უცნობი ნიკოლაე ჩაუშესკუ

უცნობი ნიკოლაე ჩაუშესკუ

რუმინეთის სათავეში ნიკოლაე ჩაუშესკუ 1965 წლის 19 მარტს მოვიდა, როდესაც რუმინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი გახდა. 1974 წელს ჩაუშესკუმ საკუთარი თავი სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადა. ის გატაცებული იყო ჩუჩხეს იდეით, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს გაეცნო, კიმ ირ სენის იდეების წიგნი რუმინულად თარგმნა და ავრცელებდა. ჩაუშესკუს რეჟიმი ნეპოტიზმით გამოირჩეოდა, მისი მეუღლე რუმინეთის ცკ-ს წევრი იყო, ხოლო 1980 წლიდან პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე (ჩაუშესკუ თავად იყო პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც). 80-იანი წლების შუა პერიოდში რუმინეთში გავრცელდა ჭორი, რომ ჩაუშესკუ პრეზიდენტობისთვის საკუთარ შვილს, ნიკო ჩაუშესკუს ამზადებდა და თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემას აპირებდა.

ჩაუშესკუს პრეზიდენტობის პერიოდში რუმინეთის მეცნიერებათა აკადემია მუშაობდა თეორიაზე, რომლის თანახმადაც, უნდა დამტკიცებულიყო, რომ რუმინელები ძველი რომაელების პირდაპირი შთამომავლები იყვნენ, ხოლო რუმინული ენა ყველაზე ახლოს იყო ლათინურთან.

კომუნისტური რეჟიმის მიუხედავად, ნიკოლაე ჩაუშესკუ ხშირად აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს და მოსკოვისგან სრულიად განსხვავებულ ნაბიჯებს დგამდა. ჩაუშესკუმ ღიად დაგმო საბჭოთა ჯარების შესვლა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს. რუმინეთი იყო ერთადერთი სოციალისტური სახელმწიფო, რომელმაც არ გამოუცხადა ბოიკოტი 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს. გარდა ამისა, რუმინეთს ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან და ჩილესთან. ჩაუშესკუ მეგობრობდა მუამარ კადაფთან და აუგუსტო პინოჩეტთან, ხოლო ცენტრალური აფრიკული რესპუბლიკის დიქტატორი, იმპერატორი ბოკასა მისი პირადი მეგობარი იყო. ცნობილი ფაქტია, რომ ჩაუშესკუმ დაგმო „პერესტროიკის” დაწყება საბჭოთა კავშირში და გაამყარა ურთიერთობა „პერესტროიკის” მოწინააღმდეგე ჩინეთთან და ალბანეთთან. 1989 წლის აპრილში რუმინეთის ფაშიზმისგან გათავისუფლების 45-ე წლისთავთან დაკავშირებულ მიტინგზე ჩაუშესკუმ განაცხადა, რომ დუნაი უფრო შეიცვლიდა მიმართულებას, ვიდრე რუმინეთში მოხდებოდა რევოლუცია.

1980 წლისთვის რუმინეთის საგარეო ვალი 22 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ვალის გასტუმრების მიზნით, ჩაუშესკუმ უპრეცედენტო ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა, რომლის დასრულების შემდეგ, ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად იქცა. რუმინეთმა სრულად გაისტუმრა ვალი, თუმცა ეს რუმინელ ხალხს ძვირად დაუჯდა. 80-იან წლებში დაიწყო პროდუქტების დეფიციტი. ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, საღამოს საათებში აკრძალული იყო ერთზე მეტი ნათურის ანთება, ისიც 15 ვატის სიძლიერის უნდა ყოფილიყო; ზამთარში იკრძალებოდა მაცივრის ჩართვა, გრაფიკი იყო დაწესებული ცხელ წყალზე, ტელევიზია მხოლოდ დღეში ორ საათს გადასცემდა. აკრძალული იყო აბორტების გაკეთება, რათა გაზრდილიყო შობადობა და შესაბამისად, იქნებოდა მეტი მუშახელი. ყველა, 45 წლამდე ქალს ევალებოდა სამ თვეში ერთხელ გაევლო შემოწმება გინეკოლოგთან, რომ შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში ყოფილიყვნენ, თუ რამდენი ფეხმძიმე იყო რუმინეთში. აკრძალული იყო პრეზერვატივის და ქალთა კონტრაცეპტივების გაყიდვა.

ნიკოლაე ჩაუშესკუ ფუფუნების მოყვარული გახლდათ. მისი ოჯახისთვის რუმინეთის სხვადასხვა რაიონულ ცენტრში ააშენეს რამდენიმე ათეული სასახლე, სადაც მარმარილოს უნიტაზები და ლითონისგან ნაკეთი ძვირფასი ჭურჭელი იყო. ჩაუშესკუ ბევრ საჩუქარს იღებდა სოციალისტური ქვეყნების ლიდერებისგან – ეს იყო გოიას გრავიურები და ძველრომაული ქანდაკებები, აფრიკული სპილოს ძვლისგან დამზადებული სტატუეტები და უნიკალური წიგნები. მაო ძე დუნს ჩაუშესკუსთვის უჩუქებია იაკის ქანდაკება, რომელიც ახლახან, საქველმოქმედო აუქციონზე 12 ათას ევროდ გაიყიდა. ყველა ეს საჩუქარი ჩაუშესკუს პირად მუზეუმში ინახებოდა. საჩუქრებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა გრანდიოზულ ავტობუსს „Eლმან Dიესელ 750 Bუს”. ავტობუსში იყო ოთახი პერსონალისთვის, საძინებელი და მისაღები ოთახები, ორი გარდერობი, ორი სამზარეულო, ბუფეტი, პრეზიდენტის კაბინეტი, სააბაზანო და საპირფარეშო. ავტობუსში დამონტაჟებული იყო საერთაშორისო სატელეფონო სადგური და დაცული გახლდათ იმდროისთვის საუკეთესო უსაფრთხოების ნორმებით. ამ ავტობუსით ჩაუშესკუ რუმინეთში გადაადგილდებოდა.

არსებობს ვერსია, რომ გადატრიალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჩაუშესკუ რუმინეთის ბირთვული პროგრამის ამოქმედებაზე მუშაობდა და მისი უკანასკნელი საგარეო ვიზიტი ირანში, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, საიდუმლო სამხედრო ობიექტზე ბუქარესტთან ახლოს საუკეთესო რუმინელი მეცნიერების არმია მუშაობდა. მიმდინარეობდა მუშაობა ბირთვული იარაღის შექმნაზე. მართლაც არაერთხელ უხსენებია თავად ჩაუშესკუს, რომ რუმინეთი სულ მალე ბირთვული „დერჟავა” გახდებოდა. რუმინეთის ბირთვული პროგრამა ჩაუშესკუს სიკვდილთან ერთად დასრულდა.

ნიკოლაე და ელენა ჩაუშესკუებს პანიკურად ეშინოდათ სიკვდილის. ცნობილი ფაქტია, რომ მოწამვლის შიშით, ჩაუშესკუ ყოველდღიურად იცვამდა ახალ თეთრეულს, კოსტიუმებს და ფეხსაცმელს. მათ ეშინოდათ, რომ გარეცხვისას ან ქიმწმენდაში, ტანსაცმელს მოწამლავდნენ. საკვების მიღებამდე ჩაუშესკუს ულუფა მოწმდებოდა, ხომ არ იყო მასში საწამლავი, იზომებოდა რადიოაქტიური და ბაქტერიული შემცველობა. ამ ყველაფერს ჩაუშესკუს პირადი ქიმიკოსი, მაიორი იონ პოპა ახორციელებდა, რომელსაც პორტატული ქიმიური ლაბორატორია ჰქონდა. 1978 წელს  დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს ჩაუშესკუმ უარი განაცხადა სადილზე, სანამ მისმა თანაშემწემ პირადად არ გასინჯა კერძი. ამ ფაქტის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პროტესტი გამოთქვა და ჩაუშესკუს ეს გამოხდომა შეურაცხყოფად შეაფასა. ცნობისთვის, ლონდონში ვიზიტის დროს ნიკოლაე ჩაუშესკუ საკუთარი ზეწრით იყო ჩასული. მას ეშინოდა, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურები ზეწარზე საწამლავს დააბნევდნენ. ასევე, ჩაუშესკუს არ უყვარდა ხელის ჩამორთმევა და თუკი ეს მაინც მოუწევდა, მის თანაშემწეს მუდამ თან ჰქონდა სპირტიანი ბოთლი, რათა დიქტატორს მალე განებანა ხელი ბაქტერიებისგან.

გავრცელებული ვერსიის თანახმად, ნიკოლაე ჩაუშესკუს უსაფრთხოებაზე 40 ათასი აგენტი ზრუნავდა მთელი რუმინეთის მასშტაბით. შექმნილი იყო უშიშროების სამსახური „სეკურიტატე”, რომელიც მის ყველა ნაბიჯზე ზრუნავდა.  ყოველი მეოთხე რუმინელი, ფაქტობრივად, ჩაუშესკუს აგენტი იყო.

ერთხელ ნიკოლაე ჩაუშესკუ საბჭოთა კავშირში, ბიჭვინთაში ისვენებდა. მას თან ახლდა იონ პოპა, რომელიც ერთ-ერთ შეხვედრაზე დათვრა და ჩაუშესკუს პირადი პორტფელი დაკარგა ფულით და საიდუმლო დოკუმენტაციით. პორტფელი მალევე იპოვეს და ხელუხლებელი დაუბრუნეს პოპას. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყველა დოკუმენტს ასლის გადაღების კვალი ემჩნეოდა.

ნიკოლაე ჩაუშესკუ გატაცებული იყო რომაელი იმპერატორების ცხოვრების შესწავლით და განსაკუთრებით უყვარდა კალიგულა, რომელმაც საკუთარ ცხენს სენატორის წოდება მიანიჭა. ნიკოლაე ჩაუშესკუ არ ჩამორჩა თავის კერპს და ლაბრადორის ჯიშის საკუთარ ძაღლს, მეტსახელად კორბუს, რუმინეთის არმიის პოლკოვნიკის წოდება უბოძა. ამას გარდა, კორბუს ჰყავდა საკუთარი ლიმუზინი, რომლითაც ის ესკორტის თანხლებით გადაადგილდებოდა ბუქარესტის ქუჩებში. კორბუს ჰქონდა საკუთარი აპარტამენტები, საძინებლით, აბაზანით, ტელევიზორითა და ტელეფონი. რუმინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში კი, დიპლომატიური ფოსტით ყოველდღიურად აგზავნიდა ლონდონში, სანსბერის სუპერმარკეტში ნაყიდ  სპეციალურ ბისკვიტებს, რითაც კორბუ იკვებებოდა.

1971 წელს ცნობილმა რუმინელმა კინორეჟისორმა სერჯიუ ნიკოლაესკუმ გადაიღო ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ფილმი „მიხაი მამაცი”, რომელიც მე-16 საუკუნის ვალაჰიის მეთაურის, მიხაის ცხოვრებაზე მოგვითხრობდა. თავდაპირველად, ფილმი ამერიკულ კინოკომპანია „ქალუმბია ფიქჩერზთან” თანამშრომლობით უნდა გადაღებულიყო და მასში ჰოლივუდელ ვარსკვლავებს, კერკ დუგლასს, რიჩარდ ბარტონს, ელიზაბეთ ტეილორის, ჩარლტონ ჰესტონსა და ორსონ უელსს უნდა ეთამაშათ. მაგრამ, ნიკოლაე ჩაუშესკუმ უარი განაცხადა ამერიკელ ვარსკვლავებზე, ფილმის ბიუჯეტი შეამცირა და ბატალური სცენების გადასაღებად 5 ათასი რუმინელი ჯარისკაცი გამოუყო რეჟისორს. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი მილიონის ნაცვლად, ფილმის ბიუჯეტი 500 ათასი დოლარი იყო და მასში მხოლოდ რუმინელი მსახიობები მონაწილეობდნენ, „მიხაი მამაცი” რუმინული კინოს შედევრადაა მიჩნეული.