„მეჭიაურს უბრალოდ, სიაში მოხვედრა სურს“

„მეჭიაურს უბრალოდ, სიაში მოხვედრა სურს“

პრეზიდენტის შემდეგ, თამაზ მეჭიაურმა „რესპუბლიკელებს“ შეუტია - პარლამეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში, „რესპუბლიკელების“ გვერდით თავი ვერ წარმოუდგენია. პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ახლოვდება 2016 წელი, შესაბამისად, იწყება ბრძოლა ადგილებისთვის. მისივე შეფასებით, მეჭიაურმაც ჩათვალა, რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა უმრავლესობის მომავალ საპარლამენტო სიაში ადგილის მოსაპოვებლად.

„ქართული ოცნების“ წევრი ღიად უპირისპირდება კოალიციაში შემავალ პარტიას - ამ შემთხვევაში აკრიტიკებს „რესპუბლიკური პარტიის“ თითქმის ყველა ლიდერს, ბრეძენიშვილებს, დავით ზურაბიშვილს და თინა ხიდაშელს. როგორ ფიქრობთ, მეჭიაური განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც დამოუკიდებლად იღებს ასეთ გადაწყვეტილებას? გამოითქვა მოსაზრებაც, რომ მეჭიაური ყოფილი პრემიერის განწყობას ახმოვანებს...

-თინა ხიდაშელი, რომ არასამათვრობო ორგანიზაციებში მუშაობდა, ამაში ახალი რა არის? გაუგებარია რა გაარკვია ბატონმა მეჭიაურმა. არ მგონია, მისი ასეთი აქტიურობა კავშირში იყოს ივანიშვილითან. შესაძლოა, თავად მეჭიაურს ასე სურს წარმოაჩინოს, მაგრამ ივანიშვილს თუ რამე სათქმელი აქვს რესპუბლიკელებისთვის, მერწმუნეთ, ამას მეჭიაურის გარეშეც მშვენივრად მოახერხებს.

ძალიან მარტივად არის საქმე - ახლოვდება 2016 წელი, შესაბამისად, პარტიებში იწყება ბრძოლა ადგილებისთვის, რომ როგორმე მოხვდნენ საარჩევო სიაში. ბუნებრივია, კოალიციაშიც იქნება დაპირისპირება. საარჩევნო სიაში ვინ შევა; ვინ, სად და რომელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება სწორედ კოალიციაზე. მეჭიაურის აქტიურობაც აქედან მომდინარეობს და არა რაღაც ფარული გარიგებებით.

უმრავლესობის წევრის ეს რიტორიკა გახდება კოალიციაში ერთგვარი დაპირისპირების მიზეზი? ფაქტია, რომ მეჭიაურის შეფასებებს არ იზიარებენ უმრავლესობის წევრები...

-სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ აიღო მეჭიაურმა თავის თავზე ეს ფუნქცია. უმრავლესობასა და კოალიციაში შესაძლოა ხმამღლა არაფერი თქვან, მაგრამ ყველა ფიქრობს, მოხვდება თუ არა ახალ საარჩევნო სიაში.

ეს პროცესი არის დასტური, რომ არსებული საარჩევნო სია სერიოზულ გადახალისებას  საჭიროებს?

-პროცესი ახლა დაიწყო. ფაქტია ისიც, რომ უმრავლესობა ერთიანი არ არის. იწყება საარჩევნო პროცესი როგორც კოალიციის ფარგლებში, ისე კოალიციაში შემავალ პარტიებში. ალბათ მეჭიაურს მიაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა უმრავლესობის მომავალ საპარლამენტო სიაში ადგილის მოსაპოვებლად.

იმ მოტივით, რომ მოხვდე საარჩევნო სიაში, აკრიტიკებ საკუთარი კოალიციასა და ქვეყნის პრეზიდენტს - რამდენად ადეკვატურია მეჭიაურის ეს სტრატეგია?

-ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მთლად ოპტიმალური გადაწყვეტილება არ არის მიღებული მისი მხრიდან. არ მგონია, უმრავლესობაში ამ ეტაპზე მოიძებნოს სხვა ჯგუფი, რომელიც ასე ღიად დაუპირისპირდება რესპუბლიკელებს, მით უფრო, თავდაცვის მინისტრს. ჯერჯერობით პროცესი მხოლოდ იწყება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, მომავალი წლის გაზაფხულზე სერიოზული შეხლა-შემოხლა იქნება უმრავლესობის შიგნით.

რას გულისხმობთ?

-ისევ და ისევ ვგულისხმობ ადგილებს საპარლამენტო სიაში. კოალიციამ უნდა წარადგინოს საპარლამენტო სია, ვინ რომელ ადგილზე იქნება და როგორ გადანაწილდება კვოტები, რა თქმა უნდა, ეს საკითხი გახდება დაპირისპირების საგანი. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ერთი პარტიის შიგნითაც ხდება უთანხმოება და კოალიციაში რომ მოხდეს, ეს გასაკვირი არ არის.

მეჭიაურმა აირჩია ასეთი სტრატეგია - თვლის, რომ თუ ის ავანგარდში იქნება რესპუბლიკელების წინააღმდეგ, ღია თუ არა, ფარული მხარდაჭერა ექნება უმრავლესობის გარკვეული ჯგუფიდან და ფიქრობს, რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა, რომ მოხვდეს გამსვლელ სიაში. სხვა ლოგიკას მის განცხადებებში ვერ ვხედავ. გულწრფელად რომ გითხრათ, არც მთლად კორექტული იყო მისი გამოსვლა პრეზიდენტის მიმართ. მოგწონს თუ არა, ის არის პრეზიდენტი, შენ არ ხარ ოპოზიცია და პარლამენტი არ არის ქუჩა.

კოალიციაში არსებული დაპირისპირება გახდება რესპუბლიკელების მიერ კოალიციის დატოვების მიზეზი? ყოველ შემთხვევაში, იყო განცხადებები იმის შესახებ, რომ 2016 წელის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკელები დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას...

-ჯერჯერობით საკმაოდ რთულია ამის თქმა. თუმცა, გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამოვრიცავ, მით უფრო, ქართული პოლიტიკის სპეციფიკიდან გამოდინარე. პოლიტიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, კოალიციაში ვისაც მეტ-ნაკლებად ესმის პოლიტიკა, ანუ რეალურ პოლიტიკაზეა ლაპარაკი და არა იწილო-ბიწილოზე, მათ მშვენივრად იციან, რომ რესპუბლიკელების ყოფნა კოალიციაში არა მარტო თავისი შესაძლებლობებისა და საპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, არამედ იმიჯის თვალსაზრისითაც, როგორც საგარეო, ასევე საშინაო კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კოალიცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს, რესპუბლიკელების გარეშე კოალიცია საკმაოდ უღიმღამო იქნება. „ქართული ოცნების“ ვერც პარტიული და ვერც კოალიციური ბირთვი  ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ, კოალიციაში მშვენივრად ესმით რესპუბლიკელების არსებობის საჭიროება.

რასაც მეჭიაური აკეთებს, ეს არის უბრალოდ კინკლაობა. დარწმუნებული ვარ, რომ არც ელოდა არსეთ რეაქციას. ახლა უკვე უკანდახევას აზრი არ აქვს, თან თვლის, რომ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მას გაუმაგრებს პოზიციებს, რომ მოხვდეს კოალიციის საპარლამენტო სიაში.

ანუ, თქვენ თვლით, რომ მეჭიაურის განცხადებები არ შეიძლება შეფასდეს როგორც შეტევა პროდასავლურ ჯგუფებზე?

-არ ვთვლი, რომ ეს არის პროდასავლურ ჯგუფზე შეტევა. ეს არის ერთი კაცის მოსაზრებები, უფრო ემოციური და არა პოლიტიკურად გააზრებული. მან ჩათვალა, რომ ამ ფორმით გამოემჟღავნებინა თავისი დამოკიდებულება ამ პარტიის მიმართ. ჯერჯერობით არარეალურია იმის თქმა, რომ მეჭიაურის სახით კოალიციაში დაიწყო შეტევა პროდასავლურ ძალებზე.

ბატონო ვახტანგ, არ თვლით, რომ პარლამენტში არსებული პოლიტიკური სპექტრი უნდა გადაიხედოს? შეგახსენებთ დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია პარლამენტში, ვინც იცის კანონპროექტების წერა და ამ პრობლემაზე ისაუბრა თავად ყოფილმა პრემიერმაც...

-არა მარტო უსუფაშვილი, არამედ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ისურვებდა უკეთეს პარლამენტს. ლაპარაკი იმაზე, რომ გუნდი არ იკრიბება, არ არის სწორი. დემოკრატიული მექანიზმები არ არის მარტო არჩევნების დღე, რომ ვიღაცამ ზედმეტი ბიულეტენი არ ჩააგდოს. პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინონ სწორედ ის ფაქტორი, თუ რამდენად უზრუნველყოფს საარჩევნო მექანიზმი საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური პოტენციალის ადეკვატურ ასახვას საკანონმდებლო ორგანოში.

სამწუხაროდ, არსებული საარჩევნო სისტემა და ხმის მიცემის წესი, მათ შორის არც ის, რომელსაც დღევანდელი ოპოზიცია ითხოვს, უკეთეს პარლამენტს არ მოგვცემს. მნიშვნელობა არ აქვს მსახიობი იქნება თუ ბიზნესმენი - დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ 2016 წლის პარლამენტის უმრავლესობაში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც კანონპროექტზე უბრალოდ არ იმუშავებენ, იგივე პრობლემები იქნება გაცდენასა და სამუშაო კანონპროექტების განხილვასთან დაკავშირებითაც.

საქართველოში ყველა მოწვევის პარლამენტი იყო პრობლემური ამ თვალსაზრისით...

-რასაკვირველია. ვისურვებდი, რომ უკეთესი ჯგუფი შეიკრიბოს, მაგრამ ეს ჩემს სურვილზე არა რის დამოკიდებული. თუ გვინდა, რომ გვყავდეს კარგი პარლამენტი, მაშინ უნდა შეიქმნას შესაბამისი მექანიზმი, რაც ამ დრომდე არ მომხდარა - არსებული მექანიზმი კი იგივე პარლამენტს მოგვცემს არც დღეს არის.