„წახდნენ ოსმალნი, შინისკენ პირი იბრუნეს!“

„წახდნენ ოსმალნი, შინისკენ პირი იბრუნეს!“

დღეს კვირაა და ტრადიციულად სახალისო მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. დღევანდელ წერილში მკითხველს რამდენიმე საუკუნით უკან დავაბრუნებ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე საინტერესო მოგონებას შევთავაზებ.

ჩვენი „თხზულების“ პირველი გმირი ქართ-კახეთის მეფე ერეკლე იქნება, ხელმწიფე რომელიც ხალხში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა. მის შესახებ სხვადასხვა მოგონებები თაობიდან-თაობებს დღემდე გადაეცემა.

„მეფე ერეკლეს ძლიერ უყვარდა კარგი იარაღი და შეტყობაც კარგად იცოდა იარაღისა. ერთხელ მეფეს აჩვენეს ვიღაცა თუშის ხმალი:

– ეს ხმალი ერთ სოფლად ეღირებოდა, ცოტა მოკლე რომ არ იყოსო, – ბრძანა მეფემ.

– ბატონო, ცოტა ფეხს წინ წავდგამ და ისევ ერთ სოფლად ეღირებაო, – მოახსენა თავმოწონებით ერთმა თავადმა“.

„მეფე ერეკლეს ვაჟკაცობის ამბავი დუნიას რომ მოედო, ერთმა მთიელმა მოხუცმა გადაწყვიტა მისი ნახვა. მოხუცს ერეკლე ახოვან ვაჟკაცად წარმოედგინა, ნამდვილად კი ერეკლე ხომ ჩია ტანისა იყო, აკი ამიტომაც შეარქვეს სიყვარულით პატარა კახი (ნაპოლეონისა არ იყოს. „პატარა კაპრალს“ რომ ეძახდნენ ჯარისკაცები).

ეს რომ უნახავს მოხუც მთიელს, წამოუძახია:

– ქება სჯობდა ნახვასაო..“.

„მეფე ერეკლე ყარაიაში წაბრძანდა დედოფლითურთ და ხის ძირს ჩამოხდა შესასვენებლად. ამ დროს გამოიარა ერთმა აზნაურიშვილმა, რომელსაც თან ქალი მოჰყვანდა თურმე.

გამარჯვება მოახსენა მეფეს, რომელიც არ ენახა და ვერ იცნო.

– გაგიმარჯოს!

– საით მიბრძანდებით აქეთ? – ჰკითხა აზნაურიშვილმა.

მეფე ერეკლე გაეხუმრა:

– მოვსულვარ ყარაიას,

ვაშენებ სარაიას.

თუ ამ შენს ქალს დამითმობ,

ჩავაცმევ დარაიას.

ამაზე აზნაურიშვილმა მიუგო:

– არც მოვსულვარ ყარაიას,

არც ვაშენებ სარაიას,

ქალი ქალში გამიცვალე,

რას ვაქნევ შენს დარაიას!“

„ერთხელ მეფე ერეკლე მეორეს ბარძაყზე რაღაც მუწუკი აწუხებდა, ვერ ენახა და მხლებელნი დაიბარა: ერთი ნახეთ, ეს რა მაქვსო.

ერთმა თქვა – ძირდიდაო, მეორემ – არა, თვალიაო; მესამემ – თაგვ-კბილასა ჰგავსო.

– აბა, რა გითხრათ, – ბარძაყზე დაიდო ხელი და შემდეგ ყურთან მიიტანა მეფემ, – აქედამ აქამდის რომ სწორე ამბავი ვერ მოგიტანიათ, ქვეყნის ამბავი როგორ უნდა შემატყობინოთო“.

ნება მომეცით ჩემს მიერ მოძიებული სხვა ისტორიული მოგონებებიც წარმოგიდგინოთ.

„ძველს დროში გურიელს დაემარცხებინა ოსმალო და განედევნა საზღვართაგან; ამის გამგონეს ერთს გლეხს, დაუნახავს რა გურიელი, ატაცებულს სიხარულით შეუძახნია:

– ბატონო, წახდნენ ოსმალნი, შინისაკენ პირი იბრუნესო!

– წახდნენ კი არა, აწ გაკეთდა მათი საქმე: ჭკუაზე მოვიდნენ, თავიანთ სახლში მიდიანო, – მიუგო მთავარმა“.

„სვიმონ ქართლის მეფეს იმერეთის შემოერთება ეწადა. შეჰყარა მხედრობა და დაიძრა ლიხისკენ. კორბოულის მთის ძირში ერთი სოფლელი დედაკაცი მივიდა მასთან და შეეხვეწა:

– ერთი შვილი მყავს, მეფევ-ბატონო, წაიყვანე და იმსახურეო.

იუკადრისა მეფემ ქალის სამსახური:

– დედაკაცო, მე კაცითა მთვრალი ვარ, კაცი არ მეჭირებაო.

თუმცა, სოლომონი ისე დამარცხდა, რომ უკან დაბრუნებულს „ერთი კაცი აღარ ახლდა“.  იმ ქალმა, დაინახა თუ არა მარტოდ მომავალი მეფე, მიეახლა და ჰკადრა:

– მეუფეო, ვეჭვობ, მაშინ რომ კაცითა მთვრალი იყავ, გამოგნელებიაო“.

„1513 წელს, როდესაც კახეთის მეფე ავ-გიორგი მიიცვალა, ქართლელებმა დრო იხელთეს და, შემოერთების მიზნით, კახეთი დაიკავეს. დაპყრობის განსამტკიცებლად კი ავ-გიორგის მემკვიდრის, ლევანის ხელში ჩაგდება იყო საჭირო. მაგრამ, კახელმა თავადებმა ლევანი გადამალეს და ხელსაყრელ დროს უცდიდნენ მის გასამეფებლად.

ლევანი იმალებოდა კახელი თავადის, გარსევან ჩოლოყაშვილის სახლში. ქართლის მეფემ, დავით მეათემ  (1505-1525), თავისი ძმის, ბაგრატ მუხრანბატონის მეთაურობით, დელეგაცია გაგზავნა და ლაშქარიც გააყოლა – თუ მშვიდობიანად ვერ მოგვარდებოდა, საქმე ძალას უნდა გადაეწყვიტა.

გარსევანმა სტუმრები პატივით მიიღო და პურობაც გაუმართა. ლევანიც იქვე ტრიალებდა – მერიქიფის ტანსაცმელში გამოწყობილი, სტუმრებს ღვინოს უსხამდა.

ბოლოს სტუმრებმა გარსევანს მიმართეს: პატიოსანი კაცი ხარ, ვიცით, ლევანი თქვენთანაა და გადმოგვეცითო.

ჩოლოყაშვილმა ხერხი იხმარა – ალავერდის ხატზე დაიფიცა: „რაოდენიცა თქვენ ჩემსა სახლში არ იხილენით და რაც თქვენმა თვალმა არ ნახა, იმის მეტი არა მყვანდეს, არც დიდი კაციშვილი და არც ცოტაი“.

„1048 წელს კარინისის ბრძოლაში თურქ-სელჯუკებმა დაამარცხეს ბიზანტიელთა, სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი. მომხდურებს ტყვედ ჩაუვარდათ განთქმული ქართველი სარდალი, კლდეკარის ერისთავი – ლიპარიტ ბაღვაში. სელჯუკთა სულთანმა თოღრულ-ბეგმა მისი გამაჰმადიანება და გადაბირება მოინდომა. ბაღვაში სულთანს წარუდგინეს.

– არ შევასრულებ შენს ბრძანებას. თუ ვაჭარი ხარ, გამყიდე, თუ მტარვალი – მომკალი და თუ მეფე ხარ, გამისტუმრე ჩემს ქვეყანაში და მეფურად დამასაჩუქრეო.

სომეხი ისტორიკოსის, ვარდანის სიტყვებით, სულთანი განაცვიფრა ლიპარიტის სიმამაცემ.

– მე არა ვვაჭრობ შენისთანა ძლევამოსილი და სახელოვანი კაცებით, არც შენი სისხლით ხელის შესვრა მიმაჩნია პატიოსნებად. მე ვარ მეფე და მეფურად განმიტევებიხარ, – უთხრა ტყვე ერისთავს და დიდად დასაჩუქრებული გაისტუმრა სამშობლოში“.

„სოლომონ მეფეს გაექცა ხუმარა თარხანი და ქართლის მეფეს შეეკედლა. მეფე სანადიროდ წაბრძანდა და თან იახლა თარხანი და კიდევ თხუთმეტი სხვა მონადირე. ვერაფერი ინადირეს და ხის ძირში დაისვენეს. მეფემ უბრძანა მონადირეებს და თანაც თარხანს, თითო კვერცხი უნდა დადვათ და ახლავე მომიტანოთო. თარხანი დაფიქრდა, მეფემ ეს რა ბრძანა, კვერცხი რანაირად უნდა დავდვაო. მერე იფიქრა, როგორც სხვანი იზამენ, მეც ისე მოვიქცევიო და გაჰყვა მონადირეებს უკან. მეფე და მონადირენი წინდაწინვე განდობილნი იყვნენ თურმე და მონადირეებისათვის თან წამოეღებინებინა კვერცხები თარხანთან სახუმაროდ. ცოტა ხნის დაყოვნების შემდეგ მონადირეები მივიდნენ და კვერცხები მიართვეს მეფესა.

– შენ რატომ ვერ დასდე კვერცხი? გლახა ჰყოფილხარო, უბრძანა მეფემ თურმე თარხანს.

– ბატონო, ამდენ დედალს ერთი მამალი არ უნდოდაო, – მოახსენა თარხანმა“.

„სოლომონ პირველი, მეფე იმერეთისა, მინდვრად ბრძანებულა სასეირნოდ. თვალი შეასწრო თურმე ერთს გლეხკაცს, რომელიც სტიროდა და ჰყვიროდა ხმამაღლა. მეფეს გაუკვირდა და მივიდა მასთან ამბის შესატყობრად.

– რა დაგემართა, რომ ეგრე ჰყვირიო? – ჰკითხა მეფემ.

– ცხენი ბალახზედ მყვანდა გაშვებული და მე ჩამეძინა. ძილში ცხენი მომპარეს, შენი ჭირიმე, და იმას ვიცემ თავშიო.

– თუ ცხენი საპატრონებელი გყვანდა, რაღა გაძინებდაო? – უბრძანა მეფემ.

– მე მეგონა, თქვენ გეღვიძათ მეფეო, თორემ მე რა დამაძინებდაო.

ახალგორელმა ერისთავმა ამილახვარს ქალი მიათხოვა და მზითვად სოფელი ბოლი მისცა, რომელიც მუაჯირიდამ ჩანდა. ბოლოს ამ სოფლის მიცემა დაენანა და გულდაწყვეტილი ხშირად იტყოდა ხოლმე:

– ეს ბოლი თვალებსა მწვავსო“.