დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის მუშაობას შესაძლოა, წერტილი დაესვას. ჩვენს საზოგადოებაში ბევრს არც ეგონა, რომ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე 2007 წელს შექმნილი აღნიშნული ადმინისტრაცია მუშაობას კვლავ აგრძელებდა. For.ge-სთან პირად საუბრებში სამაჩაბლოდან დევნილები ადასტურებდნენ, რომ მათთვისაც გაუგებარი იყო, რატომ ინარჩუნებდა ახალი მთავრობა ამ უფუნქციო ადმინისტრაციას და დაუსრულებლად რატომ ინახავდა დიმიტრი სანაკოევს.
სამაჩაბლოელებს უჭირდათ იმის დაკონკრეტება, რა დადებითი როლი შეასრულა აღნიშნულმა ადმინისტრაციამ და ეს უფრო სააკაშვილის მორიგ ახირებად მიაჩნდათ. თუმცა, სააკაშვილის წარმოდგენით, სანაკოევის ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქცია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო.
თავად დიმიტრი სანაკოევმა არ იცის, რა ბედი ეწევა მის უწყებას. გააგრძელებს თუ არა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მუშაობას, ეს უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კულუარულად კი, ამაზე მსჯელობა მთავრობაში მიმდინარეობს.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მიზნად ისახავდა ალტერნატიული სტრუქტურის ჩამოყალიბებას სეპარატისტულ რეჟიმთან მიმართებით, მაგრამ შემდეგ განვითარებული მოვლენების კონტექსტში ამ ნაბიჯმა არ გაამართლა და ახალგორის რაიონი ოსების სეპარატისტული და მარიონეტული რეჟიმის გავლენის ქვეშ მოექცა.
ექსპერტის თქმით, სულ რაღაც რამდენიმე ქართულ სოფელზე ვრცელდებოდა ამ წარმონაქმნის ფორმალური იურისდიქცია და, საბოლოო ჯამში, როცა სიმღერებით და სკანდირებით ვცდილობდით ზემოქმედების მოხდენას პროცესებზე, ოკუპაციის გაფორმებამდე მივედით.
„ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ექსპერიმენტმა არ გაამართლა, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების მცდელობას, ემოქმედა და სიახლე შეეთავაზებინა ოსი ხალხისთვის, დადებითად მივიჩნევ.
თუ ყველა ფორმა და მეთოდი არ გამოიცადა, ისე, შედეგს ვერ მივაღწევთ. საბოლოო ჯამში, სანაკოევის ხელისუფლებამ უფრო მეტი გააფუჭა სამაჩაბლოსთან მიმართებით, ვიდრე წინ წასწია საქმე.
ახალ სიტუაციაში, როცა საქართველომ ხმამაღლა განაცხადა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების მიტაცების შესახებ რუსეთის მიერ, სანაკოევის ადმინისტრაცია უკვე არაფრის მაქნისია და მის გაუქმებაზე შეიძლება ვიფიქროთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვისმინოთ ამ ადმინისტრაციის მომხრეების არგუმენტებიც, თვითონ ბატონი სანაკოევის ხედვა, თუ რას აკეთებს ეს ადმინისტრაცია და რა პოზიტიური როლი შეიძლება, შეასრულოს ოს თანამოძმეებთან ურთიერთობის აღდგენაში, კონფლიქტის დარეგულირებასა და ამ ტერიტორიების დეოკუპაციაში.
მე, პირადად ამ არგუმენტებს ვერ ვხედავ, მაგრამ, თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, მაშინ მის შენარჩუნებას მოვითხოვ“,-აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
ექსპერტ გია ხუხაშვილს აინტერესებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს?! For.ge-სთან საუბარში ექსპერტი აცხადებს, რომ თავიდანვე შეცდომა იყო ამ ადმინისტრაციის შექმნა, რადგან ეს ირიბად ადასტურებდა, რომ არსებობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომია, რომელიც, სინამდვილეში, დიდი ხნით ადრე იყო გაუქმებული.
„სხვათა შორის, ახალგორის დაკარგვა ამ სულელური გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა. მოგეხსენებათ, ცხინვალის რეგიონი არსებობდა, ავტონომია არ იყო და ამ ადმინისტრაციის შექმნამ გარკვეული საფუძველი შეუქმნა ახალგორის მიტაცებას რუსებისა და ოსების მხრიდან.
გვახსოვს, რამდენიმე მთავრობა იყო იქ, ვიღაცები დანიშნეს, მაგრამ ისინი ჯიპებზე დასხდნენ და რუსეთში გაიქცნენ. ძალიან ბევრი უცნაურობა ხდებოდა. არადა, ისინი სანაკოევის უახლოესი ადამიანები იყვნენ.
დიმიტრი სანაკოევი არ არის მომლაპარაკებელი პირი, რადგან მეორე მხარე მას არ ელაპარაკება. აქ რას ფაფხურობს, რას აკეთებს, არავინ იცის. ამდენი წელია საქართველოშია, ქართულიც კი ვერ ისწავლა. არასერიოზულია ასეთი ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა და ე.წ. ადმინისტრაციის შექმნას სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომა უწოდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა სწორი და ერთადერთი გზა იყო, რათა ოსური წარმოშობის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკური პროცესის სრულფასოვან მონაწილეებად ეგრძნოთ თავი; თავად ცხინვალის რეგიონში ვინც კი იყო პროქართულად განწყობილი და ვისაც შერიგების იდეა ხიბლავდა, მას თავისი წარმომადგენლობა უნდა ჰყოლოდა და საკუთარი შეხედულებების მატერიალიზაცია შესძლებოდა.
„როგორ იქნა ეს გამოყენებული და მერე რა მოხდა, ეგ უკვე სულ სხვა ისტორიაა, რასაც, „ქოცური“ გონება ვერ გაიგებს. ამ ე.წ. ქოცი მთავრობის ხელში აღარაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის, იმასაც, იარსებებს თუ არა სანაკოევის მთავრობა.
ფაქტობრივად, გაჩერებულია ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა, მოვა დრო და ვიღაც სხვები გააგრძელებენ ისტორიას, ამათ ხელში ისტორია გაჩერდა და ერთ რამეს დაამატებენ თუ მოაკლებენ, მაინც ნული იქნება“, -აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა და შეკითხვაზე, რატომ ვერ განხორციელდა აღნიშნული ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქცია (ანუ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა) და რატომ დარჩა ეს ადმინისტრაცია იდეალისტური ზრახვების ამარა, უპასუხა: „ფაქტობრივად, ჩვენ ვცდილობდით სეპარატისტულად განწყობილი ოსების გულის მოგებას. ამაზე რუსეთმა ღია აგრესიით უპასუხა, რუსეთს სხვა გზა არ დარჩენოდა, რადგან ოსური კარტის გათამაშების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. რა ვქნათ ახლა, სახელმწიფოს რომ აშენებ და ვიღაცას ეს არ აწყობს, აღარ უნდა ააშენო? ჩვენს ხელისუფლებას მწყობრი კონცეფცია ჰქონდა, რუსეთმა კი ამას ომით უპასუხა და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპირება მოახდინა. სულმოკლეობაა, ეს დააბრალო ყოფილ ხელისუფლებას“.
რაც შეეხება პიროვნულად დიმიტრი სანაკოევს, დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ შეიძლება, რაღაც პლუსი ან მინუსი უპოვო ადამიანს, მაგრამ დიმიტრი სანაკოევის მშვენიერი ქართულით გადმოცემული აზრები მას პირადად მოუსმენია, ადმინისტრაციის საქმიანობის განხორციელების პროცესში კი ვიღაც ამართლებდა, ვიღაც არ ამართლებდა.