უგულავას დაცვის სტრატეგია ჩავარდა - მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს

უგულავას დაცვის სტრატეგია ჩავარდა - მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს

მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულების მოტვით, სასამართლო ადვოკატ, გიორგი კონდახიშვილის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართავს. მიზეზი ის გახდა, რომ კონდახიშვილი პროცესზე ისევ არ გამოცხადდა და სასამართლოს გაუგზავნა განცხადება, რომ 10 სექტემბერს ბათუმში დაკრძალვაზე უნდა იყოს და ამ მოტივით ვერ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ შეგნებულად ხდება სასამართლო პროცესების გაჭიანურება. მოსამართლემ ადვოკატის ქმედებას მასხარაობა უწოდა და 500 ლარით დააჯარიმა.

„ეს არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებები. 10 სექტემბერს თუ ბათუმში უნდა იყოს, 9-ში რატომ ვერ ახერხებს სასამართლო სხდომაზე გამოსვლას?! ეს არის მასხარაობა და არასერიოზული დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ შეგნებულად ხდება პროცესების გაჭიანურება.

ყველანაირ ხრიკებს მიმართავს დაცვის მხარე. ადვოკატის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნას მიჩნეული სასამართლოს მიერ. ეს არის სასამართლოს უპატივისმცემლობა და არ ვაპირებ, ვინმეს მასხარად ავაგდებინო თავი“, - აღნიშნა ლაშა ჩხიკვაძემ.

თუკი შემდეგი პროცესისთვის უგულავას ადვოკატს გიორგი კონდახიშვილს, ასევე სახაზინო ადვოკატს კვლავ მზად არ ექნებათ დასკვნითი სიტყვა, მოსამართლის გადაწყვეტილებით ორივე მათგანი განმეორებით დაჯარიმდება.

„მარაზმს დაემსგავსა ჩვენი ურთიერთობა! სასამართლო თხოვნის რეჟიმზეა გადასული. 11 სექტემბერს არ გვექნება დასკვნითი სიტყვა და ორივე ადვოკატს დავაჯარიმებთ, 21 მოწმის ჩვენების შეფასებას არ სჭირდება ორთვიანი ვადა“, - განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

რიყის ტერიტორიის და „ტელეიმედის“ გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის სასამართლო 11 სექტემბერს გაიმართება. საქმის პროკურორის მალხაზ კაპანაძის განცხადებით, გიგი უგულავას ხვალიდან სახაზინო ადვოკატი დაიცავს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, დღეს დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვა უნდა გაეგრძელებინა, თუმცა უგულავას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოში.

„ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც, არც დღეს, არც ხვალ და არც ზეგ პროცესზე არ გამოცხადდება. სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა. ეს გიგი უგულავას უკვე მეექვსე ადვოკატია, დაცვის მხარე კი ამ დრომდე დასკვნით სიტყვას არ ასრულებს, რაც პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას უკავშირდება“, - აღნიშნა მალხაზ კაპანაძემ.

გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატი, ზაქარია გვიშიანი ამბობს, რომ მიცემულ ორდღიან ვადაში დასკვნით სიტყვას ვერ მოამზადებს, რადგან საქმე მოცულობითია. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, რატომ არ ცხადდება  უგულავას მიერ არჩეული ადვოკატი კონდახიშვილი სასამართლო პროცესზე, მისთვის ასევე უცნობია, გამოჩნდება თუ არა ის შემდეგ სხდომაზე.

„საქმე არის მოცულობითი. ჩატარებულია მთელი რიგი გამოკითხვები, დაკითხულია უამრავი მოწმე. დაცვას სჭირდება საკმაო პერიოდი იმისათვის, რომ სრულყოფილად მოემზადოს. სამწუხაროდ, დღევანდელი სხდომა ორი დღის ვადით გადაიდო. ამ ვადაში შეუძლებელია დაცვის მხარე სრულფასოვნად მოემზადოს. საკმაო პერიოდი მჭირდება დაცვის სრულყოფილად განხორციელებისთვის.

შემდეგ პროცესზე დავაყენებ შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე და იმედი მაქვს, რომ მოსამართლე გონივრულ ვადას განსაზღვრავს, რათა როგორც სახაზინო ადვოკატმა შევძლო მასალების გაცნობა და დაცვითი სიტყვის მომზადება“, - განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას დაცვაზე უარი თქვა მისმა ადვოკატმა ბექა ბასილიამ, რომელმაც მოტივად ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა დაასახელა. როგორც ცნობილია, ბასიალია ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის უფლებებს იცავს. ბასილია ყოფილი მერის უფლებებს მისთვის ბრალის წაყენების დღიდან იცავდა, თუმცა დაცვის განხორციელებაზე უარი მაშინ თქვა, როდესაც დაცვას დაცვითი სიტყვა უნდა მოემზადებინა. ბასილიას ეს გადაწყვეტილება პროცესის გაჭიანურებაის მიზეზი გახდა, რასაც წარმატებით აგრძელებს უგულავას ახალი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება სურდეს უგულავას მხარეს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება, რადგან, იურისტის ლევან ალაფიშვილის თქმით, შანსი იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უგულავას სასჯელისგან განთავისუფლების შანსი ნულია.

„არ მგონია, რომ მცირე გამოცდილების ადვოკატმაც კი არ იცოდეს, რომ ნულის ტოლია გაჭიანურების სტრატეგია, იმ მოტვით, რომ კანონით განსაზღვული ვადის ამოწურვის გამო მოხდება პირის სასჯელისგან გათავისუფლება. პროცესის წარმმართველი არის არა რომელიმე მხარე, არამედ სასამართლო. როგორ ფიქრობთ, სასამართლო დაუშვებს, რომ ეს ვადა განუსაზღვრელი ვადით გაიწელოს? - არ მგონია. ასე რომ, დაცვის ეს სტრატეგია უშედეგო მცდელობაა“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.