ევროპა მიგრანტთა კრიზისმა მოიცვა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მიგრანტთა კრიზისი ევროპის „სულს“ ემუქრება.
რუსეთმა, რომელიც თავად გახდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დევნილების გაჩენისა და საკუთარი ტერიტორიებიდან ათასობით ადამიანის აყრის თუ მიგრანტად გახდომის მიზეზი, მიგრანტთა კრიზისის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება უკვე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბლოკი თავად არის დამნაშავე იმ კონფლიქტის გაღვივებაში, რამაც ადამიანთა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია.
„სამართლიანობა მოითხოვს, რომ დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების პროცესში უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს კონფლიქტი გააჩაღეს,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კრისტინა გრიგორიევასთან შეხვედრაზე და განმარტა, რომ „მექანიკური მიდგომა“ და ფულის სროლა ლტოლვილთა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
აღმოსავლეთ ევროპიდან სირიელი მიგრანტების დასავლეთში გადაყვანის პროცესი კვლავაც გრძელდება. 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე 2500 არალეგალი დაიღუპა, რომლებიც ევროპაში შეღწევას ზღვით ცდილობდნენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის ქვეყანათა მოსახლეობა 500 მილიონს შეადგენს, აშკარაა, რაოდენ დიდია მარტო წლეულს ევროპის საზღვრებს მიახლოებული 340 ათასი მიგრანტი. როგორც ჩანს, ახალმოსულთა გამკლავებისთვის საჭირო რესურსები ევროპას არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპას, აშშ-სთან შედარებით, ნაკლები მიგრანტი ჰყავს, მაინც შიშობს, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან შესული ლტოლვილები მათ კულტურას ძირს გამოუთხრიან. ლტოლვილთა ძირითადი ნაწილი ხომ კონფლიქტური რეგიონებიდან - სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან და სომალიდანაა.
საკითხი ქრისტიანულ სამყაროში მუსლიმანთა შემოსვლასაც ეხება. ამის გამო პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი უპირატესობას ქრისტიან ლტოლვილებს ანიჭებენ. არსებობს ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეებიც. სავსებით შესაძლებელია, რომ თავშესაფრის მაძიელებელ მიგრანტ ოჯახებს შორის ტერორისტი იმალებოდეს.
მიგრანტთა ნაკადის წინაშე უძლური აღმოჩნდა ევროკავშირი. ამის მაგალითია ორდღიანი დაპირისპირება პოლიციასა და ლტოლვილებს შორის უნგრეთში, სადაც პოლიციამ უფლება არ მისცა მიგრანტებს, მატარებლით გამგზავრებულიყვნენ ავსტრიისკენ. ეს მაშინ, როცა 3 სექტემბერს უნგრეთის პოლიციამ მათ იმედი ჩაუსახა, რომ ბუდაპეშტიდან მატარებელი ავსტრიის საზღვარებამდე ჩაიყვანდა, მაგრამ შემდეგ პოლიციამ ძალადობით შეყარა ისინი ლტოლვილთა ბანაკში.
თავის დროზე მიგრანტთა პრობლემას გაუმკლავდა შეერთებული შტატები, რომლის 320-მილიონიანი მოსახლეობიდან 11 მილიონი არალეგალი მიგრანტია და აშშ-ის საერთო მოსახლეობის 3,5%-ს შეადგენს. თუმცა, როგორც ჩანს, არც აშშ-ს ხიბლავს უამრავ მიგრანტთა პატრონობა. ამის გამოძახილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ზუსტად ამ 11 მილიონი არალეგალის ქვეყნიდან გაყრას აპირებს.
რამდენად შექმნა მიგრანტთა კრიზისი დასავლეთმა და როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირი აქ არაფერ შუაშია და ნაკლებად ეკუთვნის საყვედური, რადგან ევროკავშირი თავს იკავებდა მაშინ, როდესაც არაბული გაზაფხულის ტალღამ აღმოსავლეთის სახელმწიფოები წალეკა.
ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს, ლავროვი ადანაშაულებდა არა იმდენად ევროკავშირს, არამედ ალიანსს, რომელიც მონაწილეობდა ლიბიის ტერიტორიების დაბომბვაში, სწორედ ალიანსი იდგა იმ ამბოხებულების მხარეს, რომლებიც ცდილობდნენ კადაფის რეჟიმის დამხობას.
„ეს რამდენად არის ევროკავშირის ბრალი? ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა? თუმცა ამერიკელების ერთგვარი როლი ამ პროცესების მხარდაჭერაში არის, მაგრამ ეს გაკეთდა კეთილი მიზნების კონტექსტში. უნდოდათ კარგი, მაგრამ გამოვიდა ცუდი. ვინ არის დამნაშავე, ეს კითხვა შორს წაიყვანს ამის მოქმედ აქტორებს.
რაც შეეხება მიგრაციას, ეს პრობლემა რეალურ გამოწვევად გადაიქცა, ეს უკვე სამხედრო საფრთხის ტოლფასი გამოწვევაა, რადგან ამდენი მიგრანტის მიღება ევროკავშირს არ შეუძლია და უსაფრთხოების კონტექსტიც საკმაოდ რთულია. ისლამურმა ხალიფატმა უკვე მოუწოდა თავის მომხრეებს, რაც შეიძლება, შორს გაიფანტონ ისლამური ხალიფატის ძირითადი ადგილიდან, გაავრცელონ ისლამური ხალიფატის იდეები და უკვე სხვა ტერიტორიაზე დაიწყონ ომი.
არის საშიშროება, რომ ამ მიგრაციული ტალღის უკან შესაძლოა, მოხდეს ისლამისტების დაბრუნება. ეს კი ევროპის უსაფრთხოებას უფრო გაართულებს და სამხედრო ტიპის გამოწვევად გადააქცევს. მას შემდეგ, რაც ევროპამ ორი დიდი კრიზისი გადაიტანა და ბოლო კრიზისი საფინანსო კოლაფსს დაუკავშირდა, ცხადია, ევროკავშირი უკვე ვეღარ გაუძლებს მიგრანტების ფინანსურ უზრუნველყოფას“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.
აქვე განმარტავს, რომ დაირღვა კონსენსუსის პრინციპი, როცა ევროკავშირის ახალმა წევრებმა უხეშად, ევროკავშირის დემოკრატიული ფასეულობისთვის მიუღებელი წესებით მოახდინეს მიგრანტების უფლებების შელახვა, რამაც ევროკავშირის ძველი სახელმწიფოების მხრიდან აღშფოთება გამოიწვია.
განსაკუთრებით, საყვედური მიიღო უნგრეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ურბანის მთავრობამ, რომელმაც ხელკეტებითა და მიუღებელი წესებით მოახდინა ლტოლვილების დარბევა. მერკელი უკვე შენგენის ზონიდან გერმანიის გამოსვლის თემაზე ალაპარაკდა.
ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის არსებობაც ეჭვქვეშ დადგა. ამან გამოიწვია უნდობლობა და პოლიტიკური კოლიზიების შეტანა ევროკავშირის ახალ და ძველ წევრებს შორის, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა; შეიძლება, ევროკავშირის რღვევის პროცესიც დაიწყოს.
მიგრანტთა პრობლემის მოგვარების გზები ვახტანგ მაისაიას ამ ეტაპზე რთულად ეჩვენება. მით უმეტეს, იმ საშუალებით, რაც ევროკავშირს გააჩნია. მისი თქმით, ევროკავშირს თავისი პოლიტიკა აქვს როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ემიგრაციის ნაკადების მართვისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი დაირღვა ერთ წუთში, რადგან სიტუაცია გართულდა სირიაში, რუსეთიც ოფიციალურად ჩაერთო სირიის საბრძოლო მოქმედებებში, თურქეთი უშუალოდ შეიჭრა და უკვე აწარმოებს საბრძოლო ოპერაციას არა მარტო სირიის, არამედ ერაყის მიმართულებითაც. საბოლოო ჯამში კი, დღითი დღე იძაბება სიტუაცია აღმოსავლეთში.
ექსპერტი კორნელი კაკაჩია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაძრულ მიგრანტთა ნაკადი მცირეა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მომავალში წამოვიდეს ახალ მიგრანტთა სახით.
„გერმანიის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ნახევარ მილიონამდე მიგრანტის მიღება შეუძლიათ ერთ წელიწადში, მაგრამ სხვა ქვეყნები, გამომდინარე მათი ეკონომიკური ვითარებიდან, დიდად აღფრთოვანებით არ შეხვედრიან ამ ამბავს; ასევე, რთულია, მიგრანტთა ინტეგრაცია, ამას ემატება მათი შესაძლო კავშირები ტერორისტულ ჯგუფებთან. შესაბამისად, ბუნებრივია, არავის სურს, თავი აიტკიოს მიგრანტთა პრობლემით.
რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, ნიშნის მოგებით საუბარი მათი მხრიდან გასაგებია. თუმცა ევროპაში უამრავი თავსატეხი აქვთ, ეს დროებითი გამოსავალია. სამშვიდობო პროცესი უნდა დაიწყოს. კონსენსუსის მისაღწევად უნდა გაიმართოს საერთაშორისო დებატები, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი. ლტოლვილებს უნდა შეუქმნან ის გარემო, მათ აღარ მოუნდეთ თავიანთი მიწის დატოვება“,-აცხადებს კორნელი კაკაჩია.