„თელასის“ და „ენერგოპროს“ მხრიდან აშკარად შანტაჟის სუნი ტრიალებდა“

„თელასის“ და „ენერგოპროს“ მხრიდან აშკარად შანტაჟის სუნი ტრიალებდა“

თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი დაახლოებით 3-4 თეთრით გაძვირდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი 9.480 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 12.980 თ/კვტსთ იქნება; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 12.461 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 16.992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 17.698 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 21.476 თ/კვტსთ.

აქედან გამომდინარე, პირველ საფეხურზე მატება 3.5 თეთრია, მეორე მეორე საფეხურზე - 4.53 თეთრი, მესამე საფეხურზე - 3.79 თეთრი.

ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, „თელასმა“ კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.

ექსპერტები ღიად საუბრობენ, რომ დენის ტარიფის მატებისას „თელასი“ და ენერგომარეგულირებელი მოსახლეობის დაშანტაჟების მეთოდს იყენებდნენ. შემოდგომა-ზამთარში ისინი გრაფიკის დაწესებას აანონსებდნენ და ამით ზეწოლას ახდენდნენ აბონენტებზე. უფრო ადრე ამავე ხერხს ფქვილის კომპანიებმა მიმართეს. გადაწყდა რა, რომ ფქვილის ხარისხი უნდა შემოწმებულიყო, ფქვილის კომპანიები უმალ პურის გაძვირებაზე ალაპარაკდნენ, შედეგად კი ფქვილის ხარისხის კონტროლის გადავადებას მიაღწიეს.

რამდენად დააწვება ჩვენი მოსახლეობის ჯიბეს დენის ტარიფის მატება და ვინ უნდა დაიცვას ხალხი ასეთი ზემოქმედებისგან?   

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლარის კურსის დევალვაციის გათვალისწინებით, გასაგები იყო, რომ დენის ტარიფის მატება ისედაც მოხდებოდა. თუმცა მაღალ ტარიფში კი არ არის პრობლემა - არამედ პრობლემაა, რომ მოსახლეობა გადახდისუუნაროა. ექსპერტის აზრით, მთავრობის ძალისხმევა იქითკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, რომ აუცილებლად დაბალი ტარიფი  გვქონდეს, არამედ ადამიანებს ღირსეული შემოსავალი უნდა გააჩნდეთ, რომ ნებისმიერი კომუნალური ტარიფი გადაიხადონ. ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოსახლეობის მთავარი კონსტიტუციური უფლება - მათი სიცოცხლისა და არსებობის უფლება დაიცვას.

„სიღარიბის ზღვარს მიღმა ბევრი ადამიანია და ტარიფების მატებით კიდევ უფრო ბევრი  გაღარიბდება. ეს ყველაფერი სოციალურ რისკებს ზრდის. შორს არ ვართ იმ კრიტიკული ზღვრისგან, რომლის იქითაც ეს ყველაფერი უფრო მწავე ფორმებში გადადის. ამით ისარგებლებენ სხვადასხვა ჯურის პოლიტიკოსები და არაპოლიტიკოსები. ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია. ენერგეტიკა ეკონომიკის საბაზისო ელემენტია. ენეგეტიკული კომპონენტი, პრაქტიკულად, ნებისმიერ პროდუქტშია, რასაც მოვიხმართ. შესაბამისად, ენერგეტიკული კომპონენტის გაძვირება ნებისმიერი სხვა პროდუქტის თვითღირებულების გაძვირებას იწვევს და ბუნებრივია, ეს აისახება ყველა პროდუქტზე. ინფლაციას გასაქანი მიეცემა. გარდა ამისა, რამდენ ხანს უნდა შეაჩერონ ეს პროცესი? გაზზეც მოუწევთ ტარიფის აწევა. ელექტროენერგია შეიცავს გაზის კომპონენტს, ამიტომ, თუ დევალვაცია არ შეჩერდა, დენის ტარიფის ზრდის რისკი კიდევ იარსებებს“,-აცხადებს გია ხუხაშვილი და კონკრეტული კომპანიის მხრიდან შანტაჟზეც საუბრობს.

მისი თქმით, გრაფიკის თემა „თელასმაც“ და „ენერგოპრომაც“ კარგად გამოიყენეს და აქ აშკარად შანტაჟის სუნი ტრიალებდა, რაც არაკორექტული იყო. თუმცა ექსპერტს არ სურს კომპანია ბოლომდე გაამტყუნოს, რადგან ობიექტურად გარდაუვალი იყო ტარიფის მატება.

„შანტაჟის რიტორიკით არ უნდა საუბრობდნენ. ფაქტობრივად, მოსახლეობას უთხრეს, გაჩერდით, თორემ კიდევ უარესი მოხდებაო, რისი უფლებაც არავის აქვს ამ გაჭირვებულ ხალხთან. რაც შეეხება სუბსიდირებას, თავისთავად, სუბსიდირება ეკონომიკურად და ქვეყნისთვის კარგი საქმე არ არის, რადგან ბევრ სხვა რამეს ურტყამს.

მეორე მხრივ, აქ მორალური ასპექტები ჩნდება. როცა შენ იცი, რომ შენს მოსახლეობას სასიცოცხლო საშუალება არ აქვს, ზამთრის სეზონი მოდის, ზამთარში დენის მოხმარება იზრდება, ეს ხალხი ხომ არ გაიყინება, რა უნდა ქნან? გადახდისუუნაროები არიან, ამიტომ, გინდა, არ გინდა, ხელისუფლება იძულებულია, შეასრულოს თავისი მთავარი კონსტიტუციური მოვალეობა - ადამიანის სიცოცხლის უზრუნველყოფა. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ ასრულებს, არ უნდა იყოს სათავეში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი დადგეს“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა და განმარტა, რომ დავით ნარმანიას გადაწყვეტილება, რაც 5-თვიან ციკლში კომუნალური ტარიფებისთვის შეღავათს ითვალისწინებდა, არ უნდა გაუქმებულიყო. უფრო მეტიც, ასეთ სიტუაციაში კარგად უნდა დაფიქრდეს თბილისის მთავრობა, რომ კიდევ უარესი პროცესები არ განვითარდეს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენს მოსახლეობას საკუთარი ბიუჯეტიდან  გაცილებით მეტი სახსრის გამოყოფა დასჭირდება ელექტროენერგიის ტარიფის დასაფარად, ვიდრე აქამდე ხდებოდა. კონკრეტულად, ყველაზე მაღალი-301 კვტსთ-ის და უფრო მეტის მომხმარებელს საშუალოდ 43, 1 %-ით მეტის გადახდა მოუწევს. ეს საკმაოდ დიდი ზრდაა და, ფაქტობრივად, აღემატება ლარის გაუფასურებას გასული წლის ბოლო პერიოდთან შედარებით.

„დენის გაძვირებაში არ მონაწილეობს მარტო ეგზოგენური, ანუ გარე ფაქტორები. თუ მარტო გარე ფაქტორებზე ავიღებთ ორიენტაციას, შიდა ფაქტორებში ასეთი ზრდა არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მოხდა დენის ტარიფის წინმსწრები ზრდა იმ ცვლილებებთან შედარებით, რაც შეიძლება ინფლაციურმა პროცესებმა საქართველოში გამოიწვიოს.

შეიძლება მოხდეს ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურება და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდამ ჯაჭვური რეაქციით გავლენა მოახდინოს ყველა სხვა სამომხარებლო საქონლის გაძვირებაზე, რაც უფრო გაზრდის ცხოვრების ღირებულებას. მოსახლეობა უკვე აღშფოთებულია. ცალკეული კომპანიების შანტაჟზე საუბარი რთულია და პირდაპირ ხელს ვერ დავადებთ ამ კომპანიებს, მაგრამ ეჭვები საბოტაჟისა და მუქარის შესახებ მართლაც არსებობს. ამის გაკონტროლება კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივაა, არ ვიცი, რას აკეთებს ეს სააგენტო, შედეგის მიხედვით კი ჩანს, რომ არაფერს არ აკეთებს“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუ შიდა პროცესებს დავაკვირდებით და ანატომიურად წავიკითხავთ, რაც რეალურად მოხდა, რეალობა ისაა, რომ ენერგოსექტორი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. „თელასის“ კუთხით, ერთი კომპონენტი ეს არის გენერაციის კომპონენტი- „ხრამ 1“, „ხრამ 2“, „ხრამ 3“, ეს საკმაოდ დიდი გენერაციის ობიექტებია.

„დიდი ფასი ჰქონდა გენერაციას ტარიფში ჩადებული, რაც დაბლა დასწიეს. ენგურიდან 1,7 თეთრად გვაქვს კილოვატი, აქ კი მოჰქონდათ 9 თეთრად. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა. ასევე, მმართველობითი ხარჯები იყო ჩადებული. ესეც დასწიეს, მაგრამ რაშიც ობიექტურნი არიან, ეს არის გაზის ფასის გაზრდა ვალუტის კურსის მიხედვით.

რაც არ მომწონს, ისაა, რომ არასწორად ხდება ტვირთის გადანაწილება სხვა მომხმარებელზე, 100-დან 300 კილოვატამდე მთელი მომხმარებლის 50 %-ი მოიხმარს, ეს ყველაზე ქმედითი და მტკივნეული ტარიფია და ამიტომ ჯობდა, ერთიანი, თანაბარი ყოფილიყო. თუმცა კარგია ის, რომ „თელასის“ არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა ტარიფის დათვლა. სახელმწიფომ პირველად აჩვენა თავისი ძალაუფლება ენერგეტიკულ მსხვილ კომპანიებს, რასაც აქამდე არ ჰქონდა ნათელი მოფენილი“,-აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.

რაც შეეხება მოარულ აზრს, რომ დენის ტარიფის მატების გამო დევალვაციის პროცესი კიდევ უფრო გაიზრდება, ექსპერტი აცხადებს, რომ  ლარის კურსის დაცემა ტარიფის გამო კი არ მოხდება, არამედ შემოდგომასა და ზამთარში ჩვენ რუსეთისგან ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რაც დოლარზე მოთხოვნას გაზრდის. ეს ზოგადი პრობლემაა და დენის ტარიფის მატება ამას არ ეხება. ექსპერტი თვლის, რომ ამას უნდა დავუპირისპიროთ სხვა არხები, რომელიც დოლარის ნაკადით უზრუნველყოფს ქვეყანას.