რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, დაიწყო, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, უნაკერო მილების წარმოება საკუთარი ბრენდით. წარმოების პროცესის დაწყებას დაესწრნენ ხელისუფლების, ქვემო ქართლისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წევრები, ბიზნესმენები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მილსაგლინავი საამქროს ამუშავების პროექტი არის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განვითარების სტრატეგიის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მიმდინარე სასამართლო დავების პირობებში ვერ ხერხდებოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება და დიდი ხნის მანძილზე იყო გაჩერებული. მას შემდეგ რაც, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა შპს რუსთავის ფოლადის გამამართლებელი განაჩენი და აკრძალვა მოეხსნა ქარხნის აქტივებს, მათ შორის უმნიშვნელოვანეს ნედლეულს - წიდას, აქტიურად დაიწყო განვითარების სტრატეგიის განხორციელება.
უნაკერო მილები, არის საექსპორტო პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ჩვენს რეგიონში, შესაბამისად გვაქვს კონკურენტული უპირატესობა. აღნიშნული მილები გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის დიდ მანძილზე, გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციისთვის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ დავიწყებთ ამ პროგრამის განხორცილებას. ვგეგმავთ უნაკერო მილების ექსპორტს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ევროკავშირისა და ამერიკის ბაზრებზე.
აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი ათობით მილიონ აშშ დოლარში იზომება და გვაძლევს 500-1000 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას.სამწუხაროა, რომ სრულიად აბსურდული სასამართლო დავების გამო კომპანიას მიადგა რამდენიმე მილიონიანი ზარალი და ასეთი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება შეფერხდა. დღეს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტისა და მფლობელების მიზანია, ინვესტიციებისა და რესტრუქტურიზაციის პროგრამის ფარგლებში, აღადგინოს ქარხანა და განავითაროს საქმიანობა რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე. საშუალო ვადიან პერსპექტივაში იგეგმება სხვა პროექტების დაწყებაც, რომლებიც მოიზიდავს ათობით მილიონ დოლარის ინვესტიციებს და შექმნის ასობით ახალ სამუშაო ადგილს.