარები და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია სრულ მზადყოფნაშია.ცენტრალური სამხედრო ოლქის საბრძოლო მზადყოფნაში გადაყვანა დაკავშირებულია სირიაში მიმადინარე პროცესებთან?
-ბუნებრივია, მუდმივ რეჟიმში მიდიოდა წვრთნები რუსული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე. ეს არის უნიკალური ბაზა, სადაც საბრძოლო პირობებში ამზადებენ მფრინავებს. სხვათა შორის, ამ საბრძოლო ცენტრიდან წამოსული თვითმფრინავები ბობმავდნენ 2008 წელს ქართულ სოფლებს და ქალაქებს. როცა რუსეთის საჰაერო ძალების შეირაღებული ნაწილები სრულ საბრძლო მზადყოფნაში გადაჰყავთ, იწყებენ მუდმივმოქმედ სასწავლო ფრენებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ემზადებიან ომისთვის.
სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი კასპიის საზღვაო ფლოტი, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი კასპიიდან დაიწყებს სამხედრო ტექნიკის გადმოსროლას და არ გამოვრიცხავ საქართველოს სახმელეთო გზის გამოყენებას; ამას ხელს უწყობს მიხეილ სააკაშვილს დროს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება.
რომელ ხელშეკრულებას გულისხმობთ?
-ეს არის 2010 წლის ხელშეკრულება, როდესაც რუსეთს მიეცა საშუალება ლარსიდან განეხორციელებინა სამხედრო ტრანზიტი სომხეთის მიმართულებით. რუსეთს შეუძლია, ეს ხელშეკრულება გამოიყენოს.
თუმცა, ეს ხელშეკრულება რუსეთს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ გზა გამოყენებული იქნას სამხედრო-სატრანზიტო დანიშნულებისთვის...
-გეთანხმებით, რუსეთს არ შეუძლია ხელშეკრულება გამოიყენოს სამხედრო-საბრძოლო ერთეულების და სამხედრო ტექნიკის გადასროლისთვის, მაგრამ ამის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება.