ყველაზე დაბალი მსოფლიო ლიდერები

ყველაზე დაბალი მსოფლიო ლიდერები

ვლადიმირ პუტინი – 170 სანტიმეტრი

პუტინი თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური და გავლენიანი წარმომადგენელია, რომელსაც „ჩეკისტური” წარსული უმაგრებს ზურგს. საინტერესოა, რომ თავის გადადგომამდე ბორის ელცინს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს, მისი შემცვლელი არანაკლებ მისი სიმაღლის ყოფილიყო, თუმცა 189 სანტიმეტრი სიმაღლის ელცინის ოცნებას ასრულება არ ეწერა.

ნიკოლა სარკოზი – 168 სანტიმეტრია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სიმაღლეში სულ რაღაც 168 სანტიმეტრია, თუმცა, მისი ეს „ნაკლი” არ არის თვალშისაცემი, რადგან იგი სპეციალურ ფეხსაცმელს ატარებს უხილავი ძირით, რომელიც მის პატრონს 7-9 სანტიმეტრს მატებს სიმაღლეში. ეს ფეხსაცმელი ესპანეთში იწარმოება კომპანია „მასალტოს” მიერ და ერთი წყვილის ფასი 99-დან 250 ევრომდე მერყეობს. ცნობისთვის იგივე ფეხსაცმელს მოიხმარს ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი და კიდევ არაერთი „სელებრითი”, რომლებსაც თავიანთი სიმაღლე არ აკმაყოფილებთ.

კიმ ჩენ ირი – 162 სანტიმეტრი

კორეის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, ბელადი კიმ ჩენ ირი, სიმაღლეში 162 სანტიმეტრია, თუმცა ამის შესახებ დაკეტილ ჩრდილოეთ კორეაში არ ლაპარაკობენ, რადგან მათი პოლიტიკური ლიდერი მსოფლიოს ყველა დანარჩენ ლიდერზე ორი თავით მაღალია. ცნობილია, რომ კიმ ჩენ ირი სპეციალურ ფეხსაცმელს ხმარობს, რომელიც მისთვის სპეციალურად იკერება და ასევე, თმასაც ისე ივარცხნის, რომ თავის ქვეშევრდომებზე მაღალი ჩანდეს. ჩრდილოეთ კორეაში არავის აქვს უფლება, რომ ბელადს ზემოდან დახედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „დამნაშავეს” საკონცენტრაციო ბანაკი არ ასცდება.

მაჰმუდ აჰმადინეჯადი – 162 სანტიმეტრი

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი, ირანული კალენდრის მიხედვით, 1335 წელს დაიბადა მჭედლის ოჯახში და მისი სიმაღლე, სხვადასხვა მონაცემებით, 162 სანტიმეტრს არ აღემატება. იგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მმართველია აზიაში, თუმცა, სპეციალური ფეხსაცმლის წყალობით, ეს ნაკლებად არის შესამჩნევი.

ჰაილე სელასიე პირველი – 160 სანტიმეტრი

ჰაილე სელასიე ეთიოპიის უკანასკნელი იმპერატორი იყო, რომელიც მეფე სოლომონის პირდაპირ შთამომავლად ითვლებოდა. 1975 წელს ის სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაშორეს მმართველობას და მოკლეს. სელასიეს, თავისი დროის უმდიდრეს მონარქს, ეკუთვნოდა ეთიოპიის ოქროს საბადოები, რკინიგზა ინდოეთში და ფაბრიკა-ქარხნები ბრაზილიაში, ხოლო შვეიცარიულ ბანკებში მის ანგარიშებზე მილიარდობით დოლარი ირიცხებოდა.

იასირ არაფატი – 155 სანტიმეტრი

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც 1994 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. „ფორბსის” ვერსიით, არაფატის ქონება 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, ებრაული უშიშროების სამსახურის ვერსიით კი იგი 1,2 მილიარდ დოლარს ფლობდა კაპიტალის სახით. სწორედ იასირმა შემოიღო მოდა ეგრეთ წოდებულ „არაფატკებზე” – სპეციალურ თავსაბურავზე, რომელიც, ბევრის აზრით, მას სიმაღლეში 2-3 სანტიმეტრით უფრო მაღალს ხდიდა.

დენ სიაოპინი – 150 სანტიმეტრი

ჩინელი კომუნისტი და რეფორმატორი, რომელსაც არასდროს დაუკავებია არანაირი პოლიტიკური თანამდებობა, თუმცა იგი ჩინეთის ფაქტობრივ მმართველად ითვლებოდა 70-იდან 90-იანი წლების დასაწყისამდე. დენი, მისი მინიატურული სიმაღლის მიუხედავად, სამჯერ იყო დაქორწინებული.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების შემდეგ, ჩინეთის ტერიტორიაზე მას არაერთი ძეგლი დაუდგეს და ყოველ მათგანზე მას გიგანტური აღნაგობა აქვს.

ენგელბერტ დოლფუსი – 148 სანტიმეტრი

ავსტრიის მე-14 კანცლერი ენგელბერტ დოლფუსი, სავარაუდოდ, ევროპის ყველა დროის ყველაზე დაბალი პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელსაც, მინიატურული აღნაგობის გამო, სამშობლოში მეტსახელად „მილიმეტერნიხს” უწოდებდნენ. დოლფუსი 1934 წელს, პუტჩის დროს მოკლეს, როდესაც ფაშისტურმა გერმანიამ ავსტრიის ანექსიის გეგმის განხორციელება დაიწყო.

ბენიტო ხუარესი – 135 სანტიმეტრი

მექსიკის პრეზიდენტი 1858-1872 წლებში, ბენიტო პაბლო ხუარეს გარსია, მსოფლიო ყველა დროის ყველაზე დაბალი ლიდერია. სწორედ ბენიტოს პატივსაცემად დაარქვეს მშობლებმა სახელი იტალიელ ფაშისტს, ბენიტო მუსოლინის. საინტერესოა, რომ 1939 წელს ბენიტო ხუარესის ცხოვრების შესახებ ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს, რომელშიც ჯუჯა პრეზიდენტის როლი 178 სიმაღლის მსახიობმა პოლ მუნიმ შეასრულა.