ჭკუა და ქალი

ჭკუა და ქალი

როგორია ჭკვიანი ქალი?! უპირველესად, ჭკვიანმა ქალმა კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. მისი თვითშეფასების კრიტერიუმი მაღალია, შესაბამისად, არ ეშინია, გადადგას თამამი ნაბიჯები და მიაღწიოს წარმატებას. ეს კარგია. თავდაჯერებულობა ნამდვილად არის პიროვნებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორი. 

მაშ, რა არის პრობლემა? ან, არის კი ის საერთოდ?! რა თქმა უნდა, მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც. მთავარია, ზედმეტმა ჭკუამ არ დაგაკარგვინოთ მთავარი – ქალურობა! ქალი, რომელიც საკუთარ თავში „ზრდის“ ისეთ თვისებებს, როგორიც არის სიმშვიდე და პრინციპულობა, ემოციები ძალიან იჩაგრება და ასეთი ქალების პირადი ცხოვრების კალაპოტიც არასასურველი მიმართულებით იცვლება.

რატომ არის, რომ ძლიერ და ჭკვიან ქალებს უფრო მკვეთრად გამოხატული ცხოვრებისეული კრიზისები აქვთ და უჩნდებათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომიც? როგორ მოვიქცეთ – აღარ ვიყოთ ძლიერები? რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა და ძალა ცუდი არ არის, მაგრამ, დაფიქრდით, განა ასეთი ქალი ქმრისა და შვილებისგანაც იმავეს არ მოითხოვს? არ უყენებს მაღალ კრიტერიუმებსა და სტანდარტებს? აი, სწორედ აქ უშვებს ის შეცდომას, რომელიც არ ეპატიება. აუცილებელია, დაბლა დასწიოთ მოთხოვნათა თამასა, განსაკუთრებით – ოჯახის წევრების მიმართ.  ცხოვრება ისეთი უნდა მიიღოთ, როგორიც არის და არ სცადოთ მისი თქვენებურ ჩარჩოში ჩასმა. თუ ჭკვიანი ქალი ხართ, პრობლემებსაც ჭკუით გადაწყვეტთ და კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავალსაც სწრაფად იპოვით. ჭკვიან ქალს ერთი დიდი უპირატესობა აქვს – მან ზუსტად იცის, სად და რა ვითარებაში უნდა დამალოს საკუთარი ჭკუა!