რა მოხდა აღმასკომის სხდომაზე, რომელიც მედიისთვის საიდუმლოდ დატოვეს
7 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ერთობ უჩვეულო აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დელეგატების საკითხი განიხილეს - რამდენიმე მათგანი შეიცვალა, რამდენიმე კი რეგისტრაციაში გატარდა. ყველაზე საინტერესო ამ შეხვედრიდან ის იყო, რომ აღმასკომმა რევაზ არველაძის მხარდამჭერი სუბიექტების წარდგენილი დელეგატები კვლავ მისი მხარდამჭერებით ჩაანაცვლა, რაც იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ არველაძის გუნდში, რომლითაც ის ასე ამაყობდა, აშკარა განხეთქილებაა - არველაძე საკუთარ გუნდს აღარ ენდობა...
რომ არა რამდენიმე ადამიანი, რომელიც სფფ-ის ყოფილი გენმდივნის (თუმცა არველაძემ განაცხადა, რომ თვის შუა რიცხვებში უეფაში მიემგზავრება მნიშვნელოვან შეხვედრაზე გენერალური მდივნის სტატუსით, ამიტომ მედიისთვის ცოტა გაურკვეველია, რა სტატუსით მოიხსენიოს ის - ავტ.) მიმართარც ისე დადებითად არის განწყობილი, აღმასკომის სხდომაზე განხილული საკითხები დღეს ბევრისთვის უცნობი დარჩებოდა. ამ სხდომიდან არველაძის თანამოაზრეებმა მედიასაშუალებებს მხოლოდ ის ინფორმაცია გაავრცელებინეს, რომელიც თავად აწყობდათ, დანარჩენი კი დამალეს.
ის, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია არველაძის მხარდამჭერია, პრეზიდენტმა გელა მაისურაძემ საჯაროდ არაერთხელ დაადასტურა. არჩევნებზე დელეგატად მაისურაძემ მისივე ოჯახის წევრი სოსო სარაშვილი წარადგინა. ისედაც ნათელი იყო, რომ ის არჩევნებში ხმას არველაძეს მისცემდა, თუმცა ჩვენდა გასაკვირად, აღმასკომის სხდომაზე სარაშვილი ხვიჩა ქასრაშვილმა ჩაანაცვლა და, როგორც ცნობილია, ისიც არველაძის მხარდამჭერია. აი, ეს ცვლილება აღმასკომის წევრებმა მედიასთან შეხვედრისას რატომღაც დამალეს და აქცენტი სხვა, ახალდანიშნულ და არა შეცვლილ, დელეგატებზე გადაიტანეს. ეს კი მხოლოდ ერთზე მიანიშნებს - ფედერაციაში რაღაც მოხდა, არველაძე საკუთარ გუნდს აღარ ენდობა და შიდა განხეთქილებებთან გვაქვს საქმე. სხვაგვარად, ეს ცვლილებები ვერაფრით აგვიხსნია.
ჩვენი ინფორმაციის გასამყარებლად, უარესი ფაქტი გვაქვს ქუჩის ფეხბურთის ასოციაციის დელეგატთან დაკავშირებითაც. არჩევნებზე დელეგატად ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შოთა ბაქრაძე იყო წარდგენილი, რომელიც პირადად არველაძის კადრია, თუმცა მისი კანდიდატურა რატომღაც ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლით, ირაკლი ნაკაიძით ჩანაცვლდა. რა გახდა ბაქრაძის მოშორების მიზეზი, ძნელი სათქმელია, მაგრამ არველაძის ბანაკში რომ ყველაფერი რიგზე არ არის და უკვე საკუთარ მხარდამჭერებშიც კი ეჭვი ეპარება, ეს ფაქტია.
რაც შეეხება აჭარის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციას, რომლის მიერ წარდგენილ დელეგატსაც რამდენიმე მედიასაშუალებააპროტესტებდა, უცნაური ვერაფერი შევამჩნიეთ- აღმასკომის გადაწყვეტილებით (6 ხმა2-ის წინააღმდეგ), არჩევნებზე დელეგატად მუხრან ვახტანგაძე გავიდა, რომელიც დიდი ხანია,რეგიონული ფედერაციის აღმასკომის და აჭარის სპორტის კომიტეტის წევრია. ვერ გეტყვით, ვისი მხარდამჭერია ვახტანგაძე, რადგან ის ძველი მოჭიდავეა და ფეხბურთშიც აქამდე არ გამოჩენილა, თუმცა აჭარაში რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, თქვენც დაგვეთანხმებით...
სამაგიეროდ, დიდი ხმაური იყო გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატთან დაკავშირებით. გამგეობის 5 წევრი გოჩა ტყებუჩავას შეცვლას იური ჩხაიძით ითხოვდა, თუმცა სფფ-ის აღმასკომმა მათიმოთხოვნა არ გაითვალისწინა და ტყებუჩავა დატოვა. სხვათაშორის, ტყებუჩავა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია.
როგორც შევიტყვეთ, გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები ამ საკითხის ასე დატოვებას არ აპირებენ და, სავარაუდოდ, ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავენ.
ავი ხმები იმასაც ამბობენ, ფეხბურთის ფედერაციაში, ზვიად სიჭინავას გადადგომის შემდეგ, დიდი ზეიმი გამართეს არველაძეების მხარდამჭერმა თანამშრომლებმაო. იმასაც ამბობენ, არველაძე ვიღაც-ვიღაცებს მაღალ თანამდებობებს დაჰპირდაო და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გენერალური მდივნის პოსტს, სულ მცირე, ორი ადამიანი უმიზნებს, გუნდში განხეთქილების ახალი ტალღაც არ იქნება მოულოდნელი...