მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს გასულ წელს 84-ე ადგილი ეკავა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2012-2013 წლების არჩევნების შემდეგ საქართველო წინა წლებში დაწყებული რეფორმების შედეგებს იმკის. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ საინფორმაციო გამოშვებები პოლიტიკურად პოლარიზებულია და ჯერ კიდევ არც თუ დამოუკიდებელი.
For.ge-სთან ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ვისი შეფასებებითაც საქართველოში დღეს მედია დამოუკიდებელი არ არის, მსგავსი განცხადების ავტორს პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს.
ბატონო რამაზ, მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება არის აღიარება იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მედია თავისუფალია პოლიტიკური ზეწოლისგან? მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას სწორედ მედიაზე ზეწოლაში სდებენ ბრალს...
-რამდენად შეესაბამება სიმართლეს ოპონენტების ეს რეპლიკები, პასუხი გაეცა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც აფასებენ ამ მხრივ, საქართველოში არსებულ მდგომარებას. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ანალოგიური ოპოზიციური პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ჯგუფებისა, ყველამ აღნიშნა, რომ ეს კრიტიკა სინამდვილეს არ შეესაბამება.
მით უფრო, იმ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომელთა განცხადება ცდება რეალობას კონკრეტულად, მედიის თავისუფლების საკითხში. ამიტომ, მათ სიტყვას არ დაეჯერება.
როგორ ფიქრობთ, იგივე ჟურნალისტების პოლიტიკური ორიენტაცია განსაზღვრავს მათ კარიერას, როგორც ეს წინა წლებში იყო?
-დღეს არსებული სურათი ცალსახად მიუთითებს, რომ ჟურნალისტების ბედი, მათი დაფინანსება და ეთერში ყოფნა, ნამდვილად არ არის დამოკიდებული იმაზე, რა პოზიციას გამოხატავენ ისინი ხელისუფლების მიმართ.
არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, აქცენტის გადატანა მედიის დამოუკიდებლობის ხარისხზე რაზეა გათვლილი?
-ეს არის ოპოზიციის ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგია - რაც შეიძლება მეტი მინუსი დაუგროვდეს ხელისუფლებას მოსახლეობის თვალში, რადგან თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში მეტი შანსია, საზოგადოებამ არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთოს - ოპონენტების ეს ლოგიკა გასაგებია.
მაგრამ ამ კონკრეტულ შემხვევაში ეს მინუსი ხომ უნდა არსებობდეს?
-რასაკვირველია. თუმცა, თქმა იმისა, რომ ამ ხელისუფლებას სხვა მინიუსი არ აქვს, ღიმილისმომგვრელია. ამ ხელისუფლებას უამრავი პრობლემა აქვს და როდესაც ასეთ ფონზე იმ საკითხზე აკეთებ აქცენტს, რომელშიც ამ ხელიუფლებას ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ, ეს არის ნიშანი, რომ პოლიტიკურად უმწიფარი ხარ და სტრატეგიას აგებ მარტივ ფორმულაზე - „რაზეც ენა მიმიწვდება, ყველაფერზე ცუდი უნდა ვთქვა“,- ეს უკვე წამგებიანია თვითონ პარტიისთვის.
საარჩევნო კამპანიები ასე არ იგეგმება, საკამოდ ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, რა საკითხში, რომელ აუდიტორიასთან, რაზე უნდა ილაპარაკო. მითუმეტეს, დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც უამრავი პრობლემაა; როგორც არის უმუშევრობა, ტარიფების გაძვირება, ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. ამ ფონზე შენ ამბობ, რომ მედიაზე ხდება ზეწოლა, მაგრამ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მედია ხელუხლებელია. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ საზოგადოება შენგან რეალობასაც არ ირწმუნებს.
როგორ ფიქრობთ, ამ შემხვევაში ოპონენტების გათვლა არის ქართულ საზოგადოებაზე?
-არა, მათი გათვლა არის დასავლეთი, რომელიც უფრო მწვავე რეაქციას იძლევა სწორედ მედიის თავისუფლებაზე, ვიდრე ეკონომიკურ საკითხებზე.
მაგრამ იმ ფონზე, რომედესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას მდიდარი ისტორია აქვს - დახურილი და დარბეული ტელევიზიები, გაზეთები, ნაცემი ჟურნალიტები, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად ნაციონალები შეძლებენ ამ „მესიჯის“ „გაყიდვას“ დასავლეთში?
-სამწუხაროდ, დასავლეთსაც გარკევული პოლიტიკური ინტერესები აქვს, რასაკვირველია ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ცხადია, რომ იგივე დასავლეთი, რომელიც ძალიან კრიტიკული იყო ყოფილი ხელისუფლების მიმართ მედიის თავისუფლების საკითხში, მხარს უჭერს წინა ხელისუფლების ყოფნას უკრაინაში და ძალიან ხშირად, კრიტიკულია ოცნების ხელისუფლების მიმართ იქაც კი, სადაც ამის საფუძველი ნაკლებად არის, მითუმეტეს, სიტვის თავისუფლების კუთხით.
დღეს ქართულ საზოგადოებაში სიმართლის დეფიციტის განცდა არ არის. რაც შეეხება დასავლეთს, ამასწინათ დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი შეგვხვდა ქართველ ექსპერტებს. შეხვედრაზე ელჩს ვუთხარით, რომ სასურველია დასავლეთის ქვეყნები უფრო ფრთხილად მოექცნენ მათ ავტორიტეტს საქართველოში. რადგან, იქ, სადაც დასავლეთი ტენდენციურობას ამჟღავნებს, მისი პოზიციის დისკრედიტაცია ხდება.
ალბათ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოსკენ ბევრი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესია მიმართული, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთზე, რომელიც ძალიან გააქტიურებულია ქვეყანაში...
-რა თქმა უნდა, იგივე ჩინეთი, ინდოეთი, ისლამური სახელმწიფო და მისი მხარდამჭერი ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ კავკასიაზე და კერძოდ, საქართველოზე გადის მათი ინტერესი. ყველა ეს მხარე დაინტერესებულია ქართული მოსახლეობის მხარდაჭერაში. ასე რომ, მარტო დასავლეთი არ არის ის მხარე, რომელიც რაღაცას სთავაზობს საქართველოს.
ამიტომ, დასავლეთის მხრიდან იმ ტიპის განცხადებების გაკეთება რომელსაც მოსახლეობის მხარადჭერა არ აქვს, მის რეიტინგს შეამცირებს; თანაც, ალტერნატივები არსებობს.
რამდენად პოზიტიური მომენტია ქართველი ამომრჩევლისთვის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის ავტორიც დასავლეთია?
-ნამდვილად ძალიან სასიამოვნო მოვლენაა - ობიექტურობის ნიშანს ატარებს, ეს დასავლეთის მიმართ გარკვეულ პოზიტივს გააჩენს მოსახლეობაში. თქმა იმისა, რომ საქართველოში მედია დამოუკიდებელი არ არის, მიუთითებს იმიზე, რომ ამ განცხადების ავტორს თვითონ ამოძრავებს პოლიტიკური ინტერესები.