„ხარძიანის მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვიტანილი გია უდესიანია“

„ხარძიანის მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვიტანილი გია უდესიანია“

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეში პროკურატურას საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს მოპოვებული, თუმცა, ბრალდებული ჯერ არ ჰყავს. მოკლული ბიზნესმენის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, პროკურატურის მიერ გატარებული სამუშაოები იძლევა იმედს, რომ ხარძიანის მკვლელი დაკავებული იქნება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მკვლელის ვინაობა ცნობილია - აქამდე ის გამოძიებისთვის ეჭვმიტანილი იყო.

რომელი ქვეყნის მოქალაქეა მკვლელი, სად იმყოფება და რა კავშირი აქვს გია უდესიანთან? ამ თემაზე for.ge მალხაზ სალაყაიას ესაუბრა.

ბატონო მალხაზ, რა ახალი დეტალებია ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში?

-გამოძიება თავიდანვე სწორ გზაზე იდგა, გამოძიების პროცესში ეს გზა უფრო დაიხვეწა. ახლა იმ რეალობის წინაშე დავდექით, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეს პროკურატურა ძალიან მალე გახსნილად გამოაცხადებს. პროკურატურა ყველა ნიუანსთან დაკავშირებით ოჯახს ეკონტაქტება, რაც იმედს იძლევა, რომ საქმე წარმატებით გაიხსნება.

ანუ, გამოძიებამ უკვე დაადგინა მკვლელის ვინაობა?

-მკვლელის ვინაობა ცნობილია. გამოძიებისთვის ეჭვმიტანილი არ შეცვლილა და არც გამოძიების პროცესში გაჩენილა ახალი ეჭვმიტანილები. სწორად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიების, ექსპერტიზის და საიდენტიფიკაციო საშუალებების შედეგად პროკურატურა თავიდანვე სწორ კვალზე დადგა.

დღეს გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ხარძიანის მკველელობა პირდაპირ კავშირშია მის ბიზნესთან? ანუ გამოძიებისთვის ცნობილია მოტივი, რამტომ მოკლეს ხარძინი?

-ყველა ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ვინ დააინტერესა და რა გახდა ამ მკვლელობის მოტივი, ამას უკვე თვითონ მკვლელი გვეტყვის. თუმცა შეიძლება, მან არც იცოდეს, რა იყო მკვლელობის მოტივი და უბრალოდ, დავალება შეასრულა.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელს რამე კავშირი ჰქონდა ბესო ხარძიანთან?

-იცნობდა თუ არა მკვლელი ბესო ხარძიანს, ამას იტყვის გამოძიება.

გასაგებია, რომ პროკურატურა იტყვის ამ დეტალებს, მაგრამ საინტერესოა მკვლელობის გია უდესიანთან კავშირის ვერსია მოხსნილია?  - ოჯახი ღიად აცხადებს, რომ მკვლელობა გია უდესიანმა შეუკვეთა...

-დღეს რაიმე ვერსიის გამორიცხვა უბრალოდ, შეუძლებელია, ყველა ვერსიაზე მიდის მუშაობა, გარდა იმ სიბინძურისა, რაც ოჯახთან მიმართებაში ითქვა.

მათ შორის გია უდესიანთან დაკავშირებითაც?

-ამ საქმესთან დაკავშირებით არც ერთი ვერსია არ მოხსნილა, მათ შორის, არც ბიზნესმენ გია უდესიანის საქმესთან შემხებლობის ვერსია.

თქვნი ინფორმაციით დაიკითხა თავად გია უდესიანი?

-არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია.

ბატონო მალხაზ, შეგიძლიათ დაადასტუროთ ინფორმაცია, რომ გამოძიება ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქის კვალზე გავიდა?

-არიან ადამიანები, რომლებიც გუშინ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, დღეს გახდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს ის ნიუანსებია, რომელიც გამოძიებაში უკვე გამოიკვეთა.

ეჭვმიტანილი საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება?

-არ გამოვრიცხავ, რომ ის მიდი-მოდის. სწორად გამიგეთ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და მკვლელს ვერ გავაფრთხილებ. შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოძიების მიერ მოწმდება ამ ადამიანის ყველა გადაადგილება - რატომ, რისთვის და როდის წავიდა.

ვინ არის მკვლელობის შემკვეთი და რა გახდა ბიზნესმენის მკვლელობის მიზეზი, ამ დეტალებს თავად მკვლელისგან შეიტყობს გამოძიება და მერე საზოგადოება?

-დიახ, ნამდვილად ასეა. ამ დეტალებს გულწრფელი აღიარებისას გვეტყვის თავად მკვლელი. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა აუცილებლად იტყვიან თავის სიტყვას.

რამდენად ხმაურიანი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც შემსრულებლის, ისე დამკვეთის ვინაობა?

-ნამდვილად არაფერს არ გამოვრიცხავ.