1990 წლის შემდეგ მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობა 53 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, 25 წლის წინ 12,7 მილიონი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა, წელს კი აღნიშნული რიცხვი ექვს მილიონამდე ჩამოვიდა. თუ გავითვალისწინებთ გაეროს მიზანს, რომ ბავშვთა სიკვდილიანობა 1990-დან 2015 წლის ბოლომდე ორი მესამედით შემცირდეს, აშკარაა, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ წინაა და ბევრი ფაქტორია გამოსასწორებელი იმისთვის, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია კვლავაც გაგრძელდეს.
ამ ტენდენციის გათვალისინებით, საინტერესოა, რა მდგომარეობაა ბავშვთა სიკვდილიანობის მხრივ საქართველოში?!
დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გასულ საუკუნეში ძალზე მაღალი იყო ბავშვთა სიკვდილიანობა და ყოველ ათას დაბადებულ ბავშვზე ზოგიერთ ქვეყანაში 300-400-500 ბავშვიც კი იღუპებოდა. საქართველოშიც არ იყო კარგი ვითარება და ყოველ ათას დაბადებულ ბავშვზე 30 ბავშვის სიცოცხლე მთავრდებოდა ლეტალურად. ახლა კი დაახლოებით 2, 5-ჯერ შემცირდა ეს მაჩვენებელი.
სულ სხვა ვითარებაა ეკონომიკურად განვითარებულ ზოგიერთ ქვეყანაში. საფრანგეთში, ფინეთსა და იაპონიაში ყოველ ათას დაბადებულ ბავშვზე წლის განმავლობაში მხოლოდ 3-4 ბავშვი კვდება. თუმცა დანარჩენ მსოფლიოშიც ეს მაჩვენებელი თანდათან უმჯობესდება და მსოფლიო მიისწრაფვის, განვითარებადი ქვეყნებიც მიუახლოვდნენ იმ მაჩვენებელს, რაც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ.
„ბავშვთა სიკვდილიანობა თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდა. მსოფლიო უკეთ იკვებება, ვიდრე ერთი საუკუნის წინ; სამედიცინო განათლების დონეც შედარებით მაღალია. დღეს მსოფლიოში ბევრად უკეთესი სპეციალისტები, გინეკოლოგები არიან, ვიდრე ადრე. საქართველოშიც შემცირდა ბავშვთა დაღუპვის მაჩვენებელი, რადგან მთელი რიგი პროგრამები განხორციელდა. ვერ ვიტყვით, რომ საკვები მთლიანად გაუმჯობესდა, მაგრამ საგრძნობი უკეთესობაა იმ მხრივ, რომ ქალებს უკვე აძლევენ იმ მინერალებს, რაც საჭიროა ორსულობის პერიოდში.
სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ყურადღება განსაკუთრებით საგრძნობია ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. სწორედ ამან გამოიწვია ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება. შედეგად, საქართველოში წლის განმავლობაში ყოველ ათას დაბადებულ ბავშვზე 8-10-11 ბავშვი იღუპება. ეს ბევრად უკეთესი მონაცემებია“,-აღნიშნა ანზორ თოთაძემ.
ამასთან, განვითარებად ქვეყნებში არსებულ სირთულეებსაც შეეხო, სადაც ისევ მაღალია ბავშვთა მოკვდავობა. ჯერ კიდევ არის ქვეყნები, სადაც ყოველ ათას დაბადებულ ბავშვზე 150 და კიდევ უფრო მეტი ბავშვი 6 წლამდე ასაკში ერთი წლის განმავლობაში იღუპება. განსაკუთრებით, ეს აფრიკის ქვეყნებს შეეხება, რაც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბავშვთა სიკვდილიანობის დიდ ამპლიტუდაზე მიუთითებს.
აკადემიკოს ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პალიკო კინტრაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ინსტიტუტებს ჩამოართვეს უფლება, თავად აკონტროლონ, როგორია შობადობა ან მკვდრადშობადობა. ასე რომ, ინფორმაციის მისაღებად მედიკოსებიც ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდებიან.
თუმცა პირადი დაკვირვების საფუძველზე პალიკო კინტრაია აცხადებს, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება პირობითი ცნებაა და გააჩნია, რომელ წლებთან შედარებით შემცირდა ბავშთა სიკვდილიანობა?! თუ მთავარ მაჩვენებლად 1990 წელს ავიღებთ, რა თქმა უნდა, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდებოდა, რადგან 150 ათასი ბავშვი იბადებოდა საქართველოში და ახლა იბადება 50-60 ათასი.
„ამ თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია. თუმცა დადებითი ის არის, რომ მშობიარობა უფასოა და მთავრობა მშობიარობას აფინანსებს. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, რომ ორსული ქალი დაუბრკოლებლად მიდის სამშობიარო სახლში“,-განმარტავს პალიკო კინტრაია.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, მარინა ბაიდაური For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროს განვითარება, ეკონომიკური პროგრესი და ზოგადად, ცხოვრების დონის ამაღლება პირდაპირ აისახება ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მსოფლიო ტენდენცია საქართველოშიც აშკარაა, რასაც ხელს უწყობს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ორსულთა პატრონაჟის სამსახურების გაძლიერება და ორსულ ქალებზე ალტერნატალური მეთვალყურეობის გაუმჯობესება.
„ძირითადად, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე საუბარი განვითარებად და დაბალი განვითარების ქვეყნებს ეხება, თორემ მაღალი განვითარების ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ისედაც დაბალი იყო. საერთოდ, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
2013 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს ოპერატიული შეტყობინების სისტემა, რაც გულისხმობს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება, სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი ყველა სუბიექტი ვალდებულია, დადგენილი წესით აცნობოს სამინისტროს 5 წლამდე ასაკის ბავშვთა, მკვდრადშობადობისა და დედის გარდაცვალების თითოეული შემთხვევის შესახებ.
2014 წლის განმავლობაში საქართველოში 1 წლამდე ბავშვის გარდაცვალების 566 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1000 ცოცხალშობილზე გადაანგარიშებით შედგენს 8.5%-ს, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 609 შემთხვევა, ანუ 1000 ცოცხალშობილზე 10.5%. როგორც მაჩვენებლებიდან ჩანს, ჩვილ ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების კლება მნიშნელოვანია, რაც სავარაუდოდ, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
მნიშვნელოვნადაა შემცირებული 5-წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებლებიც. საქართველომ 0.5- წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით უკვე მიაღწია ათაწლეულის სამიზნე მაჩვენებელს (16 - 1000 ცოცხალშობილზე) და გააუმჯობესა კიდეც.
გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა სიკვდილიანობის ანგარიშში 2014 წელს პირველად იქნა გამოყენებული საქართველოს რუტინული სტატისტიკური მონაცემები“.