ირანს სურს, ურმიის ნახევრად დამშრალი ტბის აღდგენა საქართველოდან მტკვრის, ხოლო სომხეთიდან სევანის ტბის წყლის ექსპორტის საშუალებით მოახდინოს. საქართველოდან წყლის რესურსების შეძენის სურვილის თაობაზე ინფორმაცია ირანში ვიზიტის შემდეგ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გააჟღერა. ირანს საქართველოდან წყლის რესურსის შეძენა ურმიის დამშრალი ტბის შესავსებად სჭირდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანაცვლოდ ირანიდან საქართველოში გაზის იმპორტი განხორციელდება.
ირანელმა პარლამენტარმა ალი ალილუმ ადგილობრივ პრესას განუცხადა, რომ მხარეებთან შეთანხმება მიღწეულია, რომლის თანახმადაც, მდინარე მტკვრისა და სევანის ტბიდან ურმიაში მტკნარი წყალი სამი სადგურის მეშვეობით გადაიტუმბება.
„ურმიის ტბაში წყლის მოცულობა 36-დან 2 მილიარდ კბ/მ-მდეა შემცირებული. მდინარე არაქსი და სხვა მცირე მდინარეები ტბის შევსებას ვერ ახერხებენ. წყალს ორივე ქვეყნიდან შევისყიდით ან ბარტერით გადავცვლით“, - აღნიშნა ირანელმა პარლამენტარმა.
ირანში საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი ადასტურებს, რომ ირანი საქართველოდან წყლის რესურსების შეძენით დაინტერესებულია, თუმცა ქართული მხარე ამ საკითხზე პასუხის გასაცემად ჯერ მზად არ არის.
როგორც იოსებ ჩახვაშვილმა განაცხადა, ეს არ შეეხება მტკვრის წყლის ექსპორტს, ვინაიდან მტკვარი საზიარო მდინარეა, სადაც კვოტები გადანაწილებულია და აზერბაიჯანი თანახმა არ არის თავისი კვოტები დათმოს.
„ირანში წყლის გატანაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ეს საკითხი შესასწავლია, ამიტომ ამაზე საუბარი ნაადრევია, განხილვაც კი არ ყოფილა, ეს არის მხოლოდ ირანელების სურვილი, მიიღონ საქართველოდან წყალი.
გამორიცხულია, რომ ეს იყოს მტკვრის წყალი, რადგან მტკვარ არის საზიარო მდინარე აზერბაიჯანთან და იქ კვოტები განაწილებულია. მაშინ აზერბაიჯანმა უნდა დათმოს თავისი კვოტა, რაც წარმოუდგენელია და რისი წინააღმდეგიც არიან. ჩვენ არ ვიცით საქართველოს რომელი ნაწილიდან რა რესურსით ვაძლევთ ირანს წყალს. საქართველოს მთავრობა ამაში არ მონაწილეობს, უბრალოდ, როდესაც მაღალი დონის ვიზიტებია, ირანელები გვიფიქსირებენ, რომ აქვთ ასეთი სურვილი, მაგრამ ჩვენები ეუბნებიან, რომ ვნახოთ, რადგან ჯერ არ ვართ მზად საკითხზე რომ ვუპასუხოთ“, - განაცხადა იოსებ ჩახვაშვილმა.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელისა და ეკოლოგის, ნინო ჩხობაძის თქმით, ირანს რომ საქართველოდან ურმიის ტბის აღსადგენად წყალი სჭირდება, ეს ახალი არ არის. საკითხავი ისაა თუ როგორ მოხდება წყლის მიწოდება. წყლის აღმოსავლეთ საქართველოდან გატანა საერთოდ შეუძლებელია. წლევანდელმა გვალვამ ნათლად დაგვანახა, რომ ზაფხულში წყლის საკმაოდ დიდი პრობლემა არსებობს.
„თუ ჩვენ ირანს მტკვრის წყალს მივცემთ, ეს მის დონეს დასწევს და ქვემო ქართლის რაიონებს მოაკლდებათ სარწყავი წყალი. რაც მოსავლიანობის შემცირებას, შედეგად კი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების აწევას გამოიწვევს.
საქართველოში არა მხოლოდ სარწყავი წყლის, არამედ ზოგ რაიონსა თუ ქალაქში სასმელი წყლის პრობლემაც არის. შესაბამისად, სახელმწიფომ ასეთი სიტუაციის დროს, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები უნდა უზრუნველყოს წყლით და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროს სხვა ქვეყნის დახმარებაზე“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.
მტკნარ წყალთან დაკავშირებით პრობლემა მთელ მსოფლიოში მწვავდება. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, განსაკუთრებული სიმწვავით ეს საკითხი 15-20 წელიწადში იჩენს თავს და ამ რესურსის მოპოვებისათვის მასშტაბური ომებიც არ არის გამორცხული.